23 ნოემბერი, შაბათი, 2024

რას ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაცია განათლების სისტემის განვითარებისთვის – განათლების კვირეული

spot_img

საარჩევნო პერიოდში განათლების პოლიტიკის საკითხების აქტუალიზებისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით, განათლების პოლიტიკის ცენტრი, განათლების კამპანიის „ევროკავშირი განათლებისათვის“ ფარგლებში, კვირეულს მართავს.

კვირეული, 23 სექტემბერს, პანელური დისკუსიით გაიხსნა.

„განათლების კამპანიით, რომელიც სხვადასხვა მრავალფეროვან აქტივობას მოიცავს, გვინდა საზოგადოებას ვაჩვენოთ, თუ როგორ უწყობდა დღემდე ხელს ევროკავშირი საქართველოს განათლების სისტემას და რას ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაცია განათლების სისტემის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით, ჩვენი ორგანიზაცია ამზადებს გადაცემასდიალოგი განათლებაზე“, რომელიც სოციალურ ქსელში ყოველკვირეულად გადის; მოეწყობა დოკუმენტური ფილმისეროვნული გამოცდები“ ჩვენება; გამოიცემა გაზეთიდიალოგი“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება; გაიმართება წიგნის „რა დაემართა საბჭოთა უნივერსიტეტს“ პრეზენტაცია და ჩატარდება ფოტოკონკურსიკადრი სკოლიდან,“ – განაცხადა განათლების პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე შეკრებილმა განათლების სფეროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რა დადებითი მხარეები აქვს და რა ტიპის განვითარება მოჰყვება ევროინტეგრაციას უშუალოდ განათლების სისტემისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპისკენ სწრაფვისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის გარეშე, წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამას ისტორიული გამოცდილებაც გვასწავლის, „რუსეთის ჭაობი“ საქართველოში სწორედ ევროპული განმანათლებლობით ამოვაშრეთ.

ნინო დობორჯგინიძე: „ჩვენ მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ და ძალიან ბევრი წარმატების ისტორია, ცხადია, არ გვაქვს, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი, დიდი გამარჯვების და წარმატების ისტორია ევროპულ და დასავლურ ინტეგრაციას უკავშირდება. დასაწყისიდან, ქრისტიანობის შემოსვლის პერიოდიდან მოყოლებული, ასე იყო ყოველთვის და მანამდეც, ანტიკურ პერიოდშიც. ევროპასთან ჩვენი პირველი ასოცირების ხელშეკრულება იყო ვესპასიანეს წარწერა, როცა დაიწერა, რომ იბერიის მეფეს და რომაელთა მეგობარს, ასევე რომაელთა მეგობარ ხალხს ეს კედლები ვესპასიანე კეისარმა შეუკეთა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ გადმოგდებული და სადღაც კიდევ გვყავს პატრონი და მეგობრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მე-19 საუკუნეში, წარმოიდგინეთ, რომ საქართველო, ფაქტობრივად, რუკაზეც კი აღარ არსებობს. ეს არის ორი გუბერნია, მართლა უკანა ეზო, რომელსაც განაგებენ „ნაჩალნიკები“, ბოქაულები, „პრისტავები“, იასაულები და სხვები. ევროპული განმანათლებლობის იდეით, ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამზრახველებმა, თავი დაადგეს ახალ საქართველოს, რომელზეც მოინიშნა სკოლები, ბიბლიოთეკები, კლას-სამკითხველოები, ქოხ-სამკითხველოები. ამან შექმნა თანამედროვე სახელმწიფო. ასე რომ, ჩვენთვის განათლების იდეა არის მთავარი ევროპული იდეა და სრულიად ახალი სახელმწიფოს შექმნის იდეა.

დღეს თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლება უბრალოდ წარმოუდგენელია დასავლური თანადგომის გარეშე. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური თანადგომა, ჩვენ თანამედროვე განათლების სტანდარტებიც იქიდან ვისწავლეთ. როცა ვამბობთ, რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორი, მახსენდება 1992 წელი, როცა ქუჩაში ხალხს ვხოცავდით და ერთმანეთს ვერ ვცნობდით. იცით, რა იყო მაშინ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პროექტი საქართველოში? ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (მაშინ ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი ერქვა), ჩვენს მთავარ განძს – ხელნაწერებს თბორეგულაციის სისტემა დაუყენეს. შემდეგი პროექტებით გვასწავლეს როგორ გვეკონტროლებინა კლდეში ნაკვეთი ქალაქები… ასე შეკეთდა, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, საბეროები, დავით გარეჯა, უფლისციხე, მთელი სამხრეთ საქართველო. ალბათ, ვერ დამისახელებთ თუნდაც ერთ ძალიან წარმატებულ კვლევას საქართველოში, ყველა უნივერსიტეტი რომ შეკრიბოთ, რომელშიც არ იქნება დიდი ევროპული ან ამერიკული დაფინანსება. ყველა საერთაშორისო პროგრამა ასე შეიქმნა.”

კვირეულში მონაწილე მასწავლებლებმა გაგვიზიარეს მოსაზრებები, თუ რა ცვლილებებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირი, კონკრეტულად განათლების მიმართულებით და რა მოლოდინები აქვთ?

 

თორნიკე შევარდნაძე, №162-ე და №63-ე საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: „პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ განათლებას ჩვენ ვაფასებთ ორი კრიტერიუმით – ხელმისაწვდომობა და ხარისხი. თუ ამ ორ კომპონენტს შევხედავთ, სწორედ ევროკავშირის საგანმანათლებლო სივრცე და სისტემა არის ის სივრცე, სადაც ორივე მეტ-ნაკლებად რეალიზებულია. გასაგებია, რომ აბსოლუტური ხელმისაწვდომობა და თანასწორობა არ არსებობს, მაგრამ ქართულ სკოლებში, ხელმისაწვდომობის მიმართულებით, ძალიან დიდი პრობლემებს ვხედავთ. ასევე, ვხედავთ საერთაშორისო კვლევის შეფასებებს, სადაც ღარიბი მოსწავლეები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან მდიდარ მოსწავლეებს, ან ქალაქში მცხოვრები მოსწავლეები უსწრებენ სოფლად და რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს… აი, სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნების განათლების სისტემები – მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა. ამიტომაც არის ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში უფასო სასკოლო კვება, მოგვარებული ინფრასტრუქტურა, მასწავლებლის კვალიფიკაცია მაღალი, რომ ღარიბმა და მდიდარმა მოსწავლეებმა თანაბარი ხელმისაწვდომობის განათლება მიიღონ. რაც შეეხება ხარისხს, პრინციპში, აქაც ინფრასტრუქტურას გამოვყოფდი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენთან. რაც არის, ისიც ევროკავშირის გრანტებით ან ამერიკის მთავრობის პარტნიორობითაა გაკეთებული. ეს პარტნიორობაც რომ არ იყოს, რასაკვირველია, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო უარესი იქნებოდა.

ჩემს მოსწავლეებს და ზოგადად, საზოგადოებას, პირველ რიგში, იმას ვეტყოდი, რომ მათი აზრი და უფლებები სწორედ ევროპულ სივრცეში იქნება ყველაზე მეტად დაცული და არსად სხვაგან. მათი პიროვნული რეალიზება შესაძლებელია ზუსტად ისეთი პრინციპების ქვეყანაში, როგორიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებია.

პასუხობს თუ არა ჩვენი განათლების პოლიტიკა ამ პრინციპებს? ჩემი, როგორც მასწავლებლის, შეფასებით, სრულად აცდენილია. მაგალითად, ჩვენი ხელფასები რომ შევადაროთ საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს ევროკავშირის ქვეყნებში, აქაც დიდი დისონანსია და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებსაც მეტი მოთხოვნები აქვთ სკოლის მიმართ. ხშირად ბავშვებს, შედარებისთვის, მოჰყავთ ხოლმე ევროკავშირის ქვეყნების სერიალებში ნანახი ამბები და მეკითხებიან, ჩვენს სკოლებში რატომ არ არის ასე? მეც ვუპასუხობ, რომ სწორედ იმიტომ მივდივართ ევროკავშირისკენ, რომ გვინდა ისეთი სკოლები გვქონდეს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ. თუმცა, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი სასურველია, მაგრამ არა ხელშესახები.“

ნათია უჩავა თბილისის №126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი: „როგორც მასწავლებელს და როგორც რიგით მოქალაქეს, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ განათლების სფეროში, სასკოლო ცხოვრებაში ძალიან ბევრ კარს აღებს ევროკავშირი, იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება თუ გაცვლითი პროგრამები, აქტივობები ახალგაზრდებისა და მოსწავლეების ჩართულობით.

რამდენად ხელშესახებია ჩვენს სკოლებში ევროპული განათლება, ევროპული ქვეყნების მასწავლებლების გამოცდილება? მე და ჩემს კოლეგებს, ვისაც უშუალოდ გვქონია შეხება ევროპულ სკოლებთან, გვიგრძნია რამდენად უფრო განვითარებულია მათი განათლების სისტემა, ჩვენზე ბევრად წინ არიან. ბუნებრივია, მერე გულისწყვეტაც კი გიჩნდება და დიდი სურვილი, რომ შენც გქონდეს ისეთი სკოლა და შესაძლებლობები, რაც მათ აქვთ. მასწავლებლის დაფასებაც ძალიან განსხვავებულია, ვგულისხმობ როგორც ანაზღაურებას, ისე ჩვენი პროფესიისადმი დამოკიდებულებას და მიდგომას სახელმწიფოს მხრიდან.

რას მომიტანს ევროპა, როგორც მასწავლებელს – ვფიქრობ, უფრო ხარისხიან განათლებას, მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ხშირად, სკოლებში, ბავშვების მინიმალური საჭიროებებიც კი არ არის დაკმაყოფილებული, თუნდაც, ინფრასტრუქტურა არ არის გამართული. როდესაც ბავშვს კლასში სცივა და შია, სახურავიდან წყალი ჩამოდის, ბუნებრივია, ასეთ პირობებში მას კონცენტრაცია უჭირს, რომ გაკვეთილს მოუსმინოს. ამ მინიმალური საჭიროებების მოგვარებას ისიც დაემატება ბონუსად, რომ უფრო ხარისხიან განათლებას შევთავაზებთ, მეტი შესაძლებლობები გაჩნდება მასწავლებლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც.“

სეფიაშვილი ქეთევანი, თბილისის 108-ე და მე-10 საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებელი: „თუ საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ ევროკავშირს შეუერთდეს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს განათლებას, იზრუნოს მეცნიერების იმ მიმართულებების დაფუძნებაგანვითარებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, სტაბილური სოციალური გარემოს შექმნას და ქართველი ერის ეთნიკურკულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

აუცილებლად მინდა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს – სასკოლო კვებას შევეხო. მოსწავლემ დროულად თუ არ მიიღო საკვები, ქვეითდება სასწავლო მასალის გაგების, გააზრებისა და ათვისების უნარი, ამიტომ სკოლებში აუცილებელია სასკოლო კვების კულტურის დანერგვა, როგორც ევროპის სკოლებშია. მე ვმუშაობდი თბილისი ერთ-ერთ კერძო სკოლში და იქ მოწესრიგებული იყო ეს საკითხი. არამხოლოდ კვების პრობლემამოგვარებული, ბევრი სხვა საკითხიც, მაგალითად, ინფრასტრუქტურა ბევრად უკეთესია და შედეგებსაც უკეთესს აღწევენ კერძო სკოლების მოსწავლეები, ვიდრე საჯარო სკოლების. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს განათლების სისტემას. ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ იმ სიკეთეებს, რასაც ევროპა გვთავაზობს, პირველ რიგში, კი ევროპულ განათლებას.“

ნათია ახვლედიანი, „სკოლა იუჯის“ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი: „განათლება ესტონეთში და დიდ ბრიტანეთში მივიღე. ყველაზე მთავარი, რაც ევროპის ქვეყნებში მინახავს, არის ის, რომ რაც ჩვენს ქვეყანაში ერთეულ მაგალითებადაა მიჩნეული, იქ ასეთი შესანიშნავი მაგალითები ძალიან ბევრია. თუმცა, ჩვენ გარშემო რომ გადავხედოთ საუკეთესო მასწავლებლებს, ამ პირობებშიც კი, იმდენ კარგ რამეს აკეთებენ და აღწევენ, ხანდახან მიკვირს კიდეც. სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ფრაგმენტულია და რჩება საკლასო ოთახში ან ერთ სკოლაში და ა.შ. ამ მხრივ, ესტონეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელ სკოლაშიც არ უნდა მიხვიდეთ, ბავშვი ყველგან ერთნაირ განათლებას მიიღებს და შენ არ გიწევს კარგი სკოლის ძებნა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც გვექნება ოდესმე, ასე მასობრივად, კარგი სკოლები, სადაც ბავშვები ხარისხიან განათლებას მიიღებენ, ანუ დაუნაწევრებელი ერთიანი სისტემა.

გარკვეული პერიოდი ბრიტანეთში ვმუშაობდი, როგორც დამხმარე მასწავლებელი. პირველად მქონდა ეს ფუფუნება, რომ მე არ ვიყავი მთავარი მოქმედი პირი საკლასო ოთახში და მქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდი პროცესებს. შემდეგ გამიჩნდა სურვილი, მომეძებნა და გამეგო როგორი იყო მასწავლებლის მომზადების პროგრამა. იქ ვნახე, რომ უმეტესი დრო ეთმობა სკოლაში პრაქტიკას, სადაც იწყებენ პატარა ნაბიჯებით. მასწავლებელს ეხმარებიან ყოველდღიური გაკვეთილის დაგეგმვაში, შემდეგ თვითონ ატარებენ 15-წუთიან გაკვეთილებს, დრო ნელ-ნელა იზრდება, ერთვებიან რვეულების გასწორებაში. ფაქტობრივად, დამწყებმა მასწავლებელმა, მასწავლებლის მომზადების პროგრამას რომ ამთავრებს, ზუსტად იცის, სად მიდის და რა უნდა აკეთოს. ჩვენთან პირიქით ხდება, მომავალი მასწავლებელი უმეტეს დროს უნივერსიტეტში ატარებს, რეალურად კი არ იცის ამ პროფესიის მთავარი დეტალები.

ამ ქვეყნის მაგალითები სწორედ იმიტომ მოვიტანე, რომ ევროპასთან ინტეგრაცია მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენც გვექნეს განათლების სისტემა, რომელიც განათლებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას გაზრდის და, პირველ რიგში, სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. იცით, ესტონეთის სკოლებში საერთოდ ვერ იგებენ, რატომ უნდა მოამზადო ბავშვი რეპეტიტორთან.“

♦ ♦ ♦

კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლების ჩართულობით, თბილისსა და რეგიონებში, დაგეგმილია თემატური ღონისძიებები: სამაგიდო თამაშები, ფილმების ჩვენებები, შეხვედრები სასკოლო თემთან, ასევე, ამბის თხრობის ფესტივალი „ერთი ამბავი ევროპაზე“.

კვირეული, 29 სექტემბერს, დაიხურება ქუჩის აქციით „მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის”.

განათლების კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების პოლიტიკის ცენტრი“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ასევე, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში ახორციელებს.
„განათლების პოლიტიკის ცენტრი“ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს განათლების სისტემის განვითარებას, მისი სოციალური ფუნქციის აქტუალიზებასა და სისტემის მართვის დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ცენტრი ხელს უწყობს თანამშრომლობის სივრცეების შექმნას და შესაბამის კვლევით, ადვოკატირებისა თუ სხვა თემატურ საქმიანობას ახორციელებს.

ლალი ჯელაძე 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები