პანდემიით შექმნილმა მდგომარეობამ რთული გამოწვევების წინაშე დააყენა სახელმწიფო ინსტიტუციები, მოქალაქეები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ა.შ. მაგრამ ამ საერთო სურათში მასწავლებლები საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცნენ, რადგან მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მასწავლებლებთან პირდაპირი თუ ირიბი შეხება აქვს. ახლა, სწორედ მათზე აღმოჩნდა დამოკიდებული შეძლებდნენ თუ არა განათლების პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებას, რადგან სრულიად დაუგეგმავად სწავლების ონლაინ პლატფორმაზე გადასვლამ ისინი, მართლაც, სერიოზული გამოწვევის პირისპირ აღმოაჩინა. ახლა ყველა და ყველაფერი მათ მხარდაჭერაზე გახდა ორიენტირებული – ისინი, ვინც უშუალოდ ამის მოვალეობას გრძნობენ და ისინიც კი, ვინც, უბრალოდ, მოხალისეებად ერთვებიან პროცესში. თუმცა, მასწავლებლის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში მის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრია, ე.წ. „მასწავლებლის სახლი“.
რა მხარდამჭერი ღონისძიებები და ინიციატივები შესთავაზა მასწავლებლის სახლმა კრიზისულ სიტუაციაში მყოფ მასწავლებლებს, ამის შესახებ ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.
☑️ ბატონო ბერიკა, რა მხარდაჭერა შესთავაზა მასწავლებლის სახლმა მასწავლებლებს კრიზისულ სიტუაციაში და, თქვენი თვალთახედვით, რა ძირითადი საჭიროებები გამოიკვეთა სწავლების ახალ – დისტანციურ ფორმატზე გადასვლის პირობებში?
? როდესაც მთავრობამ გამოაცხადა დისტანცირების პოლიტიკა (თუმცა, ჩვენ მანამდეც გვქონდა ამ მიმართულებით გამოცდილება და პატარა-პატარა ჯგუფები ერთმანეთისგან დისტანცირებულად ვმუშაობდით), პირველივე დღეებში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყველაფერი მიგვეღო არა გამოწვევად, არამედ შესაძლებლობად, სამუშაო პირობების ახალ ნორმალურ მდგომარეობად.
ეს „ახალი ნორმალური“ ნიშნავს იმას, რომ რასაც ადრე ვაკეთებდით, ის შეიძლება უკვე ღრმა წარსულადაც კი იქცეს. მაშინვე შევკრიბე ცენტრის თანამშრომლები, პროგრამის ხელმძღვანელები და გავაცანი გადაწყვეტილება – არც ერთი წუთი არ უნდა დაგვეკარგა, სასწრაფოდ უნდა მოგვეხერხებინა გადაწყობა და დაგვეწყო მუშაობა არსებულ მოცემულობაში, ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ იქნებოდა დამოკიდებული მოწონება/არმოწონებაზე.
მართლაც შევუდექით მუშაობას და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც ტელესკოლას ამოვუდექით მხარში, ბუნებრივია, იმ ნაწილში, რაც ჩვენ გვევალებოდა – მასწავლებლების მოძებნა, მათი შერჩევა და ა.შ.
ამის გარდა, ჩვენი ცენტრის საგნობრივ ექსპერტებმა მოამზადეს ვებინარები მასწავლებლებისთვის. ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ გავაძლიეროთ დანერგვის კომპონენტი, სამწუხაროდ, მასწავლებლების ტრენინგების პრობლემადაც სწორედ ეს მხარე მიმაჩნია. ამიტომ ვთხოვე მათ, რომ პარალელურად, ვებინარების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში, გაეკეთებინათ ჩართვა დისკუსიის რეჟიმში. დისკუსიაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, იქნებიან პედაგოგები, მშობლები თუ სტუდენტები… ანუ, ვებინარების პარალელურად, გაჩნდა სადისკუსიო ნაწილიც.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეათავაზებით საკმაოდ ბევრი მასწავლებელი დაინტერსდა, ამას ვებინარების მნახველთა დიდი რაოდენობა ადასტურებს (დღეის მდგომარეობის 320 000). სიმართლე გითხრათ, ამ სიტუაციაში, ონლაინ რეჟიმში მიწოდებულ მსგავს შეთავაზებაზე ასეთ გამოხმაურებას არ ველოდით, რაც, თავისთავად, ძალიან კარგი მანიშნებელია იმისა, რომ ცენტრის მხრიდან დაგეგმილი ვებინარები დროული და სწორი აქტივობა აღმოჩნდა ჩვენი მასწავლებლებისთვის. მეტიც, სწორად გათვლილი დამხმარე რესურსი მასწავლებლებისთვის – საგნობრივი + დისტანციური. ვებინარები დაიგეგმა ცალკე მასწავლებლებისთვის, დირექტორებისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის, პროფესიული განათლებისთვის და დემოკრატიული კულტურისთვის. იმისთვის, რომ პროცესი ორგანიზებულად წარმართულიყო, ცალკეული მიმართულებისთვის ყოველკვირეული აფიშის მომზადება მოვიფიქრეთ ბანერის სახით, რომელიც ჩვენი ცენტრის ფეისბუქგვერდზეა განთავსებული და დაინტერესებულმა ადამიანებმა წინასწარ იციან, როდის რა ვებინარი გაიმართება. ამით თავიდან ავიცილეთ პროცესის სპონტანურობა.
ვებინარებისა და დისკუსიების მომზადების პროცესი მკაცრად ორგანიზებულია. ყველა თანამშრომელს მიეცა ნათელი დავალება. დანარჩენი კი უკვე სპორტულ ენაზე, რომ ვთქვათ, კლასის საქმეა. ამის ნაკლებობას კი არცერთი ჩვენი თანამშრომელი არ განიცდის.
ამას კიდევ ემატება ჟურნალ „მასწავლებლის“ მიერ მობილიზებული ძველი და ახალი რესურსების გაზიარება/გააქტიურება მასწავლებლებისთვის – მართლა ძალიან ბევრი კარგი გამოცდილებაა, რესურსით სახით, თავმოყრილი ჟურნალში, ანუ ჟურნალი „მასწავლებელი“, რესურსებითა და ჩვენ მიერ შეთავაზებული ვებინარებით, ეხმარება მასწავლებლებს, თავი გაართვან მათთვის უჩვეულო სიტუაციას. ცნობისთვის, ჟურნალ „მასწავლებლის“ ონლაინ ვერსიას მილიონამდე ნახვა აქვს!
პროცესმა გვაჩვენა, რომ ონლაინ რეჟიმში ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ მასწავლებლებთან და, ბუნებრივია, ტრენინგებსაც ამ პირობებში გავაგრძელებთ, ვიდრე ასეთ რეჟიმში გაგრძელდება ცხოვრება. შესაძლოა, შემდგომშიც ვიფიქროთ ამ ფორმატის შენარჩუნებაზე და ტრენინგების უმეტესობა სწორედ ონლაინ ჩავატაროთ. ამას ბევრი პლუსი აქვს, ჯერ ერთი, სახელმწიფოს უფრო ნაკლები უჯდება ეს ყველაფერი. ჩვენი ცენტრის თანამშრომლები, ჩემი ჩათვლით (ბუნებრივია, მე – დირექტორების ნაწილში), ტრენინგებს საკუთარი რესურსით ჩავატარებთ, ვიდრე ეს ადამიანური რესურსი საკმარისი იქნება, რადგან ადამიანური რესურსიც ხომ ამოწურვადია. მაგალითად, დიდაქტიკაში, ჩვენ გვყავს რამდენიმე კარგი სპეციალისტი, ქართულში – ოთხი-ხუთი სპეციალისტი და ა.შ. ცენტრმა ამის აუდიტი გააკეთა და ზუსტი ციფრებით დავადგინეთ, ვინ რისი სპეციალისტია, რომ ამგვარი კრიზისული მდგომარეობის დროს, როცა აღარ გვაქვს შესაძლებლობა, ამდენი ტრენერი დავიქირავოთ ან ვატაროთ რაიონიდან რაიონში, საკუთარი ძალებით გავუძღვეთ საქმეს.
☑️ ამ რთულ პერიოდში მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, გარკვეულწილად, შეფერხდა თუ არა? რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით?
? არ შეფერხებულა, რადგან გარდა ამ ვებინარებისა, ჩვენ გვაქვს მილენიუმის მიერ მომზადებული ძალიან კარგი პროგრამა მასწავლებლებისთვის. ასევე, ვაპირებთ გავაგრძელოთ ტრენინგები, რომლებსაც ადრე ვატარებდით მათი პროფესიული განვითარებისთვის. თუ ადრე მასწავლებლის სახლი, ძირითადად, ტრენინგებს სთავაზობდა მასწავლებლებს, ახლა ამას ვებინარები და სადისკუსიო შეხვედრებიც დაემატა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ცენტრმა, ამ პირობებში, კიდევ უფრო მეტად შეძლო. დღეს, სხვათა შორის, დირექტორების სადისკუსიო შეხვედრა გვაქვს და მიხეილ გიორგაძე და ვარდენ ნიქაბაძე, ქუთაისის 30-ე და ფარცხანაყანების სკოლის დირექტორები ატარებენ ამ შეხვედრას, სადაც მე, როგორც ფასილიტატორი, ისე ვიქნები ჩართული. ცენტრის თანამშრომლები ტრენინგებშიც მიიღებენ მონაწილეობას და ფასილიტატორებიც იქნებიან.
ახლა ამ ელექტრონულმა სამყარომ გაგვაერთიანა ისე, როგორც არასდროს – დღეს ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვინც კი ჩაერთვება დისკუსიაში, გაიგებს რა ხდება ფარცხანაყანების სკოლაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევა ჩვენთვის უფრო მეტად შესაძლებლობა აღმოჩნდა, ვიდრე შემაფერხებელი ფაქტორი.
☑️ გამოიკვეთა თუ არა, დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესში, ტექნოლოგიების გამოყენება, უმეტეს შემთხვევაში, როგორც მასწავლებლის ყველაზე სუსტი მხარე?
? ცხადია, ტექნოლოგიების მიმართულებით პრობლემები არსებობს და, რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება გვჭირდება. ამიტომ, ჩვენ ის ქოუჩები, რომლებიც „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში არიან დაქირავებული, გადავამზადეთ თიმსის გამოყენების კუთხით, ჩავუტარეთ ტერენინგები – ხვალინდელი დღე ეს არის. ტექნოლოგიები გემოვნების საკითხი კი არა, ობიექტური რეალობაა, ახალი რეალობა, რომელშიც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და რომელზეც დგას რეალურად თანამედროვე განათლება. ეს არის შესაძლებლობა და არა გამოწვევა. ფარცხანაყანების სკოლაში რომ რაღაც კეთდება, ეს, ბუნებრივია, უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი თანამშრომლობითი კულტურა. სწორედ ამ დაბალი თანამშრომლობითი კულტურის წამლად მოგვევლინა ახლა ასეთი ვებინარები, ასეთი სადისკუსიო ჩართვები ერთმანეთთან. მოგვევლინა შეაძლებლობად, რომ გავიგოთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სკოლებში და მერე გადმოვიღოთ, გავიზიაროთ და ჩვენც დავნერგოთ ჩვენს სკოლებში.
თუმცა, რასაკვირველია, ძალიან რთული იქნება, გარკვეულ პერიოდში, გარკვეული ადამიანებისთვის ამ რელსებზე გადაწყობა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა ამას შევძლებთ. 71 წლის დედაჩემი ფიზიკის მასწავლებელია. მან გააპროტესტა ონლაინ სწავლება, მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ არავითარი ალტერნატივის შეთავაზებას არ ვაპირებდი, შეეგუა სიტუაციას და ახლა დადის მეზობელ ახალგაზრდა გოგონასთან, რომელმაც ტექნოლოგიების გამოყენება ასწავლა. ახლა ისე მოსწონს, რომ სკუთარი კომპიუტერის შეძენასაც აპირებს. რაც მთავარია, მიხვდა, რომ ეს არის რეალობა, თუმცა, ბუნებრივია, 40-45 წელი რომ მიჩვეული ხარ სწავლების სულ სხვაგვარ მეთოდებს, ახლა თავდაჯერებულად ვერ გრძნობ თავს და ერთ ღამეში ამ ცვლილების განხორციელება გაგიჭირდება. ამიტომ უნდა ამოვუდგეთ მხარში ამ მასწავლებლებს. ბუნებრივია, მასწავლებლის სახლის ყველა ინიციატივა მათ მხარდასაჭერადაა მიმართული. აუცილებლად სჭირდებათ მხარდაჭერა, რადგან ახლა, ზოგჯერ, ახალგაზრდებსაც უჭირთ სწრაფად ტექნოლოგიებით სწავლების ათვისება, არ ათუ ასაკოვან მასწავლებლებს, თორემ ტექნოლოგიების მიმართულება რომ უნდა გავაძლიეროთ, ამაზე ისედაც ყველა ვთანხმდებით.
მასწავლებლის სახლში პროექტის „ჩხირკედელა“ წამოწყება სწორედ ამისკენაა მიმართული. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია – ამ საგნების მეტი პოპულარიზაცია და განვითარება განათლების სფეროსთვის პრიორიტეტულია. „ჩხირკედელაში“ ფიზიკის ლაბორატორია უკვე გვაქვს და ახლა გვინდა, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებიც გავმართოთ. ზუსტად ამ ვირტუალური ლაბორატორიებითა და ტექნოლოგიების ჩართულობით უნდა ასწავლოს თანამედროვე მასწავლებელმა სკოლაში, რადგან თანამედროვე ბავშვს სხვაგვარად სკოლაში ვერ მოიზიდავ? წარმოიდგინეთ, ახლა რომ ბავშვს უთხრა: გადავშალოთ 35-ე გვერდზე წიგნი… ეს ღრმა წარსულია. ახლა მოსწავლეს, ამის ნაცვლად, უნდა შესთავაზო მოიძიოს ინფორმაცია რამე კონკრეტულ თემაზე, მერე სკანირება გააკეთოს და ეკრანზე გამოაჩინოს. ამ ენით უნდა ვისუბროთ და ცდებიც ასე უნდა წარვმართოთ მათთან. სხვაგვარად, კიდევ გავიმეორებ, ობიექტური რეალობისგან შორს ვიქნებით, წარსულში დარჩენილები.
☑️ აქედან გამომდინარე, ახლა მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესში კიდევ უფრო მეტად გაკეთდება აქცენტები ისტ უნარებზე?
? აუცილებლად, ახალი რეგულირების წესი რომ დამტკიცდება (იმედია, ამ თვის ბოლომდე), პირველ რიგში, შევეცდებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოვახერხოთ აუდიტის ჩატარება და იმის დადგენა, თუ რამდენ მასწავლებელს აქვს საკმარისი ისტ უნარები, რომ თანამედროვე საგაკვეთილო პროცესი წარმართოს. მათ, ვისაც დასჭირდება, შემდეგ, აუცილებლად მიზნობრივად გადავამზადებთ.
☑️ როგორც ამბობთ ახალი რეგულირების წესი მალე დამტკიცდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახალი სასწავლო წლიდან, წამყვანი და უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებლები კარიერულ წინსვლას ახალი წესის მიხედვით შეძლებენ?
? უახლოეს პერიოდში აუცილებლად დამტკიცდება რეგულირების წესი, რადგან ადრინდელ ვერსიაში გამოტოვებული იყო სპეცმასწავლებელი, არ გვინდოდა ახლაც ასე მომხდარიყო – მასწავლებელი არის მასწავლებელი. მეტიც, სპეცმასწავლებელს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევ იმ თვალსაზრისით, რომ მოწყვლად ჯგუფთან უწევს სასწავლო პროცესის წარმართვა. სამწუხაროდ, დღეს კიდევ უფრო იზრდება სსსმ ბავშვების პოპულაცია, მით უფრო ასეთ პირობებში, ახლა მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ სპეცმასწავლებელზე. ამიტომ მათი გამოტოვება სქემიდან არასწორი იქნება. პირადად ეკა დგებუაძის მოსაზრება იყო, რომ სპეცმასწავლებლები აუცილებლად ჩართულიყვნენ სქემაში. ბუნებრივია, ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და ახლა ამაზე მიდის გადაწყობა. იმედია, თვის ბოლომდე, სქემა დამტკიცდება.
☑️ დაბოლოს, ძალიან მოკლედ რომ შეაფასოთ – როგორ წარმოაჩინეს ჩვენმა მასწავლებლებმა თავი ამ კრიზისულ სიტუაციაში?
? სხვათა შორის, ბევრის გასაკვირად, ჩვენი მასწავლებლები თავს კარგად ართმევენ დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესებს და, ზოგადად, იშვიათად იპოვით დღეს მასწავლებლით უკმაყოფილო ადამიანს. ეს არ ეხება მხოლოდ დედაქალაქის ან დიდი ქალაქების სკოლების პედაგოგებს, რაიონშიც მიწევს ჩასვლა და კარგად ვიცნობ ვითარებას – მასწავლებლების უმეტესობამ ისე მოინდომა, რომ მართლა გადააჭარბა იმ ცუდ მოლოდინს, რაც სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას ჰქონდა. ბუნებრივია, როცა მხარდაჭერას გრძნობენ სამინისტროსგანაც – ხელფასებმა მოიმატა, პენსიაში გასული მასწავლებლები დააფასეს, არავინ არის ჩასაფრებულ პოზიციაში, ასე ვთქვათ „გამოჭერაზე“, პირიქით, ყველა მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, – ასეთ გარემოში ადამიანები ადეკვატურად იქცევიან და აჩვენეს კიდეც ეს მასწავლებლებმა.
ვერავინ დაასახელებს ქვეყანას, სადაც 100 პროცენტით ასრულებენ ადამიანები მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მაგრამ, ძალიან მიხარია, რომ ის ცუდი მოლოდინები, რომელიც საზოგადოების ნაწილში მაინც არსებობდა, არ გამართლდა. ყველაფერი პირიქით მოხდა. ნეტავ, განახათ როგორი ხალისით ატარებენ გაკვეთილებს და, რაც მთავარია, თანამშრომლობის/გაზიარების/კოლეგიალობის საოცარი მუხტი გაჩნდა. საერთოდ, ეს ფსიქოლოგიური მომენტია, გაჭირვების დროს ადამიანები უფრო შეიკვრებიან ხოლმე და უფრო უფრთხილდებიან ერთმანეთს – ასეთი თანადგომის და თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი აჩვენეს მასწავლებლებმა, რაც, თავისთავად, საქმეშიც გამოჩნდა, ეს ყველაზე კარგია, რაც მოხდა.
ბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს ასეთი ორგანიზებულობისთვის, საკუთარი საქმის ერთგულებისა და გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის. მინდა დავარწმუნო, რომ მასწავლებლის სახლის თითოეული თანამშრომელი მაქსიმუმს გააკეთებს მათ მხარდასაჭერად!
ესაუბრა ლალი ჯელაძე