15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს

spot_img

 

განათლების სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის აღდგენა პროფესიული კოლეჯებიდან დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება 70-მა სახელმწიფო და კერძო კოლეჯმა გაიარა და სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო. 5-თვიანი პაუზის შემდეგ, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა – სასწავლო დაწესებულებებში შესვლამდე სტუდენტები თერმოსკრინინგს გადიან, შემდეგ ექიმი მათ მონაცემებს სპეციალურ ჟურნალში აღრიცხავს, აუცილებელია პირბადე, ლექციაზე სტუდენტები სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე, ორმეტრიანი დაშორებით სხდებიან.

დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ესტუმრა ფოთის კოლეჯს „ფაზისი“ და ოზურგეთის კოლეჯს „ჰორიზონტი“, დეტალურად გაეცნო სასწავლო პროცესის აღდგენისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორივე პროფესიული კოლეჯი სრულ მზადყოფნაშია, სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, ჩვეულ რეჟიმში წარმართოს და სტუდენტებს უსაფრთხო სასწავლო გარემო შეუქმნას.

თამარ ქიტიაშვილი ამბობს, რომ სპეციალური შემოწმებები, წინასწარი გაფრთხილებების გარეშე, კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე გაგრძელდება. ოქტომბრიდან, საერთო ჯამში, ბევრად ნაკლები ადგილი გვექნება გამოცხადებული, ვიდრე ვგეგმავდით, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით. თუმცა, კოლეჯებს არ გაუჭირდათ არსებული სტუდენტების ნაკადების მართვა და სივრცეების იმგვარად მორგებამოწყობა, რომ შესაძლებელი გამხდარიყო კოლეჯების ოპერატიულად გახსნა.“

დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე კომპანია „აჭარატექსტილს“ ეწვია, კურსის მსმენელებს გაესაუბრა, უშუალოდ გაეცნო სასწავლო პროცესს და  თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა კომპანიის მენეჯმენტს კვალიფიციური კადრის მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. „აჭარატექსტილი“ სამკერვალო წარმოების ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და პირველია იმ კერძო კომპანიებიდან, რომელიც ფორმალური განათლების ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს ახორციელებს.

როგორც გითხარით, შრომის ინსპექციის შემოწმება უკვე 70-მა სასწავლო დაწესებულებამ გაიარა. როგორ დაიცავენ სახელმწიფო და კერძო პროფესიული სასწავლებლები, სწავლების პროცესში, რეკომენდაციებს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლების სამინისტროც გააკონტროლებს.

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ დირექტორი ნოდარ ხარაზიშვილი აცხადებს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებას: ჩვენ ვეცადეთ, მიმდინარე პერიოდისთვის, მაქსიმალურად დაგვეკმაყოფილებინა ეს რეკომენდაციები და უნდა გითხრათ, რომ წარმატებით. ამის მანიშნებელია ის, რომ ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები როდესაც შემოვიდნენ ჩვენთან და შეგვამოწმეს, დადებითი დასკვნა მივიღეთ.“

„ჰარმონიის“ დირექტორი ნანა ჯოლია ამბობს: ჩვენმა კოლეჯმა წარმატებით გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია, აღიჭურვა ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რაც მოცემული იყო რეკომენდაციებში.“

პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის აღდგენის პარალელურად, მასწავლებლის სახლმა, პროფესიული განათლების მასწავლებლებთან შეხვედრები და ტრენინგები განაახლა.

აჭარის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თამარ ქიტიაშვილი, ქობულეთის კოლეჯში „ახალი ტალღა“ ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო. პროფესიული განვითარების ტრენინგს მასწავლებლები სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებაში გადიან. ტრენინგმოდული ევროპელ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და ის მასწავლებლებს მეწარმეობის, როგორც საკვანძო კომპეტენციის გააზრებასა და სტუდენტებისთვის ამ კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება.

⬇⬇⬇⬇

➡ პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალ სიცოცხლეს იწყებს დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული სასწავლებელი. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, მათი დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება.

➡ დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები