აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში, მიმდინარეობს პროექტი „ხეზე მხატვრული კვეთა“, რომელშიც სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობენ.
ისინი წარმატებით ეუფლებიან ხის მხატვრული დამუშავებისა და ხეზე კვეთის პროფესიის პირველად უნარ-ჩვევებს.
სასწავლო კურსი ორეტაპიანი და ხეზე კვეთის ორი სახეობის – გეომეტრიული და ფოთლოვანი კვეთის დაუფლებას გულისხმობს.
პირველ ეტაპზე, პროექტის მონაწილეები გაეცნენ თეორიულ მასალას, რომელიც მოიცავდა გეომეტრიული ორნამენტების ხატვას ფურცელზე, ორნამენტების გადატანას ხის მერქანზე და ესკიზების შექმნას; მეორე ეტაპი რთულ ორნამენტებზე გადასვლას და ფოთლოვანი ორნამენტის ჭრას ითვალისწინებს.
პროექტი აფხაზეთის №3 საჯარო სკოლასა და კოლეჯ „მერმისს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს და სკოლებში პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერას ემსახურება.