14 დეკემბერი, შაბათი, 2024

პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის

spot_img

 

განათლების სამინისტროში ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის პრეზენტაცია გაიმართა მედიის წარმომადგენლებისთვის. ამ ხედვის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია „ახალი სკოლის მოდელი“, რომლის დანერგვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და 2024 წლისათვის, საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლას მოიცავს. მინისტრის მოადგილე, ეკა დგებუაძე ამბობს, რომ ექსპერტების ჩართულობით მუდმივად ხდება დანერგვის პროცესის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება, პროექტის იმპლემენტაციისათვის საჭირო რესურსებისა და მეთოდოლოგიის დახვეწა.

შეგახსენებთ, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა 2019 წელს 165 სკოლაში დაიწყო და მასში 3400 მოსწავლე და 3096 პედაგოგია ჩართული, 2020 სასწავლო წლიდან პროექტი 300-მდე სკოლაში შევა და მასში 96 000 მოსწავლე და 8000 მასწავლებელი ჩაერთვება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, „ახალი სკოლის მოდელი“ * ეს არის რეფორმა, პროცესი, რომელიც საკლასო ოთახიდან იწყება, სადაც, ექსპერტების მიერ გაზიარებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, თითოეული სკოლა საკუთარ, ინდივიდუალურ „სკოლის მოდელს“ ქმნის. 2019 წელს დაწყებული რეფორმა ის ფუნდამენტია, რასაც 2020-2021 სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური ეტაპი უნდა დაეფუძნოს.

თუკი აქამდე „ახალი სკოლის მოდელი“ მხოლოდ დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეეხებოდა, 2020 წლის თებერვლიდან პროცესში თბილისის 22 სკოლის V-IX კლასების მოსწავლეები და პედაგოგებიც ჩაერთვნენ, შესაბამისად, გაიზრდა პროექტში ჩართული კლასების რაოდენობაც.

იმისათვის, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეფექტურად განხორციელდეს, დაგეგმილია პროცესის დეცენტრალიზება რესურსცენტრების ჩართულობით. კერძოდ, შეიქმნება ექსპერტების ჯგუფები რეგიონების მიხედვით და 14 საგნობრივი ექსპერტისაგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი, რესურსცენტრების ბაზაზე, იმუშავებს. ამ ჯგუფებში, გარდა საგნობრივი ექსპერტებისა, დაწყებითი საფეხურის, ინკლუზიური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტებიც შევლენ. ექსპერტების შერჩევა კონკურსის წესით, გასაუბრებისა და პრაქტიკული გამოცდის ეტაპების გავლის საფუძველზე, მოხდება.

ეკა დგებუაძემ გვითხრა, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ პილოტირების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 21-ე საუკუნის გამოწვევებზე ორიენტირებული სწავლების დაგეგმვა-განვითარებას, რაც ასევე მოიაზრებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მეტად ჩართვას სასწავლო პროცესში. „პილოტირების ფარგლებში, დაწყებულია უკვე სკოლების აღჭურვა ტექნიკით, Wi-Fi-ით, ასევე მასწავლებლების გადამზადება. ვქმნით ელექტრონულ რესურსებსა და პროგრამებს. ერთ-ერთი მაგალითია თამაშით სწავლება, რომელსაც მოსწავლე სასწავლო პროცესის დროს იყენებს.“

აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრო ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტს ქმნის, რომელიც საბოლოო სახეს დარგობრივი ექსპერტებისაგან შემდგარი 12-კაციანი ჯგუფის მუშაობის შედეგად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი იმ გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება, რომელიც სამინისტრომ 165 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების შედეგად დააგროვა. შესაბამისად, განათლების რეფორმის კონცეფცია საკლასო ოთახიდან იწყება და მისი ჩამოყალიბების პროცესში ჩართული არიან როგორც საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების, ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

მოსწავლეზე ორიენტირებული „ახალი სკოლის მოდელის“ იმპლემენტაცია ცოცხალი პროცესია, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და დარგის ექსპერტები. სკოლაში მოსწავლემ ფუნდამენტური ცოდნა უნდა მიიღოს, იმდენად სიღრმისეულად და არსობრივად უნდა გაითავისოს სასწავლო მასალა, რომ მისი კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება შეძლოს. სკოლის გარემო კი უნდა იყოს პიროვნებაზე ორიენტირებული, მზრუნველი, ჰარმონიული, თანამშრომლობითი და უსაფრთხო, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.

ეკა დგებუაძე ამბობს, რომ წარმოდგენილი ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სასკოლო კულტურის განვითარება, ის, თუ როგორ არის დაგეგმილი სკოლის შემდგომი განვითარება. „ახალი სკოლის მოდელის“ მთავარი იდეა არის ის, რომ ყველა სკოლას ჰქონდეს თავისი ინდივიდუალური სასკოლო სასწავლო გეგმა, რაც აქამდე არ ჰქონია სკოლებს. სკოლების სასწავლო გეგმებს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ „კოპი-პეისტით“ აქვთ გადაწერილი ერთი და იგივე სტანდარტული დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლას არ აქვს იმაზე ნაფიქრი, თუ როგორი იყოს მისი ეროვნული სასწავლო გეგმა და მის ფარგლებში, როგორ გავიდეს შედეგზე თითოეულ მოსწავლესთან მიმართებაში, როგორ მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რა მეთოდი და რესურსები გამოიყენოს. ამ სიახლით, ეტაპობრივად, ყველა სკოლას მოვიცავთ.“

კიდევ ერთი პრიორიტეტული ასპექტი სპორტული აქტივობებია და, რაც მთავარია, არაფორმალური განათლების სინთეზი, არაფორმალური განათლების სისტემის ინტეგრაცია სასკოლო ცხოვრებაში. „სკოლას აუცილებლად უნდა ჰქონდეს განსაზღვრული და ნაფიქრი, რა არის მისთვის პრიორიტეტი. ამიტომ ხდება მოსწავლის საჭიროებების იდენტიფიცირება, მისი საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, სასკოლო კლუბების მოწყობა, არაფორმალური ღონისძიებების დაგეგმვა, რაც უფრო საინტერესოს გახდის სასკოლო ცხოვრებას.“

 „ახალი სკოლის მოდელი“ სკოლების შეფასებასაც გულისხმობს სასკოლო კულტურისა და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მიხედვით. შედეგად, განისაზღვრება სკოლების ინდივიდუალური პროფილები, რომლებშიც აისახება მათი ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები. მსგავსი ტიპის შეფასებები საშუალებას აძლევს სკოლას, დაინახოს რეალური სურათი და დაგეგმოს კონკრეტული აქტივობები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

 ლალი თვალაბეიშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები