მაკა ხელაძე
თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021-ის საუკეთესო ათეულის წევრი
ყველასათვის ცნობილია, რომ პროექტული სწავლება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში უმნიშვნელოვანესი და ინოვაციური მეთოდია. ის სრულიად განსხვავდება ტრადიციული სასწავლო მეთოდებისგან. ის ავითარებს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარებს – კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის უნარს და ა.შ. მისი გამოყენება ნებისმიერი საგნის სწავლების დროს ქმნის საინტერესო სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის.
სწავლება-სწავლის რთულ და, ამავდროულად, საინტერესო პროცესში, ძალიან მეხმარება სასწავლო-კვლევითი პროექტებით სწავლება; გამჭოლ კომპეტენციებზე დაყრდნობით და საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება პრიორიტეტულ მიდგომად მიმაჩნია თანამედროვე პედაგოგიკაში. მოსწავლეები უფრო შემოქმედებითად უდგებიან საკითხის გადაწყვეტას. ადგენენ მიზან-შედეგობრივ კავშირებს, აგვარებენ პრობლემებს, ახდენენ მონაცემების ვიზუალიზაციას. პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი გულისხმობს კეთებით სწავლას, რაც ეხმარება მოსწავლეებს აქტიურად იყვნენ სწავლის პროცესში ჩართულნი. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, „პროექტზე დაფუძნებული სწავლება აერთიანებს ცოდნას და კეთებას“, მოსწავლე იყენებს ცოდნას, რაც უკვე იცის და სწავლობს პროექტში მონაწილეებისგან ახალს, ცდილობს იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზები. სწორედ ამ მიდგომებზე დაყრდნობით დავიწყეთ უწყვეტი ზრუნვა დედამიწაზე და დავგეგმეთ პროექტებისა და აქტივობა/სტრატეგიების მრავალფეროვნება.
„დავიცვათ გარემო ადამიანებისგან – ადამიანებისთვის“. პროექტი ხანგრძლივი და მრავალშრიანი იყო. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ამემაღლებინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, შეცვლილიყო მათი ხედვა სოციალური საკითხების მიმართ, გაზრდილიყო მოტივაცია და სამომავლოდ მოეგვარებინათ აქტუალური საკითხები, როგორიცაა, მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური ცნობიერება და სამყაროს შემეცნება.
ეკო გაკვეთლები – ეკო წიგნიერების, როგორც გამჭოლი კომპეტენციების ერთ-ერთი პრიორიტეტი – სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი „დაზოგე წყალი“, რომლის ფარგლებში მოსწავლებმა გაიაზრეს წყლის როლი და მნიშვნელობა ცოცხალი არსებებისთვის/დედამიწისთვის. იმუშავეს გუნდურად, მოიძიეს მრავალფეროვანი ინფორმაცია და აუდიტორიის წინაშე მოაწყვეს პრეზენტაცია. სკოლის ხელსაბანებში გამოაკრეს საინფორმაციო პოსტერები, თანატოლებს გაუზიარეს მნიშვნელოვანი მოწოდებები წყლის ეფექტურად გამოყენებისთვის – „დათვალე თითო წვეთი“.
მე და ჩემი მოსწავლეები ყოველ წელს ვუერთდებით ბუნებრივი რესურსების დაზოგვისა და გაფრთხილების კამპანიას. ჩვენი განწყობა და გამოწვევა ხშირად მისაბაძი და გადამდებია მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. ონლაინ სწავლების ფორმატშიც კი დავგეგმეთ და გავნახორციელეთ არაერთი პროექტი, მაგალითად, „გაუფრთხილდი ტყეს“; შექმნეს კატალოგები გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე და ფრინველებზე; ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით მოამზადეს პრეზენტაციები, დარგეს ხე და ისაუბრეს ტყის დანიშნულებაზე. პროექტი ითვალისწინებდა ქართული ლიტერატურისა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებას. ბავშვებმა მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღეს ტყის, ხე-მცენარეებისა და მათზე ზრუნვის აუცილებლობაზე. ამავე კვირეულის ფარგლებში მოვიწვიეთ ძალიან საინტერესო და კრეატიული ოჯახი, რომლებმაც დააარსეს ორგანიზაცია „ბამო“. „ბამო“ მეორეადი მასალისგან ამზადებს ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო სათამაშოებსა და სხვადასხვა ნივთებს. მოეწყო ნაკეთობების გამოფენა და მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს უსაფრთხო სათამაშოს ეკოლოგიურად ჯანსაღი მეორადი მასალისგან შექმნის მნიშვნელობა ისე, რომ დამატებით ზიანი არ მიადგეს ბუნებას, ტყეს და ა.შ.
„ჩვენ ფრინველებისთვის“ აქტივობის ფარგლებში შეიმუშავეს სტრატეგია როგორ უნდა დახმარებოდნენ ფრინველებს ცივი ზამთრის გადატანაში. ფრინველებს პატარა თავშესაფრები დაუმზადეს. ხელნაკეთი თავშესაფრები, ზამთრის ცივი დღეებისთვის, თავიანთი საცხოვრებელი სახლების წინ განათავსეს უფროსების დახმარებით.
„დარგე ხე, გაამწვანე დედამიწა“ – კვირეული, რომლის ფარგლებში პატარებმა ნარჩენებისგან დაასუფთავეს სკოლის (გასვლით ექსკურსიებზეც სპეციალურად აღჭურვილები მივდივართ და ვასუფთავებთ ერთ კონკრეტულ მიდამოს) შემოგარენი.
მეორადი ნარჩენებისგან ვამზადებთ ახალ ნივთებს, ვუბრუნებთ ახალ სიცოცხლეს. ასევე მეორადი მუყაოებისგან შევქმენით „მოძრავი თეატრი-ეკო თოჯინებით“. მოსწავლეებმა თავად მოირგეს როლები და ნასწავლ პროგრამულ ტექსტებზე დაყრდნობით, ძალიან საინტერესო სპექტაკლები ჩაატარეს, რომლის ჩვენებაც მოეწყო პარალელური კლასელებისა და დაწყებითი საფეხურის ბავშვებისთვისაც.
ეკო გაკვეთლების ფარგლებში განხორციელდა შემეცნებითი გაკვეთილები – „ჩვენი მებაღე“ და ჯანსაღი ცხოვრების წესის უკეთ გააზრებისთვის – „ექიმის რჩევები“.
გავიხსენებდი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, მასშტაბურ და გრძელვადიან პროექტს „ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“. სამყაროზე, ცოცხალ არსებებზე ზრუნვა და ამ მიზნით ადამიანების გაერთიანება ჩვენი რეალობისთვის არ არის უცხო. თანადგომის ამ ფორმით, ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე კეთდება. მაგალითად, აშენდა ცხოველთა თავშესაფრები, სკვერებში დაიდგა მაწანწალა ძაღლებისთვის ბუდრუგანები. როცა ბევრ თანამოაზრე და გულანთებულ ადამიანს შემოიკრებ კეთილი საქმის გასაკეთებლად, აუცილებლად მიაღწევ მიზანს. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავერთეთ გადაცემა „თათების იმედად“ (იმედის დილის გადაცემა), სახალხო აქტივობაში „გახდი მიუსაფარი ძაღლების სანტა“. ერთად ვიზრუნეთ ქუჩის ცხოველებზე. ამ პროექტით მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ დედამიწა, ადამიანების გარდა, ცხოველებსაც ეკუთვნით. მათ ჩვენი დახმარება და ყურადღება სჭირდებათ. დღეს ქუჩები სავსეა უპატრონო ცხოველებით. ზოგჯერ მათ ადამიანები სასტიკად ეპყრობიან. თუმცა ბევრიც ზრუნავს მათზე. ჩვენც ჩავდექით მათ რიგებში და დაუცველ ცხოველებს ყურადღება დავუთმეთ. მოსწავლეებმა თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ცხოველებს მოუტანეს საკვები და საჭირო ნივთები, რომელიც მათ სიცოცხლეს გადაარჩენდა. ამ პროექტმა ისინი მრავალი კუთხით დააფიქრა. კერძოდ, იმაზე, რომ თითოეულ მათგანს თავისი ამბავი აქვს: ერთი ოდესღაც სახლში ცხოვრობდა უზრუნველად, პატრონთან ერთად, თუმცა, შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა; მეორე ქუჩაში დაიბადა და დაბადებიდან, სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს…
ამავე პროექტის ფარგლებში არაერთხელ ვითანამშრომლეთ ცხოველთა დაცვის სააგენტოსთან. მათთან ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ მრავალი საჭირო და შემეცნებითი გაკეთილი. მაგ.: ჩემი პასუხისმგებლობა შინაური ცხოველების მოვლისას,უსაფრთხოების წესები, აიყვანე ლეკვი თავშესაფრიდან და ა.შ.
მოეწყო საინტერესო ფოტოგამოფენა. ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა უყურეს საინტერესო ვიდეორგოლებს, წაიკითხეს საინფორმაციო ტექსტები ძაღლის სხვადასხვა ჯიშის თავისებურებებზე, ერთმანეთს გააცნეს თავიანთი შინაური ცხოველები, ისაუბრეს ცხოველის მოვლის და პასუხიმგებლობის საკითხებზე, როგორ არიან ჩართული ყველა ამ პროცესში და რა როლი და ფუნქცია აკისრიათ, აქვთ თუ არა გააზრებული სირთულეები, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გაჩნდეს ცხოველების აღზრდის ეტაპებზე.
მოსწავლეებმა „მკითხველთა კლუბში“ წასაკითხად შეარჩიეს თემატურად შესატყვისი მხატვრული ლიტერატურა: „მოლი, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „მე კოსმო“. წაკითხულის ირგვლივ გაიმართა დებატები. ერთ-ერთ აქტივობად გამოვიყენეთ „მეტაპლანი“ – ჯგუფური მუშაობის ეფექტური ფორმა, რომელიც თავიდანვე ავითარებს სწავლება-სწავლის პროცესში საჭირო ისეთ საბაზისო უნარებს, როგორიცაა: იდეებისა და გადაწყვეტილებების გენერირება, სამოქმედეო გეგმების შემუშავება, ინფორმაციის შეგროვება. ყველა მონაწილის ჩართულობა და ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება.
ზემოთ ჩამოთვლილმა ნაბიჯებმა და აქტივობებმა ბავშვებში აამაღლა მოტივაცია და უბიძგა მათ დაეარსებინათ ცხოველთა დაცვის კლუბი „თათები“.
მთელი პროექტის განმავლობაში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
♦ ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
♦ მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
♦ რატომ უკეთიათ ძაღლებს „საყურე“;
♦ რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქოემოციურ განვითარებაზე;
♦ რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
♦ როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
♦ ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები;
♦ ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
♦ მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები და ა.შ.
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობისათვის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, გადაეცათ სერტიფიკატები და მიენიჭათ სტატუსი – „ცხოველების მეგობარი“.
„საბუკო“ – ორგანიზაცია, რომელიც ასევე ჩავრთეთ პროექტში, რომ საინტერესო საინფორმაციო რესურსითა და პრაქტიკული აქტივობების განხორცილებით მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა მოსწავლეთა ცნობიერებაში. ამ პროექტის ფარგლებში, სასწავლო პროცესი გადავიტანეთ არაფორმალურ გარემოში, რაც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იყო. კერძოდ, საგაკვეთილო პროცესი განხორციელდა მუზეუმში და სკოლის ღია ვერანდაზე. მოსწავლეებს დაურიგდათ სამკერდე ნიშნები, ლიტერატურა და პოსტერები ამ ტიპის სასწავლო გაკვეთლების ორგანიზებისთვის. ძირითადი თემა გახლდათ ფრინველების მიგრაცია, მათი მნიშვნელობა, ჭარბტენიანი ტერიტორიები, ჰაბიტატი/მათი დაცვის მნიშვნელობის გააზრება. კლასში კი ვიმუშავეთ ამგვარად – ზოგადი ინფორმაცია მივაწოდე, კითხვა-პასუხი მიგრაციაზე, შესაბამისობები, პატარა თამაშები ფრინველებზე. პროგრამის ბოლოს, შესაჯამებლად, კლასში დავბრუნდით და სახალისო აქტივობა შევასრულეთ – ხელნაკეთი თეთრი ყარყატების მოძრავი თავები დავამზადეთ. აღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეები უფრო გულისხმიერები და ემპათიურები გახადა, ისწავლეს ზრუნვა ცოცხალ არსებებზე და ამ საზრუნავით გაერთიანება.
საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლის შედეგი ყველაზე პრიორიტეტულად მიმაჩნია ზოგ შემთხვევაში. მისი შედეგი სოციალური ცვლილებაა. ამ დროს იცვლება მოსწავლის ხედვა სოციალური საკითხების მიმართ, იზრდება მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მოტივაცია, სურს გახდეს უფრო აქტიური, ჩართული რიგი საკითხების მოგვარებაში. ისგ ჯგუფის დაკვირვებით, მოსწავლეები უკეთ იგებენ კომპლექსურ საკითხებს, პრობლემებს. სწორედ ამიტომ განვახორციელე პროექტი „ვიმეგობროთ“, რომელიც უსინათლო ბავშვების გაცნობას, თანადგომას, მათთან დამეგობრებას ისახავდა მიზნად. საზოგადოების მთავარი პასუხისმგებლობის გაზიარება – ადამიანის მიმღებლობა და ტოლერანტული გარემოს შექმნაა. ამ პროექტმა მართლაც დიდი გამოცდილება შემძინა და, რაც მთავარია, პროექტის შემდეგაც გაგრძელდა ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებისა და მათი მეგობრობა.
პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს, მოსწავლეები აქტიურად რომ ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, პროექტის ფარგლებში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი ინტერესები და მათთან ერთად შევარჩიოთ განსახორციელებელი პროექტი, რომელიც მორგებული იქნება მათ სურვილებზე. ეს პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია. პროექტის დასასრულს, მოსწავლეები აჯამებენ პროექტის აქტივობებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, რა ისწავლეს ახალი, რაც მათთვის ბევრად უფრო საინტერესო პროცესია, ვიდრე გამოცდა. ამავდროულად, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად გაავრცელონ, გაუზიარონ და გადასცენ თანატოლებს.
პროექტული სწავლება – ეს არის მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელიც მოსწავლეს ამზადებს ახალი სასწავლო და ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის. მისცემს მას საგნობრივი ცოდნის ტრანსფერისა და გამოყენების ნამდვილ შესაძლებლობას.