რუბრიკის „სტუდენტის გვერდი“ სტუმარია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი მარიამ ანსიანი
დღევანდელი საჯარო სკოლები და თანამედროვე მოთხოვნები
ზოგადად, განათლების სისტემა და საგანმანათლებლო დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირება განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების დონეს და, შესაბამისად, მის ადგილს მსოფლიო რუკაზე. სკოლა ის ინსტიტუტია, სადაც ახალგაზრდა 12 წლის მანძილზე იმყოფება, იძენს ღირებულებებს და უფართოვდება სააზროვნო ჰორიზონტი, ამიტომ მიმაჩნია, რომ სკოლას არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ აღმზრდელობითი ფუნქციაც უნდა ჰქონდეს. განათლება არის ის, რაც არღვევს საზოგადოებაში სუბორდინაციას. ამ ფაქტზე მიუთითებს ნელსონ მანდელა — „განათლება დიდებული საშუალებაა პიროვნების განვითარებისათვის. სწორედ განათლების წყალობით შეიძლება გახდეს გლეხის შვილი ექიმი, მეშახტის შვილი — შახტის დირექტორი, ფერმერის შვილი — ქვეყნის პრეზიდენტი“.
რაც შეეხება დღევანდელ საჯარო სკოლებს, მიმაჩნია, რომ თანამედროვე სტანდარტებამდე ბევრი გვიკლია… უპირველესად იმიტომ, რომ ვერ უზრუნველყოფენ განათლების თანასწორად მიწოდების პროცესს. სამწუხაროდ, მაღალმთიან რეგიონებში და არა მხოლოდ, სკოლების უმრავლესობას არ აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები და კომპიუტერული ინფრასტრუქტურა. ეს ყოველივე გავლენას ახდენს მოსწავლის ფსიქიკაზე. როდესაც ხედავ, შენს ქალაქელ თანატოლებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე შენ და სკოლის შემდეგ ერთი და იმავე გარემოში გიწევთ კონკურენცია, ამ ფაქტმა, როგორც მოტივაცია, ასევე არასრულფასოვნების განცდაც შეიძლება გამოიწვიოს ახალგაზრდაში.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალაქის სკოლები სრულად ადაპტირებულია თანამედროვე სტანდარტებთან. უკვე რამდენი წელია, სასკოლო განათლება კნინდება და წინა პლანზე იწევს რეპეტიტორთა ინსტიტუტი, რაც სკოლაში კვალიფიციური კადრების დეფიციტით ან მოსწავლეებთან მიდგომის უნარების არქონითაა გამოწვეული.
სულ რაღაც ორი წლის წინ, დავამთავრე ჭუბერის საჯარო სკოლა. სკოლამ ბევრი რამ მასწავლა, კერძოდ, ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად მიიღე განათლება და რა შესაძლებლობები გქონდა. მთავარია მოტივაცია და შენ შეძლებ მიაღწიო ყველაფერს. ამჟამად ვსწავლობ ჯიპაში და ვარ სტიპენდიატი, მიუხედავად იმისა, რომ, პირობითად, „ნიუტონის სკოლის“ მოსწავლე არ ვიყავი.
მოსწავლეობის პერიოდში ბევრი არასახარბიელო მომენტი იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩემი სკოლის და მასწავლებლების მადლიერი ვარ, რადგან მე იქ აღვიზარდე, გავხდი მიზანდასახული და ძლიერი.
საუნივერსიტეტო გარემო, პანდემიის ფონზე
მონეტას ორი მხარე აქვს, შესაბამისად, დისტანციური სწავლებაც შეგვიძლია ორგვარად განვიხილოთ. თუმცა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ზოგადი ფორმულის დასახვა სწორად არ მიმაჩნია, რადგან არსებობს პრეცედენტები, როდესაც ახალგაზრდების ნაწილი ონლაინ მეტად რეალიზდა, ვიდრე პირისპირ. ზოგადად, შემიძლია ვთქვა შემდეგი: დისტანციურმა სწავლებამ მოგვცა შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად, მიგვეღო განათლება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც, დაგვეზოგა დრო და ხარჯი და ეს უკანასკნელი სხვა უნარების განვითარებისთვის გამოგვეყენებინა. დამკვიდრდა დისტანციური სამსახურის პრეცედენტი, რითაც სტუდენტებმაც ვისარგებლეთ და სწავლას შევუთავსეთ, რამაც დროის მენეჯმენტის უნარი გამოგვიმუშავა.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს: გაუმართავმა ინფრასტრუქტურამ (უკომპიუტერობა, უინტერნეტობა, ქსელში არსებული ხარვეზი, განსაკუთრებით რეგიონებში) სტუდენტთა ნაწილი მოსწყვიტა სასწავლო პროცესებს, ნაწილში კი კომპიუტერთან მიჯაჭვულობა გამოიწვია, რამაც გაახშირა ჯანმრთელობის პრობლემები; ადამიანები მეტად ჩაკეტილები გახადა, გვინდა თუ არ გვინდა, სწავლის ხარისხიც დაეცა. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ კონცენტრაციას, მე-2 კურსზე ონლაინ სწავლების პროცესში, საკუთარი თავის უკმაყოფილო ვარ, რადგან წინა წელთან შედარებით უფრო მოვდუნდი. ვფიქრობ, სხვა სტუდენტებიც ასე არიან.
უნივერსიტეტის განათლების ხარისხი, შეძენილი ცოდნა და უნარები
მიხარია, რომ აბიტურიენტობის ეტაპზე სწორი არჩევანი გავაკეთე. არჩევანი, რომელიც გულისხმობს სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი დღემდე ონლაინ მიმდინარეობს.
GIPA-ში სასწავლო კლიმატს აყალიბებენ ადმინისტრაციული პერსონალი, ლექტორები და სტუდენტები, რომლებიც ცდილობენ, მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ბაზარზე არსებულ რეალურ მოთხოვნებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხიანი სწავლება და პრაქტიკული ცოდნის მიღება. ამ მხრივ, GIPA ცდილობს, ხელი შეგვიწყოს. ბევრი სასწავლო მასალა სრულად ადაპტირებულია დღევანდელ რეალობასთან. გვყავს როგორც სამეცნიერო მიმართულების წარმომადგენელი ლექტორები, ასევე პრაქტიკოსებიც, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარებსაც გვივითარებენ, რომ მიმდინარე პროცესების მაჯისცემას მუდამ ვგრძნობდეთ.
სტუდენტის ჩართულობა დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების საქმიანობაში
ვფიქრობ, სტუდენტის ჩართულობა საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია. როდესაც პროცესში უშუალოდ შენ მონაწილეობ, მეტი მოტივაცია გაქვს და უნივერსიტეტის სრულფასოვან წევრად აღიქვამ თავს. GIPA-ში არაერთი კლუბი და დასი შეიქმნა სტუდენტთა ინიციატივით და დღემდე გამართულად ფუნქციონირებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ მხრივ, საუნივერსიტეტო დეპარტამენტი უშუალოდ თანამშრომლობს სტუდენტებთან და აქვს სრული მიმღებლობა სტუდენტურ ინიციატივებთან მიმართებაში.
კურსდამთავრებულთა დასაქმება
GIPA-ში გამოვყოფ კარიერული განვითარების ცენტრს, რომელიც პერიოდულად მართავს სტუდენტებთან შეხვედრებს, გვაწვდის ინფორმაციას ვაკანსიებთან დაკავშირებით და, გარკვეულწილად, ხელს გვიწყობს სამუშაო ადგილების მოძიების პროცესში. ვფიქრობ, მხოლოდ ქართული საუნივერსიტეტო განათლება ვერ იქნება დასაქმების გარანტი. ამიტომ, სტუდენტმა, სწავლასთან ერთად, უნდა გაიაროს ე.წ. პრაქტიკული წვრთნა, რათა იმუნიტეტგამომუშავებული შეხვდეს გამოწვევებს.
იდეალური ლექტორი
ჩემთვის იდეალური ლექტორი, უპირველესად, უნდა იყოს ადამიანი და შემდგომ, რა თქმა უნდა, საგნობრივად კვალიფიციური. პირი, რომელიც არ იქნება მხოლოდ თეორეტიკოსი და ორიენტირებული იქნება სტუდენტებისთვის თანამედროვე და პრაქტიკული ცოდნის გადაცემაზე.
ჩემი აზრით, თუ ადამიანი მოინდომებს, კვალიფიკაციის ამაღლება არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ადამიანში პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბება, როგორიცაა სამართლიანობის განცდა, ობიექტური შეფასების შესაძლებლობა, გამართული გადმოცემისა და კომუნიკაციის უნარი… ამ უნარების შერწყმა, ჩემთვის, საუკეთესო ლექტორის ეტალონს ქმნის.
თავისუფალი დრო და ქართული სტუდენტური ცხოვრება
პანდემიამ სტუდენტური ცხოვრება და თავგადასავლები თითქოს წამართვა… ყოველდღე ნეგატივი, გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებელი, „ლოქდაუნი“… ეს, თავისთავად, სტრესს იწვევს, მაგრამ ვცდილობ მაინც დადებითი დავინახო.
თავისუფალ დროს მიყვარს წიგნების კითხვა (განსაკუთრებით ფსიქოლოგიური ჟანრის) და ქართული მუსიკის მოსმენა; ასევე, სხვადასხვა თემატური შეხვედრების ორგანიზება სტუდენტებთან ერთად, რაც აქტიური მოხალისეობრივი საქმიანობის საშუალებას მაძლევს. ვინტერესდები სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ კომპანიების სპეციფიკით; მიყვარს, აგრეთვე, ქართული ფოლკლორი, პოლიფონია, ეროვნული სამოსი თითქოს ძალიან ჩემია და მუდამ ვცდილობ მასთან სიახლოვეს.
ახალი თაობის ნიშა და ახალგაზრდების უმთავრესი პრობლემა
ჩემი თაობა საკმაოდ გონებამახვილი და ინფორმაციულად დატვირთულია. მე ასე ვხედავ და ასე ვაფასებ მას. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვიაზრებთ, რა არის ჯანსაღი კონკურენცია. რაც არ უნდა დავიჩემოთ მიმღებლობა, ძალიან გვიჭირს არა მხოლოდ განსხვავებული ადამიანის, არამედ განსხვავებული აზრის მიღებაც კი. ვფიქრობ, ეს განპირობებულია პირველობის ჟინით — არ გვინდა, ვერ ვეგუებით, არ ვაღიარებთ ადამიანს, თუ მას ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვს. მართალია, თეორიულად ვამბობთ: ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და ჩვენ მას არ ვებრძვითო, მაგრამ რეალურად ეს ასე არ ხდება. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს აზრამდე დავიყვანოთ ადამიანი და არ მივიღოთ ის თავისივე მოსაზრებებით. ეს შესაძლოა არა მხოლოდ ჩვენი და დღევანდელობის, არამედ ადამიანად ყოფნის პრობლემაც იყოს…
ამასთანავე, გული მტკივა იმ ხისტ მიდგომებზე, რაც გვახასიათებს, უკიდურობისკენ სწრაფვა და არა ზომიერი შუალედის ძიება…
თავისუფლების იდეის არასრულყოფილი გააზრება…
საკითხავია ღირებულებრივი გზამკვლევის მიმართულებაც…
იმედია, ამისთვის არ გამკიცხავთ, რადგან ვსაუბრობ ჩემი გამოცდილებით და ვფიქრობ, პრობლემის მინიმალიზაციისთვის უპირველესია მისი საფუძვლების ძიება.
მომავლის გეგმები
დიდი სურვილი მაქვს, გაცვლითი პროგრამით, უცხოეთში სწავლის გაგრძელების და ვიმედოვნებ ასეც მოხდება. ჩემი მიზანი, უპირველესად, სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლებაა, მაგრამ ასევე საკუთარი თავის ერთგვარი გამოცდაც, თუ რამდენად ვადაპტირდები უცხო გარემოში და რამდენად შევძლებ ჩემი უნარების რეალიზებას. უცხოეთში ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. ამიტომ მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ საკითხს და მინდა, გაცვლითი პროგრამით მიღებული ცოდნა ჩემს ქვეყანასა და თანატოლებს გავუზიარო და არა მხოლოდ მე მივიღო გარკვეული პიროვნული სარგებელი.
მომავალი გეგმები… ეს ის ნაწილია, რაზე საუბარიც დიდად არ მიყვარს. ჩემი ძალისხმევით და უფლის ნებით, მინდა შევძლო ჩემში არსებული ტალანტის გამრავლება. რაც მე დამაკლდა, არ მინდა, ჩემს ძმებს დააკლდეთ და პროგრესის გზაზე მსურს მეც გავდო გარკვეული ხიდი. რა როგორ იქნება, ამას მომავალში საქმე გვიჩვენებს და არა სიტყვები.
ყოველთვის მქონდა პროტესტი, როდესაც ვიგებდი, რომ კარგი სტუდენტები მიდიოდნენ საზღვარგარეთ და, ხშირ შემთხვევაში, იქ რჩებოდნენ კიდეც. რამდენიმე დღის წინ შემთხვევით გადავაწყდი ჩემს ინტერვიუს, როდესაც მეშვიდე კლასის მოსწავლე ვიყავი და იქაც კი გამოვხატავ წუხილს ამ თემასთან დაკავშირებით. ვამბობ, რომ ყველა თუ წავედით, საქართველოში ვინღა დარჩება და რა ეშველება ჩვენს ქვეყანას?
მიუხედავად ამისა, არის მომენტები, როდესაც მეც კი ვფიქრობ საქართველოდან წასვლაზე, რადგან არაერთგზის მიგემია მიკერძოება და უსამართლობა, მაშინაც კი, როდესაც ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებდი, თუმცა რაც არ გკლავს, გაძლიერებს. ალბათ ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამიტომაც ამბობდა ილია: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!“