1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

პროტესტი თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში

spot_img

დღეს, 119-ე საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი სრულად არის შეჩერებული. დილიდან, სკოლის ეზოში, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები მათი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თეა ბრეგვაძის თანამდებობიდან განთავისუფლებას აპროტესტებენ და მის აღდგენას მოითხოვენ. მასწავლებლები უარს აცხადებენ საგაკვეთილო პროცესის გაგრძელებაზე, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება. აქციას მშობლებიც უერთდებიან და მათი პოზიციაც, პედაგოგების მსგავსად, უცვლელია. მეტიც, მშობლები იმასაც ამბობს, რომ თუ ქალბატონი თეა არ დაბრუნდება დირექტორად, მაშინ შვილებს სხვა სკოლებში გადაიყვანენ. მათი აზრით, სწორედ თეა ბრეგვაძის დამსახურებაა, რომ დღეს ეს სკოლა არსებობს და დგას თავის ადგილზე, მეწყერმა რომ არ წაიღო. მის განთავისუფლებას ყველანი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებენ, რადგან, სხვა მხრივ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და ერთი წლის განმავლობაში, რაც ამ პოზიციაზეა, სკოლაში, ფაქტობრივად, ყველა პრობლემა მოაწესრიგა. „სხვას რას უნდა დავუკავშიროთ? მის განთავისუფლებას შევეგუებოდით, კანონიერად დანიშნული დირექტორი რომ მოსულიყო, მაგრამ თუ მოვალეობის შემსრულებელი მოდის, არანაირი მეტი სტატუსი არ აქვს და რატომ უნდა შეგვიცვალონ ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს სკოლისთვის და მოსწავლეებისთვის“ – ასეთია მშობლების პოზიცია.

ქალბატონი თეა აცხადებს, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს, და ამას არც მალავს. „მე ღიად მაქვს დაფიქსირებული ჩემი პოლიტიკური შეხედულება, თუმცა, ეს არასოდეს გამომიხატავს სამუშაო საათებში, სკოლის შენობაში. პოლიტიკურ შეხედულებას მე სკოლის მიღმა ვაფიქსირებდი ღიად, სკოლასი კი ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას.“

თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს და გუშინვე დაინიშნა სკოლის დირექტორის მოვალობის ახალი შემსრულებელი თამარ თაბიაშვილი, რომელსაც 119-ე საჯარო სკოლაში უფლებამოსილების შესრულება დღეიდან უნდა დაეწყო, თუმცა დილიდან სკოლაში არავინ მისულა. თეა ბრეგვაძე ამბობს, რომ „სავარაუდოდ, რესურსცენტრში უკვე ინფორმირებული არიან, რომ აქ გაფიცვაა და კოლექტივი აპროტესტებს ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას, ამიტომ გადაიფიქრეს ადგილზე მოსვლა.“

119-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შემდეგი განცხადება გაავრცელა:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას.

მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის №119 საჯარო სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოეწურა სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა დირექტორის მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ, როგორც დირექტორის არყოფნის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულმა პირმა.

სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე.

ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება.

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები