10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

რაჭული ორნამენტები ამერიკული საშობაო ნაძვის ხის სათამაშოებზე

spot_img
დაბადება

რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შარეულას მარცხენა მხარეს, ულამაზესი პატარა სოფელი ჩიტის ბუდესავით შეკიდულა მთებში. ვინ იფიქრებდა, რომ 140 წლის წინ ამ სოფელში, რომელიც იმ დროს იმპერიული რუსეთის ნაწილი იყო, დაიბადებოდა ბიჭი, რომელიც მომავალში თავის სახელს და სამშობლოს მსოფლიოს გააცნობდა და ყველასთვის ძვირფასი, ბრჭყვიალა ნაძვის ხის სათამაშოების შექმნით დაამახსოვრებდა თავს. გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, 1883 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, რაჭველი გლეხის, დავით კობახიძის ოჯახში დაიბადა. მან დაწყებითი განათლება სახლში, შემდეგ კი სოფლის მღვდელთან მიიღო. საოცრად ნიჭიერ ბიჭუნას კარგი ხმა და მუსიკალური სმენაც ჰქონია. ათი წლის ასაკში, თავგადასავლების საძებრად, უშიშარი ბიჭი სახლიდან გაიპარა. კითხვა-კითხვით ჩავიდა ბორჯომში, სადაც ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) უფროს მემანქანედ მუშაობდა. იქ ოთხი წელი იმუშავა. დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო და შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. თავისი შრომისმოყვარეობით ყველას დაამახსოვრა თავი და ავტორიტეტიც მოიპოვა. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს კი, ოდესის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ გიგო, 1903 წლიდან, კრასნოდარის გუბერნიაში, კერძოდ დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში მუშაობს. სწორედ ქარხნის ხელმძღვანელმა, ეროვნებით ფრანგმა გამანმა გადაარჩინა, როგორც საუკეთესო სპეციალისტი, როცა 1905-07 წლების რევოლუციის დროს,  რევოლუციური განწყობის გამო, დააპატიმრეს და გასახლებას უპირებდნენ. გამანის ყურადღება გრიგოლის ფიზიკურმა ძალამაც მიიქცია და, ჭიდაობის შესასწავლად, მწვრთნელთან მიიყვანა. გიგომ აქაც წარმატებას მიაღწია, მალე გამანის ფალავნად იქცა და გამარჯვებისთვის აღებული ფულადი ჯილდოები მისი შემოსავლის დამატებითი წყარო გახდა. ამ პერიოდშივე, გაიცნო მომავალი მეუღლე, წარმოშობით შვედი დაშა ნოდვიკოვა და დაუმეგობრდა ევგენი იგნატიევს, შემდგომში – მის ბიზნესპარტნიორს ამერიკაში.

დი ემიგრაცია

1907 წელს, 24 წლის ასაკში, გრიგოლი გერმანიაში, კერძოდ  მიუნხენში სახლდება, სადაც შუშის/მინის პროდუქციის დამამზადებელ პატარა საწარმოს ხსნის. თუმცა, მალე ლონდონში მიდის და 1909 წელს, მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად დიდ ემიგრაციაში, ამერიკაში, მიემგზავრება. მაშინ ამერიკაში საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ქართველი ცხოვრობდა, მათ შორის იყვნენ რაჭველებიც. რომელთა უმრავლესობაც ჩვეული ხელობით, მეპურეობით ირჩენდა თავს. მათი დახმარებით, გიგო ნიუ-იორკში პურის მცხობლად იწყებს მუშაობას და, პარალელურად – მეუღლესთან ერთად, ელექტრო გიგანტ კომპანია General Electric-ში, სადაც 9 წელი დაყო. გამომგონებლური ნიჭით გამორჩეული გიგო ფულს აგროვებდა საკუთარი საქმის წამოსაწყებად. მალე მისმა შექმნილმა ავტომატურმა საწერ-კალამმა რამდენიმე პატენტი მიიღო.

მეუღლესთან, დაშა ნოდვიკოვასთან ერთად

1919 წელს გრიგოლ კობახიძემ, მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში დიდი ქარხანა გამართა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Cobi Glass Products Company, რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა (სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული, ფანჯრის მინები, ოთახის გასატიხრი მინები და სხვ.), სახელი გაითქვა აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო ცხოვრებაში. 1929 წელს წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი – 4 მილიონს. მისი 60-ზე მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას. ამერიკაში, ქართველ ანტრეპრენერს, გრიგოლ კობახიძეს ჯორჯ კობის სახელით იცნობენ, რომელიც სამედიცინო მინის მრეწველობის შემქმნელად მიიჩნევა. კობის ყველაზე დიდ ორ გამოგონებად წყალგამძლე ცემენტი, რომელიც ტენიანი კლიმატის პირობებში ეროზიის პროცესს ეწინააღმდეგებოდა და აგურის შემადგენლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად შექმნილი ზეგამძლე მინა-ბლოკი მიიჩნევა, რომელიც დაკავშირებულია ფლორიდის შტატთან, სადაც ჯორჯ კობი ცხოვრობდა. ამ გამოგონებებმა მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია ამერიკის სამშენებლო ინდუსტრიას, კონკრეტულად, 1930-იანი წლების დასაწყისში, ნიუ იორკის ცათამბჯენის Chrysler Building აგებისას იქნა გამოყენებული. ქართველ ქიმიკოსსა და ბიზნესმენს, თურმე, „ამერიკული ქიმიური მრეწველობის მეფეს“ ეძახდნენ და იმ დროს ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი იყო. 1939 წელს, საკუთარი ხარჯით, ჩინეთიდან ამერიკაში ჩაიყვანა ცნობილი ფარმაცევტი ნიკო ჯიშკარიანი და ლაბორატორია მოუწყო.

20 წლის შემდეგ დაბრუნება საქართველოში

გრიგოლ კობახიძე არასდროს ჩამოშორებია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. იგი აღტაცებით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. არასოდეს ივიწყებდა სამშობლოს და მის მშობლიურ კუთხეს – რაჭას. ოცნებობდა სამშობლოში დაბრუნებაზე და მინის ქარხნის აშენებაზე, თუმცა ქარხნის მშენებლობა, იმ ეტაპზე, შეუძლებელი იყო. 1918-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო, ბოლშევიკებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.

1924-28 წლებში გიგო ორჯერ ჩამოვიდა სამშობლოში. ძნელი სათქმელია, როგორ ან რის გამო დართო კომუნისტურმა რეჟიმმა ამერიკაში ცნობილ ქიმიკოსს საქართველოს მონახულების ნება, მაგრამ ფაქტია, რომ გრიგოლ კობახიძე, ოც წელზე მეტი ხნის განშორების შემდეგ, პირველად ჩამოვიდა საქართველოში. დედას 10 ათასი მანეთის ღირებულების საჩუქრები ჩაუტანა და დაასაჩუქრა ის მეპურეებიც, რომლებმაც ოდესღაც ქუთაისში შეიფარეს. იმ აბრაგსაც კი ეძებდა, ვინც 10 ოქროს მანეთიანი აჩუქა, მაგრამ ვერსად იპოვა, რადგან აბრაგი1924 წლის ცნობილ აჯანყებას შეეწირა…

„აქ ახლა ბოლშევიკები არიან… დაგვაშინეს ყველანი და თავად კი ისე ლაღად დადიან, გაგიკვირდება,“ – ეუბნებოდა გიგოს უფროსი ძმა ლეონტი, რომელმაც ამერიკაში გიგოსთან ერთად წასვლაზე უარი განაცხადა – ბოლშევიკები ამას არ მაპატიებენო. გიგო ამერიკაში მარტო დაბრუნდა. 3 წლის შემდეგ ისევ ჩამოვიდა საქართველოში, მშობლიურ, საყვარელ სოფელში. თუმცა, მალე ირკვევა, რომ ბოლშევიკებს მისი დაპატიმრება სურთ და გიგოც იძულებული გახდა, სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა…

ქველმოქმედება

ჯორჯ კობის ქველმოქმედებაზე ბევრი საუბრობს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. აქტიურად ეხმარებოდა მშობლიურ სოფელს (რამდენადაც ეს იმ დროში შესაძლებელი იყო), მხარში ედგა გაჭირვებულებს. ააშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე ააგო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია, მღვდლის, მისი პირველი მასწავლებლის, სახლი და არაერთი მნიშვნელოვანი დაწესებულება. მოაგვარა სოფლის მრავალი წვრილმანი პრობლემა. ის მხარს უჭერდა ადგილობრივი ვაჭრობის განვითარებას. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლშევიკებმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, რის გამოც ჯორჯ კობი იძულებული გახდა სასწრაფოდ გასცლოდა მისთვის ყველაზე ძვირფასს – სამშობლოს.

დიდი დეპრესია

1929 წელს დაიწყო, თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით, არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც, 1930 წელს, მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა თავი მოიკლა. კობი ფარ-ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ-კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა.

მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. წარმატებულმა ქიმიკოსმა შეიამხანაგა ცნობილი ქართველი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და დიპლომატი გიორგი მაჩაბელი, რომელმაც ამერიკაში პარფიუმერიის წარმოებას მიჰყო ხელი და სახელიც გაითქვა. ჯორჯ კობის ფირმა სუნამოებისთვის Prince Matchabeli ფლაკონებს ამზადებდა. როგორც გიორგი მაჩაბელი შემდგომში აღნიშნავდა, მისი პროდუქციის წარმატების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ამერიკაში „პრინცის“ სახელით ცნობილი გიორგი მაჩაბელი, 1935 წელს, საბჭოთა აგენტებმა მოკლეს. დიდი დეპრესიის ხანა – გასული საუკუნის 30-იანი წლები ჯორჯ კობისათვის ტრაგიკული აღმოჩნდა.

ამონარიდი ჟურნალიდან „Radio World“ ჯორჯ კობის წარმატებული კომპანიის შესახებ

ისევ აღმასვლა და მილიონები

II მსოფლიო ომის დროს, ჯორჯ კობი ხელისუფლებისგან სამხედრო პროდუქციაზე შეკვეთას იღებს და ქართველი ემიგრანტი ისევ უმდიდრეს ადამიანად იქცა. როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება სთხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი. როდ აილენდის შტატის ქალაქ პატაკეტში გახსნა ქარხანა, რომელიც პროდუქციას საველე საავადმყოფოებისთვის აწარმოებდა. ჯორჯ კობის ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე მოკავშირეებს. მან მალევე გაისტუმრა მთავრობის ვალი და კაპიტალის დაგროვებას შეუდგა. მოგებას, ძირითადად, ხარისხის ხარჯზე იღებდა. თავის ქარხანაში გააუმჯობესა წარმოების ტექნიკური მხარე, მუშების ცხოვრების დონე, დააწესა წამახალისებელი ჯილდოები, დახმარებები მრავალშვილიანი თანამშრომლებისთვის და სხვ.

ყველაზე ბრჭყვიალარნამენტები

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობი სიახლის დანერგვას იწყებს წარმოებაში – ფერადი მინისგან ამზადებს ნაძვის ხის სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს და ქმნის ქიმიური სითხით სავსე ელექტრო სანთლებს ე.წ. Babel Lamps, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. 1954 წელს რაჭველი გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, ერთ-ერთი პირველია, ვინც ამერიკელი ბავშვებისთვის ნაძვის ხის პირველი ფერადი მინის დეკორაციები შექმნა და მათ ორნამენტები უწოდა, ვინ იცის იქნებ მშობლიური სახლის შთაგონებით, რომელიც სოფელ თხმორში თურმე ყველაზე ლამაზ, ხის ჩუქურთმებით მორთულ სახლად ითვლებოდა. სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და  მონატრებული ემიგრანტი სათამაშოებში აქსოვდა ქართულ მოტივებს, როგორიცაა ყურძენი ან ვაზის ფოთლები. საქართველოს დროშის შინდისფერ ფერებში გამოსახულ ყუთებში ჩაწყობილ, 12 ან 24 ცალ, სათამაშოს ეწერა „კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი ეს შობაა“. რადგანაც სათამაშოები კანადაშიც გადიოდა, წარწერა ფრანგულ ენაზეც კეთდებოდა.

მემკვიდრეობა

სამწუხაროდ, ჯორჯ კობის და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ. მათ სურდათ, კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. თუმცა, ქართველთაგან ვერავინ დააინტერესეს. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ, თავის დროზე, ძმისშვილების და ახლო ნათესავების წაყვანა სურდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და, საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო, იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ, გიგომ კომპანიონებად, იტალიური წარმოშობის ძმები – ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე ღირსეულად გააგრძელეს. პაგლისებს დავიწყებისთვის არ მიუციათ ჯორჯ კობის ღვაწლი და არც სახელი შეუცვლიათ წარმოებისათვის. მისი ბიოგრაფის, ემიგრანტ გივი კობახიძის ცნობით, 1980-იან წლებში, მათ კედელზე ეკიდათ მინის ქარხნისა და წარმოების დამფუძნებლის, ქართველი მრეწველის, გრიგოლ კობახიძის დიდი ფოტო. კობის მინის ორნამენტები დღემდე იყიდება ინტერნეტმაღაზიაში. მათ შორის ჯორჯ კობის შექმნილი ორიგინალური ფორმის ნაძვის ხის კენწეროს მოსართავი. დღესდღეობით, „კობი გლეს პროდაქტსი“ კვლავ არსებობს და, ძირითადად, ნაძვის ხის სათამაშოებს აწარმოებს.

ჯორჯ კობის სახელი დღემდე რჩება ყველა დროის საუკეთესო, ყველაზე პროდუქტიულ და შეუპოვარ ანტრეპრენერთა სიაში, რომელმაც დიდი დეპრესიის პერიოდშიც კი, მილიონების დაკარგვის მიუხედავად, ახალი ნოვატორული იდეებითა და მიდგომებით მოახერხა ფეხზე წამოდგომა და საქმიანობის წარმატებით გაგრძელება.

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. კობისა და მისი მეუღლის – დაშა (ნოდვიკოვა) კობის საფლავი ქალაქ პროვიდენსში (Providence) აშშ-ის როდ-აილენდის (Rhode Island) შტატის დედაქალაქში მდებარეობს, Swan Point Cemetery-ის სასაფლაოზე.

გიგო 140 წლისაა

გრიგოლ კობახიძე ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მის სახელს მთებში შეკიდულ, მშობლიურ სოფელში თაობიდან თაობას გადასცემდნენ და საუკუნეების შემდეგ, დაბადებიდან 140 წლის პატივსაცემად, მშობლიურ თხმორში მემორიალური ფოტომუზეუმი გაიხსნებოდა. მუზეუმში ქრონოლოგიურადაა მოთხრობილი ჯორჯ კობის მიღწევებზე. ავტორებმა, საარქივო მასალით, ფოტოებითა და სოფელში გაგონილი ისტორიებით, შექმნეს გარემო, სადაც დამთვალიერებელი ქართველი ბიზნესმენის საინტერესო ისტორიას გაეცნობა. როგორც მუზეუმის დაარსების ინიციატორმა, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა პროფესორმა, კულტუროლოგმა, ელენე გეგეშიძემ გვითხრა, მუზეუმის დაარსებით, ჯორჯ კობის შესახებ თაობებისთვის ცოდნის გადაცემა პრაქტიკული საქმით დაგვირგვინდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „კულტურულ სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ – გაიმარჯვა ქალბატონმა ელენემ, რომელსაც წარდგენილი ჰქონდა პროექტი „ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში მემორიალური ფოტომუზეუმის გახსნა“, რომელიც ჯორჯ კობის, იმავე გრიგოლ კობახიძის სახელობის მუზეუმის დაარსებას ითვალისწინებდა.

ელენე გეგეშიძე: მუზეუმის დაარსების მიზანი განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: მათ შორის უმთავრესმა ჩემმა პროფესიულმა მოწოდებამ. მე, როგორც კულტუროლოგიის დოქტორს, მინდოდა, მშობლიურ სოფელს ჩემი თეორიული ცოდნით გამოვდგომოდი და მუზეუმი გამეხსნა, რომელიც მიეძღვნებოდა ისტორიულ პიროვნებას ჩვენი სოფლის ღირსეულ შვილს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე მსოფლიოში ცნობილ მინის მრეწველ მილიონერს გრიგოლ კობახიძეს (ჯორჯ კობის), რომელმაც ჯერ კიდევ საუკუნის წინ, მსოფლიოს დაუმტკიცა ქართული გენის ნიჭიერება. ამასთანავე, მინდა, ჩემი სოფლის აღმავლობის ხელშეწყობა. ფოტომუზეუმი არა მარტო ჩემს სოფელს, არამედ რეგიონს და სრულიად საქართველოს მოუტანს კეთილდღეობას. ჩვენი მიზანია, მაღალმთიანი ჩვენი ლამაზი სოფლის, თხმორის, განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რეგიონში კულტურული ცხოვრების, ასევე, თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის გააქტიურება. ამჟამად მუზეუმი, დროებით, განთავსებულია სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც ყოფილიანტორისშენობაა, მაგრამ უახლოეს დროში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ის კეთილმოწყობილ, მუდმივ სამუზეუმო შენობაში გადაინაცვლებს, რომელიც გრიგოლ კობახიძის მიერ სოფლისთვის აშენებული ყოფილი აფთიაქის შენობაა.

პროექტის მიზანი იყო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი და, ამასთანავე, მეტად მნიშვნელოვანი მასალის მიწოდება ჯორჯ კობის შესახებ. მაგალითად, კობის დაბადების თარიღთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი არც საქართველოში და არც ამერიკაში. მისი დაბადების თარიღად საყოველთაოდ ცნობილია 1883 წლის 10 აპრილი, მაგრამ მისი დაბადების თარიღის რეგისტრაცია მოხდა მოგვიანებით, 1886 წლის 8 ივნისს, სოფელ ზედა შავრის წმ. იოანე ნათლისმცემლის საეკლესიო „ეტრიჩკების“ წიგნში, მღვდელმსახურ ნიკოლოზ იოანეს ძე სოხაძესთან (სცა ფონდი 489, ჩანაწერი 10, საქმე 1800).

ცნობილი ფაქტია, რომ დაწყებითი განათლება გრიგოლმა სახლში მიიღო, მაგრამ პროექტზე მუშაობის დროს, საქართველოს ცენტრალურ ეროვნულ არქივში მასალების კვლევისას, გაირკვა, რომ სახლის გარდა გაკვეთილებს სოფლის სამრევლო სკოლაში მღვდელი ოქროპირ დვალი უტარებდა (თხმორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეკლესიის მღვდელმსახური 1889-1911 წლებში), რომლის დახასიათებითაც, პატარა გიგოს, დიდ ნიჭთან ერთად, კარგი ხმა და მუსიკალური სმენაც ჰქონდა.

საქართველოს ემიგრაციის მუზეუმში, გივი კობახიძის პირად არქივში, დაცულია გრიგოლ კობახიძის პირადი წერილები, რომელსაც ის სწერდა გივის, ასევე აქვთ წერილები ახლო ნათესავებს, ჩვენ ექსპოზიციაში გვაქვს გრიგოლის მიერ მიწერილი წერილის ასლი მისი დისშვილისადმი, ზინასადმი. საგამოფენო ექსპოზიციაში არის საზოგადოებისთვის უცნობი ფოტომასალა ახლობელთა საოჯახო ფოტოარქივებიდან და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოპოვებული“.

მოამზადა მაკა ყიფიანმა
საარქივო მასალების მიხედვით

 

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები