12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

პროექტული სწავლება – თანამედროვე განათლების მნიშვნელოვანი გამოწვევა

spot_img

ნინო ცეცხლაძე
სსიპ ქალაქ ოზურგეთის პირველის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

 

თანამედროვე მოსწავლეთა მუდმივ შეკითხვას და საფიქრალს – რატომ ვსწავლობ ამა თუ იმ საკითხს? როგორგამოვიყენო? რაში მჭირდება? – პასუხს მასწავლებელი სასწავლო პროცესში პროექტული სწავლების გამოყენებით გასცემს.

რატომ პროექტებით სწავლება? პროექტზე მუშაობის დროს, რეალური პრობლემის გადაჭრისას, მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში იყენებენ; პროექტებით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლის კვლევითი, შემოქმედებითი, ცოდნის ტრანსფერის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას; მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნის ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: პრობლემის იდენტიფიცირების, მიზნის დასახვის, დაგეგმვის, რეფლექსიისა და თვითანალიზის, პრეზენტაციის, ინფორმაციის მოძიების, კვლევის, შემოქმედებითი საქმიანობის, თანამშრომლობისა და სხვა. პროექტებით სწავლება ზრდის მოსწავლეთა პასუხიმგებლობასა და ჩართულობას სასწავლო პროცესში.

პროექტული სწავლების სახეები – პროექტმეთოდი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, პროექტული მუშაობა, პროექტ-გაკვეთილი და სხვ.

როგორ ავირჩიო თემა? საპროექტო თემა შესაძლებელია სცილდებოდეს სასწავლო პროგრამას და არჩევანი განპირობებული იყოს აღმზრდელობითი მიზნით, საზოგადოებაში/თაობაში არსებული პრობლემით, მოსწავლეთა ინტერესით.

პროექტზე წარმატებით მუშაობისთვის აუცილებელია:

♦ თანამშრომლობის კომპეტენცია, რაც აუცილებელია ჯგუფური პროექტების განხორციელებისთვის;

♦ ცოდნის ტრანსფერი – ერთ სიტუაციაში ნასწავლის სხვა სიტუაციაში გამოყენების უნარი;

♦ პასუხისმგებლობის კომპეტენცია.

შედეგები რეალისტური უნდა იყოს და პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე.

ჩემი პრაქტიკა – საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსწავლეები ყოველთვის ხალისით და პასუხისმგებლობით ასრულებენ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებს. რადგან დაწყებით კლასებს ვასწავლი, ძირითადად, მათთან მცირე პროექტებს ვახორციელებ.

მაგალითად, სულ ახლახან, ჩვენი სასკოლო პროექტის „ნუ მოჭრი, დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მოსწავლეებმა კოლხური ბზა მეორეული ნივთებისგან დამზადებულ ქოთნებში დააკალმეს, ქოთნები თავიანთი გემოვნებით გააფორმეს და ბზები საჩუქრად დაარიგეს. ამ აქტივობით მათ რამდენიმე კომპეტენცია განივითარეს, გამოიკვეთა საგანთაშორისი კავშირიც. გარდა იმისა, რომ გადაშენების პირას მყოფი მცენარე გაამრავლეს, ხელი შეუწყვეს ბიომრავალფეროვნების მოზიდვას; მეორეული ნივთების ხელახალი გამოყენებით, ისწავლეს, თუ როგორ მართონ ნარჩენები, ასევე, ხელოვნების გაკვეთილზე ნასწავლი ხაზები და ორნამენტები გამოიყენეს ქოთნების გაფორმებისას.

პროექტში დაგეგმილი აქტივობები თანხვედრაშია არამარტო ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან, არამედ ეკოლოგიურ წიგნიერებასთან, როგორც გამჭოლი კომპეტენცია. ასევე, მოსწავლეებს, ამ ქმედებით, ხალისით და მარტივად შევასრულებინეთ მდგრადი განვითარების მე-15 მიზნისთვის (დედამიწის ეკოსისტემები) საჭირო აქტივობა – დავიცვათ დედამიწის ეკოსისტემები და შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება.

თუ პროექტს საგაკვეთილო პროცესის ნაწილად ვაქცევთ, ხელს შევუწყობთ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და წარმატების განცდას, რაც სწავლა-სწავლების პროცესს უფრო სახალისოსა და სასარგებლოს გახდის.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები