27 ივლისი, შაბათი, 2024

პროექტად ქცეული აქტივობა: ,,საუბრები ლიტერატურაზე“

spot_img
ხათუნა ჩილინგარაშვილი
სსიპ ქალაქ თბილისის №156 საჯარო სკოლის და სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაზიანის 1საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი

 

 

 

მიზანი: წიგნიერების დონის ამაღლება მოსწავლეებში.

წიგნიერება მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნას არ გულისხმობს. ეს არის ცოდნის შეძენის, გააზრებისა და გამოყენების ერთობლიობა. ეს უნარი მოსწავლეებს უვითარებს: კრიტიკულ აზროვნებას, წაკითხულის გაგება-გააზრების, ანალიზის უნარს, შემოქმედებითობას, კომუნიკაციის, არგუმენტირებული მსჯელობა-დისკუსიისა და სხვა უნარებს, რაც აუცილებელია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად,

განმარტებით ლექსიკონს თუ მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ ,,წიგნიერება ეწოდება ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლებიც შესაძლებელს ხდიან ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში“. თუ დავაკონკრეტებთ, წიგნიერება, გააზრებულ კითხვასთან ერთად, მოიცავს აქტიური მოსმენის, ზეპირმეტყველებისა და წერითი აზროვნების უნარებს, მაქსიმალურად განავითარებს ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული გზით მიღებული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებით, ქართველ მოზარდთა წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია. განსაკუთრებით თვალშისაცემია დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებასა და გადმოცემასთან დაკავშირებული სირთულეები (წყარო ინტერნეტგაზეთი maswavlebeli.ge)

სწორედ წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით განვახორციელე აქტივობა ,,საუბრები ლიტერატურაზე“. მოგეხსენებათ, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უყვართ ამბების შეთხზვა და მათზე უსასრულოდ საუბარი. სწორედ ეს უნარი ჩავთვალე მათ ძლიერ მხარედ და გამოვიყენე აქტივობის განხორციელებისას.

როდესაც პირველ კლასში წინასაანბანო პერიოდი დავამთავრეთ და ანბანის შემდგომ პერიოდზე გადავედით, გაწაფული კითხვის და წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემა გამოიკვეთა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებს შევთავაზე აქტივობა – მოდი, ვისაუბროთ ლიტერატურაზე. ეს შეთავაზება მათთვის მაპროვოცირებელი იყო. იმთავითვე გამოიწვია ინტერესი.

დავალების პირობის გაცნობა

მათ უნდა გადაეთვალიერებინათ თავიანთი სახელმძღვანელო, ამოერჩიათ ერთი ტექსტი, რომელზეც იმუშავებდნენ სხვადასხვა მიმართულებით. მოსწავლეებმა აირჩიეს ტექსტები. ზოგმა იმ ტექსტზე შეაჩერა ყურადღება, რომლის ილუსტრაციაც მოეწონა, ზოგი ტექსტის სიმცირემ მოხიბლა, ზოგი – სათაურმა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ არჩევანის საშუალება, ტექსტი მათი შერჩეული იყო, ამიტომ, საქმეს უფრო დიდი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით შეუდგნენ.

ტექსტის შერჩევის შემდეგი ეტაპი იყო სათაურის გაფორმება დიდი შრიფტით, თვალსაჩინოდ და თავიანთ მერხზე დამაგრება. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ყველა მოსწავლე კარგად ხედავდა ვინ რა ტექსტზე მუშაობდა.

შემდეგი ეტაპი უშუალოდ ტექსტის გაცნობა და ტექსტზე მუშაობა იყო. ფერად ფურცელზე დავწერე დავალებები (G-PriEd-ის მასალებიდან მოძიებული). ეს დავალებები მეორე მხრიდან იყო დანომრილი. დავალებები დაფაზე მქონდა გაკრული ისე, რომ დავალების პირობა არ ჩანდა. მოსწავლეს უნდა დაესახელებინა რიცხვი. იმ რიცხვის ქვეშ რა დავალებაც იყო მოცემული, იმაზე მუშაობდა მთელი კლსი, ოღონდ ყველა თავისი მოთხრობის მიხედვით. ეს დავალებები შემდეგი სახის იყო:

  1. მოგეწონა თუ არა პერსონაჟის საქციელი?
  2. მის ადგილას შენ რომ ყოფილიყავი, როგორ მოიქცეოდი?
  3. წარმოიდგინე, შეხვდი შენი მოთხრობის პერსონაჟს, რას ეტყოდი?
  4. მისწერე წერილი პერსონაჟს
  5. და ა.შ.

დვალებების შესრულებისას მოსწავლეებს ფასილიტაციას ვუწევდი და ვაკვირდებოდი, არასწორი მსჯელობისკენ არ წასულიყვნენ. ერთ დავალებას რომ მორჩებოდნენ, პრეზენტაციას აკეთებდნენ, რატომ ფიქრობდნენ ასე და ვმართავდით დისკუსიას. დისკუსია მეხმარებოდა გამეგო, როგორ გაიაზრა მოსწავლემ ტექსტი, არასწორი მიმრთულებით ხომ არ მიდიოდა. გარდა ამისა, ეს დისკუსიები სხვა მოსწავლეებში აღძრავდა ინტერესს და ცდილობდნენ, თანაკლასელის ტექსტი წაეკითხათ, რათა შემდეგი დავალების დროს დისკუსიაში ჩართვა შესძლებოდათ. როცა ყველა დავალება შევასრულეთ (დაახლოებით 17-მდე), გადავწყვიტეთ, მათი პრეზენტაცია გამოფენის სახით.

საბოლოო შემაჯამებელი პრეზენტაცია

საბოლოო პრეზენტაციისთვის ბავშვებს მივეცი შემდეგი დავალება: თავიანთი მოთხრობა ვიზუალურად წარმოედგინათ. ეს იქნებოდა დიორამა, ნახატი თუ ნივთი, რომელიც ამ მოთხრობისთვის იყო დამახასიათებელი. თავიანთი მოთხრობიდან ამოერჩიათ პერსონაჟი, მოერგოთ მისი ქუდი და მოთხრობა გადმოეცათ პერსონაჟის ხედვის კუთხიდან. ზოგმა მოსწავლემ დადებითი პერსონაჟი აირჩია, ზოგმა კი – უარყოფითი. მოვიწვიეთ პარალელური კლასის მოსწავლეები. მათი სტუმრობა მოსწავლეებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა. ისინი თანატოლებს უყვებოდნენ ამბებს პერსონაჟის პოზიციიდან. ურჩევდენ, რომ ამ პერსონაჟისთვის მიებაძათ ან არ მიებაძათ. არგუმენტად ტექსტიდან პერსონაჟის საქციელის შედეგები მოჰყავდათ. გარდა ამისა, მოუწოდებდნენ, რომ თავად წაეკითხათ ეს მოთხრობა, რათა ახლოდან დაჰკვირვებოდნენ პერსონაჟებს და ემოგზაურათ ლიტერატურის სამყაროში. დასასრულს, მოსწავლეებს ვთხოვე, დაეწერათ ორწინადადებიანი შეჯამება – რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები? პასუხები მეტად მნიშვნელოვანი და მრავლისმთქმელი იყო.

გაწეული მუშაობის შედეგი ის იყო, რომ წლის ბოლოს ყველა მოსწავლეს ყველა ტექსტი ჰქონდა წაკითხული, დამუშავებული, გააზრებული და შეეძლოთ პერსონაჟების ქმედებები პირადი ცხოვრებისთვის დაეკავშირებინათ. მათ იმდენად კარგად ახსოვთ თითოეული ტექსტი, პერსონაჟი და ამბავი, რომ დღესაც კი, ნებისმიერი ტექსტის ახსნისას, შეუძლიათ პარალელები გაავლონ უკვე ნასწავლ ტექსტთან. ეს მაფიქრებინებს და მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აქტივობა იყო წარმატებული, გავედი ესგ-ს მიზანზე და თამამად შემიძლია გირჩიოთ, დანერგოთ საკლასო ოთახში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები