როგორც ყველა ღირებული ნაწარმოები, ძალიან ბევრ ფიქრს აღძრავს ერლომ ახვლედიანის „ვანო და ნიკოც“. გთავაზობთ მეთორმეტეკლასელის ფიქრებს ამ ნაწარმოებზე.
ანი ყალიჩავა
სსიპ ილ. ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის №5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე
პედაგოგი – ლეილა ხონელიძე
ერლომ ახვლედიანის ორი პერსონაჟის პატარ-პატარა ამბები უამრავ შეკითხვას ბადებს მკითხველისთვის. თავდაპირველად, თითქოს გიმძიმს გაიგო და მიხვდე, თუ რისი თქმა სურს მწერალს ამ ძალზე უცნაური ამბებით. ყოველი სტრიქონის წაკითხვის შემდეგ კი თითქოს დაბინდული გონება ნათდება და იაზრებ, რამდენად მნიშვნელოვანი უამრავი საკითხი გააერთიანა ერლომ ახვლედიანმა ამ მცირე მოთხრობებში, რომლებიც იგავ-არაკებს უფრო ჰგვანან.
ადამიანის შინაგანი სამყარო, ადამიანებს შორის და სამყაროსთან, ბუნებასთან ურთიერთობა, საკუთარი თავის კვლევა, საკუთარი რაობის შეცნობა, სიყვარული, ღალატი, გაუბედაობა, თმენა, დათმობა, ამპარტავნობა, მუდმივი ქიშპობა, სიკეთეც და ბოროტებაც – ყველაფერი ის დაგვანახა, რასაც, საუკუნეებია,,დატყვევებული ჰყავს ადამიანის გონება. გვაჩვენა ის, რაც ბოჭავს და, ამავდროულად, თავისუფალს ხდის ადამიანს. დაგვანახა არც თუ გამორჩეულმა ორმა პერსონაჟმა: ვანომ და ნიკომ და ნიკომ და ვანომ, ერთმანეთად ქცეულებმა, განიკოებულებმა და გავანოებულებმა, იდენტობადაკარგულებმა და ისევ საკუთარ თავს დაბრუნებულებმა, ყველაფერზე მოჩხუბარმა, დაბოღმილმა, ეგოისტმა ორმა ბიჭმა, ხანაც – კაცმა.
ვანო განსხვავდებოდა ნიკოსგან, შეიძლება ითქვას, უკეთესი მეგობარიც კი იყო. სხვისთვის – კარგი, მაგრამ საკუთარი თავისთვის – ავი საქმის მქმნელი. ნიკოს რაც არ უნდა ეთხოვა, ვანო უანგაროდ უბოძებდა, თუნდაც მხოლოდ ერთი ჰქონოდა. ასე წაართვა ნიკომ ვანოს სიყვარული და, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავიც. ნათქვამია: „აჩუქეთ მას მთელი სამყარო და ის ლამაზ შეფუთვასაც მოგთხოვთ“. სწორედ ასე მოსთხოვა ნიკომ ვანოს ჯერ სანთელი, მერე ქუდი, სიყვარული, სიცოცხლეც კი. ვანომაც უსახსოვრა იმიტომ, რომ მეგობრები იყვნენ. ნიკომ ვანო დააჯერა, ფრინველი ხარო და ვანოც აფრინდა. ნიკო ვანოს ჰპირდებოდა, ხვალ მოდი და ვალს დაგიბრუნებო, ვანოც უჯერებდა. მერე ბრაზდებოდა, იტყოდა, გავლანძღავ, ქვით გავეკიდები, ყველაფერს პირში მივახლიო, მაგრამ ჩუმდებოდა. ვანოს გამბედაობა არ ჰყოფნიდა და ასე უჯერებდა ნიკოს ყოველ სიტყვას. დღეს ეტყოდა, ხვალ მოდიო, ხვალ მიდიოდა, ხვალ ეტყოდა, ხვალ მოდიო და ზეგ მიდიოდა. ვანოც დადიოდა, დადიოდა და დადიოდა, გამბედაობას მაინც ვერ იკრებდა, ნიკოში კი უპირო კაცი უფრო იზრდებოდა. ვანომ შეძლო და მოიკრიბა გამბედაობა, ნიკოც მოლბა და ვალი დაუბრუნა.
მწერალმა გვითხრა, ადამიანი, საჭიროა, თავიდანვე საზღვრებს მიაჩვიო, მერე რომ ზედმეტი არ გაბედოს და შენც თავი აღარ გაწყევლინოს. ისიც გვასწავლა, რომ ნიკოს არ უნდა მოვუსმინოთ, თორემ ჩვენც დავიჯერებთ, რომ ფრინველები ვართ, გავფრინდებით და ნიკოსნაირები ჩასაფრებულები გვესვრიან, ჩამოგვაგდებენ ციდან ლაღად მოფრენალთ. რაც არ უნდა ექნა ვანოს, მაინც ბრიყვი იყო, ნიკო კი არაფერს აკეთებდა, რადგან ჭკვიანი იყო. ვანო სულ დამნაშავე იყო, ნიკო – არასდროს. იმიტომ, რომ ჭკვიანი იყო. ვანოს სიბრიყვის მიზეზიც ის იყო, რომ ნიკო იყო ჭკვიანი. ნიკოს იარაღი ჰქონდა, რომელსაც იყენებდა, ვანო – ვერა.
ვფიქრობ, დამეთანხმებით, თუ ვიტყვით, რომ ერთმანეთის ჯიბრს კაცობრიობა უფსკრულის პირამდე მიჰყავს. ერლომ ახვლედიანმა არც ეს დაივიწყა და, ვანოსა და ნიკოს დახმარებით, მათი კომიკური, თუმცა სამწუხარო ამბებით დაგვანახა სიმართლე. ნიკო ეუბნება ვანოს, შენზე მაღალი ვარო, ვანო უპასუხებს, არა, მე ვარო. შემდეგ ვანო ეუბნება ნიკოს, შენზე დაბალი ვარო, ნიკო ამბობს, არა, მე ვარო. ბოლოს ორივე ერთმანეთზე თითო-თითო სანტიმეტრით მაღალი და დაბალი აღმოჩნდა. რა აღარ ქნეს ერთმანეთის ჯიბრით, სად აღარ აძვრნენ სიმაღლის დასამტკიცებლად და სად აღარ ჩაძვრნენ სიდაბლის საბუთის საძებნად. ბოლოს კი, ერთიც და მეორეც, ერთნაირი აღმოჩნდა, ზუსტად ერთნაირი.
ერთხელ ნიკო შვიდი იყო, ვანო – მხოლოდ ერთი. ყველა ნიკომ ერთი ვანო მიისაკუთრა, ყველა ამბობდა, ვანო მე მეკუთვნისო. ვანოსაც ყველა მათგანის საკუთრებად მიაჩნდა თავი, სანამ არ დაფიქრდა და გაიაზრა. მე პირველი ნიკოსი არა ვარ, არც მეორესი, არც მესამესი, მეოთხესიც არ ვარ, მეხუთესიც არა, მეშვიდესიც თუ არა ვარ, აბა, მეექვსესი როგორღა ვიქნებიო და აი, გაუნათდა გონება. გამოერკვა ვანო და მიხვდა, რომ ის თავის თავსვე ეკუთვნოდა, გამოცოცხლდა და დედამიწას შეჰხარა, რაობა დაიბრუნა.
ერთხელ ვანო დაიბადა, გაიზარდა, შვილებიც ეყოლა, საქმეს აკეთებდა, შრომობდა. ამ დროს კი ნიკო ლურჯთვალა იას შენატროდა, მუდამ შენატროდა და საქმეს არასდროს აკეთებდა. ჩვენც ასე ვართ. დრო მიდის ,ჩვენ კი ვოცნებობთ, ვნატრობთ, ნატვრა-ოცნებასა და უსაქმობაში გაგვყავს დრო და ვერც ვიაზრებთ, როგორ სწრაფად მიდის იგი ისე, რომ ჩვენ არ გველოდება. ვანომ და ნიკომ გადაწყვიტეს, ადგილები გაეცვალათ, ნიკო ვანო გახდა, ვანო კი – ნიკო. ნიკოს მოეწონა ვანოობა და გადაწყვიტა თავისთვის დაეტოვებინა. ვანომ, თუმცაღა მარტივად დათმო ვანოობა, მაგრამ აღარ მოსწონდა ნიკოობა. ინანა თავის დაკარგვა. „,სინანული ხომ გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის“. ვანომაც ინანა თავის დაკარგვა, მაგრამ ნიკომ აღარ დათმო გამტკბარი ვანოობა. ბოლოს იფიქრეს და მოისაზრეს ,ორივე ვანო ვიყოთო და ასე გავანოვდა მრავალჯერ სახე და ფერცვლილი ორი მეგობარი: ნიკო და ვანო, ორივე ერთად და არა ცალ-ცალკე.
ერლომ ახვლედიანის უცნაური, მაგრამ საინტერესო მცირე მოთხრობები იმდენ სათქმელს იტევს, საგანი რომ იყოს, ერთი მატარებელი არ ეყოფოდა ჩასატვირთავად. ბევრ ცუდ და გულისმომკვლელ ამბავთან ერთად, მწერალი კარგსაც გვთავაზობს და, როგორც ყველა ზღაპარი, მათი ამბავიც ბედნიერად სრულდება. უფრო ხშირად ცუდ როლში მყოფი მეგობარი ბოლოს კარგი ხდება და გვაძლევს იმედს, იქნებ სხვა ცუდებიც ერთ დღეს კარგები გახდნენ.
იცით, რატომ მიყვარს „ვანო და ნიკო“? ჩვენი ცხოვრების მეტაფორა მგონია ვანოობა და ნიკოობა… ვაი, რომ უფრო მეტია განიკოებული და, როგორც ერლომ ახვლედიანი წერდა განიკოებულ ვანოზე, ისე იქცევა: „მზესავით დღე იყო, როდესაც განიკოებული ვანო ქუჩაში გამოვიდა. ხან აქეთ ეცა და ხან იქით. კაცს დაინახავდა და დასცინოდა. ქალს დაინახავდა და შეურაცხყოფდა. ბავშვს დაინახავდა და თავში წამოარტყამდა. ძაღლს დაინახავდა და ჯოხს მოუქნევდა. ბეღურას დაინახავდა და ქვას ესროდა. ქოთნებს ხომ სულ ამსხვრევდა. ხეს ცულს ურტყამდა. აბა, რა უნდა დავარტყაო, ამბობდა“. მეტნი არიან ნიკოები და იმას უფრო ხედავენ, რასაც განიკოებული ვანო ხედავდა: „განიკოვდა და დაინახა, თუ როგორ წუხდა კაცი, როგორ სწყინდა ქალს, როგორ კვდებოდა ბეღურა, როგორ იმსხვრეოდა ქოთნები, როგორ კვნესოდა ხე“ და სადღაც შორს, მათი თვალსაწიერის მიღმა რჩება ის, რასაც ვანო ხედავდა ვანოობისას: „როგორ იცინოდა კაცი, როგორ იღიმებოდა ქალი, როგორ იზრდებოდა ბავშვი, როგორ ფრენდა ბეღურა, როგორი იყო ძაღლის ალერსი, რა ლამაზი იყო ქოთნები, როგორ ხარობდა ხე“. იქნებ, გულუბრყვილობადაც ჩამითვალოთ, მაგრამ ძალიან მინდა, არც ერთ განიკოებულს აღარ უნდოდეს ნიკოობა, ყველა ვანოობაზე ოცნებობდეს, აკი იმ კაცმა, რომელზეც ამბობდნენ, „ვანოც თვითონ იყო და ნიკოც და თავის თავსა წერდაო“, თავისი ნაწარმოები ასე დაასრულა: „ბოლოს ორივენი გავანოვდნენო“.