ლადო აფხაზავა – ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლბელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს აპლიკაციის შევსება დავიწყე სიტყვებით — მე ვარ ქართველი, იმ ქვეყნიდან, რომლის 20% ოკუპირებულია, რაც აფერხებს თავისუფლებას, განვითარებას, სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობას. და იცით რატომ? იმიტომ, რომ ოკუპაცია ნებისმიერი ქართველისთვის უნდა იყოს ყველა სხვა პრობლემის წინ მდგომი თემა, მასზე საუბარი, შედეგების რეალურად აღქმა და გახმოვანება გამუდმებით უნდა ხდებოდეს, რადგან არ მინავლდეს მისი დამანგრეველი მნიშვნელობა…
ამიტომაც შევქმენით მე და ჩემმა მოსწავლეებმა ოკუპაციის მუზეუმი ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დერეფანსა და ერთ ოთახში. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემს მოსწავლეებთან ერთ-ერთი მორიგი საუბრისას მივხვდი, მათ ბევრი არაფერი იცოდნენ ოკუპაციის შესახებ, ამიტომაც შევთავაზე ეს თემა, მაშინ (2018წ) მე-11 კლასში იყვნენ. შევთანხმდით, დავიყავით ჯგუფებად და შევუდექით მუშაობას. ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა მასალების მოძიება — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაგალითზე გვინდოდა გვეჩვენებინა, რაში გამოიხატა ოკუპაცია და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ დაუსრულებელმა პროცესმა, 1921 წლიდან დღემდე. ჩვენი პარტნიორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსი“, რომლის მხარდაჭერითაც, პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარვადგინეთ და დაფინანსებაც მალევე მივიღეთ. თავდაპირველად სკოლაში ვაპირებდით მუზეუმის გაკეთებას, მაგრამ დირექციამ რომ უარი გვითხრა, მერე მივაკითხეთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა დაგვხვდა. რაკი დაფინანსება უკვე გვქონდა, დერეფანი და ერთი ოთახი დავასუფთავეთ. გვინდოდა, შემოსვლისთანავე გასჩენოდა ადამიანს ოკუპაციის მძიმე შეგრძნება. ამიტომ, დერეფნის ერთი მხარე როგორც იყო, ისე დავტოვეთ. მთელი ფართი 1921 წლის ოკუპაციის ამსახველ მასალებს დაეთმო. რეპრესირებულთა ოჯახებიდან მოპოვებული სურათები ფანჯრის მინებს გარედან მივაკარით. ამით ის ეპიზოდი გავაცოცხლეთ, როცა დაპატიმრებულები თურმე ფანჯრებიდან გადმოჰყავდათ, რომ მეზობლებს არ დაენახათ და ხელი არ შეეშალათ. ბავშვებმა თითოეული მათგანის ისტორიები მოიპოვეს და საჯარო გახადეს. ფოტოებითა თუ ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან ამონარიდებით სისხლიანი 25 თებერვლის 100-წლიანი ისტორია გადმოვეცით.
საქართველოს უახლესი ოკუპაციის ისტორია ცალკე ოთახშია გადმოცემული. აქაც, ძირითადად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა ისტორიებია შეკრებილი, რომელთა სიცოცხლე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა შეიწირა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენ ფოთიდან ჩამოვიტანეთ იქ ჩამოვარდნილი ჭურვის ნამსხვრევები, ჭაღიც მავთულხლართების ფორმით დაამზადეს ბავშვებმა, სულ დაკაწრული ჰქონდათ ხელები. სხვათა შორის, შინდისთან ბრძოლაში სამი ლანჩხუთელიც მონაწილეობდა. მოსწავლეებმა მათი ოჯახის წევრების მონათხრობით და ფოტომასალით გააცოცხლეს არა მარტო შინდისის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული ადამიანების ისტორიებიც. მახსოვს, როგორი სევდიანები ბრუნდებოდნენ შეხვედრებიდან…
ოკუპაცია გრძელდება — ასეთი წარწერა აქვს ჩვენს ბოლო ბანერს. მოსწავლეებმა ფოტოაპარატით აღბეჭდეს ყველა ის დანგრეული შენობა თუ წარწერა, რაც რუსებმა დატოვეს. ბუნებრივია, ოკუპაციის მუზეუმის შექმნა თვითმიზანი არ ყოფილა. მას გაცილებით მეტი მნიშვნელობა მივანიჭეთ იმით, რომ საგანმანათლებლო სივრცედ გადავაქციეთ. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ ქართულის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა გაკვეთილები ჩაატარონ, საინტერესო პროექტები ან სხვა სახის აქტივობები განახორციელონ. სამუზეუმო სივრცეში გვაქვს 50 სავარძელი, კომპიუტერი, პროექტორი, არაჩვეულებრივი პირობებია გუნდური მუშაობისთვის. ამიტომაცაა, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის 26-ივე სკოლამ 221 პროექტი განახორციელა ჩვენ მიერ მოწყობილ მუზეუმში, რაც ძალიან გვახარებს.
მუზეუმის სტუმრები მხოლოდ მოსწავლეები არ არიან — სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით, ჩვენი საზოგადოების შუახანს მიტანებულ თანამოქალაქეებსაც ვიწვევთ. მათაც ბევრი არაფერი იციან, რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში 1921 წლის 25 თებერვალს. ასე რომ, ყველა ასაკისა და ფენის ადამიანისთვის იყო საჭირო ამ ტრაგიკული ისტორიის ცოდნა. ისეც მომხდარა, რომ ჩემს მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარებიათ უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის — მათ შორის ჩინოვნიკებისთვისაც, რომლებიც ერთ-ერთ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. გავიხსენებ ჩვენი მუზეუმის საპატიო სტუმრებსაც: ამერიკის ელჩი ელიზაბეტ რუთი, რომელმაც საინტერესო ლექცია წაიკითხა ოკუპაციისა და თავისუფლების თემაზე და ევროპული ქვეყნების ელჩები, რომელთაც მოიწონეს ჩვენი მუზეუმი და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებასაც დაგვპირდნენ.
კიდევ ერთი იდეა გვაქვს, რომლის განხორციელებაშიც პანდემია გვიშლის ხელს — გვინდა, ქალაქში მოძრაობდეს ტაქსი წარწერით — „არა ოკუპაციას“ ან „დეოკუპაციის დროა“. შემოსულ თანხას მუზეუმის განვითარებას მოვახმართ.