ვაგრძელებთ საუბარს პროექტებზე. წინა ორი წერილი მიეძღვნა მოქალაქეობასა და მუსიკაში გასახორციელებელ პროექტებს, დღეს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაზე ვისაუბრებთ. ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი ნიკო სილაგაძე და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ექსპერტი, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სპეციალისტი ბუბა ოჩიაური განმარტავენ როგორც პროცესის ადმინისტრირებასთან, ისე მის შინაარსსა და მიზნობრიობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ნიკო სილაგაძე: ჩვენი საუბრის თემა ძალიან საინტერესო, ახალ, ერთგვარი იდუმალებით მოცულ საგანს ეხება იმიტომ, რომ მასწავლებელთა შორის ბევრი კითხვაა დასმული და ჩვენც შევაგროვეთ ეს კითხვები. პრინციპში, ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, როგორც პროცესის ადმინისტრირებასთან, ისე მის შინაარსთან, მიზნობრიობასთან დაკავშირებით. მე მგონი, ჯობია, პრაქტიკული მაგალითებით დავიწყოთ — კონკრეტული მაგალითის საფუძველზე, როგორ შეიძლება განხორციელდეს და რა შეიძლება იყოს ეს პროექტი.
ბუბა ოჩიაური: რადგან სამოქალაქოზე და მუსიკაზე თქვენ უკვე ზოგადად ისაუბრებდით, როგორ არის ორგანიზებული ამ პროექტების განხორციელება. ჩვენ, პრინციპში, ერთ მდგომარეობაში ვართ. ამდენი წლის მანძილზე, პირველად შემოვდივართ მეათე და მეთერთმეტე კლასში, საშუალო საფეხურზე, პროექტების სახით — მუსიკა, სამოქალაქო განათლება და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. რაც შეეხება ზოგად პრინციპს ამ პროექტებისას, ძალიან კარგი წამოწყებაა და რამდენადაც ჩვენ ვიცით, მასწავლებლებიც ძალიან კმაყოფილი არიან იმიტომ, რომ ხელოვნება მხოლოდ არჩევითი საგნის სახით იყო საშუალო საფეხურზე და ახლა უკვე პროექტის სახითაა წარმოდგენილი. ეს სავალდებულო პროექტებია, რომელიც მეათე და მეთერთმეტე კლასებში უნდა განხორციელდეს, სულ ორი პროექტი, თითო პროექტის ხანგრძლივობაა ერთი სემესტრი. ვიმეორებ, რომ პროექტი სავალდებულო ხასიათისაა.
მეორე, რაც გვინდა ვთქვათ და რაც ძალიან კარგია, არის ის, რომ შეიქმნა არაჩვეულებრივი რესურსი. თუკი მასწავლებლებს დასჭირდებათ დამატებითი რესურსით სარგებლობა, არ გაუჭირდებათ მოძიება, რადგან უკვე არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელო მათ დასახმარებლად. რაც შეეხება თვითონ შინაარსობრივ დეტალებს, ფაქტობრივად, პროექტები შეიძლება განვიხილოთ, როგორც კომპლექსური დავალების პრინციპით შედგენილი სასწავლო ერთეული, რომელიც უფრო დიდ ბიჯს გულისხმობს. რას ნიშნავს ეს? წინა წლებში შეძენილი ცოდნა რეალურად ჯამდება და მოსწავლეს, უკვე საშუალო საფეხურზე, სხვა რაკურსით, სხვა კონტექსტში შეუძლია განიხილოს. აქ ძალიან კარგი იქნება (სავალდებულო სახით ამას ჩვენ ვერ ვამბობთ, მაგრამ სასურველია, რეკომენდაცია რომ იყოს) სხვა საგნებთან ინტეგრირება იმიტომ, რომ ამ საფეხურზე მოსწავლემ უკვე უნდა გააკეთოს ბმები სხვა საგნებთან და მთლიანად სამყაროში მიმდინარე პროცესებთან. კიდევ უფრო ჩაღრმავებულად და კონკრეტული პროექტების მაგალითზეც მოგახსენებთ ამას. პრინციპი არის შეძენილი ცოდნის შეჯამება და ახალ რეალობაში გადატანა.
ნ.ს.: აქ რამდენიმე საკითხია, რომელიც უნდა განვმარტოთ, რა არის ეს სხვა რაკურსი და სხვა მასშტაბი.
ბ.ო.: ერთ-ერთი რაკურსი შეიძლება, თუნდაც, ასეთი იყოს — ამ პროექტებს რომ გაივლიან, მოსწავლეებმა შეიძლება სულ სხვა რაკურსით დაინახონ საკუთარი თავი, საკუთარი პროფესია, რა გზას დაადგნენ ცხოვრებაში. ეს ერთი მხარეა; მეორეა, რომ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომპლექსური დავალება თუ ნებისმიერი წინა საფეხური, მჭიდროდაა დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან და პირად გამოცდილებასთან. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ბევრად უფრო რეალურად, პროფესიებთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან დააკავშირონ, როგორც მომავალთან, ამ რაკურსითაც შეხედონ. ამას გარდა, პროექტებში სხვა საგნებთან ინტეგრაციაც ბევრად უფრო სიღრმისეულად შეიძლება დავინახოთ. კონკრეტულ მაგალითზე უფრო კარგად აღვიქვამთ. განვიხილოთ, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის კვლევა. პროექტის მიზანია საქართველოს რომელიმე კუთხის ან რეგიონის კულტურის კვლევა. ეს, ერთი მხრივ, ძალიან მოსახერხებელია, მაგალითად, რეგიონებში, რაიონებში, რადგან საქართველო ძალიან მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და ძალიან თავისუფლად განხორციელებადია ნებისმიერ კუთხეში, სადაც არ უნდა აღმოვჩნდეთ. მოსწავლემ უნდა გამოიკვლიოს იქ არსებული ძეგლები (სახვითი ხელოვნების ნებისმიერი დარგის ნიმუში იგულისხმება).
როგორ შეიძლება შემოვიდეს ამ პროექტში სხვა საგნები? მაგალითად, მუსიკამ შეიძლება თავისი კუთხით ჩაატაროს კვლევა — ფოლკლორი; ქართულმა ენამ და ლიტერატურამ შეიძლება ეთნოგრაფიული კუთხით შეაგროვოს საკვლევი მასალა; აქ ისტორია შემოდის ძალიან საინტერესო კუთხით იმიტომ, რომ არ არსებობს არც ერთი კუთხე, რომლის განხილვაც არ შეიძლებოდეს ისტორიის ჭრილში; გეოგრაფიამ კი, სწორედ იმ ადგილ-მდებარეობის, დაბის, რომელ კუთხესაც იკვლევს პროექტი, გეოგრაფიულ ჭრილში განხილვა სცადოს; ეს კვლევა საინტერესო იქნება უცხოური ენებისთვისაც იმიტომ, რომ ამ პროდუქტს შეიძლება მერე ტურისტული ბუკლეტის სახე მიეცეს და ტექსტი სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს, კულტურის პოპულარიზაციის კუთხით. ამ შემთხვევაში, შეიძლება გეოგრაფიამ ტურისტული მარშრუტებიც განსაზღვროს. აღარ ვსაუბრობ ხელოვნებაზე, ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ ბუნებრივად შემოდის ყველა სხვა საგანი. შეიძლება სპორტიც შემოვიდეს, დავუშვათ რაღაც ტურისტული მარშრუტი სპორტული კუთხით და ა.შ.
ნ.ს.: ეს ყველაფერი, თვითონ იდეა, მიზნობრიობა და პერსპექტივა გასაგებია, მაგრამ ყოველდღიურ საკეთებელში, სკოლის ყოველდღიურ რუტინაში რომ ჩავსვათ, თუ სწორად მესმის, პროექტის არჩევა სემესტრის დასაწყისში მოხდება, თემატიკა ალბათ მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ხელოვნების ძეგლებია და კულტურის ძეგლებია, შეიძლება სხვა სფეროსაც ეხებოდეს, იმავე კულტურის ძეგლებთან მიმართებით. შესაძლოა ხელოვნების რაღაც სტილის შესწავლა იყოს ან კიდევ რაღაც სათქმელის თვითგამოხატვა…
ბ.ო.: დავუშვათ, ხელოვნების რომელიმე დარგი, რომლითაც ის კუთხეა ცნობილი, მაგ.: ხეზე კვეთა ან სხვა. შეიძლება ინტერვიუს აღება, თუ დღეს მოქმედი ასეთი ოსტატი არსებობს…
ნ.ს.: იგივე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორც ფენომენი, რომელიც სხვადასხვა დისციპლინის კუთხიდან შეიძლება გაიშალოს. ჯერ შეირჩა, როგორც თემა და მასალა შეგროვდა, შემდეგ, როგორც ჩანს, ეს პროცესი სცდება საგაკვეთილო ოთახს და მხოლოდ სკოლაში არ არის ჩაკეტილი, იგეგმება გასვლები ამ ძეგლთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები, ამ პროცესის ნაწილია ლაშქრობებიც, ანუ რეალურად, ეს არის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მოსწავლისთვის. აი, აქედან გამომდინარე, ბმა რომ გავაკეთოთ, მე მგონი, საინტერესო იქნება, რეალურად რისთვის ისწავლება ხელოვნება სკოლაში და საერთოდ, რისთვის არსებობს სკოლა — მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის. კომპლექსური დავალების განხორციელება საკლასო ოთახში ხდება, პროექტი კი სასკოლო ან რეგიონულ დონეზე უნდა განხორციელდეს. რომელი ფორმატი უფრო სრულყოფილად იძლევა მიზნებზე გასვლის, მოსწავლის განვითარების შესაძლებლობას?
ბ.ო.: რას გულისხმობთ ფორმატში?
ნ.ს.: აი, კომპლექსური დავალების ფორმატი, როგორც საგაკვეთილო ფორმატი… კომპლექსური დავალება ხომ კლასში ხორციელდება. პროექტში თითქოს უფრო მასშტაბური და დიდი შესაძლებლობებია მიზნებზე გასვლის.
ბ.ო.: ნამდვილად ასეა, ამიტომაც ეს პროექტები საგაკვეთილო ცხრილში არ მოიაზრება. აქ იგულისხმება, კვირაში ერთხელ, მასწავლებელთან ან მასწავლებლებთან შეხვედრა და კონსულტაციები, იდეების გაცვლა თუ უკვე მიმდინარე საქმიანობის განხილვა, კორექტირება და ა.შ., გააჩნია პროექტი რა ეტაპზეა. გაკვეთილის ფორმა ამას არ აქვს.
ნ.ს.: მე ასეთ ასპექტს გამოვკვეთდი (ამ შემთხვევაში, როგორც სამოქალაქო განათლების სპეციალისტი), აი, რომ ავიღოთ, სიტყვაზე, მეწარმეობა, ანუ სოციალური მეწარმეობა, როდესაც მოსწავლე ქმნის რაღაცას, რაიმე გარემოს თავის გარშემო, აუცილებლად ეკონომიკის ასპექტებზე რომ არ გავაკეთოთ აქცენტები, პროექტი იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლემ მეწარმის, შემქმნელის, ინოვატორის როლში დაინახოს თავი.
ბ.ო.: გეთანხმებით, რეალურად, თითქმის ყველა პროექტი იძლევა ამ შესაძლებლობას. რამდენიმე პროექტი გვქონდა ჩვენ სასწავლო გეგმაში შეთავაზებული, რომელიც სავალდებულო არ იყო, მასწავლებელს შეუძლია ისინი შეცვალოს, ან ისარგებლოს შე თავაზებული იდეით ან არა, მაგრამ ამ საფეხურზე ყველა პროექტი გულისხმობს მეწარმეობის რაღაც ელემენტს, ზოგი მეტად მასშტაბურად, ზოგი — ნაკლებად. აი, ამ შემთხვევაშიც, იგივე ტურისტული გზამკვლევის შექმნა, ტურიზმზე ფიქრი და ამ მხარის ტურისტული კუთხით დანახვა და სხვისთვის წარდგენა უკვე მეწარმეობაა, ხომ?! როცა ამ პროექტზე მიდის მუშაობა, მოსწავლეებს გონებაში, სამომავლოდ, აუცილებლად აქვთ ეს მეწარმეობითი ელემენტიც.
სხვა პროექტსაც გეტყვით, მაგალითად, დღეს არსებული სახელოვნებო პროფესიები. შეიძლება ესეც აარჩიონ. ამ შემთხვევაში, ერთი როლია, როცა შენ თვითონ ხარ ხელოვანი და რაღაცას ქმნი და მეორეა, როდესაც ამ ხელოვანებს ეხმარები მათი საქმიანობის განხორციელებაში, რაც, პრინციპში, დღეს მაინც სიახლეა. შეიძლება სიახლეც არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ტრადიციული პროფესია არ არის, ანუ ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება განხილვა…
ნ.ს.: როგორც მივხვდი, მოსწავლის როლია მკვლევარი, რომელიც სწავლობს ხელოვნების ნიმუშებს და იკვლევს…
ბ.ო.: ისინი უკვე ფართოდ ხედავენ, რაც ნასწავლი აქვთ, დღეს რასაც საქმიანობენ, როგორ შეიძლება გამოიყენონ მომავალში. აქ მეწარმეობის ელემენტი ძალიან თვალსაჩინოა და ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. ეს ყველაფერი უშუალოდ პროფესიებსა და სამომავლო დასაქმებას ეხება.
კიდევ ერთი პროექტია, მაგალითად, დღეს არსებულ პრობლემებზე — პირად, თემში ან სამყაროში არსებულ პრობლემებზე ხელოვნების გზით რეაგირება.
ნ.ს.: რაც რეალურად ძალიან ტიპურია საბაზო და დაწყებით საფეხურზე…
ბ.ო.: თვითგამოხატვა, დღეს ნებისმიერ თანამედროვე ხელოვნებაში აქცენტი სწორედ ამაზე კეთდება, ხელოვნების გზით როგორ შეიძლება საკუთარი თავი გამოვხატოთ და თუნდაც კომუნიკაცია დავამყაროთ სამყაროსთან, როგორ წარმოვიდგინოთ თავი სამყაროს ნაწილად და როგორ შეიძლება მე ვიყო სასარგებლო სამყაროსთვის.
ნ.ს.: შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, წელს დაიწყო ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მესამე თაობის საშუალო საფეხურზე დანერგვის პროცესი და ესგ-ის დევიზია მოსწავლისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემა, მეტი არჩევანის მიცემა და თვითგამოხატვის მეტი სულისკვეთება სასწავლო პროცესში. საქართველოს სხვადასხვა მხარეში, სხვადასხვა სკოლაში ბავშვების ნაწილი ასეთ ერთსემესტრიან პროექტს სწორედ თვითგამოხატვისთვის, პრობლემურ საკითხზე სასაუბროდ გამოიყენებეს, მკვლევრის როლში ჩადგება და ვთქვათ, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა-პოპულარიზაციაში თავის წვლილს შეიტანს და ამას გააკეთებს მრავალმხრივი საშუალებებით.
პრინციპში, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, თავისთავად, გამოცდილების გაზიარებასაც გულისხმობს. ეს, რა თქმა უნდა, განავითარებს სკოლასაც როგორც ორგანიზაციას, წესით, უფრო გემოვნებიანად განავითარებს. და რაც ყველაზე მთავარია, სკოლაში, ამ კუთხითაც, ძალიან საინტერესო იქნება ბავშვის თვითგამოხატვა, მისი პიროვნული განვითარება.
ბ.ო.: ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან წაადგება როგორც სკოლას, ასევე მოსწავლეს.
ნ.ს.: და რა შეიძლება იყოს ამაზე მნიშვნელოვანი.