27 ივლისი, შაბათი, 2024

„პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება ძალიან დიდი მონაპოვარია და მას შენარჩუნება სჭირდება“- მიხეილ ჩხენკელი

spot_img

4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაცით, ქვეყნის მასშტაბით, დასრულებულია არა მხოლოდ საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. უწყებაში აცხადებენ, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პირველკლასელებს სასწავლო წლის  დაწყება მიულოცა, ხოლო მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სრულიად აკადემიურ საზოგადოებას – სწავლის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება.

მიხეილ ჩხენკელი: „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ლექტორებს – სრულიად აკადემიურ საზოგადოებას ვულოცავ სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელებას.

პირველკლასელებს კი მთელი გულით ვულოცავ პირველ ნაბიჯებს სკოლის ცხოვრებაში და წარმატებებს ვუსურვებ.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, პირველკლასელები ახალ სასწავლო წელს პირდაპირ სასკოლო გარემოში იწყებენ. ეს გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად, პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება, უმჯობესია, წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში.

პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება ძალიან დიდი მონაპოვარია და მას შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა. განათლების სფეროს თითოეულმა წარმომადგენელმა – მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და რა თქმა უნდა მშობლებმა – ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს!“

♦♦♦

♦ ახალი სასწავლო წლისთვის, თბილისსა და რეგიონებში, უკვე დასრულდა 64 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე 64 საჯარო  სკოლას. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები. მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი აწარმოებს როგორც განათლებისა და მეცნიერების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

♦ ახალი სასწავლო წლისთვის, საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს 100 საჯარო სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით (მერხები, სკამები, სასკოლო დაფები და სხვა). 60 საჯარო სკოლაში, დამატებით, მოეწყო სამედიცინო ოთახი, მალე სამედიცინო ოთახისთვის საჭირო ინვენტარით 142 საჯარო სკოლა აღიჭურვება. ასევე, საჭიროების გათვალისწინებით, საჯარო სკოლებს  2 ეტაპად გადაეცემათ პროექტორები.

♦ 2021-2022 სასწავლო წლისთვის, ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში.

♦ სამინისტროს ხელშეწყობით, „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოების  უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, წიგნებითა და რვეულებით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა მობილობის გათვალისწინებით, სკოლების სახელმძღვანელოებით  აღჭურვა გრძელდება.

♦ პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლის პირველკლასელები და მათი დამრიგებლები პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ.

♦ ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სრულად დაინერგება ელექტრონული ჟურნალი, რაც, მასწავლებლებს ხელს შეუწყობს, ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების როგორც დასწრება, ასევე შეფასება.

♦ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

♦ დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები, I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას (ამ ეტაპზე, ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%).

♦ მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს.

♦ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება.

♦ იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებამდე, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები