ხათუნა ღაღანიძე
სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
„ადამიანები ისევე კითხულობენ მხატვრულ ტექსტებს, როგორც ვარსკვლავებზე მკითხაობენ. უკეთეს შემთხვევაში – ასტროლოგებივით, მაგრამ არა ასტრონომებივით. მათი უმრავლესობა კითხვას სწავლობს მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებაში გამოსადეგად, ისევე, როგორც ციფრებს იმიტომ სწავლობენ, საყოფაცხოვრებო ხარჯები რომ იანგარიშონ.“ – ჰენრიხ დევიდ ტორო
არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მხატვრული ნაწარმოების კითხვაზე იოლი არაფერია. მაგრამ ეს მეტისმეტად სადავო თვალსაზრისია. რა ხდება საკლასო ოთახში და მის მიღმა, როცა ჩვენს უფროსკლასელებს მხატვრულ ტექსტთა კორიანტელში უწევთ გზა-კვალი გაიკაფონ, მკითხველებად იქცნენ, გაუგონ ტექსტის ნაამბობს? აი, რას წერს რეზო ყარალაშვილი მხატვრული ნაწარმოების აღქმის პრობლემების შესახებ: „არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობს ნაწარმოების გაგება, ე.ი. როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკითხველმა სწორად გაიგო იგი. თუ ადამიანმა შეიძინა თეატრის ბილეთი, არ დაიგვიანა წარმოდგენაზე და შემდეგ მიაგნო თავის ადგილს დარბაზში, ჩვენ ვიტყვით, რომ მან სწორად გაიგო ბილეთზე აღნიშნული ტექსტი. მაგრამ მხატვრული ნაწარმოების მიმართ ასეთი ერთმნიშვნელოვანი კრიტერიუმი არ არსებობს.“ მაშ რა კრიტერიუმები ავამოქმედოთ მასწავლებლებმა ჩვენს მოზარდებთან ერთად? ბევრი აქტივობა, სასწავლო სტრატეგია, მეთოდი თუ მიდგომა გვეხმარება მხატვრული ნაწარმოების უკეთ გააზრებაში. მრავალთაგან მეტად საინტერესოა არამხატვრული ტექსტი ვაქციოთ მხატვრული ტექსტის ანალიზის საშუალებად.
ამჯერად მიხეილ ჯავახიშვილის საპროგრამო ტექსტის შესახებ ვსაუბრობ – ,,ჯაყოს ხიზნები“, უფრო სწორად კი, აღნიშნული ნაწარმოების ანალიზისთვის აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტური წერილის შესახებ: ,,მოუხმარელი ანუ ტრაგიკული თავისუფლება“; ვიდრე პუბლიცისტური წერილის სწავლების საკითხების შესახებ ვისაუბრებთ, ისევ რეზო ყარალაშვილის სიტყვებს ჩავუფიქრდეთ: „ნაწარმოები, ერთი მხრივ, თვითონ იძლევა სახელმძღვანელო მითითებებს, თუ როგორ უნდა იყოს მხატვრული ტექსტი წაკითხული, ხოლო მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ტექსტი მკითხველის წარმოსახვაში ადეკვატურად დაკონკრეტდეს, მკითხველს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ცოდნის მარაგი, რომელიც კითხვის პროცესში რეაგირებას მოახდენს ტექსტის სიგნალებზე და ხორცს შეასხამს მხატვრულ სინამდვილეს.“ რა თქმა უნდა, „სახელმძღვანელო მითითებებს“ მიხეილ ჯავახიშვილის ტექსტიც გვთავაზობს, თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებენ ჩვენი მოსწავლეები, ,,ადეკვატურად დააკონკრეტონ“ ავტორის სათქმელი, შეასხამენ კი ხორცს მხატვრულ სინამდვილეს?! სწორედ ამ კეთილშობილი საქმის ტვირთვა პუბლიცისტური წერილის ანალიზისთვის მიმინდია. „ჯაყოს ხიზნების“ უკეთ გააზრებისთვის ბევრი საინტერესო წერილი არსებობს, გრიგოლ რობაქიძისა თუ როსტომ ჩხეიძის, თამაზ ვასაძისა თუ გურამ კანკავასი, გიორგი ალიბეგაშვილისა თუ გიორგი გომართელის, თავად ავტორისეული „ჯაყო გმინვაა ჩემი სულისა“ რამდენ მნიშვნელოვან კითხვას პასუხობს, თუმცა ამჯერად მიზნად არა მხოლოდ მხატვრული ნაწარმოების უკეთ გააზრება, არამედ არამხატვრული ტექსტის საშუალებით „ნაწარმოების აზრობრივი შინაარსის სრულად ამოცნობა“ დავისახეთ. აკაკი ბაქრაძის შემოქმედება ამ თვალსაზრისით საუკეთესო საშუალებაა, უფრო კი წყალობას დავარქმევდი (მიკერძოებად ჩამითვალოთ იქნება, მაგრამ ასე ვფიქრობ და რა ვქნა). აკაკი ბაქრაძის წერილები ცალკე შესასწავლი მასალა მგონია; ამჯერად კი მხოლოდ ზემოთ აღნიშნული წერილის – „მოუხმარელი ანუ ტრაგიკული თავისუფლება“, სასწავლო პროცესში აქტიური გამოყენების შესახებ ვიტყვი ორიოდ სიტყვას.
ერთი შეხედვით არც თუ მარტივია ტექნოლოგიების ვირტუალურ სამყაროში ჩაფლული მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, როცა საქმე არამხატვრულ ტექსტს ეხება, როგორ შეიძლება ამ მიზნით არასაპროგრამო მასალა იქნას გამოყენებული; აღმოჩნდა, ურთიერთსწავლების მოდიფიცირებული მეთოდი სწორედ სულზე მისწრებაა. ტექსტი, პირობითად, დავყავი მონაკვეთებად და ისე მივაწოდე მოსწავლეებს. ჯგუფებად განაწილება საშუალო საფეხურზე რთული არაა, ამაში დამეთანხმებით; რთული არა, მაგრამ საინტერესო კი გამოვიდა ჯგუფებისთვის როლების შეცვლა ყოველ ახალ მონაკვეთთან მუშაობის დროს.
1) პრობლემის ამოცნობა-დასახელება;
2) მონაკვვეთის მთავარი სათქმელი (არგუმენტებით);
3) წერილის ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრებების შეფასება.
როგორც უკვე ვთქვი, თითოეული ჯგუფისთვის, დავალების პირობა მონაკვეთის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა (თუ პირველ მონაკვეთზე მუშაობისას პირველი ჯგუფი პრობლემის ამოცნობა-დასახელებაზე მსჯელობდა, მეორე მონაკვეთის დამუშავების დროს, იმავე ჯგუფს, მონაკვეთის მთავარი სათქმელის შესახებ უნდა ესაუბრა არგუმენტებით, ხოლო მესამე მონაკვეთის დამუშავების შემდეგ, შეეფასებინა იქ გადმოცემული ავტორისეული პოზიცია, თანამედროვე აქტუალობის გათვალისწინებით). ჯგუფის წევრები მოსაზრებებს ზეპირად ახმოვანებენ და პარალელურად, წერილობით ვერსიასაც გვთავაზობენ; არამხატვრული ტექსტის დამუშავებით მოსწავლეებისთვის ბევრი რამ გახდა შესაძლებელი: იხსენებენ შესწავლილ მხატვრულ ნაწარმოებს; დაწვრილებით აანალიზებენ ნაწარმოების სამივე პროტაგონისტის მხატვრულ-ფსიქოლოგიურ სახეს – თეიმურაზი, ჯაყო, მარგო; ეუფლებიან და ავითარებენ არამხატვრული ტექსტის დამუშავების ტექნიკას; მსჯელობენ არგუმენტებით; ფაქტებისა და მოსაზრებების საფუძველზე გამოაქვთ დასკვნები; უვითარდებათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები; პუბლიცისტური წერილი ჩვენს ხელში რესურსია, როგორც ესოდენ მნიშვნელოვანი არამხატვრული ტექსტების გასაანალიზებლად, ასევე მხატვრული ნაწარმოების სიღრმისეული ანალიზისთვის.
აქვე უნდა აღვნიშნო დავალება, რომელიც მეთორმეტეკლასელებისთვის ერთგვარი მოტივაციის ამაღლების შესაძლებლობას გვაძლევს. ,,სასწავლო მენიუს“ მეთოდის ეფექტურობა კარგად ცნობილია, უბრალოდ, ჩემს ვერსიას შემოგთავაზებთ უშუალოდ პუბლიცისტური წერილის შესწავლის ხელშესაწყობად. აი, ისიც:
⇒ სავალდებულო დავალებები:
(უნდა შეასრულოთ ყველა დავალება)
- აკაკი ბაქრაძის მოცემული წერილის მიხედვით შეავსეთ ცხრილი:
- მოკლედ ჩამოაყალიბეთ პუბლიცისტური წერილის მახასიათებლები და დაასაბუთეთ, რომ აკაკი ბაქრაძის წერილი პუბლიცისტურია.
⇒ არჩევითი დავალებები:
(უნდა შეასრულოთ ჩამოთვლილთაგან ერთი დავალება მაინც)
- წარმოიდგინე, რომ ხარ ჟურნალისტი და მოიფიქრე, რა კითხვებს დაუსვამდი აკაკი ბაქრაძეს შესწავლილ წერილთან დაკავშირებით;
- მისწერე წერილი პუბლიცისტური წერილის ავტორს, აკაკი ბაქრაძეს.
⇒ არასავალდებულო დავალებები:
(მოცემული დავალებებიდან შეგიძლიათ შეასრულოთ რამდენიც გინდათ ან არც ერთი.)
- დაფიქრდი, რა ზნეობრივი პრობლემები დგას დღეს თანამედროვე ადამიანისა და საზოგადოების წინაშე და სცადე პუბლიცისტური ტექსტის შექმნა;
- სცადე, მოამზადო რეპორტაჟი თანამედროვე საზოგადოებრივი მანკიერებების შესახებ;
- დაწერეთ მცირე ესე „ალტრუიზმი და მიზანთროპია“, შემდეგი მითითების მიხედვით:
წარმოიდგინეთ, რომ დღეს ქუჩაში დადის თეიმურაზი ან ჯაყო; თქვენი აზრით, როგორ გამოავლენენ თავიანთ სახეს – ალტრუისტი და მიზანთროპი თანამედროვე საზოგადოებაში.
მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ესაჭიროებათ როგორც არსებული ცოდნის გააქტიურება, ასევე ახალი ინფორმაციის სწორად მიწოდება და დამუშავება.
გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები: ურთიერთსწავლების მოდიფიცირებული ვარიანტი და „სასწავლო მენიუ“ იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მათი გამოყენება კათედრის წევრმა კოლეგებმაც, ნაზი კოჩალიძემ და ლილი დიასამიძემ, სცადეს საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. მათვე შემაგულიანეს, რომ პუბლიცისტური წერილის სწავლების რამდენიმე საკითხი მხატვრული ნაწარმოების უკეთ გაგებისთვის თქვენთვისაც გამეზიარებინა.