2020 წლიდან „მასწავლებლის რეგულირების წესის“ ამოქმედება, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ შესაძლებლობას გააჩენდა, ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე, სამინისტროს მიერ რეფორმების წარდგინებების სერიის დროს დაანონსდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2020 წლის უმთავრეს ცვლილებასაც სწორედ ამ წესის ამოქმედებას უკავშირებდა. ბუნებრივია, დაანონსებულმა ცვლილებამ დიდი მოლოდინი გააჩინა პედაგოგიურ საზოგადოებაში. „2020 წლიდან აღარ იარსებებს აღარც კრედიტქულების დაგროვების სისტემა და აღარც გარე დაკვირვება. მას ჩაანაცვლებს მასწავლებლის რეგულირების წესი, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლობის მსურველებს და მათ, ვისაც სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ მდგომარეობა, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, ხოლო პროფესიულ საჭიროებას სკოლა დაადგენს. პროფესიული საჭიროებისთვის მასწავლებელი რამდენიმე ტრენინგს გაივლის, ოღონდ ამაში კრედიტქულებს აღარ მიიღებს.“ – აცხადებდა ბერიკა შუკაკიძე, 2019 წლის 8 მაისს, ჩვენი გაზეთისთვის მოცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, პროფესიული გადამზადება მუდმივად საჭიროა, მაგრამ მასწავლებლებზე აღარ იქნება ზეწოლა, რომ დააგროვონ კრედიტები. „რაც შეეხება საფეხურებრივ წინსვლას, ეს გამოცდით განხორციელდება. ვმუშაობთ გამოცდის ასეთ ტიპზე: მაგალითად, ვარ უფროსი მასწავლებელი და მინდა გავხდე წამყვანი ან მენტორი, ამისთვის მომიწევს პროფესიული უნარების რთული კატეგორიის ტესტის ჩაბარება. პროფესიულ უნარებში ტესტი რამდენიმე კატეგორიად დაიყოფა, საგნის გამოცდა კი ერთი ტიპის იქნება. საგანში საშუალო ბარიერად 50 პროცენტი განისაზღვრება, იგივე ბარიერი დაწესდება პროფესიულ უნარებშიც.
ახალი წესის მიხედვით, გვექნება ორი გამოცდა: საგნის კომპეტენციის დადასტურება და პროფესიული უნარები. პროფესიულ უნარებში სამი ტიპის გამოცდა იგეგმება – პირობითად, I -II -III კატეგორიის. რომელ კატეგორიასაც ჩააბარებს მასწავლებელი, იმ კატეგორიის შესაბამის სტატუსს მიიღებს. მაგალითად, თუ უფროსი მასწავლებელი გადაწყვეტს, რომ გახდეს პირდაპირ მენტორი და აღარ სურს წამყვანი მასწავლებლობა, მენტორისთვის განკუთვნილ ტესტს აირჩევს და აღარ მოუწევს ლოდინი, რომ ჯერ წამყვანი გახდეს და შემდეგ მენტორი.“
თუმცა, როგორც ირკვევა, 2020 წლისთვის ახალი ტიპის გამოცდა აღარ ჩატარდება, ამის მიზეზად კი ის ფაქტი სახელდება, რომ გამოცდის მომზადება ვერ მოესწრო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ადასტურებს, რომ ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უკვე მიიღო.
ცნობილია გადაწყვეტილება, რომ ახალი ტიპის გამოცდა არ ჩატარდება, მაგრამ გაურკვეველია, რა სახით შეძლებენ ან შეძლებენ თუ არა საერთოდ, 2020 წელს, უფროსი და წამყვანი პედაგოგები სტატუსის ამაღლებას?
როგორი იქნება მასწავლებლებისთვის 2020 წელი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?
პრაქტიკოსებს წინსვლისთვის კიდევ ერთი შანსი მისცეს და ისინი ზაფხულში ისევ შეეცდებიან დაადასტურონ კომპეტენციები. უფროსი მასწავლებლების ნაწილი კი, რომლებსაც მხოლოდ გარე დაკვირვების გავლა დარჩათ, ეტაპობრივად, წლის ბოლომდე, გაივლიან გარე დაკვირვებას და აიმაღლებენ სტატუსს. რაც შეეხება წამყვან მასწავლებლებს, რომელთაც მენტორობა სურთ – მათთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რა უნდა გააკეთონ მთელი წლის განმავლობაში სტატუსის ასამაღლებლად. როგორც თავად ამბობენ, პროცესი ერთი წლით დაპაუზდა. ასევე გაურკვეველია იმ უფროსი მასწავლებლების კარიერული წინსვლის საკითხიც, რომლებმაც ახლა აიმაღლეს სტატუსი და იმ მასწავლებლების ბედიც, რომლებიც სექტემბრიდან შევიდნენ სისტემაში. ეს მოცემულობა გარკვეულ უკმაყოფილებას და გულისწყრომას იწვევს ჩამოთვლილი კატრეგორიის პედაგოგებში. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მათ კიდევ ერთი წელი მოუწევთ ლოდინი რაზე ჩამოყალიბდება საბოლოოდ სამინისტრო.
დღეის მდგომარეობით, სისტემაში სულ 59 952 მასწავლებელია, აქედან 14 344 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლად რჩება, რაც შეეხება მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგებს, მათი სტატისტიკა ასეთია: უფროსი მასწავლებელი – 37 460; წამყვანი მასწავლებელი – 2 908 ; მენტორი მასწავლებელი – 261.
რატომ ფერხდება კარიერული წინსვლა და რა გამოსავალს ხედავენ პედაგოგები?
გიორგი ჭაუჭიძე, მარნეულის №2 საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენისა და ისტორიის მასწავლებელი:
იცის ღმერთმა, თავიდანვე მასწავლებელთა 80%-იანი ჩაჭრების წინააღმდეგი ვიყავი და ძლიერ გამიხარდა 1 კრედიტის შემოღება ჯეჯელავას მიერ. როგორც ამ დღეებში გაირკვა, პრაქტიკულად მოისპო პრაქტიკოს მასწავლებელთა კლასი. მით უფრო მიუტევებელი და უსამართლოა წამყვანობისთვის და მენტორობისთვის გზის დახშობა წელსაც.
გასაგებია, რომ სამენტორო გამოცდებს მომზადება სჭირდება. რადგან სახელმწიფომ ეს ვერ მოახერხა წელს, ასეთი რამ შესთავაზოს წინსვლის მსურველთ: წამყვანობისა და მენტორობის მსურველებმა ჩააბარონ ჩვეულებრივი პროფესიული უნარების გამოცდა და იმ უფროს მასწავლებელს, რომელიც 70%-ზე მაღალ ქულას მიიღებს, წამყვანის სტატუსი მიენიჭოს, ხოლო ის წამყვანი მასწავლებელი, რომელიც 80%-ზე მაღალ ქულას მოაგროვებს, მენტორი გახდეს.
ვფიქრობ, თუკი სახელმწიფო წელსვე ვერ შესთავაზებს მასწავლებლებს წინსვლის გზას, ამ ვარიანტის განხილვა ეგების.
ნადია დაბრუნდაშვილი, ხაშურის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი:
მიუხედავად იმისა, თუ რამდენწლიანი გამოცდილება გაქვს ამა თუ იმ პროფესიაში, ნებისმიერ სპეციალობაში პროფესიული წინსვლა და განვითარება აუცილებელია. ეს განსაკუთრებულად პედაგოგის პროფესიას ეხება, მით უმეტეს, ჩვენს დროში, როცა მოსწავლეები, თანამედროვე ტექნოლოგიების და კომუნიკაციის უამრავი ახლებური საშუალებების გამოყენებით, ხშირად მასწავლებლებს უსწრებენ ამა თუ იმ სფეროში – სიახლეების გაცნობით, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობით და ხშირად წარმატებების მოპოვებითაც. ამიტომ ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემოთავაზება არც უცხო და არც მიუღებელი ყოფილა, პირიქით, პირველივე ეტაპზე აქტიურად ჩავერთე პროცესში.
ვერ დავეთანხმები მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სქემის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მოსწავლეებს გვერდზე ტოვებდა, რადგან სქემის ფარგლებში განსახორციელებული თითოეული აქტივობა, სწორედაც რომ მოსწავლეთა ჩართულობით და მათთან მუშაობით, კლასში ან საკლასო ოთახის გარეთ, უნდა განხორციელებულიყო. სხვა საკითხია თუკი ვინმე მოსწავლეების ჩართვას არ ახდენდა ამ პროცესში, აქტივობებს მხოლოდ დოკუმენტებით, ფორმალურად აღრიცხავდა და ყველაფერი მხოლოდ ჩანაწერებში ხდებოდა და რჩებოდა.
დადებითად ვაფასებ ჩვენ მიერ გავლილ პროფესიული განვითარების ტრენინგების უმეტესობას, ჩემთვის თითოეული მათგანი საკმაოდ დიდი სარგებლის მომტანი იყო როგორც პროფესიული განვითარებისათვის, ასევე მიღებული ცოდნით მოსწავლეებთან მუშაობაში, სხვადასხვა მეთოდების დანერგვისა და გამოყენებისათვის.
რადგან გარე დაკვირვების გავლის პირველივე ეტაპისათვის, რამდენიმე სხვა მასწავლებელთან ერთად, მასწავლებლის სახლის გარე დამკვირვებლად შემარჩიეს, ინტერესთა კონფლიქტის გამო, პროცესებს ერთი სემესტრით ჩამოვრჩი. ვგეგმავდი, რომ შემდეგში გარე დაკვირვებასაც მოვასწრებდი და მენტორობისთვის საჭირო აქტივობებსაც, თუმცა, აღმოჩნდა, რომ პროფესიული განვითარების სქემით მენტორის სტატუსის მისაღებად წინსვლას ვეღარ ვასწრებდი და ამისთვის გამოცდის ჩაბარება მომიწევდა. არც ეგაა პრობლემა, მაგრამ გამოცდის ჩატარების პროცესიც, როგორც ჩანს, გახანგრძლივდა და ჯერ უცნობია, როდის და რა ფორმატით ჩატარდება კარიერული წინსვლისთვის განსაზღვრული გამოცდები.
ახლა ის მდგომარეობაა, თითქოს დამთავრდა „მარათონი“ და ზოგმა მოასწრო ფინიშამდე მისვლა, ზოგმა ვერა, ზოგს გაუმართლა, ზოგს არა, ზოგი გამარჯვებულია, ზოგი არა. არადა მოსწავლეებთან მუშაობა და აქტივობების განხორციელება მუდმივი პროცესია და თუ ერთ ეტაპზე ეს იყო განვითარებისა და წინსვლის პირობა, რატომ არ უნდა გაგრძელებულიყო, სანამ ვინმეს მასში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა? მით უმეტეს, როცა მასში მოსწავლეთა ჩართულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება ამ პროცესის თანმდევი და აუცილებელი პირობაა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განხორციელების ერთბაშად შეჩერება იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სქემამ ამ სახით არ გაამართლა და ახლა ეს ყველაფერი გამოცდის თუ სხვა აქტივობების სახით უნდა გაგრძელდეს. სასურველი იქნებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოქმედება გახანგრძლივებულიყო მანამ, სანამ გამოცდების საკითხი საბოლოოდ არ გახდებოდა ნათელი. უფრო მეტიც, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, არჩევანი დაეტოვებინათ მასწავლებლებისათვის, ვის როგორი სახით სურდა პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა — გამოცდის სახით თუ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მუშაობით. მოსწავლეთა შედეგებზე დაკვირვებაც უფრო საინტერესო იქნებოდა პარალელურ რეჟიმში, ორივე ტიპის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მსვლელობის პროცესში.
მიმაჩნია, რომ ჩვენს სისტემაში რამის შეცვლისას (თუ, რა თქმა უნდა, ზიანის მომტანი და სასწრაფოდ შესაწყვეტი არ არის), ხისტად შეწყვეტას ყოველთვის სჯობს თანდათანობით, ეტაპობრივად გადასვლა.
ეკა ცხადაია, მარნეულის №2 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი:
ყველა მასწავლებლის უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას რომ სახელმწიფო თანაბრად ვერ ქმნის, ვფიქრობ, გადაჭარბებული შეფასებაა. სქემის ვადებისა და მასში ჩართვის შესახებ ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყო ინფორმაციაც და საშუალებაც. ყველა სფეროში არის კადრი, რომელიც არ ელოდება რას შესთავაზებს მას სახელმწიფო ან სხვა დამსაქმებელი. ამიტომ დამოუკიდებლად ცდილობს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების სრულყოფას. შინაგანი მოტივაცია, გნებავთ, ამბიცია, გნებავთ მაძიებელი ხასიათი აიძულებს მას იყოს სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ. რა თქმა უნდა, მასწავლებლებშიც არიან ასეთები და მათი აქტიურობა სოციალური ქსელებიდანაც მშვენივრად ჩანს – ქმნიდნენ ბლოგებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების ტუტორიალებს, აქტივობათა ბანკებს, რესურსებს, ატარებდნენ და ესწრებოდნენ ტრენინგებს, ვითარდებოდნენ პროფესიულად და სხვებსაც აძლევდნენ განვითარების საშუალებასაც და სტიმულსაც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მათი მუშაობის შედეგზე აისახა.
რა გასაკვირია, რომ სქემის ამოქმედების შემდეგ, მათ მეტი აქტივობა ჰქონდათ მარაგში. შესაბამისად, უფრო ადრე დაწინაურდნენ. შეიძლება ითქვას, რომ პირიქითაც მოხდა. ასეთი მაძიებელი მასწავლებლები ერთგვარად დაიჩაგრნენ, რადგან სახელმწიფომ მათ 2011 წლიდან 2015 წლამდე ნამუშევარი 6 კრედიტამდე დაუყვანა. ეს 6 კრედიტი მარტივად დააგროვა ნაკლებად მონდომებულმა ადამიანმა, სულ რაღაც, 1 წელიწადში. ერთგვარი ფრუსტრაცია მაშინაც გაჩნდა, მაგრამ მასწავლებელთა ნაწილს საკუთარ განვითარებაზე უარი არ უთქვამს და კვლავ 1 ნაბიჯით აღმოჩნდნენ წინ.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის მუდმივი შეღავათების, გადავადებების, წელიწადში ორჯერ გამოცდების შეთავაზების პოლიტიკა გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია, სკოლაში ამ სტატუსის ადამიანი არ იყოს, არა ჩანაცვლებისა და უკეთესი კადრის ხარჯზე, არამედ მათი გაუფროსების გზით.
სქემამდე სტატუსის შეცვლა მხოლოდ სასერტიფიკაციო გამოცდით იყო შესაძლებელი, რაც, ჩემი აზრით, უფრო ობიექტური იყო. დიახ, გამოცდა არ ამოწმებს პრაქტიკულ უნარებს და მისი ჩაბარება კარგ მასწავლებლობას არ ნიშნავს, მაგრამ თუ საკუთარ საგანს ვერ ფლობს ადამიანი მინიმალურ დონეზე, არ მგონია, რომ ის პროფესიონალი იყოს. პროფესიონალიზმი ცოდნასაც გულისხმობს და ცოდნის ბავშვებამდე მიტანის უნარსაც.
რას ამოწმებს გამოცდით სახელმწიფო? დავუშვათ, თეორიულ ცოდნას. რატომ აკეთებს ამას სახელმწიფო? 1. გაარჩიოს კარგი და ნაკლებად კარგი კადრი; 2. მოტივირებული გახადოს ნაკლებად კარგი, გახდეს კარგი; 3. კარგს მისცეს სტიმული და მინიმალურად მაინც დაეხმაროს ფინანსურად; 4. დააინტერესოს მასწავლებელი, თავადაც ისწავლოს; 5. ყველაფერმა კი გააუმჯობესოს სწავლების ხარისხი.
რა დაამტკიცა გამოცდებმა? მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა მინიმალური კომპეტენციის დადასტურება საკუთარ საგანში. რა ქნა სახელმწიფომ? ატარა ტრენინგები, ატარა და დიდად ვერ წასწია წინ სწავლების ხარისხი. არაფერი დაეტყოთ სკოლებს. პირიქით, ბოლო კვლევების მიხედვით, რამდენიმე პუნქტით კიდევ უფრო დაიწია წერა-კითხვა-გაგებისა და ლოგიკურმა კომპეტენციებმა მოსწავლეებში. სანაცვლოდ, ე.წ. 1-4 კრედიტით გაუფროსებული მასწავლებლებით, როგორც ჩემმა კოლეგამ ბრძანა, „პრაქტიკულად მოისპო პრაქტიკოს მასწავლებელთა კლასი” . რა არის ამაში სასიხარულო? მხოლოდ ერთი – სახელფასო დანამატს მიიღებს უფრო მეტი, ვიდრე შარშან. მაგრამ შეიცვალა მათი დამოკიდებულება, კომპეტენცია, სწავლების ხარისხი, დაეტყო მოსწავლეთა შედეგებს? რა თქმა უნდა, არა. ისევ ბოლო კვლევას დავიმოწმებ. ამიტომ მიმაჩნია, რომ 1 კრედიტით გაუფროსება არ იყო სწორი სტრატეგია.
ჩემი აზრით, სქემა ძალიან ბიუროკრატიული მექანიზმი იყო, უამრავი დოკუმენტის წერა-შევსება-შეფასებას მოითხოვდა. როცა შემფასებელი და შესაფასებელი ერთი და იმავე ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან, ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობების ფონზე, გაჭირდება ობიექტურობის ხარისხის შენარჩუნება. მით უფრო, თუ შემფასებელი ხანდახან სტატუსითაც და კომპეტენციითაც აშკარად ნაკლებია შესაფასებელ სუბიექტზე. ამან წარმოშვა ე.წ. კრედიტების მოპოვების დაუოკებელი სწრაფვა. მთავარი გახდა არა საკუთარი პრაქტიკის სრულყოფა და პროფესიული ზრდა, არამედ, როგორმე გამოცდაზე 1 კრედიტის მიღება. დანარჩენს სკოლა მიხედავდა, სკოლა მისცემდა შესაძლებლობას დაწინაურებულიყო, ხშირ შემთხვევაში, არარსებული, შეთხზული აქტივობებით. ეს იყო ის შავი ხვრელი, რომლითაც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ისარგებლა. კარგია, როცა ძლიერი პედკორპუსი გყავს. თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით შეიარაღებული, მაგრამ ხელოვნურად სტატუსშეცვლილი მასწავლებლებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესება კიდევ უფრო დიდხანს გაჭირდება.
კახა ნადირაძე, ქუთაისის №29-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:
არ მიმაჩნია, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი ვარ, მაგრამ სახელმწიფოს გონივრულ ვადაში ჰქონდა იმის საშულება, რომ ყველა მასწავლებლისთვის შეექმნა თანაბარი მოტივაცია და საზრუნავი სტატუსის ამაღლებისთვის. დიახ, სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერ ადამიანს შეუქმნას თანაბარი უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობის გარემო. აქამდე ამ გარემოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემით ქმნიდა, თუმცა, ეს სქემა არ ეხება სკოლაში წელს შესულ მასწავლებლებს, რადგან მათი ლტოლვა პროფესიული განვითარებისკენ დაპაუზებულია უკვე ერთი სემესტრის განმავლობაში. მეც ამ მასწავლებლების რიცხვს მივეკუთვნები, რადგან სკოლაში მასწავლებლად სექტემბერში შევედი უფროსი მასწავლებლის სტატუსით. ფაქტობრივად, ახლა არაფერს ვაკეთებ პროფესიული ზრდისთვის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩვენი სამოქალაქო კლუბი ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავლის თაობის“ პროექტში – სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ვთანამშობლობთ. როგორც გითხარით, 2014 წლამდე სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი ვარ, მაგრამ სქემის ფარგლებში ახლა ვერანაირ საქმიანობას ვეღარ ვახორციელებ. მიუხედავად ამისა, მაინც ვაკეთებთ და ვმუშაობთ საკლასო და საკლუბო პროექტებზე. სულაც არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ კრედიტებისთვის უნდა მუშაობდეს მასწავლებელი, მაგრამ, როცა ანაზღაურების ზრდა სწორედ პროფესიულ წინსვლაზეა მიბმული, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, აიმაღლო სტატუსი. ცალსახად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პროფესიული განვითარება მხოლოდ სავალდებულო კრედიტების დაგროვება არ არის, ეს არის სიახლეების მიღება, კოლეგებთან თანამშრომლობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ა.შ. მაგრამ სტატუსის მიმართულებით განვითარების სურვილიც პროფესიულ ზრდაში მოიაზრება.
ზოგადი განათლების შესახებ კანონშიც არის მითითებული, რომ მასწავლებლებს ევალებათ სქემაში ჩართვა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში, ეს ყველა კატეგორიის მასწავლებლისთვის შეუძლებელია. კანონი იმასაც ავალდებულებს, რომ ყველა მასწავლებელი თანაბარ მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს.
რას ნიშნავს უწყვეტი პროფესიული განვითარება? მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს პირდაპირ უწერია მისიაში, რომ მან უნდა უზრუნველყოს მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, აქედან გამომდინარე, არგუმენტად ვერ გამოდგება – წელს ვერ მოესწრო გამოცდის მომზადება და ამის გამო არ ჩატარდება, ეს ცოტა არასერიოზულია. თუმცა, ამ პრობლემის მოგვარება, ჩემი შეხედულებით, სულაც არ არის დიდ სირთულეებთან დაკავშირებული. მინდა დავეთანხმო გიორგი ჭაუჭიძის მოსაზრებას, რომელმაც გარკვეული გამოსავალი შემოგვთავაზა. ჩატარდეს გამოცდა ძველი სისტემით, ძველი ტესტირებით, ვიდრე ახალ ტესტებს შექმნიან და ეს ხელოვნური შეფერხებაც აღარ იქნება. ვინც დააგროვებს მაღალ ქულებს — 70-80 პროცენტზე მეტს, შესაბამისად, მისთვის უფრო მაღალი სტატუსი განისაზღვროს, ხოლო ვინც მხოლოდ დაწესებული ზღვრის გადალახვას შეძლებს, უფროსი მასწავლებელი გახდეს. ვფიქრობ, ეს ძალიან მარტივი გამოსავალია, ვიდრე ახალ ტესტებს შექმნიან. თან, არა მგონია, 10-წლიანი გამოცდილებით და საკმაოდ დიდი ბაზით გაუჭირდეთ საკითხის ამგვარად მოგვარება. სულაც არ ვთვლი, რომ სქემაში რაღაც ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, უბრალოდ, გარდამავალ პერიოდში, ასეთი მიდგომის გამოყენება კარგი იქნებოდა. დაანონსდა, რომ სტატუსის ამაღლება ახლა შეუძლებელია, რადგან გამოცდები მოსამზადებელია, კი ბატონო, შექმნან ახალი ტესტები, მაგრამ მანამდე დროს ნუ დაგვაკარგინებენ, რა რესურსიც აქვთ, იმით ჩაატარონ გამოცდა.
ძალიან მომწონს, რომ სამინისტრო მაქსიმალურად უწყობს ხელს პრაქტიკოსებს სკოლა არ დატოვონ, მათ კიდევ ერთხელ მისცა გამოცდაზე გასვლის შანსი, ასე ვთქვათ, რბილად და „მეგობრულად“ ექცევიან. ეს ძალინ კარგია, რადგან დასაკარგი მასწავლებლები არ გვყავს. მაგრამ, ასეთი მიდგომების დაწესება არც სხვა სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის გვაწყენდა. მაღალი სტანდარტების შემოტანამდე, რასაც სამინისტრო გეგმავს, არსებული ტესტების ბაზით ჩაატარონ გამოცდები და უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ. ჩემი აზრით, ეს მართლაც საუკეთესო გამოსავალია, იმასაც დავამატებ, რომ ტესტებში გაზარდონ მეთოდური ნაწილი, რაც მასწავლებლის პროფესიონალიზმს კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს. დროა, ზაფხულისთვის მაინც იქნეს მიღებული ადეკვატური ზომები, რათა პროფესიული განვითარების უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს თანაბრად და არა დისკრიმინაციულად.
დიანა წურწუმია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროზე გაირკვეს რა უნდა გავაკეთოთ — ჩემს შემთხვევაში, რა უნდა გააკეთოს იმ წამყვანმა მასწავლებელმა, რომელსაც მენტორობა სურს 2020 წლის განმავლობაში. ერთი წელი მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა არ იცი როგორ წარმართო შენი კარიერული წინსვლა, რთულია, ასე ჰაერში არ შეიძლება მასწავლებლის გამოკიდება. ფაქტობრივად, ამ სიტუაციაში უფრო იჩაგრება წამყვანი მასწავლებელი, რომელსაც მენტორობა სურს, წინსვლა უნდა, მაგრამ ამის საშაულება არ ეძლევა. მაინცდამაინც არ არის იდეაფიქსი, რომ გავხდე მენტორი, მაგრამ, გარკვეულწილად, ეს ჩემს მოტივაციაზე ცუდად აისახება. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ მოტივაცია დამიკარგა და აღარაფერს ვაკეთებ ხარისხიანი სწავლებისთვის. ნამდვილ პედაგოგს ეს არ დაემართება, მაგრამ წყენას და გულისტკივილს იწვევს. ისევ ის პედაგოგები ვიჩაგრებით, რომლებმაც მართლა ჩავაბარეთ გამოცდები და კრედიტების დაგროვებაში არ დავკარგეთ წლები. არასდროს ამიბზეკია ცხვირი, უცებ რომ ჩავაბარე გამოცდები, ავიღე სერტიფიკატები, წარმატებით დავადასტურე კომპეტენცია, რადგან ეს ჩვეულებრივად მიმაჩნდა და დღესაც ასე მიმაჩნია. მაგრამ რატომ უნდა ველოდო ასე გაურკვევლად რაღაცას? მოგვცენ პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის საშუალება… რაღაც ვერ არის ჩვენთვის კარგი… ვფიქრობ, ნიჭიერება იჩაგრება.
დალი კერესელიძე, გერმანული ენის მასწავლებელი:
გულდასაწყვეტია, რომ მასწავლებლებმა უდიდესი შრომა სქემის აქტივობების განხორციელებაში და კრედიტების დაგროვებაში ჩადეს მაშინ, როცა შეიძლებოდა ეს შრომა ბავშვებს მოხმარებოდა. პრაქტიკამ ბევრჯერ აჩვენა, რომ კრედიტების დევნა, დადგმული გაკვეთილები და კოპი-პეისტით დაწერილი კვლევები კი არა, თავიანთი საქმის მცოდნე პროფესიონალები, კარგი სახელმძღვანელოები და საინტერესო სასწავლო პროცესი სჭირდება სკოლას. ამ ყველაფერს კი, სახელმწიფოსგან კომპლექსური მიდგომა სჭირდება და არა რაღაც ქიმერების დევნა. ამასობაში მოსწავლეები განზე დარჩნენ…
ჩვენი განათლების სისტემა ძირფესვიანად შესაცვლელია. დავიწყოთ იმით, რომ სახელმძღვანელოები არ გვივარგა. ჩვენ, უცხო ენების მასწავლებლები, ცოტა განებივრებულები ვართ იმ მხრივ, რომ ჩვენი სახელმძღვანელოები უცხოეთში იბეჭდება. აქედან გამომდინარე, ხარისხიც უკეთესია. საქართველოში შექმნილი სახელმძღვანელოები, უბრალოდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მე მყავს სამი შვილი, ორი უკვე სტუდენტია, ერთი — სკოლის მოსწავლე, მეშვიდეკლასელი. თქვენ რომ განახათ გეოგრაფიის წიგნში რა ტექსტებია შეტანილი, გაოცდებით. თუკი ვინმე დამიმტკიცებს, რომ 12 წლის ბავშვისთვის ეს ტექსტი საინტერესოა და რაღაცის მომცემი, ხელებს ავწევ და ვიტყვი, რომ მართალი არა ვარ. ვიკიპედიიდან კოპირებით აღებული მასალები არა მგონია ბავშვებისთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდეს საგნის სწავლებისას. ეს ერთი დიდი პრობლემა. მეორე პრობლემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებაა. რას ვეძახით ჩვენ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას? მე მაქვს იმის ფუფუნება, რომ გოეთეს ინსტიტუტში დავესწრო ტრენინგებს, რომლებიც, სხვათა შორის, ძალიან განსხვავდება მასწავლებელთა სახლის მიერ შემოთავაზებული ტრენინგებისგან. ასევე მაქვს საშუალება ტრენინგები გავიარო გერმანიაში, ავსტრიაში და ეს ყველაფერი უფასოდ — გოეთეს ინსტიტუტი და გერმანიის განათლების სისტემა აფინანსებს. რომ ვადარებ ამ შესაძლებლობას მასწავლებლის სახლში ჩატარებულ ტრენინგებს, პირდაპირ გეტყვით, ისეთი განსხვავებაა, როგორც ცა და დედამიწა.
კიდევ ერთი ნიუანსი – ერთ-ერთ გამომცემლობაში მთარგმნელად ვმუშაობ. ერთი წლის წინ, გერმანულიდან ვთარგმნეთ მათემატიკის სახელმძღვანელოების სერია 1-დან მე-6 კლასამდე, შესანიშნავი სახელმძღვანელოა. პროექტზე ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ. სამინისტრომ გრიფი მოგვცა, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში უარი გვითხრა. იცით არგუმენტი რა იყო? თურმე წიგნი ძალიან კარგია, მაგრამ ქართველ მასწავლებლებს არა აქვთ იმის უნარი, რომ ამ წიგნით ასწავლონ. ეს სრული აბსურდია, წიგნი ჩავარდა იმიტომ, რომ ვიღაცებს ბევრი ფული აქვთ გადახდილი, რომ მათი წიგნი სკოლაში დომინანტი იყოს. ეს არის ჩვენი რეალობა.
ისევ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას მივუბრუნდები და ვიტყვი, რომ კრედიტების დევნამ შედეგი იცით რატომ ვერ გამოიღო? იმიტომ, რომ თვითონ მასწავლებელი ჩააგდო ამ პროცესმა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. არ შეიძლება ადამიანი, რომელმაც მომავალი თაობა უნდა გაზარდოს, მუდმივად დააკნინო, დაამცირო და ეძახო, რომ მან რაღაც ქულა ვერ დააგროვა, ბარიერი ვერ გადალახა… გამუდმებით მოსთხოვო რაღაც ამტკიცოს. მაგრამ თუკი ამოწმებ და მართლა გინდა რეალობა დაინახო, მაშინ დადგმული გაკვეთილი კი არ უნდა შეამოწმო და იმაში კი არ უნდა დაუწერო ქულები, არამედ ნებისმიერ დროს ნებისმიერ მასწავლებელს უნდა შეუღო საკლასო ოთახის კარი. აი, მაშინ რაც ხდება გაკვეთილზე, ის არის რეალური სასწავლო პროცესი. ნებისმიერი მასწავლებელი (მათ შორის, მეც), რომელსაც ეცოდინება, რომ წინასწარ დაესწრები გაკვეთილზე, ბუნებრივია, ამისთვის მოემზადება. იცით, როგორ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს? ეს მდგომარეობა ვირთხების რბოლას ჰგავს. მუდმივად გვაიძულებენ რაღაც ვამტკიცოთ და თუ ვერ დავამტკიცეთ, მერე გვაქილიკონ, რომ არაპროფესიონალები ვართ. არადა, რეალურად ასე არ არის. ჩემს შვილებს მართლა ბევრი შესანიშნავი მასწავლებელი ჰყავდათ და ახლაც ჰყავს. მათგან ბევრი რამ ისწავლეს, მაგრამ, ასე მგონია, გაცილებით მეტს ისწავლიდნენ, რომ მასწავლებლებს მისცემოდათ საშუალება, დრო მაქსიმალურად სასწავლო პროცესზე, მოსწავლეებზე დაეხარჯათ, ეკეთებინათ საქმე, რომლის კეთებაც ძალიან უყვართ. სახელმწიფო კი ამის საშუალებას არ გვაძლევს, გაუთავებელი ბიუროკრატიული ჩარევებით.
კარგად ვიცი, როგორი ხელფასები აქვთ ჩვენს კოლეგებს, თუნდაც, გერმანიაში ან ავსტრიაში, ისიც კარგად ვიცი, როგორ აფასებენ მათ და როგორ პრესტიჟულ პროფესიად ითვლება პედაგოგობა. აქედან გამომდინარე გეტყვით, რომ ქვეყანა, სადაც ექიმი და მასწავლებელი არ ფასობს, უბრალოდ, ვერ განვითარდება.
ლალი ჯელაძე