15 ივნისი, შაბათი, 2024

პრაქტიკული პოლიტიკის სკოლები ქვემო ქართლის რეგიონში

spot_img

პროექტი „პრაქტიკული პოლიტიკის სკოლები ქვემო ქართლის რეგიონში“ ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, „ახალი აზროვნების ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ პარტნიორობით ხორციელდება. პროექტი ბოლნისში, გარდაბანსა და დმანისში ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მასში თითოეული მუნიციპალიტეტიდან 25-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს. პროექტის ფარგლებში იგეგმება მცირე საგრანტო კონკურსის გამოცხადება, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები, სოფლებში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე. სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ.

პროექტის ფარგლებში, იმართება შეხვედრები, ტრენინგ-სემინარები, „კავკასიური სახლის“ ტრენერები ახალგაზრდებს საინტერესო თემებთან დაკავშირებით უტარებენ ტრენინგებს.

9 აგვისტოს, დმანისში, პროექტის „პრაქტიკული პოლიტიკის სკოლები ქვემო ქართლის რეგიონში“ ფარგლებში, ახალგაზრდებთან რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ლექციები წაიკითხეს პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა და კონფლიქტოლოგმა ვანო აბრამიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა კავკასიის კონფლიქტებსა და დღევანდელ გამოწვევებზე, ამ კონფლიქტებში საქართველოს ადგილზე. მიმოიხილა ისტორიული კონტექსტი, თუ როგორ შეცვალა რეგიონში განვითარებულმა პროცესებმა ხალხთა იდენტობა, როგორ ჩაანაცვლა რელიგიური იდენტობა ეთნიკურმა ნაციონალიზმმა, რამაც კავკასიაში კონფლიქტებს საფუძველი ჩაუყარა. მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობის როლს კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში.

კონფლიქტოლოგმა ვანო აბრამიშვილმა შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა სამ თემაზე: საქართველოში სამშვიდობო პოლიტიკის უახლეს გამოცდილებაზე, ინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის თანხვედრის მნიშვნელობასა და კონფლიქტების დარეგულირებაში ახალგაზრდების როლზე. მან ასევე ისაუბრა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობის გავლენების შესახებ კავკასიურ კონფლიქტებზე, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომზე.

შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებსა და ახალგაზრდებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დებატები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

 

ფიდან ხალილოვა, მე-11 კლასის მოსწავლე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთადან:

„ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დრომდე, დაახლოებით, 8 ლექცია ჩატარდა, ყველა სხვადასხვა თემაზე. ბევრი რამ ნაცნობი იყო ჩემთვის, ბევრ საკითხზე უფრო დეტალური ცოდნა მივიღე. გავიცანი ახალი ადამიანები და მივიღე ძალიან კარგი გამოცდილება“.

 

 

 

დინარ ახმედოვი, მე-11 კლასის მოსწავლე:

„პროექტის შესახებ შევიტყვე მასწავლებლისგან. პირველად რუსთავში გვქონდა ორდღიანი ბანაკი. ჩემთვის პირველი ბანაკი იყო და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი, ბევრიც ვისწავლე. ბოლნისშიც ჩატარდა ტრენინგები, ყველა მათგანში მივიღე მონაწილეობა. შეხვედრები განსხვავებული იყო და ჩემთვის ინფორმაციულად დატვირთული. ვისაუბრეთ კომუნიკაციის შესახებ, მმართველობის სისტემებთან დაკავშირებით ბევრი ახალი რამ შევიტყვე. ამ პროექტამდე არ ვიყავი დაინტერესებული პოლიტიკით. იმედი მაქვს, მომავალშიც ბევრი ასეთი შეხვედრა გვექნება“.

 

 

ჩინარა ნაბიევა, 16 წლის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთადან:

„ბავშვობიდან ძალიან დაინტერესებული ვარ სამოქალაქო აქტივიზმით და ყოველთვის მინდოდა, ჩემი სოფლის განვითარებაში წვლილი შემეტანა. როდესაც მასწავლებელმა მაჩვენა ამ პროექტის შესახებ განცხადება, მაშინვე მივხვდი, რომ მასში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ჩემი მიზნების მისაღწევად. პროექტი მაისის თვიდან დაიწყო და დავესწარი სხვადასხვა ტრენინგ-სემინარს, მივიღე ცოდნა, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდობიდანვე ჩავერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის დასასრულს შეგვეძლება მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოვიყენოთ და ჩვენი მიზნების მისაღწევად შესაბამისი მოქმედებები განვახორციელოთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ მსოფლიოში ახალგაზრდების ჩართულობა ასეთ პროექტებსა და საზოგადოებრივ საქმიანობებში. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ პროექტის ავტორებს, რომლებმაც ახალგაზრდებს ასეთი შესაძლებლობები მისცეს“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები