22 აპრილი, ორშაბათი, 2024

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ქიმიაში

spot_img

ირმა მიქელაძე

სსიპ ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლის ქიმიის უფროსი მასწავლებელი

 

 

განვითარებული ტექნოლოგიების, ახალი ეკონომიკური რეალობისა და გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და დამოუკიდებლად სწავლის უნარის შეძენას. ამიტომ მნიშვნელოვანია თანამედროვე მეთოდების შეტანა და დანერგვა სასწავლო პროცესში. რუტინული გაკვეთილები უინტერესო და მოსაბეზრებელია, ამიტომ მასწავლებელმა განსხვავებული მეთოდები უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს, რათა 21-ე საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას შეუწყოს ხელი. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ კრიტიკული აზროვნება, საკუთარი შეხედულებებისა და ინტერესების არგუმენტირებულად დასაბუთება, შეფასება და დასკვნების გამოტანა.

ყველა ეს უნარი ისეთია, რომ მათი ჩამოყალიბება, განვითარება და დახვეწა სწავლებაში, პროექტ-მეთოდის გამოყენების დროს, ხდება.

პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის უმთავრესი მიზანია მოსწავლის აქტიური სწავლების უზრუნველყოფა მისი პრაქტიკული საქმიანობის გააქტიურებით. აღნიშნული მეთოდი ასევე უზრუნველყოფს მოსწავლეში არა მარტო საკუთარი თავისადმი რწმენის, კომუნიკაბელობის, პარტნიორობის, ურთიერთთანამშრომლობის უნარების გამომუშავებას, არამედ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და კვლევის უნარის ჩამოყალიბებას, რაც შემდგომ მას კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზების შემუშავებასა და დაძლევაში ეხმარება.

პროექტზე მუშაობამ/თემის სიღრმისეულმა დამუშავებამ უნდა:

  • გააერთიანოს ბავშვების ჯგუფი საერთო ინტერესების გარშემო;
  • შექმნას პირობები თანამშრომლობითი სწავლისათვის;
  • მოიცვას ყველა სასწავლო სფერო;
  • ხელი შეუწყოს საკითხის სიღრმისეულ შესწავლას.

როგორც აღნიშნული მიდგომის ექსპერტები და პრაქტიკოსი პედაგოგები აღნიშნავენ, თუ კი სასწავლო პროცესი სათანადოდაა წარმართული:

  • მოსწავლეები მეტ ინფორმაციას იღებენ, ვიდრე სტანდარტული სასწავლო პროგრამითაა გათვალისწინებული;
  • ცალკეულ სასწავლო სფეროებს ერთმანეთთან, ხოლო შეძენილ ცოდნას რეალურ ცხოვრებასთან აკავშირებენ;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ დასკვნების გაკეთების, პრობლემების გადაწყვეტის უნარები;
  • მეტი ინტერესით სწავლობენ;
  • სასწავლო პროცესი უფრო სახალისო და პროდუქტიულია;
  • უვითარდებათ შემოქმედებითი უნარი;
  • იძენენ დამოუკიდებლობას;
  • უვითარდებათ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
  • ვითარდებიან (აზროვნების, მეტყველების, სოციალური, ემოციური და ფიზიკური თვალსაზრისით).

სწორედ ამიტომ, სწავლება რომ მრავალფეროვანი, მიმზიდველი, სახალისო და საინტერესო გახდეს, სხვა სასწავლო აქტივობებთან ერთად, ქიმიის გაკვეთილზე პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას ვიყენებ.

ქიმიის სწავლება კი გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე აქტიურ შემმეცნებლად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც შეძლებს, მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენოს როგორც პროფესიული წინსვლისა და წარმატებისთვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ და სასარგებლოდ.

ქიმია ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინაა, რომლის შესწავლა ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ ადგილი გარე სამყაროში, თავიანთი ნააზრევით სრულყონ და გაამრავალფეროვნონ სამყარო, ხელი შეუწყონ ბუნების დაცვას, რომლის ნაწილსაც თვითონ წარმოადგენენ.

პროექტებზე მუშაობამ, რომლებიც ჩემს მოსწავლეებთთნ ერთად განვახორციელე, განავითარა და გაამრავალფეროვნა ჩემი პრაქტიკა.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ განხორციელებული პროექტის გეგმას:

პროექტის გეგმა.docx – Google Docs

გამოყენებული ლიტერატურა:

მ. ინასარიძე, ს. ლობჟანიძე, მ. რატიანი, ი. სამსონია – მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განათლების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თბილისი 2015 წელი.

https://mastsavlebeli.ge/?p=22270

https://openscience.ge/bitstream/1/861/1/MA%20Mariam%20Gabashvili.pdf

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები