საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე 2021 წელსაც ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.
მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან და სწავლის საფასური დაუფინანსდებათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მიუხედავად, ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან ზემოაღნიშნული წესით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლება შეიძლება მიენიჭოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რომლებმაც შესაბამისი სკოლები (ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობების არ არსებობის გამო) საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაასრულეს.
აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.