ამა წლის 12 ივნისს , საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ საპრეზენტაციო დარბაზში, ჩატარდა საერთაშორისო პროექტის გამოფენა-პრეზენტაცია თემაზე: ქართულ-იაპონური კულტურის სინთეზი „ვეფხისტყაოსნსა“ და „სტუმარ-მასპინძელში“. პროექტის ხელმძვანელი იყო თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო ჯალაღონია.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდნენ თბილისის 141-ე საჯარო სკოლის VI და XI კლასების მოსწავლეები, ასევე, თბილისის 22-ე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ანდრია გაბუნია და თბილისის კერძო სკოლა „სადუნის“ XI კლასის მოსწავლე ლუკა ხუციშვილი.
პროექტული სწავლება კეთებით სწავლას გულისხმობს, რაც ეხმარება მოსწავლეებს, აქტიურად იყვნენ სწავლის პროცესში ჩართულნი, ე.ი. პროექტზე დაფუძნებული სწავლება აერთიანებს ცოდნას და კეთებას. მოსწავლე იყენებს ცოდნას – რაც უკვე იცის და სწავლობს პროექტში მონაწილეებისგან ახალს, ცდილობს იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზები. ის ავითარებს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარს, კრიტიკულ აზროვნებას. მისი გამოყენება სწავლების დროს ქმნის საინტერესო სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის.
პირველად, 141-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდა იაპონელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი და მთარგმნელი იასუჰირო კოჯიმა. ინოვაციურ პროექტს დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით, შესაძლებლობა მიეცათ მოსწავლეებს, დიდი აუდიტორიის წინაშე კიდევ ერთხელ წარმოედგინათ ინოვაციური პროექტი.
XI და VI კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა“ და ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის“ რამდენიმე თავის შესწავლის შემდეგ, საკვანძო ეპიზოდები ნახატებით გააშუქეს და შთამბეჭდავად წარმოადგინეს დიდი აუდიტორიის წინაშე.
აღსანიშნავია, რომ ამავე ინოვაციურ თემატიკაზე, 24 ივნისს, ვარკეთილის მედიათეკაში, ლიტერატურული ვორქშოპი ჩატარდა, სახელწოდებით: „მანგა სასწავლო პროცესში“.
ვორქშოპის მიზანი იყო მოსწავლეებში აკადემიური მიღწევის გაუმჯობესება, ახალი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენა, განსხვავებული კულტურების გაცნობა და საერთოს აღმოჩენა, სკოლაში მიღებული ცოდნის გამყარება, დამოუკიდებლად აზროვნების უნარის გაუმჯობესება, „ვეფხისტყაოსნისა“ და „სტუმარ-მასპინძლის“ შინაარსის ვიზუალურად გააზრება, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება და სხვა.
მონაწილეები ჩაერთვნენ ინოვაციურ აქტივობაში, რომელიც მოიცავდა იაპონური მანგის ლიტერატურაში გამოყენების სპეციფიკასა და პრაქტიკულ სამუშაოებს.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ მიზანია მრავალფეროვანი და ხარისხიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შეთავაზება ყველა ასაკისა და განსხვავებული ინტერესის მქონე მომხმარებლისთვის. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ფილოლოგ ნინო ჯალაღონიას მიერ, ვარკეთილის მედიათეკაში ჩატარებული ლიტერატურული ვორქშოპი.
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია ახალი მეთოდის შესახებ, ჯგუფურ მუშაობაში ჩაერთვნენ, შექმნეს პროდუქტი, წარმოადგინეს პრეზენტაცია.
ვორქშოპის ბოლოს, მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობა იყო ძალიან საინტერესო, ინოვაციური, მამოტივირებელი და ინტერაქტიული.
დაბოლოს, ამა წლის 26 ივნისს, თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო ჯალაღონია, განსაკუთრებული ღვაწლის გამო, ინოვაციური მეთოდების სასწავლო პროცესში შემოტანა-დანერგვის, ნიჭიერი მოსწავლეების შემოქმედების აღმოჩენისა და საერთაშორისო მასშტაბით მათი სახელის პოპულარიზაციისათვის „მადლობის სიგელით“ დაჯილდოვდა.
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მედალოსანი მოსწავლეების, წარმატებული დირექტორების და განსაკუთრებული ღვაწლის მქონე მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ:
- გიორგი ვოლსკი – საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის წევრი;
- გივი ჩხარტიშვილი – თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“ – ფრაქციის თავჯდომარის მოადგილე;
- ირმა ზავრადაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“ – ფრაქციის თავჯდომარის მოადგილე;
- ირაკლი მეძმარიაშვილი – პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე;
- ვლადიმერ ძნელაძე – დიდუბის რაიონის გამგებელი.
ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, პარლამენტარები, ცნობილი ბიზნესმენები, სპორტსმენები, მომღერლები. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა. საღამო ბენდის „Spam Jam”კონცერტით დასრულდა.
ვულოცავთ, ქალბატონ ნინოს ამ დიდ გამარჯვებას!