როგორც ცნობილია, ჩვენ, მასწავლებლები, პროექტულ მიდგომას ვირჩევთ მაშინ, როცა მნიშვნელოვანი სასწავლო დანიშნულების პრობლემაა გადასაჭრელი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტული სწავლება კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებას.
პროექტული სწავლება შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად, როგორც ერთი საგნის ფარგლებში, ისე რამდენიმე საგნის გაერთიანებითაც. მას, მოსწავლეებთან ერთად, გეგმავს მასწავლებელი, რომელიც, მათთან შეთანხმებით, დეტალურად გაწერს პრობლემის მოგვარებისკენ მიმართულ მრავალფეროვან სამუშაოს.
იწვევს თუ არა პროექტული სწავლება მოსწავლეთა დაინტერესებასა და მათში მოტივაციის ზრდას? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, ვფიქრობ, ჩემი გამოცდილების გაზიარებით შევძლებ.
დავიწყოთ იქიდან, რომ ეს მეთოდი მე-20 საუკუნეში გახდა აქტუალური. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებლები, ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, სასწავლო პროცესში ამას ქტიურად იყენებდნენ. ვერც იმით მოვიწონებ თავს, რომ, როგორც მასწავლებელი, თავიდანვე ვნერგავდი ამ, მოსწავლეთა განვითარებისთვის მეტად საჭირო, მეთოდს, რადგან მაშინ სწავლების ბიჰევიორისტული მიდგომა იყო გაბატონებული სკოლებში, თუმცა, რეფორმის ფარგლებში, საგაკვეთილო პროცესში, ის კონსტრუქტივისტულმა სწავლებამ ჩაანაცვლა და მის პარალელურად, პროექტული სწავლებაც დაინერგა. დღეს, მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილე გახდა, მისი ინტერესები წახალისებული და გათვალისწინებულია, რათა მან შეძლოს ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი. პროექტის საშუალებით, მოსწავლე არსებულ ცოდნაზე აშენებს ახალ ცოდნას, რომლის გამოყენებაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლია.
ახლა კი, უშუალოდ ჩემი გამოცდილების შესახებ მოგითხრობთ. მეოთხე წელია, რაჭის მაღალმთიან სოფელ ღების საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი ვარ. სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თუმცა ვახერხებთ მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნას. ჩემი მისვლა ამ სკოლაში პანდემიის პერიოდს დაემთხვა, ბევრი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ დისტანციურ რეჟიმშიც შემეთავაზებინა მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი აქტივობები, რათა ისედაც რთულ პერიოდს მოსწავლეთა დემოტივირება არ გამოეწვია. რაც შეეხება 2021 წელს, საბედნიეროდ, პირისპირ რეჟიმში მოვახერხეთ საინტერესო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება. პროექტი, სახელწოდებით: ,,ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი“, მიზნად ისახავდა XX საუკუნის ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოეტებისა და მწერლების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას.
თქვენთვის ცნობილია, რომ XX საუკუნის დასაწყისში, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური ცვლილებების შედეგად, მრავალმა ქართველმა დატოვა მშობლიური ქვეყანა და უცხოეთს შეაფარა თავი. მათ შორის პოეტები და მწერლებიც იყვნენ. მათმა უმრავლესობამ სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო. იმ ემოციებს კი, რასაც ისინი ემიგრაციაში ყოფნისას განიცდიდნენ, საკუთარ ლექსებში, პოემებში, მოთხრობებსა თუ რომანებში აღწერდნენ. მათი ვინაობა და ნააზრევი, სამწუხაროდ, დღემდე ფართო მასებისთვის ცნობილი არ არის. ამიტომ, საინტერესოდ მივიჩნიეთ მათი შემოქმედების არა მარტო გაცნობა, არამედ საფუძვლიანად შესწავლა. მოსწავლეები ჯგუფებად დავყავი,თითოეულმა ჯგუფმა თითო ემიგრანტი ავტორი შეარჩია. გეგმით შესასრულებელი აქტივობები დროში გავწერეთ. ისინი ხალისით შეუდგნენ შესაბამისი ლიტერატურისა და ვებგვერდების შესწავლა-დამუშავებას. დასრულების შემდეგ, ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინეს პრეზენტაციები და თემსა და სასკოლო საზოგადოებას მათთვის აქამდე უცნობი ქართველი პოეტები და მწერლები გააცნეს.
აქვე მინდა გავიხსენო 2022 წელს, ისევ ქართულ ლიტერატურაში, განხორციელებული პროექტი, სახელწოდებით: ,,XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა“. მოგეხსენებათ, სკოლაში, პროგრამით გათვალისწინებული მწერალთა ბიოგრაფიებისა და მათი შემოქმედების ნაწილის შესწავლა არ იძლევა სრულყოფილ სურათს. ჩემს მოსწავლეებს კი აინტერესებდათ საყვარელი ავტორების ცხოვრება, განცდები, ემოციები, ფიქრები და ა.შ. ამიტომ, გადავწყვიტე, შემეთავაზებინა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ისინი მოიძიებდნენ და შეისწავლიდნენ მათ პირად წერილებს, ეს კი, საყვარელი ავტორის სხვადასხვა რაკურსით შესწავლის საუკეთესო საშუალება იქნებოდა. მოსწავლეთა მხრიდან მაღალი დაინტერესება მოჰყვა ჩემს წინადადებას. დავგეგმეთ პროექტი, ბავშვები აქაც ჯგუფებად დავყავი და მათ, შეთავაზებული მწერლებიდან, შეარჩიეს გალაკტიონ ტაბიძისა და ოლღა ოკუჯავას მიმოწერა, ასევე,ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის პირადი წერილების კვლევა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობა. პროექტის დასრულებისას, მოსწავლეებმა პროდუქტის სახით წარმოადგინეს ელექტრონული პრეზენტაციები, ფლიფჩარტები… პირველმა ჯგუფმა, პრეზენტაციასთან ერთად, ლიტერატურული საღამო შემოგვთავაზა, სახელწოდებით: ,,ერთი სიყვარულის ისტორია“. მათ გალაკტიონისა და ოლღა ოკუჯავას როლები მოირგეს და მათი წერილები წაიკითხეს, გაამდიდრეს ამ თემაზე შექმნილი ვიდეო თუ დოკუმენტური ფილმებითა და გალაკტიონის მეუღლისადმი მიძღვნილი ლექსებით, რამაც მეტად ემოციური გავლენა იქონია დამსწრე საზოგადოებაზე.
რაც შეეხება წლევანდელ სასწავლო წელს, პირველი სემესტრი დავიწყეთ ეკოლოგიური პროექტით: ,,დაიცავი საქართველოს სისუფთავე“, რომლის ფარგლებშიც, სკოლის რამდენიმე პედაგოგთან და მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ტერიტორიის გამწვანება და თემში ნარჩენების დახარისხება-მართვა დავგეგმეთ. წარმატებით გავიარეთ პროექტის სამი საფეხური და, გაზაფხულიდან ვიწყებთ განხორციელების ეტაპს, რასაც დიდი ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით ელოდება სკოლის ეკოკომიტეტი.
სულ ახლახანს კი, სკოლათაშორისი პროექტი დავგეგმეთ, სახელწოდებით: ,,თანამედროვე პოეტების შემოქმედების გაცნობა და შესწავლა“, რომელმაც დიდი სიხარული და ემოცია შემოიტანა ჩვენს სკოლაში. პროექტის განხორციელებას მარტის თვიდან ვგეგმავთ, მეორე სასწავლო წელსაც გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგშიც არ შევწყვეტთ, ტრადიციად ვაქცევთ ჩვენს სკოლაში, ყოველ სასწავლო წელს, რამდენიმე თანამედროვე მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებას ვაზიაროთ ჩვენი საყვარელი ბავშვები.
როგორც ხედავთ, პროექტზე დაფუძნებული სწავლება გამართლებული მეთოდი აღმოჩნდა, რომელსაც მომაბეზრებელი, რუტინული სასწავლო პროცესიდან, აქტიურ, ინტერაქციულ, შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესში გადაჰყავს მოსწავლეები, რომლებიც, ერთდროულად, გამოიმუშავებენ როგორც კვლევა-ძიების, ინფორმაციის მოძიება-დახარისხების, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, ისე კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებით უნარებს. მოსწავლეთა მხრიდან იზრდება დაინტერესება და ჩართულობის ხარისხი. მათვის სწავლა უფრო მიმზიდველი, სახალისო და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შედეგიანი ხდება.
ჩემი გულწრფელი თხოვნაა, მასწავლებლები, რომლებიც ჯერ კიდევ თავს არიდებთ თქვენს სკოლებში პროექტზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას, სიღრმისეულად გაეცანით ამ სასწავლო მეთოდს და, მოსწავლეებთან ერთად, დაგეგმეთ პრობლემის მოგვარებაზე მორგებული პროექტი, რომელიც თქვენსა და თქვენი მოსწავლეების მოლოდინს გაამართლებს და მათ მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის.