27 ივლისი, შაბათი, 2024

პრეზენტაცია იყო ხედვა და არა გადაწყვეტილება

spot_img

 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დაანონსებულ გამოცდების ცვლილებებს „მედიაცენტრ მთავარში“ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საკითხები ჯერჯერობით ინიციატივის დონეზეა და მისთვის აჩენს კითხვებს.   ამბობს, რომ: „პრეზენტაცია ხედვა იყო და არა გადაწყვეტილება. ზოგადი განათლების კანონში აღნიშნული ცვლილებები მოითხოვს სხვა ცვლილებებსაც, შესაბამისად, აუცილებლად გვექნება შესაბამის კომიტეტში განხილვები“. თუმცა, ის მაინც საუბრობს იმ პოზიტიურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მინისტრმა და გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებას წარუდგინეს.

ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ დეფაქტო აღმოვჩნდით ამ ვითარებაში

ბუნებრივია ის ცვლილებები, რაც დააანონსეს, საკმაოდ მასშტაბურია სისტემისთვის და არ არის გასაკვირი, რომ არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო აღნიშნულმა ცვლილებებმა. პირველ რიგში, მინდა ისევ გავუსვა ხაზი იმას, რომ ვიდრე მოხდებოდა პრეზენტაცია სამინისტროს მხრიდან, პირადად მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა ინფორმაცია, რომ გაიმართებოდა ხედვის პრეზენტაცია და არა გადაწყვეტილებების, რამდენადაც წარმოდგენილი ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე ინიცირებას მოითხოვს იმისთვის, რომ საატესტატო გამოცდების შესაბამისი მოდელი რეგულაციებში აისახოს. ამდენად, მოლოდინი გვქონდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები შემოთავაზებული ცვლილებების შემდგომი განხილვის შედეგად იქნებოდა მიღებული. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ დეფაქტო აღმოვჩნდით იმ ვითარებაში (საზოგადოებაში შექმნილი მოლოდინის რეჟიმში), რომლის ფარგლებშიც ძალიან რთული იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა სამინისტროს წინადადებებში. მე-11 კლასის გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული მოლოდინი, ბუნებრივია, ძალიან პოზიტიურია მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და აკადემიური წრეების ნაწილისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, ამ მიმართულებით უკან დახევა შეუძლებელი იქნება დღევანდელი გადმოსახედიდან. თუმცა, მინდა გამოვყო რამდენიმე პოზიტიური ელემენტი – ვფიქრობ, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო და მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს. პირველ რიგში, ეს გახლავთ ზოგადი უნარების ტესტის სავალდებულო საგამოცდო სისტემიდან ამოღება. საუბარია არა გაუქმებაზე, არამედ სავალდებულო სიიდან ამოღებაზე, რადგან ჩვენს სკოლაში რეალურად, წლების განმავლობაში, არ ვამზადებდით მოსწავლეებს ამ გამოცდისთვის და, შესაბამისად, მშობლებს უწევდათ საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსის გაღება კერძო სასწავლო კურსებზე თუ კერძო პედაგოგებთან მომზადებისთვის. არაფერი საწინააღმდეგო, ბუნებრივია, კერძო პედაგოგებისა და რეპეტიტორთა სისტემის მიმართ, პირადა მე და ბევრ ჩემს კოლეგას, არ გვაქვს, რადგანაც ეს სისტემა, გარკვეულწილად, ჩვენი ტრადიციის ნაწილიც იყო, მაგრამ როდესაც სასწავლო პროგრამების პარალელურად სავალდებულო ხდება მომზადება, ბუნებრივია, ეს ნამდვილად არ ემსახურება 600 ათასზე მეტი მოსწავლისა და მათი ოჯახების ინტერესებს.

ასევე, პოზიტიურად შემიძლია შევაფასო ის, რომ 5 გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში (ეროვნულ გამოცდებს ვგულისხმობ), თუკი აბიტურიენტი ერთ-ერთ გამოცდაში არ იქნებოდა წარმატებული, ეხსნებოდა გრანტის მიღების უფლება. სამინისტროს წინადადებით, ეს უფლება უნარჩუნდება. ამ ნაბიჯს მივესლამები.

საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ

ალბათ გახსოვთ, რომ საკმაოდ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი საატესტატო გამოცდების სისტემის მიმართ. ჩემი შემოთავაზება და ასევე წინადადება იყო არა გაუქმება, არამედ იმ სიხისტის შეცვლა, რომლითაც ხასიათდებოდა საატესტატო გამოცდები. პრაქტიკულად, თუნდაც მცირე ტექნიკური შეცდომის საშუალებას არ აძლევდა მოსწავლეს და საკმაოდ წარმატებული მოსწავლე, მისთვის არაპროფილურ საგანში წარუმატებლობის შემთხვევაში, რეალურად რჩებოდა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის მიღმა. სწორედ ამ სიხისტის კუთხით ვთხოვდი ცვლილებების განხილვას სამინისტროს, ალექსანდრე ჯეჯელავას ხელმძღვანელობით. თუმცა, იმდენად სენსიტიური საკითხი იყო, რომ იმ პერიოდში სამინისტროს პოზიცია უცვლელი იყო.დიფერნცირებული სწავლებისთვის, სასურველია , საბაზო საფეხურის დასრულების შემდგომ, გარკვეული საგამოცდო ფილტრი არსებობდეს.

დღეს, როცა საუბარია საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული გამოცდის გაუქმება განათლების ხარისხის გაუარესებას. როგორც ყოფილი აბიტურიენტების დედამ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ არსებული სისტემა არანაირად გარანტიას არ იძლეოდა, რომ გამოცდების შენარჩუნებით განათლების ხარისხი გაუმჯობესდებოდა ან უკიდურეს შემთხვევაში, შენარჩუნდებოდა. პირიქით, სისტემა ძალიან ხისტად და მექანიკურად იყო ორიენტირებული მხოლოდ ტესტების ჩაბარების პროცესზე და პრაქტიკულად, პროცესში შემოქმედებით და შინაარსობრივ ნაწილს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამდენად, თუკი ჩვენ სკოლის დონეზე   შევინარჩუნებთ შეფასების ეფექტურ სისტემას, თავად გამოცდების გაუქმებას, ვფიქრობ, რომ არ უნდა მოჰყვეს განათლების ხარისხის გაუარესება. მაგრამ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ, რომ საბაზო და საშუალო განთლების საფეხურებს შორის დაინერგოს ეფექტური საგამოცდო სისტემა, რომელიც საბაზო საფეხურის დასრულების შემდგომ წარმატებულ მოსწავლეებს სკოლაში სწავლის გაგრძელების უფლებას მისცემს. გარკვეული ფილტარციის   მექანიზმი აუცილებლად დაგვჭირდება, რომელსაც ცენტრალიზებულ დონეზე უზრუნველყოფს განათლების უწყება. თუმცა, ეს მსჯელობის საგანია. იყო საუბრები იმის შესახებ, რომ დიფერენცირებული სწავლებისთვის სასურველია, გარკვეული საგამოცდო ფილტრი არსებობდეს საბაზო საფეხურის დასრულების შემდგომ. მითუმეტეს იქნება მნიშვნელოვანი საბაზო საფეხურის დასრულების სისტემის დახვეწა, თუ ჩვენ საატესტატო გამოცდებს ვაუქმებთ.

საატესტატო გამოცდები, არსებული ფორმით, ვერ პასუხობდა იმ მახასიათებლებს, რომელიც საგამოცდო სისტემისთვის უნდა იყოს მოქმედი. ჩვენთვის მთავარია, გაძლიერდეს განათლების ხარისხი სკოლებში, შინაარსობრივად საინტერესო და შემოქმედებითი გახდეს განათლების პროცესი მოსწავლეებისთვის და იყოს სწორი ბალანსი საგამოცდო და თავად სასწავლო პროცესებს შორის.

რის საფუძველზე გაიცემა ატესტატი?

13-დან 15 თებერვლამდე გვექნება კომიტეტის გასვლითი სხდომა, სადაც განვიხილავთ 2019 წლის საკანონმდებლო და საპარლამენტო ზედამხედველობის გეგმას – წლის განმავლობაში რა პრიორიტეტებზე იმუშავებს კომიტეტი. შეხვედრას დაესწრებიან მინისტრი, მოადგილეები, სსიპ-ის ხელმძღვანელები და, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ცვლილებების დაანონსების შემდეგ, ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, ყველა იმ რეგულაციას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს მოჰყვება. რაც შეეხება მე-12 კლასის დამამთავრებელ გამოცდებს, შემიძლია ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. სავარაუდოდ, მოსწავლეების აკადემიური შეფასება დაეყრდნობა უშუალოდ სკოლის შეფასებებს, ისევე როგორც კლასიდან კლასში გადასასვლელი სისტემა გვაქვს დღეს. ამდენად, სკოლას მიენიჭება უფრო მეტი ავტონომია და დამოუკიდებლობა მოსწავლეთა შეფასების კუთხით, რაც, ერთი მხრივ, კარგია, თუმცა, ბუნებრივია, უნდა დავიცვათ მოსწავლეთა უფლებები, რომ მათი შეფასება ობიექტურად მოხდეს და ასევე, თავიდან ავიცილოთ რისკები, რომლებიც 15-20 წლის წინანდელი პერიოდიდან გვახსოვს.

ვფიქრობ, დღეს სულ სხვა მოცემულობა გვაქვს, ქვეყანა ვითარდება და აქედან გამომდინარე, 20 წლის წინანდელ პერიოდთან შედარება, ალბათ,   არ არის მართებული. უფრო მეტი ეფექტურობით ხდება სკოლების ადმინისტრირება და შესაბამისად, ვფიქრობ, სკოლები შეძლებენ ობიექტური და ეფექტური შეფასების სისტემის დანერგვას.

ხედავს თუ არა კორუფციის რისკს

თეორიულად, ეს რისკი უნდა განვიხილოთ და ყველა ზომა მივიღოთ, რომ ეს რისკები მინიმუმზე დავიყვანოთ. ისევ და ისევ, მომხრე ვარ პოზიტიური და კოლეგიალური ზედამხედველობის ნებისმიერ სისტემაში. უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად პოზიტიურ კონტექსტში დავინახოთ და ხელი შევუწყოთ იმ სწორი მიმართულების   დანერგვას, რომელიც სკოლების ავტონომიის გაძლიერებას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ შინაარსობრივად არაეფექტური ტესტების გაუქმება განათლების ხარისხს ვერ დააზიანებს. უფრო მეტი აქცენტი უნდა გადავიტანოთ განათლების პროცესზე, მასწავლებლების მოტივაციაზე, მათ შორის ფინანსურ მოტივაციაზე. აუცილებლად უნდა გაიზარდოს პედაგოგთა ანაზღაურება, თუნდაც იმ სკეპტიციზმის დასაძლევად, რომელიც კერძო პედაგოგების კუთხით გაჩნდა. მასწავლებელი არ უნდა იდგეს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ სკოლის პარალელურად, კერძო გაკვეთილების ჩატარება უწევდეს.

გააჩენს თუ არა ერთიანი ეროვნულ გამოცდებში დაანონსებული ცვლილებები უკან დაბრუნების საშიშროებას

ერთიანი საგამოცდო სისტემის ფილტრი აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული ან საატესტატო, სკოლის დასრულების ეტაპზე, ან უმაღლეს სასწავლებლებში მიღების ეტაპზე. თუკი ჩვენ ვაუქმებთ საატესტატო სისტემას, მინიმალური გარანტიები მაინც უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჭრილში შენარჩუნებული. დამატებითი გამოცდების შერცევასა და ზღვრის დაწესებაში უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის გაზრდას მივესალმები, თუმცა, დეტალურად უნდა განვიხილოთ, რომ ყველანაირი რისკი იყოს შემცირებული და ეფექტური დიფერენცირებული საგამოცდო სისტემა დაინერგოს.

მოამზადა ლალი ჯელაძემ

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები