19 ივლისი, პარასკევი, 2024

პროექტი „გოგონები აფხაზეთიდან“ გამარჯვებულია

spot_img

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ღონისძიება „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია დაესწრო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა. მინისტრმა მშვიდობის საერთაშორისო დღისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ, მათ შორის, მშვიდობის მშენებლობისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას. თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ სამ ნომინაციაში: „საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“, „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ და „საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი“ გამარჯვებული ახალგაზრდები მილენა აჟიბა, ნინო პაპავა, დაურ ბუავა და ნინო რიგვავა დააჯილდოვა.

ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ გამარჯვებული აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი „გოგონები აფხაზეთიდან“ გახდა. პროექტი აფხაზი და ქართველი გოგონების მეგობრობას და საქართველოში მოგზაურობას ეხება. მილენა აჟიბა ეთნიკური აფხაზია, ნინო პაპავას ოჯახიც აფხაზეთიდან არის დევნილი, თუმცა ორივე გოგონა ომის შემდეგ რუსეთში დაიბადა. გოგოები საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდნენ.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 3000 ლარის ოდენობის პრემია გადაეცა. ამასთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა „საუკეთესო სამშვიდობო იდეის“ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის მხარდაჭერის ინიციატივა გამოხატა, ხოლო ევროპის საბჭოს ხელშეწყობითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.


მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმსარულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდები გრძელდება

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები