27 ივლისი, შაბათი, 2024

რაჭა ტრადიციებს იბრუნებს

spot_img

ესპანურ პონტევედრაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის, რითაც მოჭიდავეებმა სეზონის ოფიციალური ნაწილი დაასრულეს.

ესპანეთში ჩვენგან განსაკუთრებით კარგად გამოვიდნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, რომელთა ანგარიშზეც 4 მედალია: 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. საინტერესოა, რომ ჩემპიონები რაჭველები გახდნენ და თანაც, ერთი სოფლის წარმომადგენლები – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესიდან: გიორგი ელბაქიძე (70) და ვლადიმერ გამყრელიძე (79). თუმცა, რაჭველთა მონაგარი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და საერთო მაჩვენებელს ბრინჯაოთი კიდევ ერთი იქაური, ოღონდ ზემორაჭველი – ონელი მირიან მაისურაძე (92) შეეწია; ვერცხლის მედალი კი თეთრიწყაროელმა მძიმეწონოსანმა, სოლომონ მანაშვილმა მოიპოვა. ამასთან, ჩვენებმა საერთო გუნდურ ჩათვლაშიც გაიმარჯვეს.

ჩვენი ნაკრებიდან კიდევ 4 სპორტსმენს ჰქონდა ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი, თუმცა მათ დამამშვიდებლის ფინალი წააგეს. ამათგან ერთმა, გორელმა თემურ ბერუაშვილმა (74), წინა დღეს ფეხი იტკინა, რის გამოც ვერც ნახევარფინალში შეძლო საჭიდაოდ გასვლა და ვერც ბრინჯაოსთვის იასპარეზა.

მისასალმებელია, რომ რაჭა თანდათან იბრუნებს ძველ საჭიდაო ტრადიციებს. ერთი რაიონიდან ორი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონი არცთუ ხშირია, მით უფრო – ერთი სოფლიდან, თუმცა მსგავსი პრეცედენტი რაჭის და ამბროლაურისთვის უცხო არაა: 3-ოდე წლის წინ, ასევე 23-იანებში, მსოფლიო ჩემპიონები ძმები – ავთანდილ და ნიკა კენჭაძეები გახდნენ, ამბროლაურისავე სოფელ პირველი ტოლადან. ეს უკვე ოჯახური დუეტია, თუმცა შემდეგ, რატომღაც, ეს ძმები ეროვნული ნაკრებიდან „დაიკარგნენ“.

აღსანიშნავია, რომ მაისურაძემ წელს ეროვნულ ნაკრებშიც იასპარეზა და წარმატებითაც: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში ბრინჯაო მოიპოვა. წელს უფროსებში იჭიდავა გამყრელიძემაც და ასევე ევროპის მესამე პრიზიორი გახდა.

პონტევედრაში 4 მედალი მოიპოვეს ჩვენმა ბერძენ-რომაელებმაც, თუმცა მათ არ აქვთ ოქრო: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე (63) გახდა, მესამეზე ოზურგეთელი გიორგი თოხაძე (55), ბათუმელი დიეგო ჩხიკვაძე (67) და რუსთაველი ბექა გურული (82) გავიდნენ; გუნდურ ჩათვლაში ეს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

ირაკლი თავაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები