რამდენ ბავშვს და ახალგაზრდას აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა?

763

გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალი ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა.

ანგარიშის – „რამდენ ბავშვს და ახალგაზრდას აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა? მიხედვით, მსოფლიოში, სასკოლო ასაკის ბავშვების ორ მესამედს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ეს მაჩვენებელი ანალოგიურია 15-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშიც – 759 მილიონ ახალგაზრდას, ანუ 63 პროცენტს, არ აქვს სახლში ინტერნეტკავშირი.

ინტერნეტზე წვდომის არარსებობა ხელს უშლის ბავშვებს და ახალგაზრდებს, იყვნენ კონკურენტუნარიანები თანამედროვე ეკონომიკაში. ისინი იზოლირებული არიან დანარჩენი სამყაროსგან. ხოლო სკოლების დახურვის შემთხვევაში, რაც ახლა ხდება COVID-19–ის გამო, ინტერნეტის არქონა ბავშვებს განათლებაზე ხელმისწავდომობას უზღუდავს”, – აცხადებს  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვა  დაახლოებით 661 500 ბავშვს შეეხო, მათ ვირტუალურ რეჟიმში სწავლაზე მოუწიათ გადასვლა. ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, შესაძლოა, განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩნენ. ჯერ კიდევ პანდემიამდე, მზარდი იყო იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საბაზისო, ციფრული, დასაქმების შესაბამისი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესწავლა, 21-ე საუკუნის ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მისაღწევად.

მსოფლიო მონაცემების მიხედვით, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში, სასკოლო ასაკის ბავშვების 58 პროცენტს აქვს სახლში ინტერნეტკავშირი, ეს მაჩვენებელი, უღარიბესი ოჯახების ბავშვების შემთხვევაში, მხოლოდ 16 პროცენტს შეადგენს. ანალოგიური უთანასწორობა გამოიკვეთა ქვეყნების შემოსავლიანობის მიხედვითაც. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, სასკოლო ასაკის ბავშვებიდან, 20-დან 1-ზე ნაკლებს აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში კი – დაახლოებით, ყოველ მეცხრეს.

ყურადსაღებია ასევე გეოგრაფიული უთანასწორობა, ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით. მსოფლიოში, ურბანულ დასახლებებში, სასკოლო ასაკის ბავშვების,  დაახლოებით, 60 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა, სოფლად კი ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, სამი მეოთხედია. განსაკუთრებით დაბალია სახლში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი სუბსაჰარის აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, სასკოლო ასაკის ბავშვებში, სადაც 10 ბავშვიდან, დაახლოებით, 9-ს არ აქვს ინტერნეტკავშირი.

 

რეგიონი 3-დან 17 წლამდე ასაკის სასკოლო ასაკის ბავშვები, რომლებსაც სახლში არ აქვთ ინტერნეტ კავშირი
დასავლეთი და ცენტრალური აფრიკა 95% – 194 მილიონი
აღმოსავლეთი და სამხრეთი აფრიკა 88%    – 191 მილიონი
სამხრეთი აზია 88% – 449 მილიონი
შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა 75% – 89 მილიონი
ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები 49% – 74 მილიონი
აღმოსავლეთი ევროპა და ცენტრალური აზია 42% – 36 მილიონი
აღმოსავლეთი აზია და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები 32% – 183 მილიონი
მსოფლიო 67% – 1.3 მილიარდი

 

გასულ წელს, გაეროს ბავშვთა ფონდმა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა დააფუძნეს Giga, გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ყველა სკოლის და მათი მიმდებარე დასახლებების დაკავშირებას ინტერნეტთან. მთავრობებთან თანამშრომლობით, Giga-მ რუკაზე დაიტანა 800 000-ზე მეტი სკოლა 30 ქვეყანაში. ამ მონაცემების გამოყენებით, Giga მუშაობს მთავრობებთან, დარგთან, სამოქალაქო სექტორთან, პარტნიორებთან კერძო სექტორიდან, ჰიბრიდული, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციისათვის დამაჯერებელი დასაბუთების მოსამზადებლად; აღნიშნული დაფინანსება მოხმარდება ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც საჭიროა ციფრული სწავლების გადაწყვეტილებებისა და სხვა სერვისების დასანერგად.

Giga ამჟამად  „Reimagine Education“ ინიციატივის ფარგლებში და „Generation Unlimited“-თან კოორდინაციით, თანამშრომლობს. „Reimagine Education“ ინიციატივის მეშვეობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მიზნად ისახავს, სათანადო ზომების გატარებას, განათლების თვალსაზრისით, არსებული კრიზისის გადასაჭრელად და განათლების შესაძლებლობების გარდაქმნას, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ხარისხიან ციფრულ სწავლაზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად. ამის მისაღწევად უმთავრეს საშუალებას საყოველთაო ინტერნეტკავშირი წარმოადგენს.

„Generation Connect“ სწორედ ამ ძალისხმევას და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ეფუძნება და წარმოადგენს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ინიციატივას, რომელის საბოლოო მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება,   ციფრულ სივრცეში ჩართვისა და მონაწილეობისათვის.

გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ანგარიშში მოცემული ციფრები შემაშფოთებელია. თუმცა, ვითარება, სავარაუდოდ უფრო მძიმეა, სხვა დამატებითი ფაქტორების გამო, როგორიცაა ფინანსური ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და ციფრული უნარჩვევების ნაკლებობა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის უახლესი მონაცემების თანახმად, ციფრული უნარჩვევების ნაკლებობა რჩება ბარიერად ციფრულ საზოგადოებაში სათანადო მონაწილეობისათვის, ხოლო მობილური ტელეფონები და ინტერნეტზე წვდომა კვლავ ძალიან ძვირია მრავალი ადამიანისთვის განვითარებად ქვეყნებში, რაც მსყიდველობით უნარში უთანასწორობითაა გამოწვეული.

ბავშვებმა, სახლში ინტერნეტკავშირის არსებობის მიუხედავად, შესაძლოა, ვერ მოახერხონ მისი გამოყენება, სახლში სხვადასხვა საქმეების შესრულების ან მუშაობის გამო, ან არასაკმარისი რაოდენობის ელექტრონული ხელსაწყოების გამო; ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა გოგონებს უფრო ნაკლებად ეძლევათ, ან საერთოდ არ ეძლევათ, ან მათ არ იციან, როგორ გამოიყენონ ინტერნეტრესურსი. გარდა ამისა, არსებობს ონლაინ უსაფრთხოებასან დაკავშირებული საკითხებიც, რაც განპირობებულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მშობლების არასათანადო ინფორმირებულობით. “ – აცხადებენ გაეროს ბავშვთა ფონდში.

ანგარიშის თანახმად, ციფრული უთანასწორობა კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნებსა და თემებს შორის არსებულ უთანასწორობას. შესაბამისად, ყველაზე ხელმოკლე ოჯახებში, სოფლად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები კიდევ უფრო ჩამორჩებიან საკუთარ თანატოლებს და ამასთან ერთად, მცირდება ამ გამოწვევის გადაჭრის შესაძლებლობები.

 

დატოვეთ კომენტარი