პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე პირველი განმარტება გააკეთა განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დაბრუნების შესახებ.
„მან ზედმიწევნით იცის, ბოლო წლების განმავლობაში რა ხდებოდა განათლების სამინისტროში, როგორ ხდებოდა რეფორმის მომზადება და განხორციელება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ამ და მის სხვა ღირსებებთან ერთად მინისტრი შეძლებს, სწრაფად, დროის დაუკარგავად განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც დღეს მიმდინარეობს განათლების სისტემაში, ძალიან წარმატებულად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მიხეილ ჩხენკელმა პრემიერისგან პირველი დავალებაც მიიღო: „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და დავავალო ბატონ მიხეილს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება დღეს ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რათა შევძლოთ უახლოესი წლების განმავლობაში, აღმოფხვრათ ის დისბალანსი, რომელიც გვაქვს შრომის ბაზარზე. მინდა, ვთხოვო, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს“.