3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

spot_img

ნათია იაშაღაშვილი

სსიპ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის №212 საჯარო სკოლის სამოქალაქო  განათლების და ისტორიის წამყვანი მასწავლებელი

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეების, მათ შორის, სსს მქონე მოსწავლეების გააქტიურებას და სრულ ერთი კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სწავლა-სწავლების 5 ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს:

♦ ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას

♦ ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით

♦ ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას

უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას

♦ უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას – დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს

სწავლების პროცესში, რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით, პედაგოგს სხვადასხვა მეთოდის გამოყენება უხდება, ასევე ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმას. არსებობს სწავლების მეთოდების მრავალგვარი კლასიფიკაცია, რომელთაგან საჭირო კონკრეტული მიზნის მისაღწევად შეარჩევს პედაგოგი.

სწავლების პროცესი მრავალმხრივი და საინტრესოა მოსწავლეებისთვის თუ საინტერესო და სახალისო მეთოდები იქნება გამოყენებული საგაკვეთილო პროცესში. ბევრი საინტერესო მეთოდი უწყობს ხელს იმ მიზნის მიღწევას, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალსიწინებს და მოსწავლის ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშემწყობია.

ეს მეთოდებია:

⇒  პროექტული სწავლება

⇒  დისკუსია/დებატები

⇒  თანამშრომლობითი სწავლება

⇒  ჯგუფური მუშაობა

⇒ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება

⇒  შემთხვევების შესწავლა

⇒  როლური და სიტუაციური თამაშები

⇒  დემონსტრირების მეთოდი და სხვ.

მათი გამოყენება მასწავლებლის თავისუფალი არჩევანია, თუცა მე როგორც სამოქალაქო განათლებლის მასწავლებელი, ამ შეთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებ პროექტული სწავლების მეთოდზე, რომელიც, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მოსწავლეებში აქტუალური და ყველაზე მოთხოვნადია.

პროექტული სწავლების დროს მოსწავლეებს უვითარდებათ სხვადასხვა უნარები, როგორიცაა:

⇒  კრიტიკული აზროვნების;

⇒ ინფორმაციის მოძიების უნარი თანამედროვე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;

⇒  კომუნიკაციის

⇒  პრობლემის გადაჭრის

⇒  გადაწყვეტილების მიღების

⇒  ძიების

⇒  შემოქმედებითობის და სხვ.

ის მოსწავლეებიც, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში პასიურობენ, პროექტის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. ფაქტობრივად, მოსწავლეებს არჩევანის საშუალება აქვთ, მათ საჭიროებებზე არის მორგებული პროექტი. განსაკუთრებით აქტიურდებიან მაშინ, როდესაც თემში არსებულ პრობლემას აღმოაჩენენ, ადვოკატირების პროცესის  გამოყენებით უკავშირდებიან ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს და აღნიშნულ პრობლემებს აგვარებენ. ამიტომ ვთვლი, რომ პროექტული სწავლების მეთოდი ყველა საგანში გამართლებულია. რაც ხშირად იქნება გამოყენებული და მეტი მოსწავლე იქნება ჩართული, მით უფრო თვალსაჩინო იქნება საზოგადოებისთვის მათი თორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობა.

პროექტის განხორციელება დროში გაწერილია, ის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოჩენისკენ უბიძგებს. პროექტები, რომლებიც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებენ, შეიძლება განსხვავდებოდეს: თემატიკის, ხანგრძლივობის და კლასის მიხედვით. პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს ააქტიურებს, მუდმივად სამუშაო განწყობას უქმნის და რაც მთავარია, პროექტზე მუშაობის დროს, იციან, რომ ექნებათ პრაქტიკული შედეგი, რაც დასახული მიზნის დაგვირგვინება და მომავალში სტიმულსა და მოტივაციას მისცემს თითეულ მონაწილეს.

ძველი სწავლების მეთოდები განსხვავდება თანამედროვე სწვლების მეთოდებისაგან. თანამედროვე მიდგომები გულისხმობს არა პირდაპირ სწავლებას, არამედ მოსწავლეთა დამოუკიდებელი შემოქმედებითი ძიებასა და საქმიანობისათვის პირობების შექმნას. სკოლისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, მოცემულ სიტუაციაში მოსწავლეებს გამოუმუშაოს ცოდნის აქტიური შემოქმედებითი აღქმის უნარი. ჩემი  აზრით, აუცილებელი იქნება სასწავლო პროცესი გავხადოთ საინტერესო და მიმზიდველი, წარმოვაჩინოთ სკოლაში მიღებული ცოდნის მნიშვნელობა ცხოვრებაში, რაც სამომავლოდ პრაქტიკაში გამოადგებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თვით პროექტის რეალიზაციისათვის აუცილებელია მოსწავლეები ფლობდნენ გარკვეულ კომპეტენციებსა და აუცილებელ ინტელექტუალურ უნარებს, რომელიც საჭიროა პროექტით განსაზღვრული კონკრეტული მიზნისა და ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტისათვის.

პროექტული სწავლების შემოტანა საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს  გახდნენ დამოუკიდებელი პიროვნებები და კრიტიკულად მოაზროვნეები. მასწავლებლის მუშაობა მარტო საგაკვეთილო პროცესს არ გულისხმობს. წარმატებული პედაგოგი აქტიურად თანამშრომლობს, როგორც მოსწავლეებთან, ასევე ადმინისტრაციასთან, კოლეგებთან, მშობლებთან და თემთან. საგანმანათლებლო პროექტი ასეთი თანამშრომლობის საუკეთესო საშუალებაა. პროექტული სწავლება არის ერთობლივი მუშაობის ფორმა, რომლის დროსაც  გარკვეული ჯგუფის მუშაობა წარიმართება წინასწარ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად და გარკვეული ფუნქციების დელეგირების პროცესში ყველა თავისი საქმის აღსრულების ხარისხზეა პასუხისმგებელი. მიღებულ შედეგში კი ყველას თანაბარი წვლილი მიუძღვის და თითოეული მოსწავლისთვის საამაყოა.

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები