9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტების განათლების უფლების დასაცავად

spot_img

✅ 2020 წლის 18 ივნისს მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ, აბიტურიენტების დაშინების ფაქტებზე. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით. კვლავ გრძელდება ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევა, სკოლის მოსწავლეებსა თუ პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

✅ 2017 წლის შემდეგ, ოკუპირებული ახალგორის ყველა სკოლაში, დაწყებით კლასებში, სრულად აკრძალულია ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო ქართული ენა, როგორც უცხო ენა, მხოლოდ სკოლების ნაწილში ისწავლება. ეს ფაქტი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნაზე, ისე განათლების ხარისხზე. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის შედეგად, ოკუპირებულ ახალგორში, ყოველწლიურად, იკლებს სკოლის მოსწავლეების რაოდენობა. მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს.

✅ ამჟამად ახალგორის რაიონში მოქმედი 7 სკოლიდან მხოლოდ 6 სკოლაში მიმდინარეობს სწავლება ქართულად და ისიც მხოლოდ მე-7 კლასიდან მე-11 კლასამდე. დანარჩენ შემთხვევებში, ქართულ ენას მხოლოდ კვირაში ხუთი საათი ეთმობა. 2019 სასწავლო წელს 4 სკოლას საერთოდ არ ჰყავდა პირველკლასელები.

✅ განათლების უფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა. ის განმტკიცებულია როგორც გაეროს, ასევე ევროსაბჭოს შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებებში. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი ვრცლად საუბრობს განათლების უფლებაზე და მის მიზნებზე, რომლის მიხედვითაც, განათლება მიმართული უნდა იყოს „ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისკენ“ და „განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას“.

✅ საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განაგრძოს პროაქტიური ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტების განათლების უფლების დაცვის მიზნით; გაგრძელდეს, ოკუპირებული ახალგორის სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, მათი საჭიროებების მიხედვით, საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების შესაძლებლობებს.

✅ ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროცესში, რათა მუდმივი ყურადღება იყოს მიმართული ოკუპირებულ რეგიონებში განათლების უფლების დაცვაზე. ეს უკანასკნელი კი, შეუძლებელი იქნება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვითი მისიების მუშაობის აღდგენისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები