მარინა დოლიძე
სსიპ ქალაქ ოზურგეთის №4 საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
პროექტული სწავლება თანამედროვე სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის მოსწავლეს კოგნიტური უნარების განვითარების ფართო შესაძლებლობას აძლევს, ეხმარება სწავლა-სწავლებისთვის საჭირო ძირითადი კომპეტენციების დაუფლებაში, კვლევითი ხასიათის დავალებების შესრულებაში, საგნობრივი ცოდნის გაღრმავებასა და ცოდნის ინტეგრაციაში, ხელს უწყობს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა და მისი შინაარსის გაანალიზებაში, პრობლემის გადაჭრის უნარის ჩამოყალიბებაში.
პროექტის მრავალი ფორმატი არსებობს, თუმცა ძირითადი კომპონენტები ყველასთვის საერთოა. პროექტი აუცილებლად უნდა მოიცავდეს: ზოგად ინფორმაციას პროექტის ავტორისა და შემსრულებლის შესახებ, პროექტის აღწერას, მიზანს, ამოცანებს, განხორციელების გზებს, მოსალოდნელ შედეგებს, მონიტორინგსა და შეფასებას. ამის ნიმუშად მინდა გაგიზიაროთ, ოზურგეთის №4 საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბ „ცისარტყელას“ ინიციატივით განხორციელებული, რამდენიმე პროექტი.
პროექტ „საგზაო უსაფრთხოების“ მიზანი იყო სკოლის მიმდებარე სამანქანო გზაზე არსებული პრობლემებისგან მოსწავლეთა დაცვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების სწავლება და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჩაატარეს ერთგვარი ადვოკატირების პროცესი, რათა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი დახაზულიყო და დადგმულიყო საგზაო ნიშანი. მიზნის მისაღწევად, კლუბის წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს მიმართეს, წერილი მისწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს. ამ ნაბიჯებს სწრაფად მოჰყვა რეაგირება – აღნიშნულ ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთათვის დაიხაზა „ზებრა“ და დაიდგა საგზაო ნიშანი, რითაც მოსწავლეთა უსაფრთხოება გაიზარდა. პროექტის განხორციელების პერიოდში მოსწავლეებმა რამდენიმე საინტერესო აქტივობა ჩაატარეს, მათ შორის, თემატური ტრენინგი; მოაწყვეს ვიდეორგოლების ჩვენება; ნახატების კონკურსი სახელწოდებით „გზაზე ბავშვები არიან!“. სტუმრად მოიწვიეს საპატრულო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მოსწავლეებს ესაუბრნენ, თუ როგორ უნდა აიცილოს გზებზე არსებული საფრთხე ფეხით მოსიარულემ და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის საგზაო ნიშნების ცოდნას, მათ დაცვას.
კლუბის წევრების მიერ კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდა. მაგალითად, „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. მოსწავლეები გაეცნენ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სილამაზის სალონების მუშაობას და ჰიგიენის საკითხებს, შემდეგ დაამზადეს ბუკლეტები მომხმარებელთა უსაფრთხო მომსახურების შესახებ და დაურიგეს მოსახლეობას.
პროექტით „აქტიური მოქალაქე“ სკოლაში არაერთი საერთაშორისო დღე (მსოფლიო მშვიდობის, გენდერული თანასწორობის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, ტოლერანტობის) აღინიშნა, მოეწყო ვიზიტი ოზურგეთის საკრებულოში. მოსწავლეებმა ჩაატარეს იმიტირებული საკრებულოს სხდომა, ადგილზე გაეცნენ თვითმმართველობის მუშაობის ფორმებს, საკრებულოს წევრების მოვალეობებს და მოქალაქეთა ჩართულობას.
პროექტის „არჩევნებში მონაწილეობა ჩემი პოლიტიკური უფლებაა!“ ფარგლებში, სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა. მასში ჩაბმული იყვნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. პროექტის შედეგად მათი ცოდნა, პოლიტიკური უფლებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ, კიდევ უფრო გაიზარდა.
სასწავლო წლის დასაწყისში, სკოლაში, ჩამოყალიბდა ახალი სამოქალაქო კლუბი „ახალგაზრდა მუშაკები“. დაიწყო ახალ პროექტებზე მუშაობა, უკვე ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, დავუმეგობრდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის წევრებს და, მათთან ერთად, დავათვალიერეთ თანამემამულის, შალვა რადიანის (შეწირული) სახლ-მუზეუმი, გაკეთდა პრეზენტაციები, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები პატრიოტულ თემაზე.
აღნიშნულმა პროექტებმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინათ, მონაწილეობა მიეღოთ სკოლისა და თემისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში, უკეთესობისკენ შეეცვალათ თავიანთი გარემო, შეხვედროდნენ გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო პირებს და, მათთან ერთად, განეხილათ ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ამრიგად, პროექტული სწავლება მოსწავლეებს მომავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. ეს არის გზა, ღირსეული ადგილი დაიჭირონ სამოქალაქო საზოგადოებაში და მონაწილეობა მიიღონ მშობლიური ქვეყნის განვითარებაში.