27 ივლისი, შაბათი, 2024

პოსტერის შექმნა ქიმიის გაკვეთილზე

spot_img

გოჩა შეყილაძე

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი

ქიმიის სწავლებისას მნიშვნელოვანია, მოსწავლემ დაინახოს საგნობრივი ცოდნის აუცილებლობა. ამა თუ იმ ტიპის ცოდნა თუ უკავშირდება ცხოვრებას, ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ტრანსფერის არეალს, მით უფრო საფუძვლიანია. წარმოგიდგენთ საბაზო საფეხურისთვის გამოსაყენებელ პრაქტიკულ რჩევებს, რომელიც დაეხმარება ქიმიის პედაგოგებს, ე.წ. ცნებათა პედაგოგიკის მიხედვით, სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში, ასევე კლუბურ მუშაობაში.

პირველ რიგში, კლასს (საბაზო საფეხურზე) გავაცნოთ კომპლექსური დავალების პირობა:

ჰაერის შედგენილობის ცვლილების გავლენა ადამიანზე

მთამსვლელები, მაღალი მწვერვალების დალაშქვრის დროს, ხშირად იყენებენ ჟანგბადის ნიღაბს, რომელიც ზოგიერთ მწვერვალზე სასიცოცხლოდ აუცილებელიც კია. რა არის ჟანგბადის ნიღბის გამოყენების საფუძველი? მუდმივია თუ არა ჰაერის შედგენილობა და შეიძლება თუ არა ჰაერის შედგენილობის ცვლილებამ იმოქმედოს ცოცხალ ორგანიზმებზე?

ამ კითხვებზე პასუხების მიხედვით შექმენით პოსტერი.

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

♦ როგორ დაჯგუფდება ჰაერში შემავალი ნივთიერებები, მათი შემცველობის მუდმივობისა და ცვლადობის მიხედვით?

♦ რა ფაქტორები იწვევს ჰაერის შედგენილობის ცვლილებას და როგორია ამ ცვლილების შედეგები?

კარგი იქნება, თუ კომპლექსური დავალების შესრულებამდე მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას შევასრულებინებთ. მაგალითად, ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ათ ნივთიერებაზე ზოგად ინფორმაციას იძლევა, სასურველია, თუ მოსწავლეებს შევთავაზებთ სახალისო, მოკლევადიან, გუნდურ დავალებას მარტივი შეკითხვით:

რა ინფორმაცია შეიძლება წარმოვადგინოთ ათიოდე წუთში ჰაერის შემადგენელ ნივთიერებებზე (თუ საჭიროება მოითხოვს, დროს არ მივაქცევთ ყურადღებას!)?

ნივთიერება სიმბოლური

აღნიშვნა

პროცენტული

მოცულობა

მასა

პროცენტულად

აზოტი N2 78,084 75,5
ჟანგბადი O2 20,9476 23,15
არგონი Ar 0,934 1,292
ნახშირორჟანგი CO2 0,0314 0,046
ნეონი Ne 0,001818 0,0014
მეთანი CH4 0,0002 0,000084
ჰელიუმი He 0,000524 0,000073
კრიპტონი Kr 0,000114 0,003
წყალბადი H2 0,00005 0,00008
ქსენონი Xe 0,0000087 0,00004

 

გარდა ამ აქტივობისა, უნდა შევეხოთ  ფაქტორებს, რომლებიც იწვევს ჰაერის შედგენილობის ცვლილებას. ამისთვის შეგვიძლია სიტუაციური ამოცანები შევთავაზოთ მოსწავლეებს (რატომ შეიცვლება ჟანგბადის პროცენტული მოცულობა საწარმოო ტერიტორიაზე? რატომ არსებობს „სათბურის ეფექტი“ დიდ ქალაქებში?..).

გარდა „წმინდა საგნობრივი“ ინფორმაციისა, კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს გავაცნობთ ქვემოთ მოცემულ სამ ინფორმაციას (შესაძლოა, ინფორმაცია მინილექციის, საპრეზენტაციო პროგრამის ან სხვა საშუალებით მივაწოდოთ).

ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მაღლა ასვლისას განვითარებული დაავადება, რისი მიზეზიცაა ჟანგბადის უკმარისობა. სწრაფი ასვლისას ამ მდგომარეობას თან ახლავს დაბალი ატმოსფერული წნევის ზემოქმედება, ულტრაიისფერი რადიაციის, იონიზებული ჰაერის და სხვა ფაქტორების გავლენა. კუნთური დატვირთვა აძლიერებს დაავადების განვითარებას (http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=12&t=10439 )

დ’აკოსტას სინდრომი

დ’აკოსტას სინდრომი (მთის დაავადება) წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციურ დარღვევათა კომპლექსს, რომელიც წარმოიშობა სიმაღლეზე სწრაფად ასვლის დროს. ეტიოპათოგენეზურ მომენტად ასახელებენ დაქვეითებული ატმოსფერული წნევის მოქმედებას. ვლინდება ჰაერის უკმარისობით, ქოშინით, ციანოზით, გულის არეში ტკივილითა და სიმძიმის შეგრძნებით, გულის ფრიალით, წნევის აწევით, ეიფორიით ან აპათიით, თავის ტკივილით, თავბრუხვევით, მოძრაობის კოორდინაციის მოშლით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით, მხედველობისა და სმენის დარღვევებით, ჰალუცინაციებითა და კრუნჩხვებით, მძიმე შემთხვევებში – ფილტვებისა და თავის ტვინის შეშუპებით, კომის განვითარებამდე.

( https://mkurnali.ge/enciklopedia.html?task=term&id=8169 )

ატმოსფერული წნევის შემცირება და ჟანგბადის ნაკლებობა შესაძლოა პრობლემების წყაროდ იქცეს მათთვის, ვინც ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მაღლა ადის სალაშქროდ ან დასასვენებლად. ფრანგმა ფიზიოლოგმა პოლ ბერტმა 1878 წელს დაადგინა, რომ სიმაღლის დაავადების სიმპტომები ქსოვილებში ჟანგბადის დეფიციტის შედეგია. დაავადება ყველაზე ხშირად მთამსვლელებს, მფრინავებს და დიდ სიმაღლეზე მცხოვრებ ადამიანებს ემართებათ.

(ვრცლად: https://www.aversi.ge/ka/cnobari/2367/simaghlis-daavadeba )

პოსტერის შექმნამდე გონებრივი იერიშით დავადგინოთ, თუ რაში გამოადგება საზოგადოებას ის ბეჭდური ინფორმაცია, რომელსაც ვუწოდებთ პოსტერს. სავარაუდოდ, მივიღებთ პასუხს, რომ ეს ინფორმაცია კვალიფიციურ მთასვლელებსა და მოგზაურებს ნაკლებად დასჭირდებათ, უფრო _ ახალბედა ექსკურსანტებს, რომლებიც მოინდომებენ დაახლოებით 3 ათასი მეტრის სიმაღლის დაძლევას.

 პოსტერს,  როგორც შემეცნებით-დოკუმენტურ პროდუქტს, არაერთი საგნის მასწავლებელი აქმნევინებს მოსწავლეებს, მაგრამ ზოგად რეკომენდაციებს გავადევნოთ თვალი:

♦პოსტერი შეეხება ერთ კონკრეტულ თემას (ატმოსფერული წნევის შემცირებით გამოწვეული მთის დაავადება);

♦ პოსტერზე მარტივი ლექსიკით უნდა აისახოს ინფორმაცია (ინფორმაცია გასაგები უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის, მისი განათლების მიუხედავად);

♦ პოსტერზე ინფორმაცია უნდა იყოს სისტემატიზებული: პრობლემა-პრობლემის გადაჭრა-მიღებული შედეგი-დასკვნა-რეკომენდაციები (მთის დაავადება, როგორც საშიშროება-ჟანგბადის ნიღბის ტარება ან ადაპტაცია სიმაღლესთან-მთის დაავადების დისკომფორტის აცილება…);

♦ პოსტერზე ეფექტიანად ითვლება გრაფიკული მაორგანიზებლები (გრაფიკი, სქემა, დიაგრამა – სიმაღლის ცვლასთან ერთად შესვენების ან რაიმე მსუბუქი აქტივობის განხორციელება, ვთქვათ, ლექსის წარმოთქმის რეკომენდაცია);

♦ პოსტერის ეფექტიან შემადგენელ ნაწილებად ითვლება მაღალი გარჩევადობის ფოტოები, რომლებიც მიზნობრივია (მთის, ჟანგბადის ნიღბის, მთასვლელის…);

♦ პოსტერის „აჭრელება“ აფექტურად ითვლება, უმჯობესია 2-3 ფერი და სხვადასხვა ზომის შრიფტი (გასათვალისწინებელია პოსტერის ზომები, საკვანძო ინფორმაციის გამოკვეთა, შემადგენელი ნაწილების მარკირება…);

არსებობს ონლაინ-სივრცეში თავისუფალი და ლიცენზირებული პროგრამები, რომლებითაც იოლად შექმნის ბავშვი პოსტერს. სასკოლო პრაქტიკაში მიღებულია პოსტერის მომზადება  power-point-ში ასეთი გზით: File-New-საძიებო ველში ჩავწერთ – Poster. ამის მერე ვირჩევთ პოსტერის შაბლონს და მარტივი ინტერფეისის წყალობით ვქმნით სასურველ ფაილს, ვარედაქტირებთ სურვილის მიხედვით და ვინახავთ ფოტოს სახით, რომელიც ციფრული ან მატერიალური (ამობეჭდვის მერე) სახით ვიყენებთ.

 შენიშვნა: კომპლექსური დავალების შესრულების ორ ეტაპსა  (კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა და კომპლექსური დავალების შინაარსი) და აქტივობათა ნუსხაზე ყურადღებას არ ვამახვილებთ იმ მიზეზის გამო, რომ ამასთან დაკავშირებით ზოგადი მითითებები არაერთხელაა გამოქვეყნებული.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები