12 აგვისტო, პარასკევი, 2022

პირბადიანი პირები

spot_img

– დღეს პრეზენტაცია გვექნება, მას?

– „დედამიწა და ეკოლოგია“ არ უნდა მოგვემზადებინა?

– მას, მთელი კლასი მზადაა, ყველას ისე მოეწონა…

– დიახ, მას, ისე კარგად აგვიხსენით იმ დღეს ყველაფერი…

– ის რა მაგარი დოკუმენტური ფილმი იყო, მას, კიდევ ვნახოთ რა, ოღონდ ერთად…

– ხო, მას, მართლა მაგარი იყო, ერთად ვნახოთ რა კიდევ, გთხოვთ…

– მასწავლებელო, თქვენ წინაზე რომ არ იყავით, ჩვენ მაშინაც ყველას მზად გვქონდა დავალება…

– მე დავიწყებ.

– კარგით, მას !

– არა „კარგით“, არამედ „კარგი“! – რამდენჯერ უნდა შეგისწოროთ ბავშვებო?! – როგორც იქნა ხმა ამოიღო უჩვეულოდ დადუმებულმა არა ქართულის, არამედ გეოგრაფიის მასწავლებელმა და ისევ უცნაურად გაჩუმდა.

მთელი მეთერთმეტე კლასიც გაჩუმდა.

ქალბატონი „მასი“ ბოლოს და ბოლოს ჩამოჯდა კუთვნილ სკამზე და თბილი ქურთუკიდან ამომძვრალი ხელები იდაყვებით მაგიდაზე შემოაწყო, საიდანაც წიგნებით სავსე თავისი ხელჩანთა განზე გააცურა და სივრცე უზრუნველჰყო, თითქოს ასე უკეთესად დაინახავდა ყველას.

შვიდივე მოსწავლე სახეზე იყო. კედლის მხარეს, შეშის ღუმელისაკენ ჩაეწიათ თავიანთი მერხები და სითბოში ბედნიერად თავმოყრილიყვნენ…

შვიდივე მასწავლებელს მისჩერებოდა და ისიც მიხვდა, რომ გაკვეთილი უნდა დაეწყო.

– პირბადიანი პირები იმერული მთა-გორების აღმართს შედგომოდნენ. ბევრნი არ იყვნენ, თითებზე ჩამოითვლიდი შაოსნებს. პროცესიას თავში ოთხნი მიუყვებოდნენ. შემცვლელი ძვირად უჩანდათ, ისე მიიწევდნენ წინ და თან მიჰქონდათ სასახლისფერი კუბო, – ამოიოხრა მასწავლებელმა და ცისფერი პირბადე შეისწორა თუ მის მოხსნას ლამობდა, წამით თხრობა შეწყვიტა.

– მიასვენებდნენ… – ისევ განაგრძო ძლივს გასაგებად.

– ვის, მასწავლებელო?

– ბიძაჩემს.

– ვიზიარებთ, მას, – უხერხულად შეიშმუშნა კლასი.

– მადლობა. მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ, – საზეპირო ფრაზით სამძიმარი მიითვალა ნაღვლიანმა მასწავლებელმა.

– მას, იმიტომ არ იყავით იმ დღეს სკოლაში?

– იმიტომ…

– არა უშავს, მას, დღეს მოვაწყოთ, ჩვენ მზად ვართ პრეზენტაციისთვის.

– პრეზენტაციისთვის თუ წარდგინებისთვის, მას?

– ააა, ოტია როგორც ამბობდა, მას, არა?

– დიახ, ბავშვებო, მაგრამ ჯერ მე დამასრულებინეთ სათქმელი და ეს იქნება ჩვენი წარდგინებაც, პრეზენტაციაც და ასე განსაჯეთ, საერთაშორისო კონფერენციაც. – სიწყნარისაკენ მოუწოდა წეღანდელივით ცალ-ცალკე ახმაურებულ მოსწავლეებს მასწავლებელმა.

– კარგი, მას, გისმენთ. – მთელი კლასი გაინაბა.

– მე დაკრძალვაზე წავედი, რადგან თავი მოვალედ მიმაჩნდა, ბიძა უკანასკნელ გზაზე გამეცილებინა, ,,მიწა ხარ და მიწად იქეც“, სანუგეშოდ მეთქვა და ნაკურთხი წყლით შეზავებული იგივე მიწა მერე მისი სამარის ძირას  მიმომეფანტა…

მაგრამ…

…დაიფლა ცელოფანში დაბეჭდილი.

ვინ იცის, რამდენი ხანი უნდა გავიდეს, რომ იგი მიწამ მიიღოს?..

– მასწავლებელო, საავადმყოფოები კორონით გარდაცვლილებს ყოველთვის სქელ ცელოფნებში ათავსებენ დასამარხავად და დედამიწას რაღა ეშველება მაშინ?.

– დედამიწაც გარდაიცვლება, ალბათ.

– მას, აქ, ჩვენთან, ბევრი ვიცი, ვინც ქრისტიანულად გააპატიოსნა ასეთი მიცვალებული.

– დიახ, მას, მეც ვიცი.

ვითომ მასწავლებელს არაფერი სცოდნოდა, ისე ჩაეკითხა პრეზენტატორებსა თუ წარმდგენლებს, მერეო.

– მერე? – არაფერი…

– არაფერი, მასწავლებელო, მეც ვიცი…

– მთას კვლავ თავისი წესები აქვს შემორჩენილი, – ახსნა მოძებნა გაცემული პასუხების ადრესატმა და ის იყო, იფიქრა, თემა დავხურეო, გაისმა შეკითხვა მისი მისამართით.

– შვილები, შვილები არ ჰყავდა გარდაცვლილს?

– ჰყავდა. ერთი ჩემი ტოლი იყო, ადრე მოუკლეს. უფროსმა ქალიშვილმა კი ვერაფერი გაბედა. ჩემს მამიდაშვილებს ვგულისხმობ. ჰყავდა საკუთარი დისშვილიც, მაგრამ ისიც საავადმყოფოში იწვა კორონით სიცხიანი… მე კი არც უფლება და არც ძალა არ მყოფნიდა, რომ სოფელს დავპირისპირებოდი…

– და სხვა აღარავინ იყო, მასწავლებელო?

– პირბადიანი პირები მხოლოდ, სხვა აღარავინ.

მალხაზ გულბანი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. იფარის საჯარო სკოლა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები