15 ივნისი, შაბათი, 2024

პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, Erasmus+-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა. მან საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის კულტურაში „მესამე მისიის“ კონცეფციის გააზრებისა და დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „აღნიშნული პროექტის ფარგლებში შრომის ბაზართან, ინდუსტრიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა წაახალისებს კვლევისა და ინოვაციის კლასტერების შექმნასა და უნივერსიტეტ-ინდუსტრიის თანამშრომლობის განვითარებას“.

კონფერენციაზე ქართულმა უნივერსიტეტებმა ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავებული უნივერსიტეტების „მესამე მისიის‘‘ სტრატეგიული განვითარების ხედვა და გეგმები წარადგინეს. თავის მხრივ, ევროპელმა კოლეგებმა ბელგიიდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან და ფინეთიდან მონაწილეებს, უნივერსიტეტის „მესამე მისიის‘‘ გაძლიერების მიმართულებით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა არა მხოლოდ პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებს, არამედ საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჰქონდა.

პროექტი „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ 2020 წლიდან მიმდინარეობს და მასში ჩართულია საქართველოს რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება როგორც თბილისიდან,  ასევე რეგიონებიდან. ის მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში „მესამე მისიის‘‘ საქმიანობის ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას.

აღნიშნული პროექტი ეროვნულ დონეზე უნივერსიტეტების მისიისა და როლის მკაფიოდ განსაზღვრას ითვალისწინებს. მის ფარგლებში, დაგეგმილია შესაბამისი  პოლიტიკის დოკუმენტისა და „მესამე მისიის‘‘ კრიტერიუმებისა და შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება, ამასთან, ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სისტემისა და აკრედიტაციის პროცედურების განახლება.

კონფერენციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ქალაქ თბილისის საკრებულოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდის (EFMD), ლისაბონის ნოვა უნივერსიტეტის (UNL), ტურკუს უნივერსიტეტის (UTU), ხელოვნებისა და ხელობის ეროვნული კონსერვატორიის (CNAM) და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები