„ახალი მასწავლებლების უპრეცედენტო რაოდენობა ნიშნავს, რომ რეფორმის შედეგად მასწავლებლობა პრესტიჟული და მიმზიდველი პროფესია ხდება“ – ასე მიმართა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდა მასწავლებლებს, რომლებმაც წელს პირველად დაიწყეს მასწავლებლის პროფესიით სკოლებში მუშაობა.
ოქტომბრის მონაცემებით, წელს, მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება 1890-მა პედაგოგმა მოიპოვა. აქედან, საჯარო სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე 1400 დასაქმდა, 490 კი განათლების სისტემაში იყო დასაქმებული (კერძო სკოლა, სხვა პოზიცია).
არსებული მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში 100-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. ლიდერობს მათემატიკა (16), ბიოლოგია (11), ისტორია (10), მუსიკა (10), ფიზიკა (10) და ა.შ.
მასწავლებლის პროფესიის მსურველთა რიცხვი, ბოლო დროს, საგრძნობლად გაიზარდა – ზაფხულში, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდაზე, მასწავლებლობის მსურველი 10 000 აპლიკანტი (რასაც მინისტრი უპრეცედენტო მოვლენად აფასებს) დარეგისტრირდა. მათგან 30%-მა დადგენილი უმაღლესი – 10-კრედიტიანი ბარიერი დაძლია.
„ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ განათლების რეფორმის შედეგად, მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია ხდება. რაც შეეხება სკოლებში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებს, 1470 საჯარო სკოლის მიერ 4500-მდე ვაკანსია გამოცხადდა. Teacherjobs.ge-ზე სულ 17 400 აპლიკანტი დარეგისტრირდა, დაახლოებით 51 350 საათზე“ – განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ბატიაშვილმა, სისტემაში ახლად შესულ პედაგოგებთან შეხვედრაზე, რეფორმის დადებითი ასპექტების გარდა, არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად მცირეკონტინგენტიან და სოფლის სკოლებში ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა დაასახელა. მინისტრის თქმით, საქართველოს სკოლების ნახევარი, 1-დან 100-მოსწავლიანი სკოლაა (სულ 900-ზე მეტი სკოლა), რომელიც, ისტორიულად, კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტს განიცდის.
მასწავლებლის სახლის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, 150 წარგზავნილი მასწავლებელი, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არსებულ დეფიციტს ვერ ავსებდა, მოთხოვნილი მასწავლებლების მხოლოდ 40%-ს აკმაყოფილებდა, ყოველწლიურად. მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებზეც, ათწლეულებია, კონკურსი არ იქმნება და ე.წ. უფასო პროგრამებზეც კი, ყოველწლიურად, კონტინგენტი 530-მდე ადამიანს არ სცდება. წელს, პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდის ტენდენციის მიუხედავად, უნივერსიტეტები, აკადემიური პროგრამების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, უახლოესი 5-10 წლის მანძილზე, საჭირო კადრების მომზადებას ვერ უზრუნველყოფენ.
„სწორედ თქვენი მონაწილეობით გადაიჭრება მცირეკონტინგენტიან სოფლის სკოლებში, ათწლეულობით, არსებული პრობლემები. ამიტომ მიიღო სამინისტრომ გადაწყვეტილება, გაძლიერდეს ისეთი მიზნობრივი პროგრამები, როგორიცაა მაძიებლობის პროგრამა – დღეისათვის სისტემაში 2000-მდე მაძიებელი პედაგოგია. პირები, რომლებსაც რომელიმე დისციპლინის/საგნის, მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხი აქვთ, სკოლაში კონკურსის გავლის შედეგად, 2-წლიან მომზადების პროგრამაში ერთვებიან, დისტანციური მომზადების კურსს გადიან და საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ. მაძიებლობის პროცესში მასწავლებლები პრაქტიკოსი მასწავლებლის ოდენობის ანაზღაურებას იღებენ. მასწავლებლის ეროვნული სკოლა საშუალებას აძლევს როგორც მოქმედ, ისე მასწავლებლობის მსურველებს, გაიარონ 3-თვიანი ინტენსიური პროგრამა და ასწავლონ ერთზე მეტი მომიჯნავე საგანი, მაგალითად, ისტორია-გეოგრაფია-სამოქალაქო განათლება, ან ქიმია-ბიოლოგია და ა.შ. ამ პროგრამაზე 4000 პირი დარეგისტრირდა. 24-25 ოქტომბერს – გასაუბრებები, ხოლო ნოემბერში ტრენინგი გაიმართება. პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გააგრძელებს მასწავლებლების წარგზავნას განსაკუთრებით მოშორებულ და მთის სკოლებში“ – განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ქალაქისა და სოფლის მოსწავლეებს შორის აკადემიურ მიღწევებში განსხვავებები და ყველა სკოლას მოტივირებული, კვალიფიციური, მაღალი სოციალური სტატუსის მქონე, დაფასებული მასწავლებელი ეყოლება. 2019-20 სასწავლო წლის დასაწყისში სწორედ ამისთვის განხორციელდა სახელფასო მატება და შედეგად, სრულ განაკვეთზე, უფროსი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1011 ლარი გახდა, წამყვანი მასწავლებლის – 1417 ლარი, ხოლო მენტორი მასწავლებლის — 1745 ლარი. ხელფასი, ასევე, მოემატათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც არ ასწავლიან სრულ განაკვეთზე და ამ მატებამ, საშუალოდ,100 ლარი შეადგინა. ცვლილება შევიდა მასწავლებელთა საათობრივი დაანგარიშების წესში და ის მასწავლებლები, რომლებიც 18 საათზე მეტს ჩაატარებენ, დამატებით მიიღებენ საათობრივ დანამატს, საშუალოდ, 30 ლარის ოდენობით. 6400-ზე მეტმა მასწავლებელმა, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ორი წლის ხელფასის ოდენობის სახელმწიფო ჯილდო მიიღო. აღნიშნული პრივილეგიით სარგებლობის უფლება, 2019 წლის ბოლომდე, ნებისმიერ პრაქტიკოს, საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებელს აქვს.
მინისტრი ახალგაზრდა მასწავლებლებს დაჰპირდა, რომ რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო ყოველმხრივ შეუწყობს ხელს როგორც ახალ მასწავლებლებს, ასევე არსებულ, პრაქტიკოს პედაგოგებს, რომ მეტად განვითარდნენ და სტატუსიც აიმაღლონ.
მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ აღნიშნა, რომ ახალი პედაგოგების სისტემაში მოზიდვას წინ ძალიან რთული სამუშაო უძღოდა და ძალიან ფრთხილად მიუდგნენ ამ საკითხს, რადგან „მასწავლებლის რეფორმის განხორციელებისას მრავალმხრივი მიზანი გვქონდა, არსებული კადრების წახალისება და ახალი კადრების მოზიდვა, რასაც კარგი ბალანსი სჭირდებოდა. სწორად გაზომილმა პოლიტიკამ მოიტანა ახალი პედაგოგების დიდი ინტერესიც. დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გენდომებოდათ ისეთ სისტემაში შემოსვლა, სადაც თქვენს წინამორბედ კოლეგებს არ აფასებენ. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი, მომავალში, ძალიან კონკრეტული შედეგებით – ჩვენი მოსწავლეების საერთაშორისო დონეზე აკადემიური მიღწევების დამაჯერებლად გაუმჯობესებით წარმოჩინდება.
ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით. ამიტომ მოგმართავთ, რომ იყოთ ძალიან მოზომილები და ჩვენთან ითანამშრომლოთ. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საუკეთესო კვალიფიკაციის ახალგაზრდებიც კი, პირველი სამი წლის განმავლობაში, სკოლას ტოვებენ, რადგან არსებული საერთაშორისო პრაქტიკით, დამწყები მასწავლებლისთვის სწორედ პირველი ორი-სამი წელია ყველზე რთული პერიოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დასაწყისში ძალიან გაგიჭირდებათ – მოგიწევთ ღამეების თენება, ბევრჯერ – საკუთარი ემოციების მოთოკვა. რთულია ამდენი ბავშვის მართვა – საგაკვეთილო პროცესის მართვა. ზოგადად, მასწავლებლობა იოლი საქმე არ არის, ამიტომ, გისურვებთ, იყოთ წარმატებულები და მთავარი გამოცდა, რომელიც ახლა თქვენს ცხოვრებაში იწყება, ღირსეულად გაიაროთ. გპირდებით, ყველანაირად დაგეხმარებით პროფესიულ განვითარებაში, თუნდაც კონსულტაციებით, იმისთვის, რომ ყველაზე რთული წლები კარგად გაიაროთ და საკუთარი შედეგებით კმაყოფილი დარჩეთ.“
ვაკანსიების შესახებ საუბრისას ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით არსებული 100 ვაკანსია სულაც არ არის ბევრი იმის ფონზე, რაც სასწავლო წლის დასაწყისში იყო. „არ ვფიქრობთ, რომ რამდენი კადრიც გადის სისტემიდან, იმდენივე უნდა მოვიდეს. სკოლებს ვაძლევდით რეკომენდაციებს, რომ მაქსიმალურად გაეკეთებინათ საათების შიდა გადანაწილება. იმ მიმართულებით მივდივართ, რომ მასწავლებლობა სრულგანაკვეთიანი პროფესია გავხადოთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ხელფასის კუთხით, ისე მოსწავლისთვისაც. თუ გვინდა, რომ მასწავლებელმა მოსწავლესთან გაკვეთილების შემდგომ იმუშაოს და აღარ შეითავსოს რეპეტიტორობა, მაშინ მას სრული განაკვეთი და გაზრდილი ხელფასი უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ასეთი მიდგომა პირდაპირი გეზია მასწავლებლისთვის – აიღოს მაქსიმალური საათების რაოდენობა. მეტი ინტერესის გასაჩენად, 18 საათის ზემოთ, დანამატიც კი დავაწესეთ. არსებული მონაცემებით, პირველივე ეტაპზე, სრულგანაკვეთიანი მასწავლებლების რაოდენობა, მინიმუმ, 10 პროცენტით გაიზარდა. მანამდე, მხოლოდ 40 პროცენტი იყო სრულ განაკვეთზე და 60 — არასრულზე, რაც, თავისთავად, იმას ნიშნავს, რომ პედაგოგთა უმეტესობა, სამი ან ხუთი საათის ჩატარებით, მაღალ ანაზღაურებას ვერ მიიღებდა. ამიტომ, ყველას აწყობს ეს მიდგომა. დარწმუნებული ვარ, მომავალი სასწავლო წლისთვის, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
კარგია, რომ ვაკანსიები ივსება და იქ, სადაც ჯერ კიდევ არ შევსებულა, სკოლებს სხვადასხვა გამოსავალს ვთავაზობთ, თუნდაც, ახლახან გამოცხადებული „მასწავლებლის ეროვნული სკოლაც“ ამ მიზანს ემსახურება. უკვე 4 ათასი მასწავლებელი დარეგისტრირდა. კომისიებიდან ძალიან კარგი ინფორმაცია მოგვდის კონკურსანტების შესახებ. სკოლაში იმისთვის რეგისტრირდებიან, რომ შეთავაზებული კურსის გავლის შემდეგ, ერთზე მეტი საგნის სწავლება შეძლონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის. სწორედ ეროვნული სკოლა მისცემთ მათ საშუალებას, რომ ერთზე მეტი საგნის კვალიფიციური მასწავლებლები გახდნენ.
ბევრი გეგმა გვაქვს, მაგრამ სისტემაში თქვენი შემოსვლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ. დარწმუნებულები ვართ, კარგად ითანამშრომლებთ ჩვენთანაც და თქვენს უფროს კოლეგებთანაც, რომლებიც სკოლებში დაგხვდნენ. მათი გამოცდილება ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია. მჯერა, სათანადო უნარებს გამოიჩენთ და სკოლის კოლექტივში კარგად ჩაეწერებით. გისურვებთ წარმატებებს, გამძლეობას და, რა თქმა უნდა, თქვენი მოსწავლეების საუკეთესო შედეგებს წლის ბოლოს.“
ახალბედა მასწავლებლები საკმაოდ გამბედავებიც აღმოჩნდნენ, რადგან შეხვედრის ბოლოს მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან იმ პრობლემატურ საკითხებზე საუბარი სცადეს, რომელიც მათ მასწავლებლობის პირველივე თვეებში დაინახეს.
შემცირდება თუ არა კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა და იქცევა თუ არა დაწყებული რეფორმა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად, რომ ახალი ხელისუფლების ან მინისტრის მოსვლის შემთხვევაში კურსი უცვლელად შენარჩუნდეს, მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლა კი ისევ საცდელ პოლიგონად არ იქცეს (რისი მაგალითებიც ხშირად გვქონია).
ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, რადგან ამისთის უფრო მეტი სკოლის შენობა და მეტი მასწავლებელია საჭირო. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ბუნებრივია, სამინისტრო ნორმად ქცეული 29 მოსწავლის შემცირებაზე მუშაობს. „ეს პრობლემა, უმეტესად, დიდი ქალაქების სკოლებს აქვს. თბილისში ძალიან მწვავედ დგას ინფრასტრუქტურის პრობლემა, რადგან ცენტრალურ უბნებში, პრაქტიკულად, სახელმწიფოს საკუთრებაში არ არსებობს ფართები და მიწები, სადაც ახალი სკოლების აშენება შეიძლება. ახლა სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ, გვინდა, რომ დიდი სკოლები განვტვირთოთ. მაგალითად, პირველი ექსპერიმენტული სკოლა, რომელსაც 3 000 მოსწავლე ჰყავს, 55-ე საჯარო სკოლა, პირველი კლასიკური გიმნაზია და ა.შ. ასე რომ, გრძელვადიან გეგმაში ეს საკითხი განიხილება, თუმცა, ჯერ ინფრასტრუქტურული პრობლემები და მასწავლებლების პოლიტიკა უნდა მოვაგვაროთ, რომ ისეთი მდგრადი სისტემა შევქმნათ, რომელიც ამ ტიპის გადაწყვეტილებას აიტანს. გარდა ამისა, ვამუშავებთ კონცეფციას – ახალი სკოლები, რომლებიც აშენდება, შესაძლებელია იყოს არა სამივე საფეხურისთვის – დაწყებითი, საბაზო და საშუალო – არამედ რომელიმე კონკრეტული საფეხურისთვის განკუთვნილი. ეს არის რეფორმის კონცეპტუალური ხედვა, რაც საერთაშორისო პრაქტიკითაა მიღებული. თუმცა, არსებული სკოლების შემთხვევაში, კარგად მოსაფიქრებელია, როგორ შევძლებთ მსგავს სისტემაზე გადასვლას, რადგან, ძირითადად, მაინც საბჭოური ტიპის ორ და ხუთსართულიანი შენობები გვაქვს. ახალი სკოლის აშენების შემთხვევაში, სადაც დაწყებითი საფეხური გვექნება, ვფიქრობთ, ინტეგრირებული გავხადოთ სასკოლო მზაობის პროგრამებთან – სკოლამდელი განათლება და დაწყებითი სკოლა. ბევრი ასეთი კონცეპტუალური ხედვა გვაქვს, რომელსაც მივყვებით და იმედია, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, მალე გახდება ეფექტური.“
რაც შეეხება რეფორმის მდგრადობის საკითხს, მინისტრმა განაცხადა, რომ: „რეფორმაზე ფიქრის დაწყებისთანავე, გადავწყვიტეთ, ისეთი მექანიზმი ჩაგვედო, რომელზეც მინისტრის ცვლილება გავლენას ვერ მოახდენდა. ჩვენი სურვილი იყო, ისეთი რეფორმისთვის ჩაგვეყარა საფუძველი, რომელიც უკან შესაბრუნებელ/დასახევ გზას აღარ დატოვებდა“. ამის გარანტად კი ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის დამსახურებით მიღებული კანონი დაასახელა, რომელიც განათლებისთვის ყოველწლიურად მზარდ ბიუჯეტს გულისხმობს, რაც, საბოლოო ჯამში, 2022 წლისთვის დასახულ მიზნამდე მიგვიყვანს. „ამიტომ მინისტრის გამოცვლას არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება, სწორ გზაზე ვდგავართ და ეს უზრუნველყოფილია კანონით. მთავარია, რომ რესურსის უზრუნველყოფა დავამკვიდრეთ. ამის გარდა, ჩვენ მოვახერხეთ და, შემდეგი წლიდან, გაზრდილი ბიუჯეტის გარდა, დონორებისგან 600 მილიონი დოლარი მოვიზიდეთ, პროცესში ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩავრთეთ, თავისი რესურსებით, რაც კიდევ უფრო მყარ გარანტიას იძლევა, რომ კურსი შენარჩუნდება და დაწყებული საქმე ბოლომდე მივა – კანონი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროცესებს შეუქცევადს გახდის.“
და მაინც, რატომ აირჩიეს ახალგაზრდებმა მასწავლებლობა და რა პერსპექტივას ხედავენ ამ პროფესიაში?
თამარ საჩანელი
155-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ორი ალტერნატივა მქონდა: სკოლაში მუშაობა, დაახლოებით, 170 ლარად ან ბანკში მუშაობა ხუთმაგი ხელფასით. მაშინ არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ მასწავლებლობა ამერჩია და საყვარელი საქმე მეკეთებინა, ამიტომ ბანკში დავიწყე მუშაობა. შვიდი წლის განმავლობაში ვიმუშავე, ვიყავი ფილიალის მენეჯერი. თუმცა, განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გამო, გადავწყვიტე, ბანკიდან წამოვსულიყავი და მასწავლებლობა დამეწყო, რაც ჩემთვის ძალიან შემოქმედებითი საქმეა.
რეფორმის წყალობით „ახალი სკოლის მოდელშიც“ ვარ ჩართული, როგორც ქოუჩის ასისტენტი. ამავდროულად, ქართულ ენასა და ლიტერატურასაც ვასწავლი. მთელი ჩემი ძალებით ჩავერთე საყვარელ პროფესიაში და ვაკეთებ საყვარელ საქმეს. ბანკიდან სახლში 7 საათზე მოვდიოდი და სამსახურზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი, ახლა პირიქით ხდება, ღამის პირველ-ორ საათამდე მომავალი დღის გაკვეთილებს, ახალი სკოლის მოდელის მატრიცებს ვგეგმავ. დილით მივდივარ ბედნიერი. ეს ძალიან საინტერესოა და, როგორც დედა, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ისწავლის მოდელით, რომელიც უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული და არა დაზეპირებაზე.
სკოლაში მაძიებლის პროგრამით შევედი, უკვე 30 წლის ვარ, ვფიქრობ, გვიან არასდროს არის დასაქმდე საყვარელ პროფესიაში, აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს, თან შესაბამისი ანაზღაურება აიღო.
სხვათა შორის, რა პრობლემებსაც ველოდი სკოლაში, თუნდაც, მიმღებლობის მხრივ, არ დამხვდა. არაჩვეულებრივი კოლექტივია, შეიძლება მე გამიმართლა. დირექტორიც და კოლეგებიც მომართული არიან, როგორ დამიჭირონ მხარი და როგორ დამეხმარონ.
რის შეცვლას ვისურვებდი სისტემაში? ერთადერთი, მეტი ტექნოლოგიური მხარდაჭერაა საჭირო. ყველა კლასში უნდა იყოს ტექნიკური შესაძლებლობები, რომ ბავშვებს აჩვენო ფილმები, ვიდეოსიუჟეტები, საჭირო დროს ისარგებლო ქსეროქსით და ა.შ. დანარჩენი, ვფიქრობ, ყველაფერი რიგზეა. ახალგაზრდებს, უკვე ამ გადმოსახედიდან, ვურჩევ, გააკეთონ არჩევანი და წავიდნენ სკოლებში. ვფიქრობ, დავამსხვრიე სტერეოტიპი პრესტიჟული და არაპრესტიჟული პროფესიების შესახებ. წლები ვაკეთე საქმე (თან, რასაკვრველია, ხარისხიანად), რომელიც პრესტიჟულ სამსახურადაც ითვლებოდა, მაგრამ არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებდა, ახლა ვაკეთებ საქმეს, რომელიც სიამოვნებასაც მანიჭებს და ვფიქრობ, ყველაზე პრესტიჟულია პროფესიებს შორის. ხშირად გაკვირვებული მეკითხებიან, ბანკიდან რამ წამოგიყვანა სკოლაშიო – ვპასუხობ, რომ ეს ჩემთვის ყვლაზე კომფორტული სფეროა და თან ძალიან მნიშვნელოვანიც. საგნის გამოცდა ჩაბარებული მაქვს, ახლა მაძიებლის პროგრამით დისტანციური სწავლების კურსს გავდივარ. იმედი მაქვს, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, უფროსი მასწავლებელი გავხდები.
არჩილ ჭავჭანიძე
175-ე საჯარო სკოლის სამართლისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:
თავისუფალი განათლება ყოველთვის აღწევს შედეგს და ეს არის დემოკრატიის განვითარების გარანტი. პირადად ჩემთვის, გარდა იმისა, რომ სტუდენტებთან მაქვს შეხვედრები და ტრენინგებს ვატარებ, დიდი სტიმულია სკოლაში მუშაობა. ეს იმის შესაძლებლობაა, რომ განათლება, რომელიც უნივერსიტეტში მივიღე, მომავალ თაობას გადავცე. ჩემი მიზანი იყო, დავხმარებოდი იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სამართალი აინტერესებთ და სწავლის გაგრძელებას იურიდიულ ფაკულტეტზე აპირებენ. მინდოდა, შუამავლის როლი შემესრულებინა და დამეკავშირებინა უნივერსიტეტსა და სკოლას შორის ჩატეხილი ხიდი. სამწუხაროდ, სრულიად გაუცნობიერებლები არიან უფროსკლასელები მათი მომავალი პროფესიის შესახებ. 175-ე საჯარო სკოლაში, სადაც არჩევით საგნად „სახელმწიფო და სამართალი“ ისწავლება, საუკეთესო შესაძლებლობა მომეცა და პროფესიიდან გამომდინარე, სამოქალაქო განათლების საგანიც შევითავსე.
აქამდე პედაგოგიური გამოცდილება არ მქონია, მაგრამ როცა დირექტორს, თინათინ ალავიძეს ჩემი მიზნები გავაცანი, დამთანხმდა, ჩავერთე სკოლის ცხოვრებაში.
7 ნოემბერს „სამოქალაქო განათლების“ საგნის გამოცდა უნდა ჩავაბარო. რადგან მასწავლებლობა ძალიან მომწონს, ამ პროფესიაში საქმიანობის გაგრძელებას ვაპირებ, უფროსი მასწავლებლის სატატუსის მოპოვებისთვის ვიზრუნებ, შემდეგ მენტორობისთვისაც ვიბრძოლებ.
მასწავლებლობა ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა, მაგრამ ამას ყველა ახალგაზრდა ასეთი პრინციპით უნდა მიუდგეს: შეცვალოს ის, რაც თვითონ არ მოსწონდა სკოლაში. დასაფასებელია ჩვენი მასწავლებლების ღვაწლი, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, მათ შორის, სწავლების მიდგომებიც. პირველ რიგში, მოსწავლეებთან უშუალოები უნდა ვიყოთ, მასწავლებლის პირველი გასაღები კი მარტივია – მნიშვნელობა არა აქვს მესამეკლასელია თუ მეთორმეტე, მოსწავლეს უნდა ვაჩვენოთ, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა და არა შენზე პატარა ადამიანი, რომელსაც თითის ქნევით შეიძლება ველაპარაკო.
ბექა ლეჟავა
198-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი:
მაძიებლის პროგრამამ საშუალება მომცა მასწავლებელი გავმხდარიყავი, ეს პროფესია კი ყველაზე მეტად მიზიდავდა, მასწავლებლობა ბავშვობიდან მინდოდა. ვფიქრობ, ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე კარგად გამომივა. ამაში ჯერ კიდევ მაშინ დავრწმუნდი, როცა სწავლის პერიოდში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სტაჟირება გავიარე. რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაცაა, ექიმის პროფესიასთან ერთად. მასწავლებელი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მოზარდის ჩამოყალიბების პროცესზე.
25 წლის ვარ, ეს ჩემი პირველი სამსახურია და მიხარია, რომ სწორად ვიპოვე ადგილი სფეროში, რომელსაც მომავალს დავუკავშირებ. სპეციალიზებულ სკოლაში ვასწავლი, სადაც სსსმ ბავშვებთან მიწევს მუშაობა, ინკლუზიურ განათლებასთანაც პირველად მაქვს შეხება. მართალი გითხრათ, პირველი კვირა ძალიან რთული იყო. თუმცა, მიუხედავად სირთლეებისა, მე ჩემი თავი სკოლაში აღმოვაჩინე, ამაში ძალიან დამეხმარა კოლექტივი, რომელიც აქ დამხვდა. მაძიებლის პროგრამაში თავისთავად ჩავერთე, თუმცა, დისტანციური სწავლების ნაცვლად, მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა ავირჩიე, რომელსაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავდივარ. საგნის კომპეტენცია კი ზაფხულში დავადასტურე.
ქეთი ქორიძე
75-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლი:
მასწავლებლის პროფესია ბავშვობიდან მიყვარდა და ჩემი ოცნება იყო, სკოლაში დამეწყო მუშაობა. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, გავიგე, რომ მხოლოდ ქიმიის ბაკალავრის ხარისხით მასწავლებელი ვერ გავხდებოდი, ამიტომ 60-კრედიტიანი მაინორ პროგრამა ავირჩიე პედაგოგიკაში. ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ, იმედია, ნოემბერში საგნის კომპეტენციასაც დავადასტურებ და სტატუსს ავიმაღლებ. მასწავლებლობა ნამდვილად ის პროფესიაა, სადაც მომავალში გავაგრძელებ მუშაობას. თუმცა, სიძნელეებიც ახლავს — როცა კლასში 33 მოსწავლე გიზის, რთულია იოლად მართო საგაკვეთილო პროცესი. იმედი მაქვს, ყველაფერს დავძლევ (მე-8, მე-10 და მე-11 კლასებს ვასწავლი), რადგან მთელი გულით ვარ ჩართული და ვგრძნობ, რომ ეს ჩემი საქმეა. მაძიებლის პროგრამა ძალიან კარგი ინიციატივაა, რადგან ამ პროგრამით ახალგაზრდებს სკოლებში შესვლის საშუალება მოგვეცა და, რაც მთავარია, ჩვენ შევძელით სურვილები რეალობად გვექცია.
♦ ♦ ♦
ირინა აბულაძემ ახალგზარდებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყველა რეფორმას აუცილებლად სჭირდება საზოგადოებრივი მხარდაჭერა (ამის გარეშე რეფორმა ვერ შედგება) და რომ ამ პროცესში მათი როლი განუსაზღვრელია: „თუ თქვენ, მასწავლებლები, საკუთარ თავზე არ იგრძნობთ ამ სიკეთეებს და არ აგრძნობინებთ მშობლებს – რატომ არის კარგი, რომ გახდით მასწავლებლები, მაშინ ამ რეფორმას საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ ექნება. რაც უნდა კარგი იდეა არსებობდეს, შეიძლება საზოგადოებრივმა წნეხმა მისი განხორციელება შეაფერხოს, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაცია მშობლებთან, მათ უნდა იცოდნენ რა ხდება მათი შვილების თავს, რას სწავლობენ ან ვერ სწავლობენ, როგორ ზრუნავთ თქვენ მათი განვითარებისთვის. ეს აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ მშობელმა დაიჯეროს, რა მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კადრების სკოლაში შესვლა. საზოგადოებრივი აზრის ერთიანობა პროცესების თანმიმდევრულობის გარანტიაა, განათლების რეფორმას კი ყველაზე მეტად სჭირდება თანმიმდევრულობა, მინიმუმ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში – ძალიან კურსირებული განვითარება, სხვა შემთხვევაში, ეს ათ წელიწადშიც ვერ მოიტანს შედეგს.“
ლალი ჯელაძე