21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

რამ გამოიწვია საზოგადოების ეჭვი და უნდობლობა ისტორიის სახელმძღვანელოს მიმართ

spot_img

სახელმძღვანელოების საკითხი ქართული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მტკივნეული თემაა – ხან კონკურსების ობიექტურობასთან დაკავშირებით ჩნდება ეჭვები, ხან ავტორების კომპეტენტურობა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ასეა წლების განმავლობაში… ახლა სხვა ტიპის პრობლემა გაჩნდა, რამაც სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია – საქმე ეხება მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს.

საქმე ისაა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, უნდა მომზადებულიყო დროებითი სახელმძღვანელო, ანუ „დროებითი რესურსი“ საქართველოს ისტორიაში. წიგნში განხილული იქნებოდა სამი თემა, შესაბამისი პერიოდებით: 1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა; 2. საქართველო საბჭოთა კავშირში; 3. საქართველო და თანამედროვე მსოფლიო.

დროებით სახელმძღვანელოზე თსეუ-ს პროფესორი დიმიტრი შველიძე და მედიევისტი ნიკო სილაგაძე მუშაობენ. როგორც ბატონი დიმიტრი წერს, უკვე მომზადებულია „რესურსის“ პირველი ნაწილის ტექსტი – „საქ. დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს, პირველ სემესტრში უნდა ისწავლებოდეს.

საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია ისტორიის მკვლევრისა და პედგოგის, გიორგი ჯავახიშვილის მიერ, 19 სექტემბერს, გავრცელებულმა ინფორმაციამ. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის ზედა საფეხურის მესამე წელს (მე-12 კლასი) სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი, ბუნდოვანი მიზეზების გამო, შეაჩერა“, – წერს ბატონი გიორგი.

ბუნებრივია, ამ ინფორმაციას, პირველ რიგში, „სასწავლო რესურსის“ ავტორები გამოეხმაურნენ. პროფესორი დიმიტრი შველიძე წერს: ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებაში არსებობს სამართლიანი ეჭვი და პროტესტი, ისტორიის სახელმძღვანელოებზე აქამდე მიმდინარე კონკურსების შესაძლო გაუქმებისა და ერთი, მონოსახელმძღვანელოს პრინციპის შემოღების შესახებ.

იმის გამო, რომ შესაძლოა მართლაც არსებობდეს ამგვარი შესაძლებლობა, ვაჩერებ სახელმძღვანელოზე შემდგომ მუშაობას (დროებით ან საერთოდ), იმ დრომდე, სანამ არ გამოიკვეთება ნათელი სურათიგაგრძელდება თუ არა სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები.

ამავდროულად, დასაშვებად მიმაჩნია, რომ გამოყენებული იქნას ჩემს მიერ დაწერილი, საქართველოს ისტორიის პირველი თემის ტექსტი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რათა მეტნაკლებად ნორმალურად გაგრძელდეს სასწავლო პროცესი, 2024 წლის ბოლომდე, პირველი სემესტრის განმავლობაში, რათა არ დაზარალდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები.

არის კიდევ ერთი საკითხი. სასწავლო რესურსი ითვალისწინებს მესამე დიდ თემას, რომელსაც როგორც აღვნიშნეთ, ეწოდება საქართველო და თანამედროვე მსოფლიო. მასში მითითებულია მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხი: 1990 წლის არჩევნები საქართველოში; დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს.

მე წინადადება მივეცი სამინისტროს წარმომადგენლებს, რომსასწავლო პერიოდი განივრცოს და სრულად მოიცვას 1990-2010-იანი წლები. ამ წინადადებაზე მივიღე სიტყვიერი თანხმობა დაბოლოს, ჩემს მიერ ან ჩემი მონაწილეობით მომავალში შექმნილი სახელმძღვანელო, ყველა შემთხვევაში, იქნება ერთერთი და არაერთადერთი.

ამ შემთხვევაში საზოგადოების ეჭვი და უნდობლობა კონკურსის არაობიექტურობას ან ავტორების კომპეტენციას კი არ უკავშირდება, არამედ, წიგნის რედქტორის ვინაობას – იგი ქართული ოცნების დეპუატატი გიორგი სოსიაშვილი იქნება. გიორგი ჯავახიშვილის თქმით,  „არასებობს საფრთხე რომ სოსიაშვილის ცენზურაგამოვლილი სასწავლო რესურსი, კონკურს გარეშე აქციონ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოდ“.

საზოგადოება ინტერესით დაელოდება სამინისტროს გადაწყვეტილებას სახელმძღვანელოს ბედთან დაკავშირებით.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები