9 დეკემბერი, შაბათი, 2023

პროფორიენტაცია არაფორმალური განათლების გზით

spot_img

ნინო სამხარაული
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №3 სკოლის ქიმიის წამყვანი მასწავლებელი

 

 

 

თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს ადამიანური რესურსის ეფექტიანად გამოყენება, დასაქმების ხელშეწყობა და შრომის ცვალებად ბაზართან  სწორი ადაპტირება წარმოადგენს.

შრომის ბაზრის მობილურობის გაზრდა ,შესაძლებლობების განვითარებისა და გამოყენების აუცილებლობა, გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომზადების, ისე პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემას. მოზარდ თაობას უჭირს მომავალი პროფესიის არჩევასთან, კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, თანამედროვე სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება.

რადგან ზრდასრული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების დიდ ნაწილს პროფესიული საქმიანობა წარმოადგენს, აუცილებელია პროფესია შეესაბამებოდეს ადამიანის ინტერესებსა და შესაძლებლობებს. პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღება კი ამ ყველაფრის წინაპირობაა.

დღეისათვის, საქართველოში, სკოლის მოსწავლეთათვის, განსაკუთრებით სწავლების საშუალო საფეხურზე, პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღება მომავალი პროფესიის თაობაზე. მოსწავლეთა უმრავლესობას არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი რეალური შესაძლებლობები და მათი რეალიზების გზები, რადგან მათი ინტერესის სფერო ძალიან ფართოა, ინფორმირებულობა – მწირი. მოსწავლეები სათანადოდ ვერ აფასებენ პროფესიას და გადაწყვეტილებას იღებენ ისეთ ფაქტორზე დაყრდნობით, როგორიცაა: სტერეოტიპები, ანაზღაურება, პრესტიჟულობა, გავრცელებული შეხედულებები და სხვა, რაც, საბოლოოდ, არაკვალიფიციური, შესაბამისი ცოდნის, უნარების, პიროვნული მახასიათებლებისა და კომპეტენციის არმქონე კადრების სიჭარბეს განაპირობებს. ყოველივე ეს კი უარყოფითად ისახება ახალგაზრდების დასაქმებასა და უმუშევრობაზე.

იმისათვის, რომ საზოგადოებაში გაბატონებულმა სტერეოტიპებმა, შეხედულებებმა, გარკვეულწილად, ოჯახმაც კი, არ მოახდინოს ზეგავლენა მოზარდის პროფესიულ არჩევანზე, საჭიროა მოზარდი თაობის გათვითცნობიერება და შესაბამისი განათლების მიცემა, რომელიც პროფესიულ ორიენტაციას გულისხმობს. აღნიშნული მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, არასრულყოფილია საკონსულტაციო სერვისები და მწირია საკონსულტაციო ინსტრუმენტები. გარდა ამისა, გარკვეული ღონისძიებებია გასატარებული მშობელთა ინფორმირებულობის კუთხითაც. პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, სკოლის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების, როლი უმნიშვნელოვანესი და ღირებულია. ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეთა არაფორმალური და ფორმალური განათლების რგოლთან კავშირს პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებასთან, რაც, საბოლოოდ, მოზარდის კომპეტენციის გაზრდასა და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას მოგვცემს. პროფესიული განათლების მიღების ერთ-ერთ ორიენტირად არაფორმალური განათლების გაძლიერებაა.

რა არის არაფორმალური განათლება? საყოველთაოდ მიღებულია, რომ ბავშვები სკოლაში დადიან, რათა მიიღონ განათლება. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ფორმალური განათლება არ არის განათლების მიღების ყველაზე ეფექტური ფორმა. ანუ არაფორმალური სწავლება ცოდნის მიღების ისეთივე აღიარებული ფორმაა, როგორც ფორმალური. მართლაც, უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალური სწავლება, ზოგ შემთხვევაში, უკეთეს ეფექტს გვაძლევს, ვიდრე ფორმალური, ტრადიციული სწავლება. არაფორმალური განათლება ფორმალურისაგან განსხვავებით შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ფორმით: ინდივიდუალური პროგრამა, სკოლებში საგნობრივი კლუბები და ა.შ.

იმისათვის რომ განათლება ჩაითვალოს არაფორმალურად, საჭიროა იგი ჩატარდეს ფორმალური სასწავლო გარემოს გარეთ.მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ასეთი განათლების მიღებისთვის არ უნდა მივმართოთ პროფესიონალებს. მაგალითად, თუ მოსწავლე ცოდნის მისაღებად მიდის მასწავლებელთან საგნობრივი კლუბის შეხვედრაზე, ეს უკვე არაფორმალური განათლებაა. არაფორმალური განათლების მიღების საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს ვიზიტი მუზეუმში, ბიბლიოთეკაში, საინფორმაციო შეხვედრები, სემინარები, მიზნობრივი გასვლითი ექსკურსიები, ვიზიტები და ა.შ.

რატომ უნდა ავირჩიოთ პროფესიული განათლების მისაღებად არაფორმალური სწავლების მიდგომები? დადგენილია, რომ მოსწავლე უკეთ სწავლობს, როდესაც იმყოფება მისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. როგორც კი, ფორმალური სწავლების მეთოდებისაგან თავისუფალ გარემოში მოხვდება, მოსწავლე უკეთესად ითვისებს ინფორმაციას და გაცილებით ეფექტურად ხდება იმ უნარების განვითარება, რომელიც სწავლის მიზანს წარმოადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლის ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების გამოვლენას უწყობს ხელს, რაც შემდგომში უვითარებს მას ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის, სისტემური აზროვნებისა და სივრცეში ორიენტაციის უნარებს. ამ დროს მოსწავლე, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც იძენს, რაც, თავის მხრივ, პროფორიენტაციის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ საკუთარ სასკოლო პრაქტიკულ გამოცდილებას, თუ რა დადებითი ეფექტები მოახდინა მოსწავლეთა პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულმა არაფორმალურმა მიდგომამ, კერძოდ, გასვლითმა არაფორმალურმა გაკვეთილებმა  სხვადასხვა საწარმოსა თუ ობიექტზე.

ვიზიტი ფარმაცევტულ საწარმო „ავერსი -რაციონალი“-ში

2022-2023 სასწავლო წელს სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის  N3 საჯარო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ფარმაცევტულ საწარმო „ავერსი-რაციონალ“-ში, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტურ, 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციას. საწარმოში ვიზიტის მიზანი იყო:

საწარმოს დათვალიერება და მუშაობის სპეციფიკის გაცნობა

წარმოების მნიშვნელოვანი პროცესების დათვალიერება

ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაცნობა

GMP -ის მნიშვნელობის გაცნობა ფარმაცევტულ წარმოებაში

პროფორიენტაციული განათლების ხელშეწყობა.

მოსწავლეები ფარმაცევტულ საწარმოში გაეცნენ:

ფარმაცევტული საწარმოს მუშაობის სპეციფიკას

დაათვალიერეს ულტრათანამედროვე ხარისხის კონტროლის ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია

გაეცნენ საწარმოო უბნების აღჭურვილობას

დაათვალიერეს უმაღლესი დონის, თანამედროვე მანქანა-დანადგარები

გაეცნენ საწარმოო უბნებზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის რეგლამენტს

შეისწავლეს პროდუქციის ხარისხის შემოწმების ეტაპები

გაეცნენ საწარმოში დანერგილ უნიკალურ, ერთიან კომპიუტერიზებულ ფარმაცევტულ სისტემას.

ფარმაცევტულ საწარმოში ვიზიტის ბოლოს, მოსწავლეებს ჩაუტარდათ შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მათ  საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები. შეხვედრისას მოსწავლეებმა მიიღეს რჩევები ავერსის საწარმოს პროფესიონალი თანამშრომლისაგან, თუ რა პროფესიული უნარ-ჩვევებია საჭირო ამ სფეროში დასაქმებისათვის და რა უნდა გაითვალისწინოს დაინტერესებულმა  პირმა ფარმაცევტული მიმართულებით  კარიერის დაგეგმვისას.

არაფორმალური, გასვლითი გაკვეთილი თბილისის, ღრმაღელეს  წყალმომარაგების სათავე -ნაგებობაზე, კომპანია: Georgian Water and Power-ჯივიპი

მომდევნო არაფორმალური გაკვეთილი, რომელიც შეთავაზებული იქნა მოსწავლეთათვის, იყო ვიზიტი თბილისის, ღრმაღელეს წყალმომარაგების სათავე ნაგებობაზე, კომპანია: Georgian Water and Power-ში. საწარმოში მოსწავლეთა ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა:

♦ საწარმოს დათვალიერება

♦ სუფთა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სასმელი წყლის მნიშვნელობის, სათანადო სანიტარიისა და ქიმიური დამუშავების  პროცესების გაცნობა

♦ წყლის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის გაცნობა

♦ პროფორიენტაციის ხელშეწყობა.

მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ წყლის, როგორც ამოწურვადი რესურსის მნიშვნელობას; წყლის მოპოვებისა და სრული დამუშავების ციკლს; დაათვალიერეს საფილტრი მოწყობილობები; გაეცნენ თუ როგორ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი „ჯივიპი“ ლაბორატორიებში და  თავადაც მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ ცდებში. მოსწავლეებმა არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა და გამოცდილება წარმატებით დაუკავშირეს შეთავაზებულ კომპლექსურ დავალებას ქიმიაში, წყლის შესახებ, რომელიც ინტეგრირდა კომპლექსური დავალების განსახორციელებელ აქტივობებში.

გასვლითი არაფორმალური გაკვეთილის მიზანი: რაც შეიძლება მეტი მოსწავლე იყოს ინფორმირებული წყლის მნიშვნელობის და გაფრთხილების შესახებ, მიმაჩნია, რომ მიღწეულია. აღსანიშნავია ვიზიტის ბოლოს გამართული შეხვედრა საწარმოს თანამშრომლებთან, სადაც მოსწავლეთა შეკითხვებს საწარმოს კომპეტენტურმა თანამშრომლებმა უპასუხეს. მოსწავლეთა შეკითხვები, გარდა წყლის თემისა, ეხებოდა იმ კომპეტენციებსა და უნარებს, რომელიც უნდა ჰქონდეს  დაინტერესებულ პირს ამ სფეროში საქმიანობის დასაწყებად.

არაფორმალური, გასვლითი  გაკვეთილი ქალაქ რუსთავის მრავალფუნქციურ საწარმოში. Polivim LLC

პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ქალაქ რუსთავის მრავალფუნქციურ საწარმოში, რომელიც ახორციელებს მეორადი მოხმარების პლასტმასის ბოთლების გარდაქმნას მაღალი ხარისხის სუფთა და ფერად ფანტელებად, რაც  შემდეგ სინთეზური ბოჭკოს წარმოებას უზრუნველყოფს.

საწარმოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა:

♦ საწარმოს დათვალიერება და მუშაობის სპეციფიკის გაცნობა

♦ წარმოების მნიშვნელოვანი პროცესების დათვალიერება

♦ საწარმოს ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაცნობა

♦ პროფორიენტაციული განათლების ხელშეწყობა.

მოსწავლეები საწარმოში გაეცნენ:

♦  პლასტმასური ნარჩენების მართვის და რეციკლირების სტრატეგიებს

♦ პლასტმასური ნარჩენებისაგან მაღალი ხარისხის დამატებითი ღირებულების პროდუქტის შექმნის ტექნოლოგიას

PET (პოლიეთილენ ტერეფტალის) მეორადი პლასტმასის ბოთლების გარდაქმნის ტექნოლოგიას მაღალი ხარისხის სუფთა და ფერად ფანტელებად.

♦ მიღებული PET ფანტელებისაგან პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოს წარმოებასა და გამოყენებას.

საწარმოს დათვალიერების შემდეგ მოსწავლეების მხრიდან დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა, რაზეც საწარმოს მთავარმა ტექნოლოგებმა უპასუხეს. მოსწავლეებმა მიიღეს სწორი აქცენტები სამომავლოდ პროფესიული განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსწავლეებმა გაამახვილეს ყურადღება თითოეული ადამიანის სამოქალაქო აქტივიზმსა და პასუხისმგებლობაზე გარემოს ნარჩენებისაგან  დაცვასთან დაკავშირებით.

არაფორმალური, გასვლითი გაკვეთილი სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტში

დაიგეგმა და ასევე წარმატებით განხორციელდა გასვლითი, არაფორმალური გაკვეთილი ქალაქ თბილისში, სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტში.

სამთო ინსტიტუტში მოსწავლეთა ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა:

მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა

პოლიმერული კომპოზიტების შესახებ ცნობიერების ამაღლება

ეკომეგობრული მასალების გაცნობა

მაღალტექნოლოგიური მასალების გაცნობა

მიწისქვეშა ექსპერიმენტული ბაზის დათვალიერება

პროფესიული განათლების ხელშეწყობა მეცნიერებათა პოპულარიზაციის მიზნით.

მოსწავლეებმა სამთო ინსტიტუტში:

დაათვალიერეს მიწისქვეშა ექსპერიმენტული ბაზა

გაეცნენ ფეთქებად და საშიშ ნივთიერებებს.

ეწვივნენ პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიას

განახორციელეს სხვადასხვა ლაბორატორიული ექსპერიმენტები

გაეცნენ ეკომეგობრულ მასალებს

დაამზადეს ბიოპოლიმერები

მოირგეს „პატარა მეცნიერ-მკვლევრების “ როლები.

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტში, შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებს ინსტიტუტის დირექტორმა, ბატონმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ უმასპინძლა. მან ისაუბრა იმ პროფესიულ კომპეტენციებზე, რომელიც საჭიროა მეცნიერული მუშაობის დასაუფლებლად და  გასაგრძელებლად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ  შეხვედრა მოსწავლეთა სრული ინტერაქციითა და საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში  წარიმართა.

გასვლითი გაკვეთილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში

მომდევნო არაფორმალური გაკვეთილი, რომელიც განხორციელდა თბილისში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, მოსწავლეებისთვის ძალზე საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.

სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოსწავლეებმა დაათვალიერეს:

ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის, ნავთობპროდუქტების, დნმ-ექსპერტიზის, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის ლაბორატორიები

გაეცნენ ბიუროში დანერგილი ექსპერტიზის სახეობების და მათი წარმოების სპეციფიკას

დაათვალიერეს ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტები, ყოველდღიურად, სხვადასხვა სახის საექსპორტო კვლევებს ISO/IEC 17025 სტანდარტის მიხედვით ახორციელებენ.

ბიუროში ვიზიტმა მოსწავლეთა მაღალი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. ვიზიტის ბოლოს გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე, მოსწავლეთა მხრიდან დასმულმა შეკითხვებმა, მიღებულმა კომპეტენტურმა პასუხებმა და ინტერაქციამ  კიდევ ერთხელ გაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოზარდ თაობას შეუძლია ჩვენ ირგვლივ ადამიანების დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლა, მათი პროფესიული განათლების ხელშესაწყობად კი მნიშვნელოვანია მასწავლებლის სწორი მიდგომა და მონდომება.

არაფორმალური, გასვლითი გაკვეთილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში

მომდევნო არაფორმალური გაკვეთილი, რომელიც შეთავაზებული იქნა მოსწავლეებისთვის, იყო ვიზიტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში.

ქიმიის დეპარტამენტში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა:

STEM საგნების პოპულარიზაცია

სახალისო ექსპერიმენტების განხორციელებაში მონაწილეობა

უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის გაცნობა-დათვალიერება

პროფესიული განათლების ხელშეწყობა.

 მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 1-საათიან საინტერესო ქიმიურ შოუში, სადაც განახორციელეს  საინტერესო ცდები. დაათვალიერეს ქიმიის დეპარტამენტი, დასვეს საინტერესო შეკითხვები უნივერსიტეტის წარმომადგენელთან. გაეცნენ უნივერსიტეტის პროგრამებს, სპეციალობებსა და იმ თანამედროვე მიდგომებს, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ქიმიის, და არა მხოლოდ ქიმიის, დეპარტამენტის ბაზაზე.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  არაფორმალური, გასვლითი  ვიზიტებით, სხვადასხვა საწარმოსა თუ ობიექტებზე,  ხელი ეწყობა მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესის გაღვიძებას, იმ უნარების, შესაძლებლობების, ძირითადი პიროვნული მახასიათებლების, პროფესიებთან შესატყვისი ფსიქოტიპების აღმოჩენასა და განვითარებას, რომელიც აუცილებელია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ახალგაზრდა თაობის აღზრდა-ჩამოყალიბებისთვის. და, რაც დაეხმარება მათ გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

სტატია: „აირჩიე პროფესია“.  20.20.2016. Knew.ge  https://knews.ge/?p=27449

ინტერნეტ გაზეთი: mastsavlebeli.ge  2018. 27ივნისი. http://mastsavlebeli.ge/?p=18481

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები