25 მაისი, შაბათი, 2024

რა არის პროექტი?

spot_img

ხათუნა ბერაძე
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

 

სიტყვა „პროექტი“ ლათინურიდან მომდინარეობს. თუ მას სიტყვასიტყვით გადმოვთარგმნით, ნიშნავს წინ წამოწეულს, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეს.

პროექტი არის კონკრეტული, აქტუალური პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ავტორის/ავტორების მიერ წინასწარ დაგეგმილი გარკვეული შედეგების მიღწევას. ძირითად შემთხვევაში, ეს შედეგი პროექტის დასაწყისში აღმოჩენილი პრობლემის აღმოფხვრაზეა ორიენტირებულია.

არსებობს პროექტის სხვადასხვა სახე: ეკონომიკური, სამეწარმეო, სასწავლო-საგანმანათლებლო და სხვ.

ნებისმიერი ტიპის პროექტის სრულფასოვნად განსახორციელებლად, საჭიროა, მას ჰქონდეს მიზანი და ამ მიზანთან უშუალო კავშირში მყოფი, მოსალოდნელი შედეგები. პროექტის მიზნის სწორად განხორციელებით მიიღწევა სასურველი შედეგი.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია ორიენტირება სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების კუთხით. მსგავსი პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია აქცენტირება სასკოლო თემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლზე – მოსწავლეზე. პროექტი იმდაგვარი ტიპის აქტივობათა ერთობლიობაა, რომელსაც მხოლოდ მოსწავლეები სათანადო დონეზე თავს ვერ გაართმევენ. მისი განხორციელების პროცესში არსებითი მნიშვნელობა აქვს სასკოლო თემის დანარჩენ ორ რგოლს – მშობელსა და მასწავლებელს.

რა არის პროექტის მიზანი?

პროექტის მიზანია ის სასურველი მდგომარეობა, რისი მიღწევაც გვსურს მისი განხორციელების გზით. მიზანი ლოგიკურ კავშირში უნდა იყოს იმ პრობლემასთან, რომლის მოგვარებას, ან ნაწილობრივ გადაჭრას, თავად პროექტი ემსახურება. მიზნის დასახვას წინ უძღვის იმ პრობლემების აღმოჩენა, რომლებიც აღმოფხვრას საჭიროებს. აუცილებელია მიზანი მორგებული იყოს სასკოლო თემში (სოფელში/ქალაქში) გამოვლენილ პრობლემათა აღმოფხვრა-შემცირებაზე.

მას შემდეგ, რაც პრობლემათა აღმოჩენის ეტაპი დასრულდება, სასურველია, დავიწყოთ ჩვენ მიერ გამოვლენილ პრობლემათა გამომწვევი მიზეზების ძებნა. ამ მიზეზების ცოდნა, მომავალში, პრობლემების მოგვარების გზების სწორად და კრეატიულად განსაზღვრაში დაგვეხმარება. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ პროექტის მიზანი უნდა იყოს მკაფიო, გაზომვადი და მიღწევადი. არ უნდა ავირჩიოთ მიზანი, რომლის მიღწევაც აღემატება პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის შესაძლებლობებს, იგი პრობლემ(ებ)ის ნაწილობრივ, ან სრულ აღმოფხვრას უნდა უზრუნველყოფდეს.

მიზნის დასახვას მოსდევს ამ მიზნის მიღწევით მოსალოდნელი შედეგები. მოსალოდნელი შედეგები ის კონკრეტული ცვლილებებია, რომელთა მიღწევაც შესაძლებელი ხდება პროექტის განხორციელებით. არსებობს მათი ორი მხარე – გრძელვადიანი და მოკლევადიანი შედეგები. მოკლევადიანია შედეგი, რომელიც უშუალოდ პროექტის განხორციელების პროცესში მიიღწევა. მაგალითად, სკოლის მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის ცნობიერების ამაღლება, საპროექტო თემასთან დაკავშირებით; გრძელვადიანი შედეგი, გარკვეულწილად, პროექტის წვლილია საერთო, საზოგადო პრობლემის მოგვარებაში. მაგალითად, საპროექტო თემაზე ცნობიერების ამაღლება არა მხოლოდ სასკოლო, არამედ მთელ თემში.

სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტი, ეს არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა სხვადასხვა ტიპის უნარ-ჩვევების განვითარებას. ეს უნარ-ჩვევებია:

⇒ კვლევითი;

⇒ შემოქმედებითი;

⇒ თანამშრომლობითი;

⇒ კომუნიკაციური.

თითოეული მათგანი, პირველ რიგში, აუცილებელია მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესში მოსწავლე ივითარებს ინფორმაციის სწორად მოძიებისა და დახარისხების უნარებს, რაც უზრუნველყოფს, მომავალში, მის სწორად განვითარებას, ინფორმაციული თვალსაზრისით. ამ კვლევითი უნარების გამომუშავებისას მიღებული ინფორმაციისა და საკუთარი ცოდნის კოლაბორაციით, მოსწავლეს ავტომატურად უვითარდება შემოქმედებითი უნარები; თანამშრომლობითობა ის აუცილებელი უნარია, რომელიც საჭიროა ნებისმიერი ჯგუფური სამუშაოს შესასრულებლად; ამ უნარის განვითარება, მომავალში, ხელს შეუწყობს მოსწავლის ჰუმანურ პიროვნებად ჩამოყალიბებას; კომუნიკაციური უნარების განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებაში მოსწავლის სწორად ოპერირებაში.

დღესდღეობით, სასკოლო თემების უმეტესობაში არსებული, სხვადასხვა ტიპის პრობლემატური საკითხის გადაჭრისთვის, საჭიროა მოსწავლეებში ინოვაციური ინიციატივების დანერგვა-განხორციელება. სწორედ ესაა პროექტის არსი – ინიციატივების განხორციელების საშუალებით, გადალახვადი გახდეს პრობლემები, რომელიც მოსწავლეს გადაულახავად მიაჩნია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები