ირინე ბერაძე
სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის №7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
გრამატიკის სწავლებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პუნქტუაციის სწავლება. სასვენი ნიშნების ხმარების წესები ამა თუ იმ სამწერლობო ენაში არის ერთიანი და სავალდებულო. ამ წესებიდან გადახვევა შეცდომაა, რაც იწვევს როგორც აზრის არასწორად გამოხატვას, ისე აზრის არასწორად გაგებას. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები უგულებელყოფენ პუნქტუაციის წესებს – წინადადებაში სასვენი ნიშნები სინტაქსური კონსტრუქციის მიხედვით არაა დასმული, არამედ ნებისმიერად ან იმის მიხედვით – ზეპირი მეტყველებისას სად ჩერდებიან; ანდა ნაწერში სასვენი ნიშნები საერთოდ არაა გამოყენებული, რაც ბუნდოვან წარმოდგენას გვიქმნის წინადადებით გამოხატულ აზრზე. პრობლემას ამძაფრებს ინტერნეტსივრცეში სასაუბროში უსასვენნიშნოდ წერა. ხშირად ბავშვები ვერც კი ამჩნევენ, რომ კლავიატურაზე სასვენი ნიშნებიცაა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ პრობლემა გვაქვს.
ისტორიისათვის: პუნქტუაცია არის სასვენ ნიშანთა გამოყენებისა და დასმის წესების ერთობლიობა.იგი მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან punctuacion,რომელსაც საფუძვლად უდევს ლათინური punktum (წერტილი).
პუნქტუაცია წერაზე გვიან გაჩნდა. პუნქტუაციის შემქმნელად ითვლება ალექსანდრიელი ფილოლოგი არისტოფანე ბიზანტიელი (ძვ.წ.აღ.257-180წწ). დიონისე თრაკიელმა თავის „ტექნე გრამატიკაში“ სასვენი ნიშნების მთელი სისტემა მოგვცა. ქართულ მწერლობაში უკვე მეექვსე საუკუნეში შეიმჩნევა სასვენი ნიშნების ხმარება („სახარება“), არაბთა ბატონობის ხანაში კი სასვენ ნიშნებს გადაჩვეულან და მხოლოდ განკვეთილობის ნიშნები უხმარიათ. მას შემდეგ განკვეთილობის ნიშნებს დამატებია ზოგი სასვენი ნიშანი, რომელიც ჩვენს მწერლობაში შემოუღია XI საუკუნის II ნახევრის ცნობილ ქართველ მთარგმნელს და მეცნიერს ეფრემ მცირეს. თავის სისტემას ეფრემ მცირემ საფუძვლად დაუდო წერტილი. იგი წერტილს ხმარობდა „მცირედ სასუენად“ (მცირე და დიდი შესვენებისთვის), ორწერტილს „განსაკუეთელად სიტყვისა“ ე.ი. ფრაზების ერთმანეთისაგან გამოსაყოფად, სამწერტილს „დიდად სასუენად“ და ექვსწერტილს „სრულად დასაბოლოებლად და ახლად დასაწყებად სიტყვისა“. დროთა განმავლობაში უკვე შეინიშნება წინადადებათა ერთმანეთისაგან დაშორება მცირე მანძილით ან მთავრული ასოთი დაწყება.
XV საუკუნის I ნახევრიდან ევროპაში იწყება სტამბური წესით წიგნების ბეჭდვა და პუნქტუაცია ყურადღების საგანი ხდება. ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვით იტალიელ მესტამბეებს – ძმებ მანუციებს,რომელთაც პირველად შემოიღეს თანამედროვე პუნქტუაციური ნიშნები. პუნქტუაცია გამდიდრდა ისეთი გრაფიკული საშუალებებით, რომლებიც მიუთითებდნენ არა მარტო ტექსტის დანაწევრებაზე, არამედ წინადადების ამა თუ იმ შინაარსზე, ემოციურ იერზე, აზრობრივ ელფერზე. ეს ნიშნები ყველა მწიგნობრულ ენაში დაინერგა. ასე შეიქმნა მართლწერის ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი – პუნქტუაცია, რომელიც დღეს უკვე გარკვეული სისტემაა სასვენი ნიშნების ხმარებისა.
ანა დედოფლისეულ „ქართლის ცხოვრებაში“ (გადაწერილია XV ს.ბოლო წლებში) სასვენ ნიშნად პირველად გვხვდება მძიმე. სულხან-საბა ორბელიანთან მძიმე საინტონაციო (და არა სასვენ) ნიშნადაა გამოყენებული.
საინტერესოა ის,რომ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სასვენ ნიშანთა ხმარების წესები შეიმუშავა ანტონ I-მა. მძიმე იხმარებოდა სასვენ ნიშნად წინადადების შიგნით,წერტილი-წინადადების ბოლოს. „დასასრულ სიტყვისა“ კი იწერებოდა -ორწერტილი. ანტონ პირველმა გამოიყენა კითვის ნიშანიც.
დღეს ქართულ ენაში მიღებული პუნქტუაციური წესები ახალია, იგი საერთო ევროპულია, დამკვიდრდა ჩვენში XIX საუკუნეში.
პუნქტუაციის ძირითადი ფუნქცია სწორედ აზრის ნათლად გამოხატვაა. ის ერთი მხრივ,ეხმარება დამწერს წერილობითი აზრის ზუსტად გამოხატვაში, მეორე მხრივ, კი წამკითხველს ნაწერის ზუსტად გაგებაში, მისი შინაარსის მართებულად აღქმაში.
სასვენი ნიშნების გამოუყენებლობამ ან არამართებულად გამოყენებამ შესაძლებელია სრულიად შეცვალოს ნაწერის შინაარსი, გაუგებარი ან ორაზროვანი გახადოს ნაწერი. პუნქტუაციის შესწავლით მოსწავლე არა მარტო სასვენი ნიშნების გამოყენების წესებს სწავლობს, არამედ, ამით იგი ეცნობა ენის სინტაქსურ და სტილისტურ ბუნებასაც. პუნქტუაციური ანალიზის პროცესში მოსწავლე ნათლად ხედავს ენაში რა სინტაქსური კონსტრუქციებია შესაძლებელი, რა საშუალებები გააჩნია ენას ამისთვის, რა როლს თამაშობს პუნქტუაცია აზრის სწორად გამოხატვისათვის.ზოგადად, პუნქტუაციის სრულყოფილად დაუფლება ადამიანის წიგნიერების დონის ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ნაწერი მეტყველებს მისი დამწერის წიგნიერებაზე.
რა დაგვეხმარება პრობლემის გადაჭრაში? დავიწყოთ იმით, გრამატიკული მასალის სწავლებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს – იგი ემსახურება სათანადო ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სტილისტური ჩვევების ფორმირებას, რაც საბოლოოდ მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურის დახვეწისაკენ არის მიმართული. გრამატიკული წესების გარეშე მოსწავლეს უჭირს სიტყვის სწორად დაწერა, სასვენი ნიშნების ხმარება, ფრაზისა და წინადადების მართებულად აგება. მაგრამ მიზანია არა ამ წესების მექანიკური გაზეპირება, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. სწავლებისას სასურველია სწორედ ეს პრაქტიკული მხარე წამოვწიოთ წინა პლანზე. სამწუხაროდ, ენის გაკვეთილების შემცირებამ მეტად დაატყო ხელი გრამატიკის სწავლებას. ეს აისახა სასვენი ნიშნების გამოყენებაზეც, თუმცა არ იგულისხმება ის, რომ მანამდე ყველაფერი კარგად იყო.
და მაინც,რა ედება საფუძვლად პუნქტუაციის სწავლებას? მოსაზრებები პუნქტუაციის საფუძვლების შესახებ შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს:
ა) პუნქტუაციის საფუძველი ინტონაციაა. ამ საფუძველს ავითარებდა ა. პეშკოვსკი,რომელიც თვლიდა, რომ პუნქტუაციის საუძველი გრამატიკა კი არა არის, არამედ მეტყველების დეკლამაციურ-ფსიქოლოგიური დანაწევრება. მაგრამ ამ მოსაზრებას სერიოზული ნაკლი აქვს . ინტონაციას უფრო მდიდარი ნიუანსები გააჩნია აზრის გამოსახატავად, ვიდრე პუნქტუაციას, მაგ., ძახილის ნიშანი ერთი გრაფიკული სიმბოლოთი აღინიშნება, ერთი პუნქტუაციური ნიშანია, მაგრამ გამოხატავს სხვადასხვა ნიუანსს:
მოწოდებას, ბრძანებას, თხოვნას, შიშს,სიხარულს… ყველა ეს ნიუანსი წერისას ძახილის ნიშნით აღინიშნება, თანაც, თუ პუნქტუაციის საფუძვლად დეკლამაციურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორს მივიჩნევთ, მაშინ უამრავი სასვენი ნიშნის შემოღება დაგვჭირდება. მაგალითად, კითხვითსიტყვიანი და არაკითხვითსიტყვიანი კითხვითი წინადადებები სხვადასხვა ინტონაციით წარმოითქმება, წერისას კი ერთ პუნქტუაციურ (?) ნიშანს ვიყენებთ.
ბ) პუნქტუაციის საფუძველი აზრია. ვ. ბუსლაევის, ს. აბაკუმოვის შეხედულებით, პუნქტუაციის დანიშნულება წერის დროს მხოლოდ სათქმელის შინაარსის გამოხატვაა. სასვენი ნიშნების ხმარებისას ამოსავალია მხოლოდ წერითი მეტყველების აზრობრივი მხარე, სავსებით უგულებელყოფილია მისი სინტაქსური სტრუქტურა.
მხოლოდ „აზრის მიხედვით“ ნიშნის დასმა ბევრ შემთხვევაში შეცდომაში შეგვიყვანდა. თანაც ძნელია, გამოიყოს სასვენი ნიშნების დასმის ისეთი შემთხვევები, რომლებიც მარტო „აზრის მიხედვითაა“ შესაძლებელი. მხოლოდ „აზრის მიხედვით“ სასვენი ნიშნების დასმა დიდ გასაქანს მისცემდა სუბიექტივიზმს, აღრევას შეიტანდა სასვენი ნიშნების ხმარებაში.
გ) პუნქტუაციის საფუძველი სინტაქსია. ენობრივი გადმოცემის სხვადასხვა ფორმა, წინადადებათა კონსტრუქციები, სხვადასხვა ინტონაცია და სასვენი ნიშნები – ყველაფერი ეს მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანმა აზრი ზუსტად გადმოსცეს. პუნქტუაცია აქ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. მის მოქმედებას განსაზღვრავს ტექსტის სინტაქსური კონსტრუქციები და სემანტიკურ-სტილისტური თავისებურებანი. პუნქტუაცია დაკავშირებულია იმის ბუნება-აგებულებასთან, რითაც აზრი უნდა გაფორმდეს, ე.ი.ენასთან.
და მაინც, რა ტიპის პუნქტუაციური შეცდომები გხვდება და რა არის მათი გამიმწვევი მიზეზები?
პუნქტუაციური ნიშნებიდან დაწყებით სკოლაში შეისწავლება წერტილი (I კლასი), კითხვის ნიშანი (II კლასი), ძახილის ნიშანი ბრძანებით წინადადებაში, მძიმე ჩამოთვლილ სიტყვებთან (III კლასი), ძახილის ნიშანი ძახილის წინადადებაში, ორწერტილი განმაზოგადებელ სიტყვებთან, ბრჭყალები (IV კლასი), კითხვა-ძახილის ნიშანი, ფრჩხილები, ტირე, დეფისი (V-VI კლასები). იგულისხმება, რომ ძირითადი ჩვევა პუნქტუაციის ნიშნების გამოყენებისა მოსწავლემ დაწყებითი განათლების საფეხურზე უნდა შეიძინოს.
მოსწავლეთა წერით ნამუშევარში შემჩნეული მრავალრიცხოვანი პუნქტუაციური შეცდომები პირობითად სამ ჯგუფად შეგვიძლია გავაერთიანოთ:
ა) სასვენი ნიშნების დაუსმელობა.სასვენი ნიშნების დაუსმელობა ძალზე ართულებს დაწერილის წაკითხვასა და მართებულად გაგებას,რადგანაც შეუძლებელია წინადადებაში მხოლოდ სიტყვათა რიგით გავარკვიოთ აზრი.
ბ) სასვენი ნიშანი გამოყენებულია იქ, სადაც საჭირო არ არის. ეს საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი ინტონაციაა: ზეპირმეტყველების პაუზას მოსწავლეები მძიმით აღნიშნავენ.
გ) მოსწავლე არასწორად არჩევს სასვენ ნიშანს: წერტილის ნაცვლად სვამს მძიმეს,ან პირუკუ…
მოსწავლეთა წერითი ნამუშევრების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე გავრცელებული შეცდომებია:
1) მძიმის დასმა წერტილის ნაცვლად;
2) მძიმის დასმა პაუზის მიხედვით;
3) ორწერტილის გამოტოვება განმაზოგადებელ სიტყვასთან;
4) მძიმის გამოტოვება ჩამოთვლილ სიტყვებთან;
5) ძალზე ხშირია შეცდომები ბრჭყალების ხმარებისას;
6) განსაკუთრებით აღრეულია ერთმანეთში ტირე და დეფისი.
რაც შეეხება წერტილს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს – მათი გამოყენების ჩვევის გამომუშავება შედარებით ადვილია.
თუ ერთმანეთს შევადარებთ მოსწავლეთა მიერ წერისას დაშვებულ ორთოგრაფიულ და პუნქტუაციურ შეცდომათა რაოდენობას, ვნახავთ, რომ ორთოგრაფიულ შეცდომათა რიცხვი კლასების მიხედვით თანდათან კლებულობს, რაც შეეხება პუნქტუაციურ შეცდომებს, მათი რიცხვი არ კლებულობს, პირიქით,ზოგჯერ იზრდება კიდეც. რით აიხსნება ეს მოვლენა?
ა) ორთოგრაფიის შესწავლას სკოლაში გაცილებით მეტი დრო ეთმობა,ვიდრე პუნქტუაციისას.
ბ) პუნქტუაციურ ჩვევათა დაუფლება უფრო მეტად მოითხოვს ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარს, ვიდრე ორთოგრაფიისა.
გ) მასწავლებლები ხშირად ჩქარობენ პუნქტუაციის წესების გაცნობისას. ერთი და იმავე გაკვეთილზე რამდენიმე წესსაც კი აცნობენ და შემდეგ აღარ ავარჯიშებენ მოსწავლეებს ამ მიმართებით, მხოლოდ დაზეპირებას ჯერდებიან.
დ) მოსწავლეები არ ფლობენ სინტაქსის სასკოლო კურსს, კარგად არ აქვთ წარმოდგენილი ენაში შინაარსისა და ფორმის ერთიანობა, აზრისა და გრძნობის წერილობითი გამოხატვის ენობრივი საშუალებანი, რასთანაც მჭიდროს არის დაკავშირებული სასვენი ნიშნების შესწავლა.
ე) და რაც მთავარია, ონლაინ სასაუბრომ „ჩაყლაპა“ სასვენი ნიშნები.
ამგვარად, პუნქტუაციის სწავლება ძირითადად ემყარება წინადადების შინაარსსა და აგებულებას, სინტაქსურ სტრუქტურას. სასვენი ნიშნები უნდა დავსვათ უშუალოდ წერის პროცესში და არა შემდეგ.მათი გამოყენების გააზრება მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული წინადადების შინაარსისა და აგებულების გააზრებასთან.
ვინაიდან პუნქტუაციის საკითხების ახსნა გრამატიკის თემებს უკავშირდება, ამიტომ პუნქტუაციის საკითხების სწავლებისას ძირითადი მეთოდები იგივეა, რაც გრამატიკისა-საუბარი და თხრობა.მართალია, პუნქტუაციის წესის ახსნა დასაწყის ეტაპზე წერილობითი მაგალითის საფუძველზე ხდება, მაგრამ ამ წესის დეფინიცია უმთავრესად ზეპირი გზით წარმოებს. სიტყვიერი განმარტების ხვედრითი წონა პუნქტუაციური წესის ახსნაში საკმაოდ დიდია. ეს ახსნა წარმოებს საუბრის ან თხრობის მეთოდით.
რიგი პუნქტუაციური წესების სწავლებაში გვეხმარება ინტონაცია. აქ იგულისხმება წერტილის, კითხვითი, ძახილის ნიშნების ხმარება. მაგრამ ინტონაციამ ძალიან არ უნდა გაგვიტაცოს, რადგან იგი ხშირ შემთხვევაში შეცდომის მიზეზი ხდება.
პუნქტუაციის სწავლებაში ფართოდაა გამოყენებული პუნქტუაციური გარჩევა.
პუნქტუაციური გარჩევისას უნდა გაირკვეს:
1) რატომ არის საჭირო სასვენი ნიშნის დასმა ამა თუ იმ ადგილას;
2) რატომ უნდა ვიხმაროთ სწორედ ეს და არა სხვა სასვენი ნიშანი;
3) რატომ უნდა დავსვათ ეს სასვენი ნიშანი სწორედ გარკვეულ ადგილზე და არა სხვაგან;
4) რა წესს ეყრდნობით ამა თუ იმ სასვენი ნიშნის ხმარებისას.
პუნქტუაციური გარჩევა გამოყენებულია სკოლის პრაქტიკაში, როგორც პუნქტუაციის ახალი წესის ასახსნელად, ისე ახსნილის ცოდნის განმტკიცების, გავლილის გამეორებისა და აღრიცხვისათვის. ამის მიხედვით პუნქტუაციური გარჩევა შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
1) ერთი თემის სწავლებასთან დაკავშირებული;
2) შემაჯამებელი ხასიათის, როდესაც მოსწავლეებს ვამეორებინებთ ყველა შესწავლილ პუნქტუაციურ წესს სათანადო მაგალითების ანალიზის გზით;
ყოველივე ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ ბავშვები გადავღალოთ გრამატიკული კატეგორიების დასწავლით. ეს მეორე უკიდურესობა იქნება. გრამატიკული მასალა ბავშვის ფსიქიკური ძალების გათვალისწინებით შეირჩევა და მას მშობლიური ენისა და ლიტერეტურის გაკვეთილზე რამდენიმე წუთი ეთმობა. მაშინაც იგი უნდა წარიმართოს მოსწავლისათვის საინტერესოდ და გასაგებად, და რაც მთავარია, მიმართული უნდა იყოს ძირითადი სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებისკენ. ამ დროსაც უდიდესი როლი უნდა მიენიჭოს სწავლების რაციონალური გზების, მეთოდებისა და ხერხების შერჩევას.