27 ივლისი, შაბათი, 2024

პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე

spot_img

3 მაისს გაიხნა USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“.  პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების გამოვლენა და მათი შემსუბუქება, 2022 წლის სექტემბერში, სკოლაში დაბრუნების შემდეგ, გადასადგმელი ნაბიჯები – ეს ის თემებია, რომელზეც სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ საერთაშორისო კონფერენციაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კონფერენციის მონაწილეებს დისტანციურ ფორმატში სიტყვით მიმართა და დეტალურად გააცნო პანდემიის პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც განათლების მიღების უწყვეტი პროცესის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

მიხეილ ჩხენკელი: „COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახს მიღმა დარჩნენ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესის შენარჩუნება. პანდემიამ ჩვენც, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოს, გვიბიძგა განათლების სისტემაში ძალიან სწრაფად დაგვენერგა ინოვაციური მიდგომები, გამოგვეყენებინა თანამედროვე ტექნოლოგიები.

კრიზისის მართვის პროცესში საქართველოს განათლების სისტემამ წარმატებით შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტაცია და დისტანციურ ფორმატზე გადასვლა. დისტანციური სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროსა და Microsoft-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა, რომლის ფარგლებში ყველა საჯარო სკოლის კლასებისა და საგნებისთვის ვირტუალური საკლასო ოთახები და მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის Microsoft Office 365-ის მომხმარებლის 580 000-ზე მეტი პროფილი შეიქმნა. ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში მოვამზადეთ მრავალფეროვანი სასწავლო ონლაინრესურსები. აღსანიშნავია, პირველ არხთან თანამშრომლობით დაწყებული უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. პროექტმა ხელი შეუწყო იმას, რომ 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრი აკადემიურ წლად არ გამოცხადდა. „ტელესკოლა“, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, კლასგარეშე სწავლებასაც გულისხმობს. მათ შორის – ცეკვის, მუსიკისა და ჭადრაკის გაკვეთილებს და რჩევებს მშობლებისათვის, ასევე, ინგლისური ენის გაკვეთილებს ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. პროექტი ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სხვადასხვა საგნის ტელე-გაკვეთილებს. გაკვეთილების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები და გაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე.

ვფიქრობ, პროექტი „ტელესკოლა“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სწავლაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ჩემთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პანდემიის პერიოდში დაწყებული ეს უნიკალური პროექტი დღემდე წარმატებით გრძელდება.

ბუნებრივია, პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტად მიღების პროცესში გადამწყვეტი როლი მასწავლებლებმა შეასრულეს, რომლებიც ამ პროცესის ჭეშმარიტი გმირები არიან. სწორედ მათი, სამინისტროს, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს – USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მხრიდან ტექნიკური, მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები დაეხმარა სისტემას, დაეძლია პანდემიით გამოწვეული პრობლემები.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით აქტიურადაა ჩართული მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაში. მნიშვნელოვანია ყველა ის აქტივობა, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ არა მხოლოდ ქართულენოვანი, არამედ არაქართულენოვანი სკოლების დაწყებით საფეხურზე.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შევიძინეთ ათასობით კომპიუტერი, რითაც მოხდა სკოლების აღჭურვა. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, არა მხოლოდ სახლიდან, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, სასკოლო სივრციდან ჩართულიყვნენ ონლაინგაკვეთილებში. ამასთან, მსოფლიო ბანკის დახმარებით, შემუშავდა სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის გეგმა, რომლის მიზანია ყველა მოსწავლისთვის თანაბარ და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), როგორც ჩვენი მუდმივი პარტნიორი, პანდემიის პერიოდში, მთელი 2 წლის განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული სკოლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში განათლების სფეროში. UNICEF-ის მხარდაჭერით შეიქმნა ე.წ. „დაწევის კურიკულუმი“, რომელიც უზრუნველყოფს განათლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის საგანმანათლებლო დანაკლისების აღმოფხვრას.“

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ:  „დღევანდელი დღის შედეგებით ნათლად ჩანს, რომ გვაქვს ორი ტიპის გამოწვევა. პირველი – მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმებული მეთოდოლოგია, რომელიც სწორად გაზომავს პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს. ის ციფრები, რაზეც საუბარია, მხოლოდ მოსაზრებები და მოსალოდნელი ვარაუდებია, რომლებიც ჯერ ფაქტობრივად დადასტურებული არ არის. სასწავლო დანაკარგების გაზომვა მოხდება მხოლოდ მეთოდოლოგიაზე შეთანხმების შემდეგ.

რაც შეეხება მეორე გამოწვევას – უნდა განისაზღვროს ის ეფექტიანი მიდგომები, რომელთა განათლების სისტემაში დანერგვის შედეგად მოხდება უკვე იდენტიფიცირებული დანაკარგების აღმოფხვრა. სწორედ ამ გზით გაუმკლავდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით განათლების სისტემა წარმოშობილ დანაკარგებს.

სწორედ ამ საკითხებზე, საერთაშორისო ექსპერტები, ქართველ ექსპერტებთან ერთად, მსჯელობენ და გვაქვს მოლოდინი, რომ კონფერენციის დასასრულს გვექნება ერთიანი წინასწარი ხედვა იმ ეფექტიან მიდგომებთან მიმართებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მსგავსად, რაც ქართულ საგანმანათლებლო სისტემას დანაკარგებთან გამკლავებაში დაეხმარება, ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით.“

კონფერენცია სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“ თბილისში 3-5 მაისს გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციის მთავარი მიზანია პანდემიის შემდგომ პერიოდში სასწავლო პროცესის დანაკარგების დადგენა და მათ შემსუბუქებაზე ზრუნვა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები