1 ნოემბერი, პარასკევი, 2024

პოზიტიური დისციპლინის გამოყენების მნიშვნელობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში

spot_img

სკოლამდელ დაწესებულებებში მნიშვნელოვანია უსაფრთხო, მეგობრული გარემოს შექმნა თითოეული აღსაზრდელისთვის. ბავშვებს ხშირად აქვთ უთანხმოებები, განსაკუთრებით რთული ქცევის მქონე ბავშვებს. აღმზრდელმა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება რომ შეძლოს, ის ამისთვის აღსაზრდელებს სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში უნდა დაეხმაროს. სიბრაზის მართვა შესაძლებელია პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიების გამოყენებით სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში.

რა არის პოზიტიური დისციპლინა, როგორ ვმართოთ რთული ქცევა და განვავითაროთ ბავშვის კომპეტენციები, პოზიტიური დისციპლინის მეთოდების გამოყენებით, სკოლამდელ დაწესებულებებში? – ფსიქოლოგიის დოქტორი ხათუნა დოლიძე, რთულ ქცევაზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ ეს არის ქცევა, რომელიც, პირველ რიგში, ვნებს თვითონ ბავშვს, რადგან ხელს უშლის მის სოციალურ-ემოციურ და კოგნიტურ განვითარებას, ასევე, ვნებს სხვა ბავშვსაც და უფროსებსაც. ის, რომ გარკვეულ ვითარებაში ბავშვმა არ იცის, როგორ მოიქცეს, ეს ნორმალურია, რადგან სწორედ განვითარების პროცესში სწავლობს რთული ქცევის მართვას.

„ზოგადად, პოზიტიურ დისციპლინასთან ასოცირდება დასჯა – ამბობს ხათუნა დოლიძე, * ისტორიას რომ გადავხედოთ, მისაღები ქცევის სწავლება ხდებოდა იმით, რომ მიუღებელ ქცევას სჯიდნენ. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ამ მიდგომების ჰუმანიზაცია მოხდა და პოზიტიური დისციპლინა, პრაქტიკულად, ხაზს უსვამს და უარყოფს დასჯით მიდგომებს და აქცენტს აკეთებს, ასე ვთქვთ, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სტრატეგიაზე.“

თბილისის №100 ბაგა-ბაღის აღმზრდელის, მაკა ფალავანდიშვილის აზრით: „კომუნისტური პერიოდიდან გამომდინარე, მაშინ თვითონ პროგრამაც განსხვავებული იყო, რადგან ყველა ერთად ვხატავდით, ვძერწავდით, ვკითხულობდით, ვთამაშობდით, ანუ ერთიანი გვქონდა ყველანაირი სივრცე; იყო სკამების პერიოდიც, რაც ძალიან ცუდად მახსენდება. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, უფრო ადრე რომ გვცოდნოდა, რომ თავისუფლება ყველაზე უფრო კარგია ბავშვებისთვის. მაშინ ვეუბნებოდით: „არ დაარტყა“, ხმარებაში იყო სიტყვა „არა“, ახლა „არა“ ამოღებული გვაქვს. „არ დაყარო“ კი არ უნდა უთხრა, არამედ – „მოდი, ეს ქვიშა ჩვენს დაფაზე დავდოთ, იქ ვითამაშოთ“; „მოდი,დამეხმარე და ფლომასტერები, ძირს რომ ყრია, ყუთში ჩავალაგოთ“.

რაც შეეხება პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიების გამოყენების მნიშვნელობას, ეს არ არის ორიენტირებული მხოლოდ რთული ქცევის, ასე ვთქვათ, ჩახშობაზე, არამედ ხელს უწყობს ბავშვების კომპეტენციების ზრდას. პირამიდის მოდელი სოციალურ-ემოციური კომპეტენციის სწავლებისთვის კარგი თვალსაჩინოებაა, რთული ქცევის პრევენციული მოდელია. ხათუნა დოლიძე განმარტავს, რომ „პირამიდის მოდელი 4 საფეხურისგან შედგება. პირველი ორი საფეხური, ეს არის უნივერსალური მოდელი პირამიდის, რომელიც გვეუბნება, რომ ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია პოზიტიური ურთიერთობა, ემოციური კეთილდღეობა და მის ასაკსა და ინტერესებზე მორგებული, სტუქტურირებული გარემო.

 პირამიდის მოდელის შემდეგი ეტაპი პროაქტიული ნაწილია, რომელიც გვეუბნება, რომ მიზანმიმართულად, წინასწარ უნდა ვიმოქმედოთ და ვიზრუნოთ ბავშვების სოციალურ-ემოციურ კომპეტენციაზე და მესამე, ინტენსიური ინტერვენცია, რომელიც გულისხმობს უკვე კონკრეტულ, ინდივიდუალურ ბავშვებთან ინტენსიურ მუშაობას, ქცევის მართვის მიმართულებით.“ – ამბობს ქალბატონი ხათუნა და თითოეულ საფეხურს უფრო დეტალურად აღწერს:

 

უნივერსალური საფეხურის სტრატეგიები – ბავშვის ინდივიდუალურად მიღება; მშობლებთან პოზიტიური ურთიერთობა; მკვეთრად გამოყოფილი სივრცეები; საინტერესო ტრანზიციები.

უნივერსალური ეტაპი, პირველ რიგში, ურთიერთობებს გულისხმობს. აღმზრდელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორ ხვდება თითოეულ ბავშვს, ბაღში მოსვლის დროს, მან მშობლებთან პოზიტიურ ურთიერთობაზეც უნდა იზრუნოს. ეს ეტაპი, ასევე გულისხმობს მკვეთრად გამოყოფილ სივრცეებს, თავისი ყველა მიმანიშნებლითა და მასალით, რომლებიც ბავშვს აჩვენებს, რომ აი, ამ კუთხეში, შენ შეგიძლია ამ ტიპის აქტივობებითა და თამაშებით დაკავდე.

არსებობს ტრანზიციის სხვადასხვა ფორმები, ეს შეიძლება იყოს მოკლე ლექსები, სიმღერები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვერბალური მინიშნებები, რომ ვასრულებთ აქტივობას.

პროაქტიული საფეხურის სტრატეგიები – ემოციების სახელდება; ბრაზის მართვა; კონფლიქტის მოგვარების სწავლება.

 რაც შეეხება პირამიდის პროაქტიულ ნაწილს, რომელიც ბავშვების სოციალურ და ემოციურ განვითარებას გულისხმობს, აქ ძალიან მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება შეუძლიათ აღმზრდელებს – ემოციური ლექსიკური მარაგის განვითარება, ემოციების სახელდება. როდესაც ემოციურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ამ მიმართულებით ბავშვების ცნობიერების ამაღლება, პირველი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიაა.

ბრაზის გამკლავების ტექნიკა და სტრატეგიების არსი, ძირითადად, იმაში მდგომარეობს, რომ მე მივხვდე, გაბრაზებული ვარ და ვეცადო, ეს ბრაზი არ გადამივიდეს ყვირილში, ხელის ან ფეხის ქნევაში და ა.შ. ვერბალურად, სიტყვიერად გავაგებინო ვიღაცას, რომ ახლა გაბრაზებული ვარ. არსებობს კონკრეტული ტექნიკები. მათ შორის, ერთ-ერთი კუს ტექნიკაა.

ეს არის ოთხნაბიჯიანი ტექნიკა: პირველი ეტაპი – კუ ხვდება, რომ გაბრაზდა; მეორე ეტაპი – შეჩერების მომენტი, როდესაც უნდა მოერიოს თავის თავს, რომ ეს ბრაზი არ „გადმოვიდეს“, ასე ვთქვათ, მიუღებელ ქცევაში არ გადაიზარდოს; მესამე ეტაპი უკვე თვითდამშვიდებაა, კუ ბაკანში ძვრება და სამჯერ ღრმად ჩაისუნთქავს იმისთვის, რომ დამშვიდდეს; რაც შეეხება ბოლო ეტაპს, ეს მზაობის ეტაპია – კუ ბაკნიდან გამოდის და უკვე საღი გონებით შეუძლია იფიქროს სწორ გადაწყვეტილებაზე.

კონფლიქტის მოგვარების სწავლება ძალიან ბევრ უნარსა და კომპეტენციას საჭიროებს. უმთავრესია, სხვისი პერსპექტივის დანახვა – რას ფიქრობს სხვა, რომ რომ შეძლო მოლაპარაკება, მოთმენა და მოსმენა.

ინდივიდუალიზებული საფეხურის ინტერვენციები

ინდივიდუალური ინტერვენციები, ეს არის გააზრებული ჩარევა, უფროსის მხრიდან, კონკრეტულ ბავშვთან მიმართებაში. თუ დაკვირვების შედეგად ვიცი, რომ კონკრეტულ ბავშვს აქვს სირთულეები, კონსტრუქციულად ჩაერთოს სხვა ბავშვების მიერ წამოწყებულ თამაშში, მე, აღმზრდელი, ყოველთვის ფხიზლად ვარ და როდესაც ის უახლოვდება სხვა ბავშვებს, რომლებიც გარკვეულ თამაშში არიან ჩართულები, ვიცი, რომ უნდა მივიდე მასთან და მაგალითი ვაჩვენო/ დავეხმარო, როგორ ჩაერთოს უფრო კონსტრუქციულად სხვების მიერ წამოწყებულ თამაშში. ჯერ მე ვაჩვენო მაგალითი, რა ვუთხრა ბავშვებს, რა გავაკეთო, რომ თამაშში ჩავერთო, ავიღო თუ არა ნებართვა და შემდეგ მას უნდა დავეხმარო იმავე მისაღები ქცევის განხორციელებაში. მაგალითად, თუ აღმზრდელმა იცის, რომ ბავშვს გარკვეული სირთულეები აქვს დილის წრეზე ჯდომისას, ხელს უშლის სხვებს მოსმენაში და თვითრეგულირებისთვის სჭირდება გარე კონტროლი, მაშინ, ყოველ დილით, უნდა ჩაისვას კალთაში და ამით დაეხმაროს თვითრეგულირებასა და დილის აქტივობის მშვიდად მოსმენაში.

სოციალურ-ემოციურ კომპეტენციაზე მუშაობა აღმზრდელისა და მასწავლებლის მთავარი საზრუნავია იმიტომ, რომ თუ ასეთი საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული, მაშინ სხვა დანარჩენ მიზანს, უბრალოდ, ვერ მიაღწევს. სწორედ ემოციური უსაფრთხოება და პოზიტიური სოციალური ურთიერთობები განაპირობებს დიდწილად წარმატებული სწავლისა და განვითარების საფუძველს.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

 

წყარო – გაეროს ბავშვთა ფონდის გვერდზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=719642978563024

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები