27 ივლისი, შაბათი, 2024

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა სკოლაში სოციო-ემოციური სწავლების ხელშესაწყობად

spot_img

სოფიო ფრიდონაშვილი
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

მოზარდთა სოციო-ემოციური განვითარების აუცილებლობაში დღითი დღე სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით. თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევების თანახმად (CASEL), წარმატებული და ღირსეული მოქალაქეების აღზრდა პირდაპირ უკავშირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემდეგი კომპეტენციების გაძლიერებას:

  1. თვითშეფასება – საკუთარი ემოციების, მიზნებისა და ღირებულებების გაცნობიერება, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთა, თავდაჯერებულობა და ოპტიმზმი;
  2. თვითმართვა – ემოციებისა და ქცევების რეგულირების უნარები, ნებისყოფა, მიზნების მისაღწევად საჭირო ცვლილებებისადმი მზაობა;
  3. სოციალური უნარები – მიმღებლობა, ემპათია, თანაგრძნობის განცდა, სოციალური ნორმებისა და ქცევების გააზრება;
  4. საკომუნიკაციო უნარები – ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების უნარები, მკაფიო კომუნიკაცია, აქტიური მოსმენა, თანამშრომლობა, კონფლიქტის პრევენცია ან კონსტრუქციალად გადაჭრა, დახმარების თხოვნა აუცილებლობის შემთხვევაში;
  5. პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილების მიღება – კონსტრუქტიული არჩევანის გასაკეთებლად საჭირო ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები, ეთიკური ნორმები, საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა;

სოციო-ემოციური სწავლების (SEL) ამ ძირითად პრინციპებს სრულად ითვალისწინებს ჩვენი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა. კერძოდ, ეს გახლავთ ის 6 ფუნქციური/კომპონენტური  უნარი და მასთან დაკავშირებული კოგნიტური ოპერაციები, რომელთა გარეშეც  ვერ მოხერხდება სამიზნე ცნებების განვითარება. როგორც საგნობრივ გზამკვლევებში ვკითხულობთ, ამ უნარებზე მუშაობა ყველა საგნის მასწავლებელს მოეთხოვება ყველა საფეხურზე, თითოეულ სამიზნე ცნებასთან მიმართებით.

ეს უნარებია:

  1. კრიტიკული აზროვნება
  2. შემოქმედებითობა
  3. კომუნიკაცია
  4. თანამშრომლობა
  5. მოქალაქეობა
  6. ხასიათი, ნებისყოფა

ამ უნარებისა და კომპეტენციების შეძენა-დაუფლებაში  მოსწავლეთა ხელშეწყობა და სოციო-ემოციური სწავლების პრინციპების გათვალისწინება სკოლის მნიშვნელოვანი   მიზანია. მაინც  რის გაკეთება შეუძლია სკოლას?

თანმიმდევრულობა, სწავლის აქტიური ფორმების გამოყენება, პიროვნული და სოციალური უნარების განსავითარებელი კონკრეტული ღონისძიებები არის გზა შედეგის მისაღწევად. რეალური შედეგების მისაღწევად აუცილებელია უწყვეტი მუშაობა ამ მიმართულებით. რამდენიმე, თუნდაც ძალიან ეფექტური აქტივობის განხორციელება სასურველ მიზნამდე  ვერ მიგვიყვანს. აუცილებელია მთელი სასკოლო თემის გაერთიანება საერთო მიზნების მისაღწევად. არადა მასწავლებლის გადატვირთული გრაფიკი, დროისა და რესურსების დეფიციტი მთავარი გამოწვევებია ამ მიმართულებებზე სამუშაოდ. სად, როდის და როგორ უნდა იმუშაოს მასწავლებელმა მოსწავლეთა სოციო-ემოციური განვითარებისთვის? იძლევა სასკოლო და საგაკვეთილო ფორმატი ამის საშუალებას? ვეცდები, ამ კითხვებს პირადი გამოცდილებით ვუპასუხო.

იმისათვის, რომ სოციო-ემოციური განვითარებისკენ მიმართული სწავლა-სწავლება ეფექტური იყოს, კარგი იქნება წარმატებული პრაქტიკის გაცნობა, გაზიარება და ჩვენს რეალობაზე მორგება. საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ მოსწავლეთა სოციო-ემოციური განვითარებისთვის ეფექტურ სასწავლო აქტივობებს შორის სახელდება დისკუსია, პროექტული სწავლება, საკლასო დღიურის წარმოება, მოსწავლეთა ინტერესების პრეზენტაცია, წიგნების ერთობლივ კითხვა, კლასის შეხვედრები და ა.შ. (https://www.prodigygame.com/main-en/blog/social-emotional-learning-activities/)

გაგაცნობთ აქტივობებს, რომლებიც სასწავლო წლის მანძილზე განვახორციელე მოსწავლეთა სოციო-ემოციური განვითარების მიმართულებით და მოგახსენებთ იმ შედეგების შესახებაც, რასაც ერთად მივაღწიეთ.

სასწავლო წლის დასაწყისში ჩემს  სამოქმედო გეგმაში გავწერე ისეთი აქტივობები, რომლებიც, ჩემი აზრით, ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა სოციო-ემოციურ განვითარებას და, ამავე დროს, შეესაბამებოდა მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას, კერძოდ,  მის ფუნქციურ/კომპონენტურ უნარებს.

სამოქმედო გეგმაში განსახორციელებელ აქტივობებად შევიტანე:

  1. მხატვრული ლიტერატურის ერთობლივი კითხვა (მე-5 და მე-7 კლასებში);
  2. პროექტის დაგეგმვა და განხორციელება (საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით);
  3. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან მუშაობა მათი გააქტიურების მიზნით. კერძოდ, მათთვის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გზების სწავლება და, მათი იდეების გათვალისწინებით და მათი უშუალო მონაწილეობით პროექტის დაგეგმვა;
  4. სადამრიგებლო კლასში (მე-9 კლასი) ისეთი აქტივობების განხორციელება, როგორიცაა: საკუთარი ინტერესების პრეზენტაცია, ცნობილი აქტივობა „ნაბიჯი წინ“, რომელიც მოსწავლეებს უვითარებს სხვათა მიმღებლობის, ემპათიის უნარებს;

(წყარო: https://www.living-democracy.com/ge/principals/learning/action/knowing-and-understanding-diversity-at-school/); სადამრიგებლო საათების დაგეგმვა ისეთ თემებზე, როგორიცაა: კონფლიქტის მოგვარება, ორგანიზებულობა, საკუთარი სუსტი და ძლერი მხარეების ამოცნობა, სასურველი მიზნის დასახვა და განხორციელების გზების ძიება,  თვითშეფასებასა და თვითმართვაზე, სოციალური უნარების განვითარებაზე მორგებული სხვა საკითხები;

  1. დისკუსიების სასწავლო მეთოდის აქტიურად გამოყენება საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა მიზნით (ტექსტების დამუშავება, ლექსიკაზე მუშაობა, ტექსტის გაგება-გააზრება და მისი ანალიზი, წერითი სამუშაოს წინ ერთობლივი მსჯელობა და სხვა).

აქტივობა 1. მხატვრული ლიტერატურის ერთობლივი კითხვისთვის თითოეულ კლასში გამოვყავი კვირაში 1 საგაკვეთილო საათი, რომლის ფარგლებშიც სასწავლო წლის მანძილზე წავიკითხეთ  და დავამუშავეთ თამარ გეგეშიძის „სული-ჩიტი“ და ონჯალ რაუფის „გმირი ღამის ავტობუსში“. შესაბამისი კითხვების მეშვეობით  ვააქტიურებდი მოსწავლეთა კრიტიკული მსჯელობის უნარებს. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა „კითხვა გაჩერებებით“, წაკითხულის დაკავშირება პირად გამოცდილებასთან; შერჩეულმა ტექსტებმა მომცა საშუალება, შესაბამისი აქტივობებით  ხელი შემეწყო  მოსწავლეებში სოციალური და საკომუნიკაციო უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და  მოქალაქეობის ფუნქციური უნარების გაძლიერებისათვის.

აქტივობა 2. დავგეგმე და საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლებთან ერთად განვახორციელე ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული პროექტი „გასაღები ციფრულ სამყაროში“, ამისთვის ზოგიერთი აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა დავაკისრე თავად მოსწავლეებს და მხოლოდ ფასილიტაციით შემოვიფარგლე. ამ აქტივობამ  გაზარდა მოსწავლეთა თავდაჯერებულობისა და პასუხისმგებლობის ხარისხი , წაახალისა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების პროცესი. გაძლიერდა ფუნქციური უნარები: კომუნიკაცია, თანამშრომლობა და მოქალაქეობა.

აქტივობა 3. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს ჩავუტარე რამდენიმე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განვიხილეთ მოსწავლეთა თვითმმართველობის უფლება-მოვალეობები, მათი მხრიდან ინიციატივების გამოჩენის აუცილებლობა, მიზებნის მისაღწევად  სკოლის ადმინისტრაციასთან, სკოლის გარე ინსტიტუციებთან თანამშრომლობისა  და დახმარების თხოვნის შესაძლებლობები. ვიმუშავეთ თემაზე, როგორ ვაქციოთ იდეა პროექტად და როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ აქტივობები პროექტის მიზნების მისაღწევად. მოსწავლეებმა დაგეგმეს პროექტი „შეიყვარე პერსონაჟი, შეიყვარე კითხვა!“. პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების ნაწარმოებებს, დახატავენ პერსონაჟებს, კონკურსში გამარჯვებული ნახატები და ნაწარმოებებიდან შერჩეული საინტერესო ფრაზები განთავსდება წიგნის სანიშნეებზე, რომლებსაც თავად მოსწავლეები დაამზადებენ და გაავრცელებენ. ამით პოპულარიზაციას გაუწევენ ქართველ პერსონაჟებს და თანატოლებს კითხვისადმი მოტივაციას გაუზრდიან. აღნიშნული პროექტის გეგმა მოსწავლეებმა თავად წარადგინეს USAID-ის მიერ ორგანიზებულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე, სადაც მიიღეს დადებითი შეფასება, რჩევები პროექტის უფრო ეფექტურად განსახორციელებლად. სკოლას USAID-ისგან საჩუქრად გადმოეცა საჭირო მხატვრული ლიტერატურა. ამ პროექტს მომავალი სასწავლო წლიდან თავად განახორციელებენ. აქტივობების შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდათ თავდაჯერებუ ლობის ხარისხი, გაუძლიერდათ თვითრეგულაციის, პასუხისმგებლობის, პრობ ლემების გადაჭრის უნარები. გაძლიერდა ფუნქციური/კომპონენტური უნარები: შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ხასიათი, ნებისყოფა.

 

აქტივობა 4. სადამრიგებლო კლასთან წინასწარ ვათანხმებდი სასაუბრო თემებსა და აქტივობებს, შემდეგ ვგეგმავდით დისკუსიებს. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონდათ გულახდილი საუბრები წარმატებული ურთიერთობების, საკუთარი პიროვნული თვისებების შესახებ, ასევე რჩევები თვითეფექტიანობისა და ორგანიზებულობის გასაზრდელად, რჩევები დროის მენეჯმენტის შესახებ. მოსწავლეებმა სიამოვნებით წარმოადგინეს პრეზენტაციები თავიანთი ინტერესების შესახებ. ამან ხელი შეუწყო პოზიტიური საკლასო გარემოს შექმნას, ურთიერთპატივისცემას, სოციო-ემოციურ განვითარებას თვითშემეცნებისა და თვითმართვის მიმართულებით. აქტივობების შედეგად გაძლიერდა ფუნქციური უნარები: კომუნიკაცია და ხასიათი, ნებისყოფა.

აქტივობა 5. საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ვიყენებდი დისკუსიის სხვადასხვა სახეობას. ამისთვის გავეცანი და დავამუშავე უცხოური ლიტერატურა და წარმატებული პრაქტიკის ნიმუშები. გამოვარჩევ დისკუსიის ორ სახეობას, რომლებიც განსაკუთრებით კარგად მოერგო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას. ეს არის სოკრატული სემინარის მეთოდი, რომლის შესახებ ინფორმაცია და რესურსები მოვიძიე ვებგვერდზე :  https://www.paideia.org    და „ჰარკნესის მეთოდს“, რომელიც ქსელური დისკუსიის ერთ-ერთი ფორმაა და მის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკული აკადემიის მიერ ორგანიზებულ ვორკშოფზე გავეცანი.

„ჰარკნესის მეთოდი“ გულისხმობს დისკუსიას მრგვალი მაგიდის გარშემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს თავისუფლად შეუძლია საკუთარი მოსაზრების გამოთქმა, მისთვის საინტერესო შეკითხვის დასმა, დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მოსაზრების არგუმენტირება, ან უბრალოდ შთაბეჭდილების გაზიარება შერჩეული თემის/ნაწარმოების შესახებ. მასწავლებელი პასიურად (ძირითადად, დისკუსიისთვის გეზის მისაცემად)ან საერთოდ არ მონაწილეობს, რაც ბავშვებს აძლევს აზრის უფრო თამამად, თავისუფლად გამოთქმის სტიმულს.

„ჰარკნესის მეთოდი“ მოვსინჯე მე-8 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, როდესაც ვმუშაობდით კომპლექსურ დავალებაზე – დაწერე გამოხმაურება ფილმის შესახებ. მოსწავლეებს ვთხოვე, წინასწარ ენახათ გოდერძი ჩოხელის ფილმი „ცოდვის შვილები“ და მომზადებულიყვნენ დისკუსიისთვის, რომლის ფარგლებშიც მოუწევდათ მსჯელობა ფილმში დასმული პრობლემების გარშემო. აქტივობას დავუთმე ორი საგაკვეთილო საათი (გაწყვილებული).

სადისკუსიო კითხვები: რა პრობლემა/პრობლემები იკვეთება ფილმში და როგორ მიხვდით? როგორ  დააკავშირებთ ფილმში არსებულ პრობლემებს დღევანდელობასთან? როგორ შეიძლება გადაიჭრას პრობლემა? რა არის ფილმის ავტორის მიზანი? რომელმა ეპიზოდებმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება და რატომ? (კავშირი ესგ-სთან: სამიზნე ცნებები: ჟანრი (ქართ.საბ.1), კომპოზიცია (ქართ.საბ.4), საკომუნიკაციო სიტუაცია (ქართ.საბ.8)).

დისკუსიის დროს კლასი შემთხვევითობის პრინციპით დავყავი ორ ნაწილად. პირველი ჯგუფი განთავსდა წრეზე მდგარ მერხებთან და დაიწყო მსჯელობა . მეორე ჯგუფი შორიახლოდან აკვირდებოდა დისკუსიის მსვლელობას. ისინი ინიშნავდნენ პირველი ჯგუფის გამომსვლელთა მიერ გამოთქმულ საინტერესო მოსაზრებებს, ასევე აკვირდებოდნენ, რამდენად იყო ჩართული აქტივობაში ყველა მონაწილე, ცდილობდნენ თუ არა, გაეაქტიურებინათ პასიური წევრები და როგორ? რამდენად იყენებდნენ აქტიური მოსმენის სტრატეგიებს (არ აწყვეტინებდნენ მოსაუბრეს, აზუსტებდნენ, რამდენად სწორად გაიგეს ნათქვამი) , რამდენად იცავდნენ ეთიკის ნორმებს საუბრისას, თუმცა არ ერეოდნენ დისკუსიის მსვლელობაში. 20-25 წუთის შემდეგ დისკუსიის მონაწილეებმა შეწყვიტეს მსჯელობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასა მეორე ჯგუფმა მათი მუშაობა. შემდეგ მეორე ჯგუფი განთავსდა მაგიდის გარშემო და დაიწყო დისკუსია, ხოლო პირველი ჯგუფი აკვირდებოდა მათ და მსჯელობის შეწყვეტის შემდეგ ახლა მათგან მიიღეს შეფასება.

საინტერესოა, რომ პირველი ჯგუფის მსჯელობა თუ უმეტესად შინაარსობრივ საკითხებსა და შთაბეჭდილებებს, მათთვის გაუგებარ ნიუანსებს ეხებოდა და ხშირად უსვამდნენ ერთმანეთს  დამაზუსტებელ შეკითხვებს, მეორე ჯგუფი უფრო ღრმად აანალიზებდა საკითხს/პრობლემას, აკავშირებდა მას სხვა ნაწარმოებებთან/ფილმებ თან, საკუთარ გამოცდილებასთან. ამისკენ სწორედ პირველი ჯგუფის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები თუ შეკითხვები უბიძგებდათ. პრობლემის მოგვარების გზებიც მსჯელობის დროს გამოიკვეთა.

აქტივობა სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ისინი ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ გულწრფელები, ორიგინალურები, დაეცვათ ეთიკის ნორმები, ყოფილიყვნენ აქტიური მსმენელები, მრავალმხრივ განეხილათ ფილმი. აღნიშნეს, რომ დისკუსიის შედეგად უკეთ გაიაზრეს ფილმის მთავარი სათქმელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დისკუსიის მსვლელობისას გაუჩნდათ საინტერესო მოსაზრებები, რაც აისახა მათ მიერ ფილმის შესახებ შექმნილ გამოხმაურებებში

რაც შეეხება „სოკრატული სემინარის მეთოდს“, იგი გულისხმობს ნებისმიერი შინაარსის ტექსტის მრავალმხრივ დამუშავებას ჯგუფურად, ხოლო შემდეგ დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი მიგნებების, მოსაზრებების წერილობითი ფორმით გადმოცემას. ამ თვალსაზრისით ეს მეთოდი შესაძლოა იქცეს ერთგვარ წინარე აქტივობად ანალიტიკური თუ არგუმენტირებული ესეს დასაწერად. დისკუსიის დაწყებამდე მოსწავლეები შეარჩევენ კონკრეტულ ფუნქციას, რომელსაც შეასრულებენ დისკუსიის მსვლელობის დროს. ეს შეიძლება იყოს  კითხვების დასმა, საკითხის შეჯამება, აზრის გამოთქმა მინიმუმ 3-ჯერ, შესაბამისი ციტატის დამოწმება ტექსტიდან და სხვა. დისკუსიის ბოლოს კი თითოეული მათგანი შეაფასებს საკუთარ თავს, თუ რამდენად შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ახსნის, რატომ თვლის, რომ ფუნქცია ნამდვილად წარმატებით შეასრულა. ამის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ წერილობით ტექსტზე მუშაობას.

აქტივობა მოვსინჯე მე-11 კლასში. შერჩეული ტექსტი გახლდათ ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“. კომპლექსური დავალების პირობა – დაწერე ანალიტიკური ესე სათაურით „ცვლილებების გზა“. (კავშირი ესგ-სთან: თემა: XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა; სამიზნე ცნებები: ჟანრი (ქართ.საშ.1,6,7), კომპოზიცია (ქართ.საშ.1, 3, 6, 7), კონტექსტი (ქართ.საშ. 5)).  დისკუსიას დავუთმე 2 საგაკვეთილო საათი (გაწყვილებული).

პოემის ტექსტის წაკითხვისა და შინაარსობრივი მხარის დამუშავების შემდეგ დავგეგმე დისკუსია, რომლის დროსაც მოსწავლეები შეეცდებოდნენ პასუხების მოძიებას შემდეგ შეკითხვებზე: რა არის ავტორის მთავარი სათქმელი და როგორ ამოიცანით იგი? როგორ დააკავშირებთ ნაწარმოებში ასახულ პრობლემებს თანამედროვეობასთან? როგორ გადაჭრიდით ნაწარმოებში დასმულ პრობლემას?

მოსწავლეებმა შეარჩიეს სასურველი ფუნქციები და დაიწყეს დისკუსია. მათი ძალისხმევა შედეგიანი აღმოჩნდა, რადგან მოახერხეს ყველა კითხვაზე მსჯელობა. ვცდილობდი, თითქმის არ ჩავრეულიყავი დისკუსიის მსვლელობისას და განსაკუთრებული კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, როცა ვუყურებდი მათ კოორდინირებულ მუშაობას, თუ როგორ ახერხებდნენ, არ გადაეხვიათ თემიდან, მოეძებნათ საჭირო ეპიზოდი ტექსტში, აქტიურად მოესმინათ ერთმანეთის მოსაზრებები და გამოეტანათ დასკვნები. მათ მოახერხეს ტექსტის სათანადოდ გააზრება, საინტერესოდ იმსჯელეს პოემაში დასმული პრობლემების მოგვარების შესაძლო გზებზე. დისკუსიის შემდეგ შეაფასეს საკუთარი წვლილი საეთო მიზნის მისაღწევად. აღნიშნული აქტივობა კარგი წინაპირობა აღმოჩნდა ანალიტიკური ესეს დასაწერად იდეების გენერირებისთვის, საჭირო არგუმენტაციისა და პრობლემის გადაჭრის გზების მოსაფიქრებლად. ამის შემდეგ დაიწყეს მუშაობა ანალიტიკური ესეს პირველად ვერსიაზე.

შედეგებმა დამარწმუნა, რომ დისკუსიებით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებში სოციო-ემოციური კომპეტენციების განვითარებასაც  და ესგ-თი განსაზღვრული ექვსივე ფუნქციური უნარის გაძლიერებასაც. ამიტომ გაბედულად ვურჩევ კოლეგებს, რაც შეიძლება ხშირად გამოიყენონ საგაკვეთილო პროცესში დისკუსიის ნებისმიერი ვარიაცია, რომელიც მეტად მოერგება მათ მიზნებსა და პედაგოგიურ პრაქტიკას. ასევე ვფიქრობ, რომ  შედეგიანი იქნება პროექტებით სწავლება და სადამრიგებლო საათის ფარგლებში სოციო-ემოციური სწავლების მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება სკოლის თითოეული მასწავლებლის მიერ.

გამოყენებული რესურსები და ლიტერატურა:

სახელმძღვანელო „მოქალაქეობრივი განათლება“ (ავტორები: დ. მალაზონია, ს. ლობჟანიძე, შ. მაღლაკელიძე, ნ. ჭიაბრიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2021 წ.)

https://www.prodigygame.com/main-en/blog/social-emotional-learning-activities

https://www.living-democracy.com/ge/principals/learning/action/knowing-and-understanding-diversity-at-school

https://www.paideia.org

https://www.paideia.org/our-approach/paideia-seminar/sample-paideia-seminar-plans

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები