4 ივნისი, კვირა, 2023

პროექტებით სწავლების უპირატესობა

spot_img
გალინა ღვინიაშვილი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების კუჭატნის საჯარო სკოლისა და ტიციან ტაბიძის სახელობის სანავარდოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

როგორც ვიცით, სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისთვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება, რადგან იგი აქტიური და მიზანმიმართული სწავლების საუკეთესო საშუალებაა. პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, უნარ-ჩვევები, თავი მოუყარონ წინარე ცოდნას, შეიძინონ ახალი, გააანალიზონ, იმსჯელონ, გამოიტანონ დასკვნები, დანერგონ პრაქტიკაში და გამოიყენონ ისინი. აღსანიშნავია და მნიშვნელოვანი ისიც, რომ ამ მეთოდით სწავლებისას მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება თავიანთ საყვარელ მოწყობილობებთან მიზანმიმართულად ურთიერთობისა.

სულ ახლახან, 14 აპრილს, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, განვახორციელე პროექტი, სახელწოდებით, „ქართული დამწერლობის წარმოშობა“. პროექტი ითვალისწინებდა ქართული ენისა და დამწერლობის პოპულარიზაციასა და ენის სიწმინდის დაცვას.

აღნიშნულმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. მუშაობის პროცესში კარგად წარმოჩინდა თითოეული მოსწავლის უნარები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა). მათ განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი, ასევე, პრეზენტაციის უნარი. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, კვლავ განახორციელონ მსგავსი პროექტები.

პროექტით გათვალისწინებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები შეესაბამებოდა დასახულ მიზნებს, ვინაიდან მოსწავლეები, ისტორიული და დოკუმენტური მასალის მოძიებისა და შესწავლის შედეგად, მივიდნენ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ქართული ენა უძველესი და უნიკალურია. მათ კარგად გაიაზრეს გრიგოლ ორბელიანის ნათქვამი სიტყვები: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ და რომ ენის გაფრთხილება და დაცვა მათი უშუალო მოვალეობაა (ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მოსწავლეებმა, პროექტის დასრულებისთანავე, თავად გამოთქვეს სურვილი, შეაგროვონ ბარბარიზმები და გამოაკრან კლასში, თვალსაჩინო ადგილას, სათაურით – „არა ბარბარიზმებს“).

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაციები, გააცნეს აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მოძიებული ფოტო – და ვიდეომასალა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია, რის შემდეგაც პროექტი მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დადებითად შეაფასეს.

ჩემ მიერ განხორციელებულ პროექტებზე დაყრდნობითაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, ვინაიდან პროექტებით სწავლებისას აბსოლუტურად ყველანაირი აკადემიური მზაობის მოსწავლე დიდი ინტერესით და მონდომებით ერთვება პროცესში და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და საინტერესო ინფორმაცია შეაგროვოს ერთად შერჩეულ საკითხზე. შემთხვევით არ აღვნიშნე „ერთად შერჩეული“, ვინაიდან, როდესაც პროექტზე მუშაობას ვიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება და თემის გარშემო მიზნის ერთობლივად განსაზღვრა (აღსანიშნავია, რომ თავიანთ არჩეულ და გადანაწილებულ დავალებებს მოსწავლეები მეტი გულისყურითა და მონდომებით ეკიდებიან).

მე მჯერა, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული, აუცილებლად იქცევა სასკოლო გეგმის ნაწილად და საფუძველს ჩაუყრის სხვა, ისეთი პროექტების განვითარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დეკლარაციული ცოდნის პროცედურულ, ხოლო, საბოლოოდ, პირობისეულ ცოდნად ქცევას.

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები