დღეისათვის, „ახალი სკოლის მოდელის“ პილოტირებაში 165 საჯარო სკოლაა ჩართული. როგორც განათლების სისტემაში გატარებულ ყველა რეფორმას, ამ მოდელსაც ორი ძირითადი მიზანი აქვს: სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლაში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც კარგი ადამიანისა და მოქალაქის აღზრდას შეუწყობს ხელს. ყურადღება გადატანილია ხარისხობრივ სწავლებაზე და არა – რაოდენობრივზე, გააზრებულ ცოდნაზე და არა – დამახსოვრება-დაზეპირებაზე. მოსწავლე მსჯელობს, ასაბუთებს, ეძებს არგუმენტებს და გამოაქვს დასკვნა; მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის პრინციპები, ურთიერთსაპირისპირო აზრების გაცვლა, ერთმანეთის მოსმენა, სხვისი აზრის გაზიარება – სწორედ ამ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან ბავშვები.
ახალი მოდელის ერთ-ერთი მიზანი, ასევე, სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება და 21-ე საუკუნის ბავშვების კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილების სასწავლო პროცესში გამოყენებაა. ახალი სკოლის მოდელი ხელს უწყობს მიზანზე ორიენტირებულ სწავლებას და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დროში შეუზღუდავად დაგეგმოს საგაკვეთილო აქტივობები.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად, იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა, სადაც „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება და ამ მოდელის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ განათლების სისტემამ, XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად, შესაბამისი ცოდნა უნდა მისცეს მოსწავლეებს, ამისათვის კი გარდაუვალია საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა. აუცილებელია სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა უნდა იყოს, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება. „ამ მიზნის განხორციელება კი პედაგოგის გარეშე შეუძლებელია, რეფორმის მთავარი ძალა მასწავლებელია, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა, – პროექტის მიმდინარეობის პროცესში დირექტორთა და პედაგოგთა მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი კარგი შედეგის მიღწევა. მინდოდა მეთხოვა, რომ თქვენც იგრძნოთ პასუხისმგებლობა, ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, ამავე დროს, მოვითხოვთ, რომ 165-ივე სკოლის თითოეულ კლასში თითოეული ბავშვის დონეზე დავინახოთ შედეგი. ერთად უნდა დავამტკიცოთ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია.“
მინისტრმა აღნიშნა, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ რეფორმის მთავარი ღერძია, მას ალტერნატივა არ აქვს და ამ პროექტის წარმატებაზეა დამოკიდებული რამდენად წარმატებული იქნება მიმდინარე რეფორმა. „ვერც სახელმძღვანელოები, ვერც გარემონტებული კედლები რეფორმის წარმატებას ვერ განაპირობებს. რა თქმა უნდა, ესეც აუცილებელია და მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ პილოტირების შედეგი გვქონდეს 100%-იანი. არ უნდა დავიზაროთ და ყოველდღიური შრომით ეს ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ.“
მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ აღნიშნა: „თუ სკოლის ბაზაზე არ მოხდა ინტერვენცია და არ ვიმოქმედეთ საკლასო ოთახის დონეზე, წლების განმავლობაში მხოლოდ ტრენინგების ჩატარებამ, ვხედავთ, რომ ცოტათი წაგვწია წინ და ამდენი დასაკარგი დრო კი ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ, თქვენთან ერთად, ისტორიულ პროცესში ვართ არა მხოლოდ კონკრეტულად ამ პროექტის მიმართულებით, არამედ ზოგადად იმიტომ, რომ ეს მასშტაბური პროცესია. ერთად დიდი საქმეების კეთება შეგვიძლია.
კარგად ვაცნობიერებთ თქვენს კომპლექსურ და მნიშვნელოვან როლს. პროექტის ფარგლებში დავინახეთ, რომ ის სკოლა, სადაც დირექტორი მოტივირებულია და ძალიან სწორად აკეთებს აქცენტს თავის გუნდზე, ბევრად უფრო წარმატებულია. დირექტორს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მას ჰქონდეს წამყვანი როლი მოწაფეების ორგანიზებასა და ამ პროცესების თან მიყოლაში. არ გვინდა, დირექტორი ცალკე დარჩეს და სამინისტროს გუნდი (კოორდინატორი თუ ექსპერტი) იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც სკოლაში ხდება. თუ რაღაც არ გამოდის, ეს დირექტორმა მყისიერად უნდა იგრძნოს, განიხილოს ჩვენს ჯგუფთან და ერთად იმსჯელონ, რა განსხვავებული მიდგომებია საჭირო.
ყველა სკოლა ინდივიდუალურია, სხვადასხვანაირი კულტურაა, განსხვავებული თემი და შესაბამისად, უნიფიცირებული მოდელები არ მუშაობს. სწორედ ამიტომაც ვახორციელებთ ამ პროექტს, რომ თქვენზე მორგებული მოდელი დაინერგოს სკოლაში. ღია ვართ თანამშრომლობისთვის. გაზაფხულისთვის, აუცილებლად წარმოგიდგენთ პილოტირების შედეგებს, როდესაც პირველ 50 სკოლაში კვლევის პროცესები დასრულდება. ვიცი, რომ უკვე მიიღეთ პირველადი შეფასების შედეგები, თქვენი სკოლების ინდივიდუალური პროფაილების მიხედვით, რომ ნახოთ, სად არის ჩავარდნები, რაზეც უნდა გააკეთოთ აქცენტი. დარწმუნებული ვარ, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ.“
მინისტრის მოადგილემ მცირე განმარტება გააკეთა მეოთხე-მეექვსე კლასების შეფასების კომპონენტზე და აღნიშნა, რომ სოციალურ მედიაში, ამასთან დაკავშირებით, იყო აზრთა სხვადასხვაობა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის გამოცდები და ამის გამო დირექტორები სკოლებიდან არ მოიხსნებიან (იყო ასეთი პრაქტიკა, გემახსოვრებათ), ეს არის შეფასება განვითარებისთვის, ერთგვარი დამატებითი ინსტრუმენტი. „პირველ ეტაპზე, ქართულსა და მათემატიკაზე ვსაუბრობთ, რაც საერთაშორისო გამოცდილებაა და ბევრ ქვეყანას მხოლოდ ამ ორ საგანში – მშობლიური ენა და მათემატიკა – აქვს შეფასებები. კვლევებით დადგენილია, რომ თუ ამ მიმართულებით კომპეტენციები მაღალია, მოსწავლეები სხვა საგნებშიც წარმატებულები არიან. ამიტომ, არავინ მიიღოს ეს, როგორც რომელიმე საგნის დისკრედიტაცია. შემდეგ ეტაპზე, ვფიქრობთ ანალოგიური შეფასება გავაკეთოთ მე-10 კლასში, ეს ალბათ უფრო 2021 წელს. ასე რომ, ესეც დამატებითი ინსტრუმენტი იქნება იმისთვის, რომ იგრძნოთ თქვენი მოსწავლეების სუსტი წერტილები და უკვე, ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტის ხელშეწყობით, გააუმჯობესოთ მათი შედეგები.“
დირექტორებს მიმართა, ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, თამარ ჯაყელმა, რომელიც, სიტყვის დასაწყისში, ერთ-ერთი ექსპერტის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა: „ორი-სამი დღის წინ დაიბეჭდა ერთ-ერთი ექსპერტის კომენტარი, რომელშიც უკმაყოფილებაა გამოთქმული, ასეთი მასშტაბური პროექტია და რა ცოტა ადამიანი მონაწილეობსო. ვსვამ კითხვას: რატომ თქვა მან ეს? ამ პროექტში ჩართული ვართ, სულ მცირე, 4 ათასი ადამიანი, რომლებიც ერთად ვმუშაობთ და, ფაქტობრივად, ყოველდღიურად მჭიდრო ინტერაქციასა და აზრების გაცვლა-გამოცვლაში ვართ. რატომ ეცოტავა ექსპერტს 4000 მონაწილე? იმიტომ, რომ აქამდე მასწავლებელი არ განიხილებოდა, როგორც რეფორმის წამყვანი ძალა, როგორც მოქმედი, მოაზროვნე სუბიექტი, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია დაგეგმოს და განახორციელოს ის რეალური ცვლილებები, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს სისტემას. „ახალი სკოლის მოდელის“ სიახლე სწორედ ის არის, რომ რეფორმის ბაზას საკლასო ოთახი და სკოლა წარმოადგენს, რომ რეფორმას ახორციელებენ მასწავლებლები, რასაკვირველია, ჩვენი მონაწილეობით. მათ ყოველდღიურ პრაქტიკაზე დაფუძნებით იქმნება და იხვეწება სწავლა-სწავლების ხელშემწყობი ინსტრუმენტები, მიდგომები, სასკოლო სასწავლო გეგმები თუ რესურსები. თქვენ იცით, რამდენი რამ შეიცვალა ამ ხნის მანძილზე. ესაა უპრეცედენტო შემთხვევა, როცა კვლევა-ძიებითი პროცესები მიმდინარეობს ოთხი ათასი ადამიანის მონაწილეობით – კვლევა-ძიებითი პროცესები, რომლებიც გვაჩვენებს, რა და როგორ შევცვალოთ. ჩვენ მასწავლებლებისგან ყოველდღიურად ვღებულობთ შენიშვნებს, კომენტარებს, რჩევებს და ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ეფექტიანი პლატფორმა სასკოლო კურიკულუმების გასავითარებლად, რადგან სანამ ჩვენი მასწავლებლები სხვის მიერ შემუშავებულ პროგრამებზე იქნებიან დამოკიდებულნი, ვითარება ვერ გამოსწორდება. ეს უნდა დამთავრდეს. თავად მასწავლებელი და სკოლის გუნდი უნდა იყოს სასწავლო გეგმის ავტორი, მისი დამგეგმავი და განმახორციელებელი. ის კალენდარული გეგმები, რომლებიც აქამდე იქმნებოდა, სრულიად ფორმალურად იწერებოდა და არაფერი ჰქონდა საერთო მოსწავლეთა განვითარების ცოცხალ პროცესთან. მართალია, მასწავლებლებს აქამდეც ვთხოვდით სასკოლო კურიკულუმის შემუშავებას, მაგრამ არ არსებობდა რაიმე პლატფორმა, რომელიც რეალურად დაეხმარებოდა მათ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შემუშავებაში. ამჟამად ყველანი ერთად ვქმნით სწორედ ამ პლატფორმას, რათა ყველა სკოლამ შეძლოს თავისი უნიკალური სასკოლო სასწავლო გეგმის შექმნა, ცხადია, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მხოლოდ სკოლის პრიორიტეტების, მოსწავლეთა საჭიროებების, ადგილობრივი სასკოლო თემის მოლოდინების, სკოლისა თუ ადგილობრივად ხელმისაწვდომი რესურსების გათვალისწინებით შემუშავებულ სასკოლო კურიკულუმს შეუძლია მოსწავლეთა გონებრივი რესურსების რეალურად ამოქმედება. სწორედ ასეთი პროცესები მიმდინარეობს დღეისათვის ჩვენს სკოლებში, რაც დიდი სიახლეა: შეცვლილია დამოკიდებულებები, წამყვან ძალას წარმოადგენენ მასწავლებლები და, რასაკვირველია, ამ მასწავლებლების ხელმძღვანელი დირექტორები.“
თამარ ჯაყელი ამბობს, რომ ეროვნულ ტრაგედიად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ათი ათასობით მოსწავლე ასრულებს სასწავლო წელს, მაგრამ, ამის მიუხედავად, სწავლის პროცესის განმავლობაში, აუთვისებელი რჩება მათი გონებრივი რესურსები, ატროფირებული რჩება მათი სააზროვნო უნარები და მაღალი შესაძლებლობები. ამას ადასტურებს ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებათა შედეგები. ეს შემდგომში გვაძლევს ატროფირებულ საზოგადოებას, თავისი უამრავი პრობლემით – არარეალიზებული ადამიანებით, არასრულფასოვნების განცდით, დათრგუნული ენერგიებითა თუ შესაძლებლობებით, რომლებიც უხეშ და აგრესიულ ძალებად გარდაიქმნება. „თუ სკოლას ვერ გადავაქცევთ მოზარდების შემეცნებითი და შემოქმედებითი ძალების ასპარეზად, თუ მომდევნო 10 წელიწადში ვერ შევცვლით ამ ვითარებას, ჩვენი ერი ვერ გაუძლებს იმ ზეწოლასა და გამოწვევებს, რომლებიც თითოეული ქვეყნის წინაშე დგას თანამედროვე ეპოქაში.
მსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო დირექტორების როლი. ცოტა კრიტიკული ვიქნები და გეტყვით, რომ შესანიშნავად ვამჩნევთ მასწავლებელთა გუნდის მუშაობაზე, თუ რამდენად გულითადად არის ჩართული დირექტორი მიმდინარე პროცესებში. დირექტორი არის მაგალითი, ერთგვარი ქცევის მოდელი. მასწავლებლები მშვენივრად გრძნობენ, მნიშვნელოვან საქმედ მიაჩნია თუ არა დირექტორს ეს პროექტი. შესაძლებელია ზოგმა იფიქრა, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ ერთ-ერთი დროებითი პროექტია სხვა მრავალ პროექტებს შორის, მაგრამ ეს ასე არ არის. „ახალი სკოლის მოდელი“ არის წამყვანი პროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს ჩვენი მომავალი, ესაა გზა თავისუფლებისაკენ და ჩვენ ვხედავთ, ნელ-ნელა როგორ თავისუფლდება მასწავლებლების შემოქმედებითი ძალები, როგორ ემატებათ მათ თვითრწმენა, როგორ „იხუნძლებიან“ ისინი ახალ-ახალი იდეებით – შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი კვირტებია. ცხადია, ყველგან ერთნაირი მდგომარეობა არ არის, მაგრამ იმ სკოლებში, სადაც დირექტორი გულწრფელადაა ჩართული საქმეში, პროცესები დინამიკურად მიდის.“
მან მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ სკოლებს, მასწავლებლებს, მხარდამჭერი გუნდების წევრებს, კოლეგებს. „დიდ იმედს მაძლევს ის მრავალი „აღმონაცენი“, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესებში ვხედავ, ჩვენი მასწავლებლებისა და „ქოუჩების“ გულებში. ეს მართლაც ისტორიული პროცესია, მთავარია, ყველამ შევძლოთ ამის გაცნობიერება“.
დირექტორებისა და პედაგოგების დაინტერესება ახალი სკოლის მოდელის მიმართ საკმაოდ მაღალია. იმ სკოლებში, სადაც უკვე შედეგი სახეზეა, თვისობრივი ცვლილებები მოხდა – მოსწავლეზე ორიენტირებამ, გუნდურმა მუშაობამ და მასწავლებლებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებამ შედეგი გამოიღო და მოსწავლეთა, თითქმის, 100% ჩართულია სასწავლო პროცესში.
სოფიო კალანდია, 45-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ამბობს, რომ ეს პროგრამა პირდაპირ პასუხობს 21-ე საუკუნის გამოწვევებს, ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას, არგუმენტირებულ მსჯელობას და დასაბუთებას ასწავლის მოსწავლეებს. „ამ პროექტში თითოეული მასწავლებელია ორგანიზატორი და დამგეგმავი ამ ყველაფრის. ჩვენ, გუნდთან ერთად, აქტიურად ვმონაწილეობთ „ახალი სკოლის მოდელის“ შექმნაში. მე, როგორც მასწავლებელს, ამ პროექტმა საშუალება მომცა, რომ დროში შეუზღუდავად ვიმუშაო ბავშვებთან. რას ნიშნავს ეს? ადრე თუ, ერთ ტექსტს 2-3 გაკვეთილი ეთმობოდა, თემატური გეგმის მიხედვით, ახლა, დაახლოებით, ათი გაკვეთილი მაინც მაქვს ამისთვის. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? კლასში თითქმის აღარ გვყავს ე.წ. „ჩამორჩენილი“ ბავშვები იმიტომ, რომ ყველას ეძლევა საშუალება, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიიღოს მონაწილეობა საკლასო აქტივობებში. შედეგებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ თითოეულ გაკვეთილზე ჩანს, რომ ეს ბავშვები ერთი ნაბიჯით წინ არიან, ვიდრე წლების წინ ან თუნდაც გუშინ იყვნენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება სახელმძღვანელოებს ეხება. მასწავლებლები მუდმივად ვგრძნობდით გარკვეულ დისკომფორტს, რომ მიჯაჭვულები ვიყავით სახელმძღვანელოებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ მოგვწონდა იქ რაღაც ტექსტი ან გამოყენებული მეთოდიკა, რომელიც გარკვეულ უნარების განვითარებაზე მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდა. ამ პროგრამამ მოგვცა საშუალება, რომ გაკვეთილებზე ნებისმიერი ჩვენთვის სასურველი ტექსტი შევიტანოთ, და რაც მთავარია, ისე დავამუშაოთ, რომ ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს 21-ე საუკუნეში საჭირო უნარების განვითარებაში.
რაც შეეხება კომპლექსურ დავალებებს (კომპლექსური დავალება გულისხმობს შემეცნებით-შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას), თუ ადრე, როგორც მასწავლებელს, ნებისმიერი აქტივობა შემქონდა გაკვეთილზე და ვამუშავებდი, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლებად ეფექტური იყო და რატომ? იმიტომ, რომ არ ვიცოდით, რატომ ვაკეთებდით ამ ყველაფერს. ამ პროექტმა საშუალება მოგვცა, თითოეული აქტივობა დაგვეკავშირებინა გრძელვადიანი მიზნებისთვის, დამანახა იმის საჭიროება, რატომ ვაკეთებ ამას. ასეთი გააზრებული მიდგომები, რა თქმა უნდა, მეტ შედეგს იძლევა ბავშვებთან. მასწავლებლებს ყოველი გაკვეთილი ერთობლივად გვაქვს დაგეგმილი. აქ არ არის მხოლოდ ერთი მასწავლებლის აზრი გადამწყვეტი. ამ ყველაფრიდან ძალიან დიდ შედეგს ველოდებით.“
58-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის, ხათუნა წიკლაურის აზრით, მოდელმა მასწავლებლების უნარების შეცვლა-ფორმირება განაპირობა. პრაქტიკულად შეუძლებელია, 21-ე საუკუნის უნარებზე გაიყვანო ბავშვები, ასწავლო, თუ შენ თვითონ არ ფლობ ამ უნარებს. „მხოლოდ დაგროვილი თეორიული ცოდნის გარდა, კონკრეტულად თითოეულ ბავშვზე გადის კომპლექსური დავალება, მათი პიროვნების გავლით ხდება კონკრეტული თემის შემეცნება, რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით – ბავშვი იგებს რატომ უნდა ისწავლოს ესა თუ ის თემა, თუნდაც გრამატიკა ან მათემატიკა, ნებისმიერი საგანი, რაში დასჭირდება, რაში გამოადგება. შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლების უნარების ფორმირება-შეცვლა იმიტომ მოხდა, რომ მოსწავლეებმა შეძლონ 21-ე საუკუნის უნარების ფლობა კომპეტენტურად, ისე, რომ კონკურენტუნარიან გარემოში ადაპტირდნენ და იყვნენ სრულფასოვანი მოქალაქეები.“
133-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ლიანა ფუტკარაძის შეფასებით, ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრამაა, რადგან სასწავლო პროცესში მთლიანად მოსწავლეზეა აქცენტი, აქტიური გახდა სააზროვნო უნარებზე ორიენტირება. „ალბათ, პირველად საგანმანათლებლო ისტორიაში, მასწავლებლებმა, სასწავლო პროცესის დასრულებისას, თვითონ შექმნეს, მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად, სასკოლო კურიკულუმები, რომლებიც არის, ისევ და ისევ, გააზრების პროცესზე ორიენტირებული. მათ თვითონ შექმნეს მატრიცები (ერთი მატრიცა გულისხმობს ერთ სასწავლო თემატურ ერთეულს. ასეთი ერთეულებისგან შედგება საგნობრივი სასწავლო გემგა). მასწავლებლები უკვე აღარ არიან იმაზე აქცენტირებულები, რაც შეიძლება მეტი ტექსტი გაიარონ გადარბენით, მთელ ყურადღებას და აქცენტს იმ კონკრეტული უნარების განვითარებაზე აკეთებენ, რაც კონკრეტულ მოსწავლეს ნებისმიერი ტექსტის გააზრებისთვის გამოადგება, ნებისმიერ ვითარებაში. თითოეულ მოსწავლეზე ხდება ორიენტირება სასკოლო სივრცეში და თითოეულს ეთმობა დრო. მასწავლებელი აღარ არის წამებში და ჩარჩოებში ჩასმული და ამან უკვე სერიოზული შედეგებიც დაგვანახა – ადრე თუ იყვნენ ბავშვები, რომლებიც საერთოდ არ გამოხატავდნენ საგაკვეთილო პროცესებში ჩართვის ინიციატივას, ახლა ისინი უკვე, ფაქტობრივად, ნაშრომებს წერენ და წარმატებით არიან ჩართულები სასწავლო პროცესში, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს მასწავლებლებსაც.
ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინები, რომ თითოეული ჩვენი კურსდამთავრებული იქნება ძალიან წარმატებული, რეალიზებული მოქალაქე და თავის სათქმელს იტყვის მომავალში. მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ მოგვეცა ამ მეტად მნიშვნელოვან, საინტერესო და საჭირო პროექტში ჩართვის შესაძლებლობა.“
სოფო ომიაძე, თბილისის 129-ე საჯარო სკოლის პედაგოგი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პედაგოგებს უფრო მეტი ნდობა გამოუცხადა. თუ აქამდე მათ ჰქონდათ განსაზღვრული სახელმძღვანელოები, თემატიკა, ამ შემთხვევაში, სასწავლო კურიკულუმებს თავად ადგენენ. შესაბამისად, შემდეგ მათთვის უკვე დაგეგმვის პროცესიც უფრო საინტერესო ხდება. „ხელს ვუწყობთ ინტერაქციას, უფრო მეტად გუნდურად ვმუშაობთ, ყველანი ჩართულები ვართ, ერთმანეთს ვუცვლით აზრს, შემდეგ, როდესაც მატრიცას სისრულეში მოვიყვანთ, ვფიქრობთ, რამ იმუშავა, რამ არ იმუშავა კარგად, რომელი მეთოდი გამოგვადგა, რომელი – არა. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა უნდა, ზოგთან ერთი შეიძლება იყოს ეფექტური, მეორესთან – სხვა, მაგრამ გარკვეულ შეჯერებას ვაკეთებთ, მივდივართ ერთ კონკრეტულ დასკვნამდე. ეს მსჯელობა ერთმანეთთანაც გვაახლოებს კოლეგებს და მეთოდურადაც უფრო მეტად ვიზრდებით, როგორც პროფესიონალები.
აღმოჩენებსაც კი ვაკეთებთ. პირადად მე, ქართულის გაკვეთილზე დამესწრნენ და შემდეგ, როცა მათემატიკაზეც უნდა დამსწრებოდნენ, მივხვდი, რომ ქართულის მეთოდი ძალიან გამომადგებოდა და მოდიფიცირებული სახით მათემატიკასაც მოვარგე. ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო და დავინახე, რომ ეს იყო ჩემი პროფესიული ზრდა.
რაც შეეხება ბავშვებს, უფრო მეტად თავდაჯერებულები გახდნენ, იციან, რომ ეს შეუძლიათ, ამას გააკეთებენ. თუ კონკრეტული მოსწავლე ვიღაცის ტემპს ვერ ეწეოდა, ამ შემთხვევაში, მას უფრო მეტი დრო აქვს სამუშაოდ. საწყის ეტაპზე, გარკვეული უკმაყოფილება იყო როგორც მშობლების, ასევე მასწავლებლების მხრიდანაც – ასეთი პრობლემა და შეკითხვა ჩნდებოდა: მე თუ სუსტ მოსწავლესთან (ვისაც ნაკლები აკადემიური მოსწრება აქვს) დიდხანს გავჩერდი, მაშინ ძლიერთან რა ვქნა? დროის ულიმიტობა გვაძლევს შესაძლებლობას, ყოველი ბავშვის ინდივიდუალიზმს, თავისებურებებს მოვარგოთ მეთოდი და შევურჩიოთ აქტივობა. ხაზგასასმელია, რომ ეს ბავშვს თავდაჯერებულობას მატებს.“
სოფო ომიაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ამ პროექტმა მშობლების ნდობაც გაზარდა და სასწავლო პროცესში ჩართულობაც. როდესაც პირველად მისცა სახლში კომპლექსური დავალება, ახსოვს მშობლების სიხარული – რა საინტერესო დავალება იყოო. რა თქმა უნდა, ისინი სწავლის პროცესში არ ერთვებიან და გაფრთხილებულიც არიან, რომ უბრალოდ თვალი ადევნონ შვილებს. მასწავლებლებიც, საგაკვეთილო პროცესში, მხოლოდ გეზის მიმცემები არიან, წამყვანი არის მოსწავლე. ამან მშობლებში ინტერესიც გაზარდა და ნდობაც როგორც მასწავლებლის მიმართ, ასევე სწავლების ხარისხთან დაკავშირებითაც. ამბობს, რომ საგაკვეთილო პროცესში უფრო მეტი ისტ-ის გამოყენება შეიძლება, რაც მთავარია, ყველა ამ უნარის განვითარებამ რეალურად თანამედროვეობას უნდა მოარგოს ბავშვები. „ვფიქრობ, შედეგი იქნება ძალიან კარგი.“ – აცხადება სოფო ომიაძე.
თბილისის 82-ე საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, თამილა აბესაძის აზრით სასწავლო პროცესი ბევრად უფრო ორგანიზებული გახდა. „მატრიცებმა საშუალება მოგვცა, რომ ძალიან ბევრი ვიფიქროთ თვითონ კომპლექსურ დავალებაზე, რომ მოსწავლემდე მივიტანოთ დახვეწილი, მრავალ შედეგზე ორიენტირებული, მიზანმიმართული აქტივობები. ყველაზე მეტად რაც მომწონს მატრიცაში, არის ის, რომ მოგვცა თავისუფლება, არ ვართ შეზღუდულები, უშუალოდ წიგნს არ მივყვებით. მასწავლებელს შემოქმედებითი უნარების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებიც ასევე არიან ჩართული. ძალიან კარგად არის გამოყენებული კომპიუტერული ტექნოლოგიებისადმი მათი მიდრეკილება იმიტომ, რომ გაკვეთილზეზუსტად საინტერესოს, სასარგებლოს და ინტერესის სფეროს ვუკავშირებთ ერთმანეთს, რაც ნამდვილად ძალიან დიდი შედეგის მომტანია.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარდა თანამშრომლობითი კულტურა, მატრიცებზე ერთობლივად ვმუშაობთ პარალელური საგნის მასწავლებლები, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ სისტემური ხასიათი მიიღო – შეიძლება არც იყო გაკვეთილზე და შემცვლელმა მასწავლებელმა ისევე ჩაატაროს გაკვეთილი, როგორც შენ ჩაატარებდი, რადგან კომპლექსური დავალება დეტალურადაა გაწერილი და მოსწავლეს ჩავარდნის, ტყუილად ჯდომის, პროცესებს მიღმა დარჩენის საშუალებას არ აძლევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა „ახალი სკოლის მოდელის“, ჩემი ბრძოლის ველი აქ არის და ჩემი წილი საქართველო ამ პროექტით უნდა შევცვალო.“
♦ ♦ ♦
რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა, „ახალი სკოლის მოდელი“ საქართველოს სავიზიტო ბარათიც კი გახდეს, ისეთივე, როგორიც, მაგალითად, ფინური სკოლაა. დღეს, პროექტში ჩართული მასწავლებლებისა და დირექტორების განწყობა საკმაოდ ოპტიმისტურია, სჯერათ, რომ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწევენ. მაგრამ, როგორც ყველა სიახლეს, რა თქმა უნდა, „ახალი სკოლის მოდელსაც ჰყავს“ თავისი კრიტიკოსები. არ სჯერათ, რომ ეს რეფორმა ბოლომდე მივა. ამ უნდობლობასაც, ალბათ, გარკვეული საფუძველი აქვს, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთი ხმამაღალი განაცხადი მხოლოდ განაცხადად დარჩენილა. ამ შემთხვევაში, პროექტის ავტორების და პილოტირებაში ჩართული სკოლების განწყობა ერთსულოვანია, რომ ეს ისტორიული პროცესია და შედეგი საუკეთესო იქნება. როგორც თამარ ჯაყელი ამბობს, „ეს არის პროექტი, რომელმაც ჩვენი მომავალი უნდა შეცვალოს“.
ლალი თვალაბეიშვილი