1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

რა არის უკუკავშირი

spot_img

გულვარდი ბოლქვაძე

ხულოს მუნიციპალიტეტის კორტოხის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი

 

 

აზრებისა და განცდების ანალიზი, ჩაფიქრება – ასე განმარტავენ პედაგოგიკაში ხშირად გამოყენებულ ტერმინს – რეფლექსიას და ტრადიციული ფსიქოლოგიის გაგებით ის შეიძლება იყოს:

  1. კომუნიკაციური (კომუნიკაციური რეფლექსია გულისხმობს მეორე ადამიანის შინაგან სამყაროსა და მისი ქმედებების მიზეზებზე წარმოდგენების შექმნას. ამგვარ რეფლექსიას უკუკავშირის სახელით ვიცნობთ);
  2. პიროვნული (ამ შემთხვევაში, შემეცნების ობიექტია თავად შემმეცნებელი, სხვაგვარად, საკუთარ თვისებებზე, ქცევათა და ურთიერთობათა სისტემაზე გაანალიზება-ჩაფიქრებას თვითრეფლექსიას ვუწოდებთ);
  3. ინტელექტუალური (რეფლექსია, რომელიც სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებით გამოიხატება, შესრულების მეთოდების, ხერხებისა და გზების გაანალიზებით).

დღეს ვისაუბრებთ რეფლექსიის ერთ სახეზე – უკუკავშირის შესახებ.

უკუკავშირი არის ვერბალური და არავერბალური შეტყობინებები.

უკუკავშირის საშუალებით შევიტყობთ, როგორ ვმოქმედებთ სხვებზე, შევძლებთ უკეთ გავიგოთ სხვების რეაქცია და საკუთარი ქმედება მიზანმიმართულად ვმართოთ. უკუკავშირი ხდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო. ის გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში, მართავს ჩვენს ქმედებას. პოზიტიური უკუკავშირი გვამხნევებს, გვეხმარება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში. უკუკავშირი ზრდის ურთიერთგავლენას ინფორმაციის მიმღებსა და გამცემს შორის, გვაახლოვებს საქმესთან და გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებაში გვეხმარება.

მასწავლებლის მხრიდან ეფექტური უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებმა იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ სწავლის გასაუმჯობესებლად. უკუკავშირის დროს მასწავლებელი ცდილობს, დაეხმაროს მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, თუ რა სირთულეებს ხვდება იგი სასწავლო მიზნის მიღწევისას და აწვდის ისეთ გამოხმაურებას, რომელიც ბავშვს სირთულეების დაძლევაში დაეხმარება. ამ ტექნიკის გამოყენება ქმნის მეტ ღიაობასა და სიცხადეს.

უკუკავშირი კომუნიკაციის პროცესის კონტროლის საშუალებაა. მისი წყალობით, მასწავლებელი იგებს როგორ აღიქვა, გაიგო და გააანალიზა მოსწავლემ მიწოდებული ინფორმაცია. თუ მასწავლებელმა დაინახა, რომ მოსწავლემ ვერ გაიგო ან არასწორად გაიგო მიწოდებული ინფორმაცია, ამარტივებს და უფრო ნათლად აყალიბებს ინფორმაციულ ნაკადს. ეფექტური კომუნიკაციის ხელის შემშლელი ფაქტორები ადვილად მჟღავნდება და იქმნება მისი ერთობლივი დაძლევის შესაძლებლობები. სწორედაც მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს, გაიგონ, თუ რას აკეთებენ კარგად და რას სჭირდება გაუმჯობესება.ეს მათი განვითარებისათვის აუცილებელია.

ეფექტური უკუკავშირი უნდა იყოს დაბალანსებული, სპეციფიკური, კონკრეტული და არა ზოგადი. რეფლექსიის ეს სახე უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ ფაქტებსა და ქცევებს. უკუკავშირი არ უნდა გაიცეს უხვი სამეცნიერო ტერმინების ან ჟარგონების გამოყენებით, რადგან შეიძლება მოსწავლემ ვერ გაიგოს. ასევე, უკუკავშირი უნდა იყოს აღწერითი და არა შეფასებითი.

ეფექტური უკუკავშირის მაგალითი ასეთიც შეიძლება იყოს: „შენ კარგად იცი ზმნის კატეგორიები: პირი, რიცხვი, დრო, მწკრივი, ასპექტი, გვარი, კონტაქტი, ქცევა. მორფოლოგიური ანალიზის დროს რამდენიმე შეცდომა მაინც დავუშვით. მინდა, რომ კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს და მიხვდე, სად დავუშვით ხარვეზი მორფოლოგიური გარჩევის დროს. თუ მალევე ვერ მიაგნებ შეცდომებს, მე დაგეხმარები მათ აღმოჩენასა და სწორი ფორმებით შეცვლაში.“

ეფექტურია უკუკავშირი თუ მასწავლებელი მოსწავლის ყურადღებას მიმართავს სასწავლო მიზნებისკენ, მისი ძლიერი მხარეებისკენ და სთავაზობს კონკრეტულ რჩევებს, აწვდის ინფორმაციას სწავლის გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანია, რომ უკუკავშირი გაიცეს დროულად, რათა მოსწავლემ მალევე გაითვალისწინოს რეკომენდაციები. დაგვიანებული უკუკავშირი ნაკლებად ეფექტურია და არ აქვს ის შედეგი, რაც დროულ, მყისიერ, მიმდინარე უკუკავშირს მოჰყვება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები