2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა სააგენტოს მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები განიხილეს და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიული უნარების სააგენტოს დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე გაამახვილა და, ამ მიმართულებით, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მასზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საქართველოს ყველა რეგიონში. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობას პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან მისი კიდევ უფრო დაახლოების მიმართულებით.

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე – 2022 წლიდან პროფესიული განათლების საფეხურზე ამოქმედდა Erasmus+ პროგრამა და დაფინანსდა 2 პროექტი, რომელთა მასშტაბები ეტაპობრივად გაიზრდება. ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას ექსელენს-ცენტრებისა (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლების განვითარების მიმართულებით, რაც საქართველოში უცხოელი სტუდენტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კოლეჯებში მიმდინარე სასწავლო პროცესში 2022 წლიდან ჩართულნი არიან უცხოელი მასწავლებლები, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მალე ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები და გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის.

პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვის წინაპირობას საჯარო და კერძო სექტორებს შორის გაზიარებული პასუხისმგებლობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 2021 წელს ჩვენმა გუნდმა სისტემაში უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელი დანერგა – საჯარო-კერძო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს. აღნიშნული ინოვაციური მოდელის დანერგვით, ახალი სტრატეგიითა და მიზნებით სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება უნარებისადმი, რაც მართლაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისკენ.

მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს პოლიტიკა და მიმდინარე პროექტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივასთან, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით, სამინისტროსა და სააგენტოს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების კურსების გაფართოება – მიმდინარე წელს დაფინანსდა 150-მდე პროგრამა, რომელთა განხორციელებაშიც აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორიც.“

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და უნარების სააგენტოს დაფუძნებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის და პროფესიული უნარების სააგენტოს პარტნიორებს – აზიის განვითარების ბანკს, გაეროს განვითარების პროგრამას, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისს, გერმანიის მთავრობასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, DVV International-ს, ამერიკის მთავრობასა და აშშ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (USAID).

პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე, მაგდა ბოლოთაშვილი.

ევროკავშირის ელჩმა სიტყვით გამოსვლისას სააგენტოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პაველ ჰერჩინსკი: „ევროკავშირი წლებია მუშაობს საქართველოში პროფესიული განათლებისა და სწავლების გაუმჯობესებაზე. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ახლად დაარსებულ უნარების სააგენტოს. ჩვენი ვალდებულების ერთგული ვრჩებით – დავეხმაროთ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს განავითარონ თავიანთი უნარები. მთავრობის და, ასევე, კერძო სექტორის მიერ გამოხატული მხარდაჭერით, გვჯერა, უნარების სააგენტო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნაში.“

ღონისძიების ფარგლებში პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს ერთი წლის საქმიანობის შედეგები და მნიშვნელოვანი მიღწევები გააცნო.

 „სააგენტოს ერთწლიანმა მუშაობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ რეფორმას სწორი გეზი აქვს აღებული, პარტნიორობა და კვლავ პარტნიორობაა წარმატების მთავარი ფაქტორი. უნარების ეკოსისტემაში ჩართული ყველა მხარის მიზანმიმართულმა თანამშრომლობამ მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ბიზნეს სექტორის როლის განმტკიცებამ, უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი. სააგენტოს სწრაფი სტარტი იმ დიდი მხარდაჭერის და საერთო ძალისხმევის შედეგია, რასაც ჩვენი დამფუძნებლების, კერძო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან ვიღებთ.

 ჩვენს სფეროში გაჩნდა ბევრი ახალი აქტორი, გაჩნდენ დარგობრივი უნარების ორგანიზაციები – სხვადსხვა სექტორული ასოციაციებისგან შემდგარი ბიზნეს გაერთიანებები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას, დარგში უნარებთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებზე.” – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

შემაჯამებელი ღონისძიების პირველი პანელის ძირითადი თემა იყო – „უნარები ეკონომიკის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა უნარების ეკოსისტემის რეფორმის ახალ ეტაპზე, ეკონომიკის განვითარების მიზნით, საჯარო-კერძო პარტნიორობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, სააგენტოს საქმიანობა შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოკვეთეს.

მეორე პანელის ფარგლებში მონაწილეებმა მსჯელობისას განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ის სერვისები განიხილეს, რომლებიც სისტემაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ინერგება.

შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, კერძო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება ევროკავშირის პროექტის – „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ – მხარდაჭერით გაიმართა.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები