არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“, დიალოგის ფორმატში, მშობლებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, ღია მსჯელობა წამოიწყო სასკოლო გამოწვევების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას.
პირველი შეხვედრა – „პოლიტიკოსები უსმენენ მოსწავლეთა მშობლებს“, ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ წევრებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის, 15 სექტემბერს, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მშობლებისგან მიიღეს ინფორმაცია განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ყურადღება 4 ძირითად გამოწვევაზე გამახვილდა:
⇑⇓ სასკოლო კვების, ჰიგიენის და უსაფრთხოების საკითხები;
⇑⇓ ინფრასტრუქტურული პრობლემები;
⇑⇓ განათლების ხარისხის ხელის შემშლელი ფაქტორები;
⇑⇓ სკოლის დემოკრატიულად მართვის და მშობელთა ჩართულობის სირთულეები.
ნინო გონაშვილი, ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ გამგეობის წევრი, მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა პირველი წყაროსგან შეიტყონ, რა სირთულეებთან და პრობლემებთან გამკლავება უწევთ მშობლებს და მათ შვილებს. „არჩევნები კარზეა მომდგარი. გვაინტერესებდა პოლიტიკურ პარტიებს თუ ექნებოდათ ამ თემებთან დაკავშირებული პროგრამა ან ისეთი მოსაზრებები, რომელიც დაფარავდა ამ თემატიკას და გვეცოდინებოდა, რომ პოლიტიკური პარტიები ამ საკითხებზე მსჯელობენ და, სამომავლოდ, შეეცდებიან მათ მოგვარებას. ჩავთვალეთ, რომ კარგი დროა შევახსენოთ ის რეალობა, რაშიც ცხოვრობენ ჩვენი შვილები, რა პრობლემებს აწყდებიან ისინი სკოლებში და აქედან გამომდინარე, ოჯახებსაც რა პრობლემები ექმნებათ. ამიტომ მოგვინდა, პოლიტიკური პარტიებისთვის მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია.
ბოლო ერთი წელია, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მშობლებთან, 800-მდე მშობელი გვყავს გამოკითხული, გამოიკვეთა სირთულეები, რასაც ისინი აწყდებიან საქართველოში, რეგიონებსა თუ თბილისში. როდესაც ანალიზი გავუკეთეთ ამ ინფორმაციას, ის ოთხი ძირითადი საკითხი გამოვყავით, რაზეც დღევანდელ ღონისძიებაზე ვიმსჯელეთ“.
რაც შეეხება გასულ წელს, ორგანიზაციის მიერ მომზადებულ პრობლემების ნუსხას, (გაცილებით ვრცელია) არც ერთი არ გამოკლებია. ეს კი იმას ნიშნავს, ამბობს ნინო, რომ არც ერთი დასახელებული პრობლემა არ მოგვარებულა ან არ დაწყებულა მის მოგვარებაზე ზრუნვა.
„ზუსტად იგივე პრობლემებია, სამწუხაროდ, წინსვლა არ არის. მშობლებმა წელსაც ორი კვირით ადრე გაიგეს, რომ მათ სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს არ იწყება, მიზეზი – შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. იწყება სხვა სკოლებში გადანაწილებები და გადავადებები… ასევე არაფერი შეცვლილა სასკოლო კვებასთან დაკავშირებით, არც სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოცხადებულა რეფორმები; არც სკოლის დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებული სასიკეთო ძვრებია. თითქოს სურთ განათლების სისტემის დეცენტრალიზება, გვესმის იდეები, თეორიები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად არაფერი ხორციელდება. სამწუხაროდ, სკოლის დირექტორები ისევ უუნარო მმართველებად რჩებიან, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, ვერ იღებენ.
ერთი რამ კი უდავოდ შეიცვალა – მშობლები კიდევ უფრო ღიად საუბრობენ პრობლემებზე, ვიდრე ადრე და ვფიქრობ, ჩვენმა ორგანიზაციამ მისცა მათ ბიძგი, რომ ხმა ამოიღონ, ღიად ისაუბრონ პრობლემებზე, მოგვაკითხონ, ერთად ვიფიქროთ გამოსავალზე“.
შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, მშობლებისა და პოლიტიკოსების ჩართულობით, სადაც სასკოლო გამოწვევების დაძლევის გზები და შესაძლებლობები განიხილეს. აქვე გეტყვით, რომ ორგანიზაციას მოწვეული ჰყავდა 2024 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური მხრიდან, თუმცა, შეხვედრას მხოლოდ ოპოზიური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იცნობენ თუ არა პოლიტიკოსები ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ იმ ოთხ პრობლემას, რომელიც რეალურად საბაზისოა. შეხვედრის მთავარ კითხვად იქცა ერთ-ერთი მშობლის, ხუთი შვილის დედის, მაკა საკანდელიძის მიერ პოლიტიკოსებიდამი დასმული შეკითხვა: რისთვის დადიან სკოლაში ჩემი შვილები?
შეხვედრის მონაწილე პოლიტიკოსებმა პრობლემური საკითხების გადაჭრის საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და უმრავლესობამ მთავარ სამ პრობლემად სასკოლო კვება, უსაფრთხოება და სკოლის დეპოლიტიზება დაასახელა.
⇒ „ჩვენს პროგრამაში დევს ბავშვთა კვების საკითხი – ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საკვების მიღების საშუალება და თან დაბალანსებული საკვების!“ – განაცხადა გია ჯაფარიძემ. მან ასევე ხაზი გაუსვა სიღარიბის თემას, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებისა და სტუდენტების განათლების ხარისხზე.
⇒ ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, ვიდრე ჩვენ თავად არ ავიღებთ პასუხისმგებლობას შვილების განათლებაზე, მანამდე განათლების ხარისხის გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ: „ფული – მშობლებს და დამოუკიდებლობა – სკოლებს“ – განაცხადა მან.
⇒ რევაზ აფხაზავამ, სასკოლო კვებასთან ერთად, აქცენტი ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხზე გააკეთა, მისივე თქმით, ყველა კვლევა გვიჩვენებს, თუ როგორ განათლებას მიიღებენ ბავშვები ამას მათი სოციალური კეთილდღეობა განაპირობებს. ამიტომაც არის უმნიშვნელოვანესი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და ცალსახად დასაკმაყოფილებელია დღევანდელ სკოლაში საბაზისო მოთხოვნები: კვება, სანიტარიული მდგომარეობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ა.შ. „გამოსავალი რა არის? ანგარიშვალდებულება ხელისუფლების მხრიდან. პოლიტიკოსები უნდა მივხვდეთ, რომ განათლების ხარისხზე კომპრომისის გაკეთება დაუშვებელია!“.
⇒ საინტერესო ხედვა წარმოადგინა ვანო წერეთელმა. მისი განცხადებით, აუცილებელია არსებობდეს ნება, რომ შევქმნათ ძლიერი დეპოლიტიზებული განათლების სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წავალთ ია კერძაიას გზით… მივიღებთ მასწავლებლებს მაგიდის ქვეშ დამალულებს ფურცლებით ხელში… მისივე აზრით, მნიშვნელოვანია „ბევრი ფული – განათლების ინსტიტუციებს. ჩვენ შევქმენით ე.წ. „განათლების ყულაბა“, რომელსაც სახელმწიფო ყოველწლიურად შეუვსებს ბავშვს და მიზანმიმართულად გამოიყენებს განათლებისთვის“. საბოლოო ჯამში, თითოეული მოსწავლის ყულაბა 5 ათასი ლარით შეივსება, რაც გაამდიდრებს სკოლებს.
⇒ დისკუსიაში მონაწილე რუსუდან თევზაძემ განაცხადა, რომ დასახელებული პრობლემები მისთვის ნაცნობია, რადგან თავად აქვს გამოცდილება როგორც მშობელს, როგორც პედაგოგს და განათლების დოკუმენტებზე მომუშავე ადამიანს. თუმცა, მისთვის უმთავრესი მაინც სკოლების შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება, მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესები და კვალიფიციური მასწავლებელია. „მოსწავლეზე ორიენტირებული მხოლოდ მაშინ იქნება პროცესები, როცა პედაგოგი ჩართული არ იქნება ხელფასის მატების „შეჯიბრში“.
არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი ამბობს: „მშობლები დიდხანს ველოდით, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები თავიანთ პროგრამებში წარმოადგენდნენ იმ გამოწვევების გადაჭრის გზებს, რასაც ჩვენ და ჩვენი შვილები სკოლებში ყოველდღიურად ვაწყდებით, თუმცა თითქმის მოვიდა არჩევნები და ჯერ კიდევ ვერ გახდა აქტუალური თემა ბავშვების წინაშე არსებული პრობლემები. სწორედ ამ საკითხებზე პოლიტიკოსების ყურადღების შესაჩერებლად დაიგეგმა შეხვედრა „პოლიტიკოსები უსმენენ მოსწავლეთა მშობლებს“.
ჩვენი მიზანი იყო, არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პირისპირ გვეთქვა ის, რაც ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია და რა მოლოდინიც გვაქვს მშობლებს მათგან. სწორედ ამიტომ ვისაუბრეთ მათთან სასკოლო კვების დანერგვაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურული კოლაფსის აღმოფხვრაზე, სკოლებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების საკითხების დარეგულირებასა და სკოლის დემოკრატიულად მართვის აუცილებლობაზე. ეს არ არის ის თემები, რომლებიც მხოლოდ მშობელთა დახურულ ჩათებში უნდა განიხილებოდეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ამაზე უნდა ვისაუბროთ ყველასთან, ვისაც ამის მოგვარება შეუძლია.
პოლიტიკოსები შეეცადნენ დაერწმუნებინათ მშობლები, რომ იციან ამ პრობლემების შესახებ; შეეცადნენ წარმოედგინათ თავიანთი ხედვები. თუმცა ვისურვებდით უფრო მეტ კონკრეტიკას და გეგმას. ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ პარტიები გადახედავენ თავიანთ დღის წესრიგს და უფრო მეტი ყურადღებით და ინტერესით მოეკიდებიან ბავშვების და სკოლის თემას.
რა თქმა უნდა, არ გვგონია, რომ ამ ერთი შეხვედრით ყველაფერი გამოსწორდება. თუმცა ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რომ მუდამ შევახსენოთ პარტიებს რას ველით მათგან და რაზე უნდა დახარჯონ ძალისხმევა.
სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ ისურვა მშობლების მოსმენა. ერთადერთი პარტია, რომელმაც არ მოუსმინა მშობლებს იყო მმართველი პარტია, თუმცა ეს მათი არჩევანია. მოსწავლეთა მშობლები კი არჩევანს 26 ოქტომბერს გავაკეთებთ“.
♦ ♦ ♦
მოახდენს თუ არა მშობლების მიერ პოლიტიკოსებთან წამოწყებული დიალოგი მათზე გარკვეულ გავლენას, რომ პროგრამებში გაააქტიურონ სასკოლო გამოწვევები? დააფიქრებს თუ არა მათ ინიცირებული თემები? – ამის შესახებ ნინო გონაშვილი გვპასუხობს: „რა თქმა უნდა, ამის მოლოდინიც გვაქვს და დიდი სურვილიც, რომ პოლიტიკოსებს რეალურად არსებული პრობლემებით დავაინტერესებთ. მოველით, რომ ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ისინი მართლაც გაიაზრებენ, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ყველა მშობლები ვართ და ეს ყველას შვილს ეხება. ველით იმასაც, რომ თავიანთ პროგრამებში კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებენ სკოლებში არსებულ ვითარებაზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე. იმედია, იმასაც გაითვალისწინებენ, რომ მშობლები ამომრჩევლების დიდი რაოდენობა ვართ, რომლებსაც ძალიან გვაწუხებს სკოლებში არსებული პრობლემების მოგვარება.“
ლალი ჯელაძე