როგორც ცნობილია, ყოველი ეპოქისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა სახის დაავადებანი, რომელთა თავიდან აცილება მედიცინის მუშაკთა უპირველესი ამოცანაა. მაგალითად, შუა საუკუნეებში, ადამიანებს მუსრს ავლებდა შავი ჭირი და კეთრი, მოგვიანებით მას მოჰყვა პარტახტიანი ტიფი, სურავანდი, მეოცე საუკუნემ კი წარმოშვა ნევროზი, შიდსი და ა.შ. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, უკანასკნელი 70 წლის მანძილზე – ნევროზის სხვადასხვა დაავადებების შემთხვევებმა 24-ჯერ იმატა. სპეციალისტთა აზრით, ყოველივე ამის მიზეზია ცხოვრების დაჩქარებული ტემპი, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია. იშვიათად შეხვდებით დღეს კაცს, დროის უკმარისობას რომ არ უჩიოდეს. ჩვენ გამუდმებით სადღაც მივიჩქარით, ერთდროულად ათას საქმეს ვეჭიდებით და, როცა საამისოდ დრო აღარ გვყოფნის, ვნერვიულბთ, ვღიზიანდებით. სწორედ ჩვენს დროში გაჩნდა ათასგვარი ნევროზი. დილით გვეშინია, სამსახურში არ დავაგვიანოთ და უფროსის საყვედური არ დავიმსახუროთ. ამიტომ კიდევ უფრო ვღიზიანდებით, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იგვიანებს. გამოცხადდები სამსახურში და იქ ვიღაც კიდევ უფრო აგიშლის ისედაც აწეწილ ნერვებს. საღამოს ბრუნდები შინ დაღლილ-დაქანცული და ისმენ მეუღლის საყვედურებს, ხან სამართლიანსა და ხან უსამართლოს.
სამსახურეობრივ კონფლიქტებს, ოჯახურ კოლიზიებს ემატება დიდი ქალაქების ხმაური, საცობები, ტელევიზიით, ვიდეოფილმებით მეტისმეტი გატაცება და კიდევ ვინ იცის, რა.
ნევროზი შეიძლება გამოიწვიოს ხანგძრლივმა უარყოფითმა ემოციებმა, ცუდმა საყოფაცხოვრებო პირობებმა, მოუწყობელმა პირადმა ცხოვრებამ, სისტემატურმა გადაღლილობამ და სხვა.
მოზარდებში ნევროზის გამომწვევ მიზეზთა შორის, სპეციალისტები ასახელებენ ადამიანისათვის საჭირო ცოდნის მოცულობის განუხრელ ზრდას. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანისთვის სავალდებულო ცოდნის მოცულობა, ყოველ 10-15 წელიწადში, ორმაგდება, რაც სწავლების პერიოდის გახანგძლივებას და სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების გადატვირთვას იწვევს.
ჩვენს რესპუბლიკაში ზოგიერთი სახელმძღვანელოს მოცულობა, უკანასკნელ ოც წელიწადში, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ფიზიოლოგთა მტკიცებით, 14-15 წლის მოზარდის სასწავლო დატვირთვა, დღეში, არ უნდა აღემატებოდეს 6-6,5 საათს, სინამდვილეში კი, ბეჯით მოსწავლეებს, დღეში, 10-12 საათს უხდებათ მუშაობა, ე.ი. გაცილებით მეტ ხანს, ვიდრე ზოგიერთ უფროს ადამიანს.
ინფორმაციის ნაკადი სულ უფრო და უფრო იზრდება. ყოველივე ამის ათვისებას კი ბევრი ჩვენგანი ძილის ხარჯზე ცდილობს, რასაც ქრონიკული ძილის უკმარისობა მოსდევს, და თუ ეს სისტემტურად მეორდება, იწყება ნერვული სისტემის გამოფიტვა და ნევროზი.
დღევანდელი ბავშვები ფიზიკურად და გონებრივად უფრო განვითარებული რომ არიან, ვიდრე მათი მამები და პაპები იყვნენ ამავე ასაკში, ამაზე დღეს არავინ დაvობს, მაგრამ ამას ოდნავადაც არ შეუმცირებია ნევროზით დაავადებული და ახლომხედველი ახალგაზრდების რიცხვი. პირიქით, მათი რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. ამასთან, ავადმყოფობის შემთხვევები უფრო ხშირია მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლებში, ასევე იq, სადაც საგნების ნაწილი უცხოურ ენებზე ისწავლება ან სწავლება მთლიანად უცხოურ ენაზე მიმდინარეობს.
გადამდებ დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, ადამიანებს პატარაობიდანვე უკეთებენ აცრებს, მაგრამ ამ მიმართებით თითქმის არაფერი კეთდება ნევროზის პროფილაქტიკისთვის. მართალია, მედიცინის მუშაკები მკურნალობენ ასეთ ავადმყოფებს, მაგრამ ისინი შედეგს ებრძვიან და არა მის გამომწვევ მიზეზებს. აქ საჭიროა მთელი საზოგადოების, ყოველი ჩვენგანის, განსაკუთრებით კი პედაგოგების, ერთსულოვანი შეთანხმებული მოქმედება და მუშაობა.
ცხადია, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ადამიანის ცხოვრება მიდიოდეს რაიმე აღელვების, კონფლიქტის, გაღიზიანებისა და განერვიულების გარეშე. არა, ეს შეუძლებელია. ადამიანები, ძალაუნებურად, ღიზიანდებიან თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროსაც, მაგრამ ამას, საბედნიეროდ, ზიანი არ მოაქვს. მაგალითად, პედაგოგი ღელავს საჩვენებელი გაკვეთილის წინ, ქირურგი ოპერაციის დაწყების წინ, მსახიობი – სცენაზე გასვლის წინ, სპორტსმენი – შეჯიბრების დაწყების წინ და ა.შ. ასეთი მღელვარება ბუნებრივი და გასაგებია, მაგრამ სულ სხვაა უხეშობა, კინკლაობა, უსაფუძვლო ლანძღვა-გინება, რაც, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, გახშირდა და რასაც ხშირად ნერვების აშლილობა და სტენოკარდია მოსდევს, ბოლოს კი – მიოკარდიის ინფარქტი.
ცხადია, ყოველი უხეშობა ინფარქტით არ მთავრდება, მაგრამ სუსტი ნებისყოფისა და ჯანმრთელობის ადამიანისთვის შეიძლება სიკვდილის მიზეზად იქცეს. ამიტომ საჭიროა, გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვის ნერვებს.
უხეშობა, უტაქტობა და ავყიაობა უკულტურობის ძირითადი ნიშანია. კულტურულმა კაცმა უნდა შეძლოს ყოველგვარ ვითარებაში თავის ხელში აყვანა, საკუთარი გრძნობების მოთოკვა და წონასწორობის შენარჩუნება. მაგრამ ამის თქმა ადვილია, შესრულება კი — ძნელი.
ნერვული სისტემის მოშლილობის თავიდან აცილების წინააღმდეგ ბრძოლა ბავშვის ჩვილობიდანვე უნდა დავიწყოთ. პატარები უნდა დავიცვათ იმ განცდებისგან, რაც ტრავმას აყენებს მათ ფსიქიკას (მშობლების ჩხუბი, საშიში ამბების მოყოლა, ანალოგიური ხასიათის ვიდეოფილმების სისტემატური ნახვა და ა.შ.), მაგრამ, როგორც დიდი უკრაინელი პედაგოგი ვასილ სუხომლინსკი გვასწავლის, მოზარდებისთვის ცხოვრების ჩრდილოვანი მხარეების დაფარვა და ყველაფრის ვარდისფერებში წარმოსახვაც არ ვარგა.
ბავშვი არ უნდა მივაჩვიოთ იმ აზრს, რომ ამქვეყნად ყველაფერი იოლია, რომ ეს წუთისოფელი გაშლილი სუფრაა. პატარამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სიხარულთან, განცხრომით ცხოვრებასთან ერთად, ადამიანის მუდმივი თანამგზავრია მწუხარება, ტანჯვა-წვალება, თორემ ხელთ შეგვრჩება სათუთი, ოთახის ყვავილივით აზიზად და ლოლიაობით გაზრდილი პიროვნება, პირველსავე სიძნელის წინაშე რომ წაიბორძიკებს და, თუ ხელი არ შეაშველე, ვინ იცის, რა საშინელ უბედურებას დაატეხს საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც. ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ადამიანების სიყვარული, სიკეთე, მათდამი პატივისცემის გრძნობა, განვუვითაროთ ნებისყოფა, ვასწავლოთ მუდმივი ემოციებისგან თავის შეკავება, თავის დაჭერა, საკუთარ თავში ემოციური აფეთქების ჩაქრობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე აღზრდის სისტემა ხშირად სწორედ ამ უკანასკნელ მოთხოვნებამდეა დაყვანილი: „იყავი თავშეკავებული“, „შეგეძლოს თავის დაჭერა“, „ამას მოითხოვს ზრდილობა და ინტელიგენტობა“. ასეთ მიმართვებს ხშირად გაიგონებთ როგორც სკოლაში, ისე ოჯახში, მაგრამ გამუდმებული „თვითდამუხრუჭება“ და განუმუხტავი ემოციები, თავის მხრივ, ფიზიოლოგიური რეგულატორული მექანიზმის რღვევას იწვევს და დაავადებას წარმოშობს. ცნობილი მფრინავი – კონსტრუქტორი მარინა პოპოვიჩი იგონებს, რომ ერთხელ ჰაერში თვითმფრინავმა მართვა დაკარგა და ვარდნა დაიწყო, რამაც ეკიპაჟის წევრთა პანიკა გამოიწვია. მათი დამშვიდების მიზნით, მარინამ გახსნა ხელჩანთა, ამოიღო სარკე, პომადა და ტუჩების შეღებვა დაიწყო. მანქანა რაღაც სასწაულით გადარჩა. ძირს დაშვებული ის თავს ბედნიერად გრძნობდა – ხუმრობდა, იცინოდა, ღამით კი, როცა უკვე ეძინა, დაეწყო ხანმოკლე, მაგრამ მძიმე ნერვული მოშლილობა. აი, ასე ძვირი დაუჯდა ემოციებისგან განმუხტვა მარინა პოპოვიჩს.
დაგროვილი ემოციის დაოკება, შეკავება ძალზე ძნელია. ამას მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის ადამიანები ახერხებენ. გამოცდილმა გამომძიებლებმა იციან, რომ მკვლელი ვერ მოისვენებს, ვერ გაუძლებს სინდისის ქენჯნას, ვიდრე არ მივა იქ, სადაც მკვლელობა ჩაიდინა. ამიტომ, იქვე ჩაუსაფრდებიან ხოლმე და დამნაშავეს ამხელენ. აღსარება – საიდუმლო ცოდვების აღიარება – სხვა არაფერია, თუ არა დაუძლეველი სურვილი, რომ განიმუხტოს, გული მოიოხოს ცოდვილმა.
ა. ჩეხოვს, რომელმაც მშვენივრად იცოდა ემოციის კანონები, აქვს შესანიშნავი მოთხრობა „სევდა“. მისი ლაიტმოტივი ასეთია: მოხუც მეეტლეს ერთადერთი ვაჟიშვილი ჰყავდა და ისიც მოუკვდა. განუზომელია მისი მწუხარება. სურს, ვინმეს გაუზიაროს თავისი დარდი და გული გადააყოლოს, მაგრამ ამაოდ. მოხუცისა და მისი დარდისთვის არავის სცალია. რაკი ადამიანებში ვერ ჰპოვა თანაგრძნობა, უბედური მოხუცი იძულებული გახდა, თავის ცხენს გასაუბრებოდა და მისთვის გაეზიარებინა მწუხარება. საღამოს იგი ცხენს აჭმევს და გულს გადაუშლის. როგორც კი სხვას გაანდო თავისი დარდი, თუნდაც ცხოველს, მოხუცს მაშინვე გულზე მოეშვა. რა მოხდა? დაგროვილი ენერგიისგან, ემოციისგან განიმუხტა. ამიტომ არასოდეს არ უნდა შევაწყვეტინოთ ლაპარაკი აღელვებულ ადამიანს, ბოლომდე უნდა ვაცალოთ გულის გადმოშლა, გულის მოოხება, თორემ მოთმინებიდან გამოვა, ხმას აუწევს და რაც არ უნდა ვეცადოთ, სულერთია, დაგროვილ ბოღმას მაინც გადმოანთხევს.
ემოციების თავიდან აშორების საუკეთესო საშუალებაა რაიმე მიზნის დასახვა და მისი განხორციელებისთვის ბრძოლა. საინტერესო, მიმზიდველი შრომა-საქმიანობა ამაღლებს გუნება-განწყობილებას და სიხარულს, ხალისს მატებს ცხოვრებას.
ემოციებისგან განმუხტვას, ასევე, ხელს უწყობს მუსიკა, ცირკი, საინტერესო წიგნი, ნადირობა, ბუნებაში გასეირნება, მაგრამ, ფიზიოლოგთა აზრით, ვერც ერთი მათგანი ისე საიმედოდ ვერ განტვირთავს ადამიანს დაგროვილი უარყოფითი ემოციებისგან, როგორც ცრემლები. ადამიანებს ეს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ ესმოდათ და ყველაზე უკეთეს წამლად, მძიმე მწუხარებაში, ცრემლები მიაჩნდათ.
ამიტომ, თუ გვინდა განვიმუხტოთ უარყოფითი ემოციებისგან, მწუხარების დროს მწარედ უნდა ვიტიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მწუხარება, რაც არ გადმოღვრილა ცრემლების სახით, სხვა ორგანოებს აატირებს. ვინც „გულში ტირის“, გაცილებით მეტად იტანჯება, ვიდრე ის, ვინც ცრემლებად იღვრება.
დაბოლოს, მთავარი ის კი არაა, რომ თავი დავიცვათ დაძაბულობისა და უსიამოვნებისგან, არამედ ის, რომ ბავშვობიდანვე აღვზარდოთ ადამიანში მათი დაძლევის უნარი. ამასთან, თითოეულ აღსაზრდელს პატარაობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ადამიანების სიყვარული და პატივისცემა, რათა კაცი კაცის ნამდვილი წამალი იყოს. მაშინ ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახდება და ნაკლები ადგილი ექნება ადამიანთა მიერ ნერვების ტყუილუბრალოდ აშლას.
ნოდარ ბასილაძე
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი