11 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

ომს გამოქცეული უკრაინელი მოსწავლეები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში

spot_img

ინტერვიუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან – თამარ მახარაშვილთან 

ქალბატონო თამარ, უკრაინის ომიდან ერთი წლის თავზე შევაჯამოთ უკრაინელი ბავშვების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა – რა გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის მათთვის უკრაინულენოვანი სექტორების გახსნა და რამდენი მოსწავლის უზრუნველყოფა შეძლო ქვეყანამ?

ეს არის საკითხი, რომელზე საუბარიც ჩვენთვის მარტივიცაა და საამაყოც, რადგან ქართულმა სახელმწიფომ, როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდა, ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელა. არა მხოლოდ განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ზოგადად, მთავრობის პოლიტიკა, რეაგირება ამ საკითხისადმი იყო მყისიერი. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით.

სახელმწიფომ, პირველი დღიდანვე, სრულიად განსაკუთრებული ღონისძიებები გაატარა უკრაინელი ბავშვებისთვის, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო უკრაინის სკოლებში ვეღარ ახერხებდნენ განათლების მიღებას, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ და გამოხატეს სურვილი, აქ მიეღოთ განათლება. პროცედურულად გამარტივებული წესით მოვახერხეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მათი ჩარიცხვა, მთელი ქვეყნის მასტაბით. ეს იყო, დაახლოებით, მარტში, აპრილში კი, მთავრობამ ეს საკითხი სხვაგვარად დააყენა. იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელშეწყობილი ყოფილიყვნენ უკრაინელი ბავშვები ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში და კიდევ უფრო მარტივად მომხდარიყო მათი ადაპტირება, დღის წესრიგში უკრაინული სექტორების დაარსების საკითხი დადგა და მალევე გაიხსნა პირველი უკრაინულენოვანი სექტორი გრუშევსკის სახელობის 41-ე სკოლაში, სამივე საფეხურზე. უკრაინულენოვანი სექტორების გახსნა, თავისი არსით, ნიშნავს შემდეგს: მაისში გაიხსნა სექტორი და მოკლე დროში, ძალიან სწრაფად მოახერხა სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (მართლა დიდი ძალისხმევით ვმუშაობდით სამინისტროს ნებისმიერი სტრუქტურული ერთეული), მთლიანად მოგვეხდინა უკრაინული კურიკულუმის ადაპტირება, ანუ ბავშვებს, ყოველგვარი შეფერხებისა და რეალურად, ცვლილებების გარეშე, გაეგრძელებინათ სწავლა ჩვენს სკოლაში გახსნილ უკრაინულენოვან  სექტორზე. ამის მთავარი მიზანი კი ის იყო, რომ მათ ეგრძნოთ თავი საკუთარ სახლში, საკუთარ სკოლაში. ეს იყო მთავარი მესიჯი  და ამისთვის არ დავიშურეთ არც ძალა და არც ენერგია.

როგორც კი მოხერხდა უკრაინული კურიკულუმის გადმოტანა, მაშინვე მყისიერად დადგა დღის წესრიგში შესაბამისი ადამიანური რესურსის – მასწავლებლების მოძიების საკითხი. დღეს უკვე უკრაინიდან დევნილი 60 მასწავლებელი გვყავს დასაქმებული სკოლებში. მასწავლებლების შერჩევის პროცესიც მათი კვალიფიკაციის დადგენით, გასაუბრებით წარიმართა. აუცილებლად უნდა გვცოდნოდა იმ ადამიანების კომპეტენციები, ვისაც კლასში შევუშვებდით, რადგან ჩვენი პრიორიტეტი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების შეთავაზებაა.

ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით უკრაინის საელჩოსთან საქართველოში და ახლაც ვაგრძელებთ მთელი რიგი მიმართულებებით ამ თანამშრომლობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უკრაინელი მოსწავლეების ადაპტირება ჩვენს სკოლებში. პირველივე დღიდან ღიად გამოხატავენ მადლიერებას იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით ერთადერთი ქვეყანა (ერთ-ერთი არა), ვინც უკრაინელ მოსწავლეებს უკრაინული სექტორი შესთავაზა.

41-ე სკოლის შემდეგ, საჭიროება გაჩნდა, რომ უკრაინული სექტორი ბათუმშიც გაგვეხნა, რადგან ძალიან დიდი რაოდენობის მსურველი იყო. ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაშიც გაიხსნა უკრაინული სექტორი, ამას მოჰყვა ისევ თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, სექტორის გახსნა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი იყო ბევრი ფაქტორი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსი, შესაბამისი ატრიბუტიკა, სივრცე, სტანდარტები სასწავლო პროცესისთვის. ის, რაც ხელგვეწიფებოდა, გაგვეკეთებინა, რა თქმა უნდა, გავაკეთეთ, არანაირი კითხვის ნიშანი არ გაჩენილა. მეოთხე უკრაინულენოვანი სექტორი ისევ ბათუმში იყო, მე-13 საჯარო სკოლაში.

უკრაინელი მოსწავლეები ყველა იმ სიკეთით სარგებლობენ, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსწავლეები, აქედან გამომდინარე, პირველკლასელებიც ისევე უზრუნველვყავით ბუკებით, როგორც დანარჩენი პირველკლასელები, ასევე სასკოლო ინვენტარითა და სხვა სერვისებით, მაგალითად, ტრანსპორტირების საკითხიც მოგვარებულია.

ცხადია, მხოლოდ ფორმალურ განათლებაში მათი მხარდაჭერა საკმარისი არ იქნებოდა, რადგან ჩვენი განათლების პოლიტიკიდან გამომდინარე, ხარისხიანი განათლება ნიშნავს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებას. ამიტომ, არაფორმალური განათლების მიმართულებით, მთელი რიგი წრეები ავამუშავეთ – სპორტის, ტექნოლოგიების, მუსიკის, განსაკუთრებით IT-ის მიმართულებით. კიდევ ერთი მთავარი აქტივობა მათი საზაფხულო ბანაკებში მონაწილეობაა. კულტურის სამინისტროსთან ერთად, უზრუნველვყავით უკრაინელი ბავშვების ჩართვა საზაფხულო ბანაკებში და სხვა დიდ ღონისძიებებში, ფესტივალებსა და შეჯიბრებებში.

იმისათვის, რომ გარემო კიდევ უფრო კომფორტული გამხდარიყო, დღის წესრიგში დადგა ფსიქოლოგებისა და მანდატურების საჭიროება – ძალიან ბევრს დასჭირდა ამ მიმართულებით დახმარება, არა მხოლოდ მოსწავლეებს, მასწავლებლებსაც. როგორც კი 41-ე საჯარო სკოლაში გავხსენით სექტორი, მინისტრის პირველივე დავალება იყო, უზრუნველგვეყო (მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში ფსიქოლოგებიც არიან და მანდატურის სამსახურიც არის) მათზე მორგებული სერვისი. ამიტომ უკრაინულენოვანი ფსიქოლოგები ავიყვანეთ და ისინი იმ მიმართულებით მუშაობენ მათთან, რისი საჭიროებაც არის.

ფსიქოლოგები მუშაობენ მათთან ბანაკებშიც, სპორტულ თუ შემეცნებითი-გასართობ ღონისძიებებშიც. ფსიქოლოგების ჩართულობით, ვითვალისწინებთ ყველა დეტალს, რაც მათთვის სასარგებლოა და უმჯობესი.

მთლიანობაში, დღევანდელი სტატისიკა ასე გამოიყურება – საქართველოს მასშტაბით, 2300-მდე მოსწავლეა ჩარიცხული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო ჩემ მიერ ნახსენებ უკრაინულ სექტორებზე როგორც თბილისში, ისე ბათუმში, საერთო ჯამში, 1500-მდე მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას.

– როგორია ტენდენცია – გვემატებიან უკრაინელი ბავშვები თუ ხდება გადინება? და როგორია მზაობა, ახალი მოსწავლეების მისაღებად?

ბოლო მონაცემებით, მოსწავლეთა რაოდენობა სტაბილურია, ვერ გეტყვით, რომ რაღაც მკვეთრად შეიცვალა. გვქონდა პერიოდი, როცა მასშტაბურად მოგვემატა მოსწავლეთა რაოდენობა და ამიტომაც გაიხსნა ცალკე სექტორები, მაგრამ ახლა ციფრი სტაბილურია. ასევე მნიშვნელოვანია ერთი აქტივობა, რომელმაც შეიძლება სამომავლოდ იმოქმედოს მოსწავლეთა რაოდენობაზე – მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის (მოგეხსენებათ, უკრაინაში 11-წლიანი სწავლებაა), ვინც დისტანციურად აგრძელებდა უკრაინის სკოლებში სწავლას, საელჩოს თხოვნით და უკრაინის განათლების სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციით, დავაორგანიზეთ სკოლის დამამთავრებელი გამოცდა და შარშან მათ მივეცით საშუალება, უკრაინული ატესტატი მიეღოთ. რა თქმა უნდა, ამას სერიოზული მუშაობა დასჭირდა, ჩვენი რესურსითა და ლოჯისტიკით, უკრაინის განათლების სამინისტროს წესებისა და პროცედურების დაცვით, უზრუნველვყავით ეს პროცესი. თუ წელს მეთერთმეტეკლასელები არ მოისურვებენ მეთორმეტე კლასში გადასვლას და ასეთივე წესით გადაწყვეტენ ატესტატის მიღებას, ბუნებრივია, ეს მოსწავლეთა სტატისტიკაზე აისახება. ასევე, ჯერჯერობით, არ ვიცი, რამდენი პირველკლასელი გვეყოლება, თუმცა ეს ძალიან მალე გაირკვევა, როგორც კი რეგისტრაცია გამოცხადდება.

რაც შეეხება მოსწავლეთა დამატებით რაოდენობის მიღებას, აბსოლუტური მზაობა გვაქვს, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მათთვის შესაბამისი სასწავლო გარემო.

 – დაბოლოს, რას ეტყვით ჩვენს უკრაინელ მოსწავლეებს?

ჩვენთვის სასიამოვნო იყო, რომ შევძელით გვეზრუნა უკრაინელ ბავშვებზე. კიდევ უფრო სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ უყვართ მათ თანაკლასელები, როგორ უყვართ სკოლა, მასწავლებლები, როგორ შეუყვარდათ ქართული ენა და რომ კარგად გრძნობენ თავს. ჩვენი მცდელობა, მათ თავი საკუთარ სახლში ეგრძნოთ, ვფიქრობ, მიღწეულია. ისინი გულწრფელად გამოხატავენ თავიანთ მადლიერებას მასწავლებლების, მინისტრისა თუ სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ხშირად სტუმრობენ სკოლებს. საოცარი თბილი ატმოსფეროა. ჩემი ტელეფონი სავსეა მათი ფოტოებითა და ვიდეოებით, მაგრამ იმ მადლიერებაზე მეტად მნიშვნელოვანი, რასაც მათი მშობლები და თავად გამოხატავენ, ჩვენთვის, მაინც ბედნიერი ბავშვების თვალების დანახვაა. ჩვენი მთავარი საზომიც ეს არის და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, დანარჩენი მართლა მეორეხარისხოვანია.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები