9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

პრეზენტაციათა „სამკუთხედი“ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

spot_img
გულნარა ჟღენტი
სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

 

 

იმისათვის, რომ მოვამზადოთ კარგი პრეზენტაცია, უპირველესად, უნდა ვიცოდეთ ტერმინის მნიშვნელობა. პრეზენტაცია, ეს არის ადამიანების ჯგუფისათვის რაიმე ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა მიზნით, მათ შორის, სწავლების, ინფორმაციის გადაცემის, დარწმუნების და ა.შ.

პრეზენტაცია მოიცავს მსმენელთა მოტივირებას იმისათვის, რომ მიიღონ:

  1. ახალი იდეები;
  2. შეცვალონ არსებული მოსაზრებები;
  3. ან იმოქმედონ მოცემული ინფორმაციის თანახმად.

უპირველესად, პრეზენტატორმა უნდა გაითვალისწინოს, როგორ დაგეგმოს პრეზენტაცია.

  • რა არის შეხვედრის მიზანი;
  • რამხელაა აუდიტორია;
  • აუდიტორიის საჭიროებები;
  • რა დროში უნდა ჩაეტიოს პრეზენტაცია;
  • შესვენების განრიგი;
  • როგორ უნდა დაკმაყოფილდეს მრავალფეროვანი აუდიტორიის საჭიროებები;
  • საპრეზენტაციო გარემოს მოწყობა;
  • რა ტიპის აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენება სჯობს.

პირველ გვერდზე აუცილებლად უნდა დაიწეროს:

  • პრეზენტაციის სახელწოდება;
  • ავტორი/ავტორები და მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ. ნომერი და ელფოსტა);
  • პრეზენტაციის წარდგენის თარიღი.

პრეზენტაციის ფორმატი გააფორმეთ ვიზუალურად, ბუნებრივია, თუ ინფორმაცია ლამაზად იქნება გაფორმებული, მას მსმენელი სიამოვნებით მიიღებს. ასევე, გაითვალისწინეთ შრიფტის ზომა და ფერი.

მსმენელს სათქმელი გადაეცით მარტივად და გასაგებად, ნუ გამოიყენებთ უცხოურ ტერმინოლოგიას, დაიცავით რეგლამენტი.

⇒ ვიცით, რომ პრეზენტაცია შედგება სამი ნაწილისაგან:

⇒ შესავალი;

⇒ ძირითადი ნაწილი;

⇒ დასკვნა.

ეცადეთ, საკითხი, რომლის პრეზენტაციასაც აკეთებთ, საფუძვლიანად შეისწავლოთ, რადგან საკითხის არასათანადო ცოდნა თქვენში გამოიწვევს მღელვარებას, რაც ზიანს მიაყენებს პრეზენტაციის ეფექტურობას. ასევე, მღელვარება შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების ცენტრში ყოფნამ, აუდიტორიის იმედგაცრუების შიშმა, კრიტიკამ და ა.შ.

ასეთ სიტუაციაში, ღელვის დასაძლევად, გაითვალისწინეთ:

  • პრეზენტაციის წარდგენისას ისუნთქეთ თანაბრად;
  • იმ შემთხვევაში, თუ უცებ სათქმელი დაგავიწყდებათ, შეანელეთ საუბრის ტემპი, რაც საშუალებას მოგცემთ, იფიქროთ და დაალაგოთ სათქმელი;
  • გამოიყენეთ დამხმარე მასალა, რათა აუდიტორიის ყურადღება მუდმივად თქვენზე არ იყოს მოპყრობილი;
  • პრეზენტაციის წარდგენამდე, სახლში, ხმამაღლა ივარჯიშეთ, ასეთ შემთხვევაში, ადვილად შეძლებთ იმ ადგილების იდენტიფიცირებას, სადაც აზრები დასალაგებელია და რაზეც მეტი მუშაობაა საჭირო.

კვლევებით დასტურდება, რომ თქვენი წარმატებული პრეზენტაციის გონებაში წინასწარ წარმოდგენა, ვიზუალიზაცია გააუმჯობესებს თქვენს გამოსვლას. აუცილებლად წარმოიდგინეთ ფიქრებში სურათი იმისა, თუ როგორ აკეთებთ კარგ პრეზენტაციას.

პრეზენტაციის წარდგენისას, ვერბალურ კომუნიკაციასთან ერთად, აუცილებელია არავერბალური კომუნიკაციაც, რომელიც გამოიხატება ჟესტიკულაციით, მოძრაობით, ხმის ტონის სიჩქარისა და სიძლიერის ცვალებადობით, ჩაცმულობით, თვალის კონტაქტით, დგომის მანერით. აკონტროლეთ სახის მიმიკაც, ღიმილი და იუმორი მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორიამ თავი კომფორტულად იგრძნოს, თუმცა, ზომიერების ფარგლებში.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ჩემს კლასს წარვუდგინე პრეზენტაცია გიორგი ლეონიძის მოთხრობისა „მარიტა“, თემად ავირჩიე „ციციკორეს გასამართლება 21-ე საუკუნეში“ (იმიტირებული სასამართლო).

პრეზენტაციის შექმნისას გამოვიყენე რიტორიკული სამკუთხედი (ემოცია, ლოგიკა და სარწმუნოობა).

შესავალში მოსწავლეებს ვუჩვენე ნაწყვეტი კინოფილმიდან „ნატვრის ხე“, როდესაც ვირზე უკუღმა მჯდომ მარიტას ტალახს ესვრიან. გავახსენე მიზეზი და იმ ადამიანების მოქმედება, რომლებმაც ეს განაჩენი გამოუტანეს. ყოველივე ამან, რა თქმა უნდა, ემოცია გამოიწვია მოსწავლეებში.

ძირითად ნაწილში კი, მოვაწყვე იმიტირებული სასამართლო, სადაც დაცვის მხარეები ამართლებდნენ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთ.

განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ციციკორეს დაცვის მხარეზე, რომელიც ამბობს, რომ ის ტრადიციებს იცავდა, რადგან მის უკან იდგა ტრადიციების დამცველი სოფელი და ის სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა.

შემდეგ ჩავრთე თორმეტი ნაფიცი მსაჯული, რომლებიც როგორც 21-ე საუკუნის მოქალაქეები, რა განაჩენს გამოუტანდნენ ციციკორეს?

ეს კი ლოგიკის ნაწილია.

ყოველივე ეს მოსწავლეებისათვის მეტად აქტუალური და ემოციური იყო, გაიმართა მცირე დისკუსია, ბოლოს შევაჯამეთ მათი მოსაზრებები და ერთად გავაკეთეთ დასკვნას. აქ კი იმუშავა სარწმუნოობამ.

პრეზენტაცია მაშინ არის კარგი, როდესაც ის მსმენელში იწვევს ემოციას, ჩანს ლოგიკა და სარწმუნოობა.

იმისათვის, რომ პრეზენტაცია იყოს ეფექტური, პრეზენტატორმა უნდა იფიქროს არა მარტო იმაზე, თუ რა აქვს სათქმელი, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა თქვას სათქმელი და როგორი პერსონალური შთაბეჭდილება მოახდინოს აუდიტორიაზე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, შეაფასოთ თქვენი აუდიტორია, რათა იცოდეთ, რა არის საუკეთესო, ვერბალური თუ არავერბალური გზა, მათთან სათქმელის მიტანისათვის და ყოველივე ამის შესაბამისად დაგეგმოთ პრეზენტაცია, ივარჯიშოთ მის წარმოდგენაში და აუცილებლად გქონდეთ წარმატების მოლოდინი.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები