ნესტან ღამბაშიძე
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის №178 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ნუგზარ შატაიძის მოთხრობის „მოგზაურობა აფრიკაში“, მეცხრე კლასის სასწავლო სახელმძღვანელოში შეტანამ, თავის დროზე, სასკოლო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დავიწყებ იმით, რომ ლიტერატურის სწავლების მიზანი ისაა, იმ დროის გვერდითი ეფექტები ვაჩვენოთ მომავალ თაობას, რომელ დროსაც ნაწარმოები ეხმაურება.
ნაწარმოები ომის შემდგომ პერიოდს ეხება და აღგვიწერს 12 წლის ბიჭის თვალით დანახულ მაშინდელ საზოგადოებას, 12 წლის ბიჭის თვალით დანახულ ომს, განცდებს, შიშს, უსახლკარობას, შიმშილს.
გაკვეთილის მიზანია:
- ადამიaნის უფლებათა შესახებ რეaლური აღქმის ჩამოყალიბება.
- ჩვენი როლი და დანიშნულება დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბების პროცესში.
პირველი, რასაც ამ მოთხრობის სწავლების დროს გავაკათებთ, ისაა, რომ განვიხილავთ დემოკრატიული სახელმწიფოს მახასიათებლებს და დავყოფთ ძირითად აქცენტებად.
ცნება „დემოკრატია“ მოიცავს მთელ რიგ უფლებებსa და თავისუფლებებს, რომელიც მინიჭeბული აქვს ყოველ ადამიანს, განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
- ბავშვს აქვს დაწყებითი და ზოგადი განათლების უფლება.
- ბავშვი დაცული უნდა იყოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვისგან.
- ბავშვთა შრომა, ნარკოტიკების მსხვერპლად ქცევა დაუშვებელია.
- ბავშვს აქვს ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილების უფლება.
- ბავშვს უფლება აქვს, იზრდებოდეს მშობლებთან.
ამის შემდეგ ვიწყებთ კითხვას და მოთხრობაში ვნახავთ თედოს მონოლოგს: „ზოგს რა უყვარს,ზოგს რა – მე ყველაფერს ძილი მირჩევნია, ჭამაც კარგია, ცხელი სუპი ან კატლეტი პიურით, მაგრამ დილის ძილი, როცა ცივა და შინ ჩათბუნებული ხარ არხეინად, განსაკუთრებულია. დედასთან რომ ვცხოვრობდი, მაშინ ჩემი ლოგინიც მქონდა და ყველაფერი, ტელევიზორი, ბავშვებთან ერთად სასტუმრო ოთახში ვთამაშობდი“.
დაფაზე ვწერთ: რა პრობლემა ჩანს 12 წლის ბავშვის ნაამბობში?
მოსაზრებები, წიგნის დახმარებით, კვალავ თვალსაჩინოდ ჩამოიწერება.
- ბავშვს ომმა დაუნგრია ოჯახური მყუდროება, მოასმენინა ტყვიების ზუზუნის შემზარავი ხმა.
- 12 წლის ბავშვმა ფეხით გადმოიარა ჭუბერის უღელტეხილი და პირველად ნახა და განიცადა სიკვდილი.
- ბავშვი ხვდება დედის გასაჭირს, დედა ვერ უძლებს განსაცდელს, სმას დაიწყებს, გალოთდება.
- 12 წლის ბავშვის ცხოვრებაში მოკვდა ყველაფერი, მარტო უნდა შეეჭიდოს ცხოვრებას უცხო ქალაქში, ბრძოლა გადარჩენისთვის, ბრძოლა ლუკმაპურისთვის…
შეკითხვა – დაირღვა თუ არა ბავშვის უფლებები? რა თქმა უნდა! ჩემ მიერ დაფაზე დაწერილი მასალიდან ვაკეთებთ ანალიზს – ბავშვს აქვს განათლების, ოჯახში ყოფნის უფლება, 12 წლის ბავშვს არ აქვს შრომის უფლება საკვების მოპოვების მიზნით… და რეალობა? მაშინდელი რეaლობა ასეთია: კვლავ მოვიშველიებთ წიგნს: ,,ადგილები განაწილებულია, ვის რა უნდა მოსთხოვო? ვინ რას მოგცემს? ბიჭი და გოგო ერთად თუ მოდიან, ბიჭს უნდა უთხრა, შეეხვეწო 10 თეთრი მაჩუქეო და თუ აქვს მოგცემს, მარტო თუ არის ბიჭი ზედაც არ შემოგხედავს, შეიძლება წიხლიც ამოგარტყას, მიწისქვეშა გადასასვლელები და ეკლესიების შესასვლელები დაკავებულია, მოხუცი დედაკაცები ბატონობენ, ისინი ერთმანეთს აგდებენ და შენ რას მიგიშვებენ, ხალხის უმეტესობას ფული არ აქვს, ფულიანი ქუჩაში ფეხით არ დადის, შუქნიშნებთანაც დაკავებულია ადგილები, კაფეებში და სასაუზმეებში შეხვიდე ოფიციანტები თავში გირტყამენ, მეტროში უფრო გოგოები ჩალიჩობენ – პოლიციელები არ სცემენ, მართალია მდიდარი ხალხი მეტროთი არ დადიან, მაგრამ უბრალო ხალხი უფრო მეტს იძლევა.“ ეს პატარა თედოს თვალით დანახული მაშინდელი საზოგადოებაა!
წაკითხული ეპიზოდის განსჯა და ანალიზი
ვინ აჭმევს? ვინ დაარიგებს? ვინ ასწავლის?
ბავშვი ცხოვრების იოლ და არასასიკეთო გზას ირჩევს – 1-ლარიანი წებოს სუნთქვა და მუყაოს ყუთში ცხოვრება, წებოს სურნელი ჰკარგავს აფხაზეთში დარჩენილი ჰაერის სურნელს, ბუნდოვანი ხდება ცხოვრება, თბება მუყაოს ყუთშიც კი, აფრიკაში ჰგონია თავი და მოდიან სპილოები, ანტილოპები, მარტორქები, ჟირაფები, მათ სუნსაც და სიტბოსაც ჰგრძნობს. მიუხედავად ასეთი ცხოვრებისა, გულში აქვს სინანული, რომ დედას ნიშნობის ბეჭედი მოპარა, არ ყიდის ბეჭედს, ინახავს. მერე ფიქრი იმაზე, რომ დაბრუნდეს აფხაზეთში, ნახოს მამა, რომელიც ომის დროს საავადმყოფოში დატოვა, მუნჯის როლის თამაში და ტყვარჩელამდე ტანჯვით გავლილი გზა, ფიქრი მეტად გაბედული: „მე ხომ იმას ვაკეთებ, რაც სხვამ ვერ შეძლო, ვერ გაბედა, მე კი აი უკვე მივდივარ“, მიდის იმედით, მამასათან შეხვედრის იმედით და რა? ბავშვობის სახლში მისულს მეზობელი ეუბნება, რომ მამას სხვა ცოლ-შვილი ჰყავს, მისთვის არ სცალია, აი ესაა მის ცხოვრებაში დარჩენილი იმედის ნაპერწკალი, რeალობა, მწარე და ტკივილიანი… გაპარტახებული სახლიდან ბავშვობის ხსოვნა და დათუნია „გერასიმე“ მოაქვს. „გერასიმემ“ უნდა გაათბოს და დააპუროს, დაარიგოს ასწავლოს, რომ ქვეყნად ყველაფერი ხდება, კარგსაც უნდა ელოდო და ცუდსაც იგივენაირად, მაგრამ შეძლებს „დაძონძილი „გერასიმე“ ამდენს? ვერა… ვერა, რა თქმა უნდა, გაგრძელება? ისევ აფრიკის ჰაერი და იქ მოგზაურობაა, აცეტონის სუნი, რომელმაც მისი მეგობარი „წუპაკა“ უკვე შეიწირა, თავადაც ალბათ ამ გზის მოლოდინშია შინაგანად.
პრობლემის უკეთ გააზრების მიზნით, ბავშვებს, პირველ რიგში, აუცილებლად ვეტყვი, რომ 12 წლის თედო ულმობელი სინამდვილის მსხვერპლია. ომის, რომლის შედეგიცაა რბევა, ნგრევა, მსხვერპლი, უსახლკაროდ დარჩენა. პრობლემის უკეთ დანახვის მიზნით ვაჩვენებ კიდეც ომის ამსახველ ფოტოებს, ვისაუბრებთ რას ნიშნავს დაკარგული აფხაზეთი და საკუთარ მიწაზე ათასობით დევნილად ქცეული ადამიანი. დასკვნის სახით, წავუკითხავ ციტატას წიგნიდან ,,განათლება დემოკრატიისთვის“.
დემოკრატიული კულტურული ტრადიციების დამკვიდრება და განვითარება ნელი ტემპით მიმდინარეობს ომგადატანილ საზოგადოებაში, ამის მიზეზი დემოკატიული კულტურის ტრადიციების არარსებობაა.
ნაწარმოებში ბევრი ბარბარიზმიa, ჟარგონი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით, მაგ: „ბუშლატი“, „აცეტონზე შეჯდა“, „ბოლომდე ჩაეშვა“, „პაკრიშკა“, „ალია“. ნუთუ ამ სიტყვებმა გამოიწვია საზოგადოების ნაწილის აღშფოთება? ძნელი დასაჯერებელია, დღეს, 13-15 წლის ბიჭმა არ იცოდეს ამ სიტყვების მნიშვნელობა. ქუჩაში უსახლკაროდ დარჩენილი, უდედმამო ბავშვი აბა როგორ ილაპარაკებს? ამ ნაწარმოების ტკივილი რომ იგრძნო, ეს სიტყვები უნდა გესმოდეს, 12 წლის ბავშვი რომ შეიბრალო, ამიტომაცაა ასე გაშიშვლებული რეალობა. ჟარგონულმა ტერმინებმაც საზოგადოების ის ნაწილი აღშფოთა, მეტროთი და ფეხით რომ არ დადიან, დილით ძილი რომ უყვართ და ფარჩა-აბრეშუმებში იზდრებიან, მათ უჭირთ სხვისი გაჭირვების გათავისება. თუ გვინდა, მომავალ თაობას ესმოდეს ომის ტრაგედია, ესმოდეს იმ თაობის, რომელიც დევნილია, ესმოდეს რას ნიშნავს უსახლკარობა, უმშობლობა, რა მოაქვს ომს, მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს მოთხრობა. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ჩვენთვის აფხაზეთი უფრო შორსაა, ვიდრე აფრიკა.
მოსწავლე იქამდე უნდა მივიყვანოთ, რომ 12 წლის თედოში დავანახოთ მთავარი – მას არ წარუმართვას საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც წარიმართა. ამაში დასარწმუნებლად წავუკითხავ ფსიქოლოგების დასკვნას: „მერყეობა, ემოციური ფონი, აგრესიულობა, თაღლითობა კომუნიკაციური ჩვევების არქონა, ის შეძენილი თვისებებია, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვია და ერთ მთლიან ჯაჭვს ქმნის“.
გაკვეთილის ბოლოს კვლავ მოვუსმენ ბავშვებს, ერთად შევაჯამებთ გაკვეთილს, დაფაზე ჩამოვწერ ყველა მოსაზრებას და, დასკვნების სახით, წავუკითხავ ბავშვთა უფლებების კონვენციიდან მუხლებს, როგორია დემოკრატიული აზროვნების მქონე საზოგადოება:
- დემოკრატიული საზოგადოება განსაზღვრავს საყოველთაო კეთილდღეობას.
- დემოკრატიული საზოგადოება იცავს ადამიანის ღირსებას.
- დემოკრატიულად განვითარებულ ქვეყანაში ყველა ბავშვს აქვს ტანსაცმლის, საჭმლისა და მშობლიურ გარემოში ყოფნის უფლება.
- ის, რაც, თედოს მაგალითით, მრავალი ბავშვის პრობლემა იყო, დემოკრატიული აზროვნების დეფიციტის, ომისთვის მოუმზადებელი ქვეყნის პრობლემაა.
- საზოგადოებამ და სახელმწიფომ ვერ გაუგო თედოსნაირ ბავშვებს, ვერ დაიცვა ადამიანების უფლებები და თავისუფლება
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა მრავალმხრივაა საინტერესო, მასში კარგადაა გადმოცემული მაშინდელი სოციოპოლიტიკური ვითარება, სწავლების პროცესში ბავშვებისთვის ბევრ საინტერესო მასალას იძლევა (ფილმის ჩვენება, მსჯელობა, შედარება), მათ შორის, მოსწავლეებში დემოკრატიული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვან რესურსსაც შეიცავს.
გაკვეთილის სქემა
გამოყენებეული ლიტერატურა
- ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989წ (მუხლი 11.13.16.17);
- სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ. 2013. (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი);
- ნუგზარ შატაიძე, ,,მოგზაურობა აფრიკაში“.